საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას ასრულებს
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები დუშეთშია და ამთავრებს მზადებას მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც 3-6 ნოემბერს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ კეიპტაუნში გაიმართება.

გიორგი გუგავამ უკვე დაასახელა იქ წასაყვანი შემადგენლობა და ადრინდელი პირობა შეასრულა - ევროპის პირველობაზე ნაჭიდავები გუნდი საგრძნობლად გადაახალისა, ზოგიერთ წონაში ორკაციანი კვოტა არც გამოიყენა და აფრიკის უკიდურეს სამხრეთში არასრული ნაკრებით მიდის.

თუმცა ყველაზე საინტერესო ის ფაქტია, რომ ჭაბუკთა ნაკრებიდანაც უხმო იქაურ ლიდერებს, მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონებს - ბექა ღვინიაშვილსა (81) და გურამ თუშიშვილს (100). ჩვენი ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ასეთია: ლერი ჭელიძე და გიორგი მესაბლიშვილი (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი და ლაშა გიუნაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), მიხეილ ჩოხელი და ფრიდონ გიგანი (73), ბექა ღვინიაშვილი და შალვა ნინიძე (81), გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე (90), გურამ თუშიშვილი და დავით მერაბიშვილი (100), ლევან მატიაშვილი და უშანგი კოკაური (+100).

როგორც ვხედავთ, გუგავამ ევროპის ჩემპიონატზე ნაჭიდავები წყვილები უცვლელად მხოლოდ 55, 73, 90 და მძიმე წონებში დატოვა, 66-ში მხოლოდ ერთი მიჰყავს - ევროპის წლევანდელი ჩემპიონი შავდათუაშვილი, რომელიც გუნდში ყველაზე გამოცდილია (ეროვნულ ნაკრებშიც უასპარეზია მსოფლიოს თასებზე) და ევროპა დამაჯერებლადაც მოიგო. ღვინიაშვილის და თუშიშვილის გარდა, ამ გუნდში გიუნაშვილს და მერაბიშვილსაც დებიუტი ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ შავდათუაშვილის გარდა, წლევანდელ ევროპირველობაზე ჭელიძემ და მატიაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ჩოხელი კი მესამეზე გავიდა. იქ ბრინჯაომდე ერთი მოგება დააკლდა მერმანიშვილსაც - ტრიუმფით ნახევარფინალში გასულმა შემდეგი ორი შეხვედრა მიყოლებით წააგო.

მეშვიდეზე გავიდა გიგანი. მათ რევანშის შანსი კეიპტაუნში ეძლევათ, თუმცა ის ევროპის ჩემპიონატზე შეუდარებლად ძლიერი ტურნირი იქნება და გაუჭირდებათ. ამის მიუხედავად, ვფიქრობთ, ევროპაზე განცდილი მარცხი ჩვენებურებს დამატებით სტიმულს მისცემს.

განსაკუთრებით - მერმანიშვილს, რომელიც იმ შეჯიბრებაზეც ფავორიტი იყო და ახლაც ასე იქნება. ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსანი ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია, როგორც ტალანტი და ნიჭით გამორჩეული.

ამიტომაც იყო მისი უმედლოდ დარჩენა განსაკუთრებით გულდასაწყვეტი, როგორც - მესაბლიშვილის და მარგველაშვილისა, რომლებმაც ევროპის პირველობისთვის მოსამზადებელ ციკლშიც კარგად იჭიდავეს და კონტინენტის პირველობაზეც გუგავა მათზე მედლებს გეგმავდა.

მწვრთნელებმა თავისი საქმე უკეთ იციან, მაგრამ იქნებ ჯერ ცოტა ადრე იყო ამ რანგის ტურნირში ღვინიაშვილის და თუშიშვილის გამოცდა.

ფიზიკურად ორივე კარგადაა მომზადებული, მაგრამ ჯერ პატარები არიან, ეს კი ამ ასაკში ბევრად თვალშისაცემი უპირატესობაა, ვიდრე - ახალგაზრდებსა და დიდებს შორის. იქნებ აჯობებდა, ისინი ჯერ ახალგაზრდულ ტურნირებში გამოეცადათ და მერე გაეშვათ ამ რანგის შეჯიბრში, თუმცა გაისად მათ მაინც მოუწევთ ახალგაზრდებში გამოსვლა და ამჯობინეს, გამოცდილების მისაღებად ახლავე ჩაერთოთ გუნდში.

ღვინიაშვილმა ჭაბუკებში წლეულს ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა - მოიგო ევროპისა და მსოფლიოს პირველობა, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. ამ სამ ტურნირში მან თვენახევრიან შუალედში იასპარეზა, 17 შეხვედრიდან უკლებლივ ყველა წმინდად მოიგო! უმეტესობაში მეტოქე შებოჭა - ფიზიკურად ჩინებულად მომზადებულს მოწინააღმდეგის ჩოქბჯენში გადაყვანა და შებოჭვა ოდნავადაც არ უჭირდა. ამ საჭიდაო კომპონენტით ის რამდენადმე განსხვავებული სტილის ძიუდოისტია, ვინაიდან ჩვენებს უჭირთ ჩოქბჯენში ჭიდაობა. რაც შეეხება თუშიშვილს, მან ჭაბუკებში მსოფლიოს პირველობა მოიგო. თან ძალზე დამაჯერებლად, ფინალში კი თანაგუნდელი შალვა ჩოჩელი დაამარცხა.

ჩვენი ნაკრები სამხრეთ აფრიკაში 31 ოქტომბერს გაფრინდება.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობას შარშანაც აფრიკამ უმასპინძლა, ოღონდ - მაროკომ. ქალაქ აგადირში გამართულ იმ შეჯიბრში ჩვენმა გუნდმა თითო ოქრო და ბრინჯაო მოიპოვა - ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) გახდა, მესამეზე კი ზებედა რეხვიაშვილი (73) გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილია - ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრებს ჩაიბარებს
"არ ვაპირებ ისევ წავაგო, ისევ მე გავნადგურდე და ხალხი მშვიდად იყოს, თავის სკამებს უფრთხილდებოდნენ" - ეთერ ლიპარტელიანი
ლაშა გუჯეჯიანმა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო