საფეხბურთო მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ, რომელიც ამჟამად სამენეჯერო კომპანიაში მუშაობს, საინტერესო სიახლე გვამცნო...

საფეხბურთო მენეჯერმა გიორგი დარჯანიამ საინტერესო სიახლე გვამცნო - "თბილისის", "ზესტაფონისა" და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილი ფორვარდი დავით ჯანელიძე ლატვიის 13-გზის ჩემპიონ რიგის "სკონტოში" ჩაირციხა. 21 წლის თავდამსხმელი იქ მეორე ლატვიური კლუბიდან, "ოლიმპსიდან" გადავიდა.

ჯანელიძე ძველ კლუბს დროულად გაეცალა - ლატვიის 10-გუნდიან ვირსლიგაში "ოლიმპსი" 11 ქულით მე-8 ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატი გახლავთ. 20 წლის ქართველმა ფორვარდმა "ოლიმპსში" 11 მატჩი გამართა და 3 გოლი გაიტანა. ის მხოლოდ ერთხელ ათამაშეს შეცვლაზე, დანარჩენი მატჩები ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

ჯანელიძის თაობაზე ინფორმაცია "სკონტოს" ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა. ქართველი 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. დარჯანიას თქმით, რიგელთა მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ სტარკოვსი დავითს ჩემპიონატის დაწყების (ლატვიელები სეზონს გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ატარებენ) დღიდან აკვირდებოდა. სტარკოვსი სასელექციო ნიჭით გამოირჩევა და ვფიქრობთ, ამ შემთხვევაშიც არ შემცდარა.

ჯანელიძე უკვე მეორე სეზონია, ლატვიაში თამაშობს. ქართველი გულშემატკივარი კარგად არც იცნობს. არადა, ის გახლდათ კობა ჟორჟიკაშვილის იმ 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომელმაც ლინიანოში ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური თამაშები მოიგო.

ჯანელიძის გვარი გულშემატკივარმა პირველად 2005 წელს გაიგო, როცა ჟორჟიკაშვილი "თბილისიდან" "ზესტაფონში" გადავიდა და 8 ნიჭიერი ახალგაზრდაც წაიყვანა. ამ ბიჭების უმრავლესობა დღეს იმერული გუნდის ბირთვს შეადგენენ - როინ კვასხვაძე, გიორგი ხიდეშელი, ბუბა დაუშვილი და ალექსი ბენაშვილი. ერთ-ერთი იყო ჯანელიძეც, რომელსაც მწვრთნელი დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა. სამწუხაროდ, იმედისმომცემ ფეხბურთელს "ზესტაფონში" კარიერა ვერ აეწყო, კლუბი დატოვა, მერე სხვა გუნდები მოიარა და ბოლოს ლატვიურ "ოლიმპსში" ჩაირიცხა.

20 წლის თავდამსხმელის დებიუტს კვირას "სკონტოს" საშინაო არენაზე ელიან - რიგელები "ბლაზმას" უმასპინძლებენ. ოდესღაც ძლიერი და ამბიციური "სკონტო" კრიზისის დაძლევას ცდილობს. კლუბი თითქოს ნელ-ნელა თავს აღწევს პრობლემებს, მაგრამ თუ ადრე უამრავი ლეგიონერი ჰყავდა, ჯანელიძის მიწვევამდე მხოლოდ ოთხ უცხოელს ითვლიდნენ: თურქმენი და ბელარუსი ნახევარმცველები - რუსლან მინგაზოვი და ალექსანდრ პერეპესკო, ბრაზილიელი თავდამსხმელი ნათან სუარეშ ჟუნიორი, ერთი კვირის წინ კი გერმანელი მეკარე მიხაელ კალტენჰაუზერიც აიყვანეს.

ლატვიის ჩემპიონატში უკვე 15 ტური მიილია და, როგორც ჩანს, "სკონტო" 5 წლის წინ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ახერხებს - ვირსლიგას 13 გამარჯვებით ლიდერობს და გასული სეზონის გამარჯვებულ "ვენტსპილსს" 2 ქულით უსწრებს.

ზემოთ "ოლიმპსი" ვახსენეთ და ბოლოს ამასაც გეტყვით - ცოტა ხნის წინ ამ გუნდში ორი ქართველი ნახევარმცველი ჩაირიცხა: საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი კოტე ზარნაძე და 20 წლის ლაშა ღონღაძე.

ლატვიაში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ამასთან დაკავშირებით, საინტერესო ამბებიც გავიგეთ. "დაუგავაში", რომლის მთავარი მწვრთნელიც თამაზ პერტიაა, სამი ქართველი დაიმატეს - 25 წლის თავდამსხმელის მამუკა ღონღაძის (იგივე "კანუ") ამბავი ერთი თვის წინ გაუწყეთ. მან კლუბთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. ამას გარდა, სინჯების შემდეგ პერტიამ ჩვენთვის უცნობი ორი ახალგაზრდაც აიყვანა - დავით ფაილოძე და გიორგი წაქაძე. თუ რომელ პოზიციაზე თამაშობენ ისინი, ან საქართველოს რომელ კლუბში (თუ საფეხბურთო სკოლაში) ვარჯიშობდნენ, ამის შესახებ "დაუგავას" ოფიციალური ვებგვერდი არაფერს გვეუბნება. სამწუხაროდ, ჩვენი წყაროებითაც ვერაფერი დავადგინეთ.

კლუბში გასულ სეზონში ჩარიცხული გიორგი ჩიხრაძე კი წარმატებით თამაშობს. მას კლუბმა დაბადების დღე მიულოცა. მისი დამსახურება შემდეგ ფრაზაში ამოვიკითხეთ - "გიორგი გამარჯვებაში არაერთხელ დაგვეხმარა". მოკლედ, ის ტყუილად არ აუყვანიათ.

ლატვიის ვირსლიგაში "დაუგავა" მეოთხე ადგილზეა და სხვათა შორის, მისი დამსახურებაა, "სკონტომ" ერთპიროვნული ლიდერობა რომ მოიპოვა - პერტიას გუნდმა რიგელთა კონკურენტ "ვენტსპილსს" 1:0 სძლია.

ლატვიელები ბავშვთა ფეხბურთს დიდ ყურადღებას აქცევენ. "დაუგავას" ოფიციალურ ვებგვერდზე გავეცანით რუსთავის "ოლიმპის" მწვრთნელის თემურ მახარაძის ვაჟის, შოთა მახარაძის ვრცელ ინტერვიუს. შეგახსენებთ, რომ უმცროსი მახარაძე "დაუგავას" საფეხბურთო სკოლას კურირებს და მცირე ხნის წინ მისი გაზრდილები საერთაშორისო საბავშვო ფესტივალის გამარჯვებულებიც გახდნენ.

"სამწვრთნელო კარიერა გერმანიის სამოყვარულო კლუბ "იზუმში" დავიწყე. ვმუშაობდი გერმანიისა და ავსტრიის პროფესიულ აკადემიებში, ყველაზე სასიამოვნოდ კი თბილისის "ნორჩ დინამოელში" მუშაობა მახსენდება. ლატვიაში აგენტის დახმარებით ჩამოვედი, "დაუგავას" პრეზიდენტ იგორ მალიშკოვს რომ შევხვედროდი. მას დაუგავპილსში ბავშვთა ფეხბურთის განვითარება სურდა და პარტნიორობის შესახებ ჩვენი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა... სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, რომ ლატვიაში ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის კარგი პირობებია. მქონდა დრო და მოვინახულე ლიეპაიას, რიგის "სკონტოსა" და კიდევ რამდენიმე საფეხბურთო სკოლა. მთლიანობაში, დადებითი შთაბეჭდილება დამრჩა.

მოვილაპარაკეთ, რომ მალე ბავშვთა ფეხბურთის რამდენიმე სპეციალისტს ავიყვანთ. თუ ჩანაფიქრს განვახორციელებთ და საფეხბურთო კონვეიერს ავაწყობთ, სკოლა ყოველწლიურად "დაუგავას" ორ ფეხბურთელს მაინც გაუზრდის... ვიცი, რომ ლატვიაში საუკეთესო სკოლები ლიეპაიასა და "სკონტოშია". ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ ლატვიაში, არამედ, მთელ ბალტიისპირეთში ყველაზე ძლიერი სკოლის ჩამოყალიბებაა... მომავალ წელს კი დაუგავპილსში საფეხბურთო სკოლა-ინტერნატის ამუშავებასაც ვგეგმავთ. ბავშვებს ჩვენს ქალაქთან ახლო მდებარე სოფლებიდან და უცხოეთიდანაც მოვიწვევთ.

სამწუხაროდ, დაუგავპილსი პატარა ქალაქია და აქ ფეხბურთელების დიდი არჩევანი არ გვაქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას ტექნიკას ვუთმობთ, რადგან მთელ მსოფლიოში ტექნიკური, კომბინაციური და ლამაზი ფეხბურთი დომინირებს. სკოლაში "დაუგავას" ფეხბურთელთა მასტერკლასები გაიმართება. უფროსი ჯგუფები მთავარი გუნდის გვერდიგვერდ, "დაუგავას" ბაზაზე ივარჯიშებენ. ეს მთავარ მწვრთნელ თამაზ პერტიასთანაა შეთანხმებული", - ამბობს მახარაძე.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა