ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ) კეიპტაუნში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა
ისევ ერთი ბრინჯაო

პირველის მსგავსად, კეიპტაუნში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა მეორე დღეც ერთი ბრინჯაოს მედლით დავამთავრეთ, რომელსაც 66 კილოგრამში მოასპარეზე ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა. მსაჯთა უსამართლობა რომ არა, ის უკეთეს შედეგსაც მოიპოვებდა, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, საშუალება არბიტრებმა არ მისცეს.

ამის მიუხედავად, წინა დღის მიღწევის განმეორების შანსი მაინც გვრჩებოდა, ევროპის პრიზიორ მიხეილ ჩოხელს (73) ბოლოსკენ ცოტა რომ ევაჟკაცა, მაგრამ კარგად აღებული ტემპი შუა გზაში დააგდო და საბოლოოდ მეშვიდეზე დარჩა. მთლიანობაში, დილის შეხვედრები ჩვენებმა ბევრად უფრო ძლიერად ჩაატარეს, ვიდრე - საღამოსი.

გუშინ ჩვენგან ორ წონაში სამი კაცი ჭიდაობდა. ამ ტრიოდან კი ყველაზე ადრე ფრიდონ გიგანი გამოვარდა - პირველივე წრეში ირანელ საეიდ მოლაეის ვერაფერი მოუხერხა და მეტოქემ გაფრთხილებებით სავსებით დამსახურებულად მოიპოვა იუკო.

გიგანისგან განსხვავებით, ჩოხელმა და შავდათუაშვილმა ძლიერად დაიწყეს ჩემპიონატი. ისინი იმდენად კარგად ჭიდაობდნენ, ნამდვილად გვეგონა, ერთ-ერთი მაინც გავიდოდა ფინალში. რაღა დასამალია, ამას უფრო შავდათუაშვილისგან ველოდით, რომელიც გუშინ ცოტა უფრო მაღალი კლასის მოჭიდავედ წარმოჩნდა.

ჩოხელმა პირველ წრეში ირანელი მოჰამად მალეკ მემარ მოჰამადი ქრესტომათიულად დააიპონა ანუ 180-გრადუსიანი ამპლიტუდა მოახაზინა ჰაერში. დანიელ ბენჟამინ დარვილესთან უფრო გაუჭირდა, თუმცა გაფრთხილება-იუკოთი მაინც მიაღწია საწადელს. იტალიელი მასიმილიანო კაროლოც გაფრთხილებებით ჩამოიცილა გზიდან და მეოთხედფინალში ებრაელ ევროპის პრიზიორ საგი მუკის პირისპირ დადგა. ისინი ევროპაზეც შეხვდნენ ერთმანეთს ამავე ეტაპზე და მაშინ ჩვენებურმა მოუგო.

ჩოხელი ახლაც ახლოს იყო მიზანთან - შეხვედრის დამთავრებამდე 5 წამით ადრე ვაზარს უგებდა. საწყისი წუთები ქართველმა ბევრად უფრო აქტიურად ჩაატარა და იუკოც მოიპოვა, მაგრამ შეხვედრის მეორე ნახევარში ინიციატივა დათმო, ანგარიშის შენარჩუნებაზე დაიწყო ფიქრი და მსაჯებმა გაფრთხილებებით მოხსნეს. ძალიან დასანანი იყო ბოლო სასჯელი - იმ დროს ჩოხელს მეტი სიფრთხილე მართებდა და სულ ცოტა აქტიურობით, ტაქტიკური ჭიდაობით შეიძლებოდა დარჩენილი წამების გაუფრთხილებლად გატარება. მით უფრო, წინა ჯერზეც ამ ეპიზოდამდე 2-3 წამით ადრე გააფრთხილეს და აშკარა იყო, მსაჯები უმცირეს მიზეზსაც გამოიყენებდნენ მის დასასჯელად. თან რევანშის სურვილით ანთებული მუკი ჩვენებურის უგერგილობამ კიდევ უფრო გაათამამა და გააფთრებით უტევდა.

ჩოხელს დამამშვიდებელშიც მეტი ინიციტივის გამოჩენა მართებდა ბრიტანელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ მაქს სტიუარტთან, სადაც ბოლო წამებზე იპონით კი წააგო, მაგრამ მანამდე მსაჯმა სამჯერ გააფრთხილა. აქედან მხოლოდ მესამეზე თუ ვიკამათებთ, როცა, ალბათ, ყველაზე ლოგიკური ორივეს დასჯა იქნებოდა, თორემ იმ ეპიზოდში ქართველი უფრო აქტიური იყო. შეხვედრის ბედიც მაშინ გადაწყდა, რადგან ჩვენებური ვერ აჩვენებდა ისეთ ჭიდაობას, ამხელა ჩამორჩენის - ვაზარის ამომქაჩავი ყოფილიყო. ბოლოს გარისკა და ვა-ბანკზე წავიდა, თუმცა მაშინაც ბრიტანელი უფრო ოსტატურად გაისარჯა.

ნუგეშად ოპტიმიზმი გვრჩება

შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში გვარიანად აჭანჭყარა მაროკოელი ოტმან მოჰამად არმაზი. აფრიკელიც კერკეტი კაკალი გამოდგა, თუმცა ქართველი უფრო დაკვირვებით მუშაობდა, ინიციატივას ფლობდა და გაფრთხილებებით მალევე დაწინაურდა. ორივე მეტოქე ფონს გასვლას ამოსმულით ცდილობდა და შეხვედრა ძიძგილაობას დაემსგავსა, თუმცა ამაშიც უფრო ქართველმა იყოჩაღა - როგორც კი დრო იხელთა, ფეხიდან აიტაცა და ჯერ ხომ სავაზარედ დაანარცხა ტატამს, იქვე შებოჭა კიდეც.

შავდათუაშვილმა რუსი ევგენი ტირსკიხი იუკოთი ადვილად ჩამოიშორა, მეოთხედფინალში კი კორეელ დონგკიო ლეესთან მსაჯთა იშვიათი არაობიექტურობის მოწმე გავხდით. აქ ძირითად დროში ქულა არ გაკეთებულა, მეტოქეებმა მხოლოდ თითო გაფრთხილება მიიღეს. დამატებითში ლაშა უფრო უტევდა, უფრო მოძრაობდა და აქტიურობდა, მაგრამ რატომღაც არბიტრებმა მაინც ის გააფრთხილეს და შეიძლება ითქვას, კორეელს მოგება ლანგრით მიართვეს.

შესაძლოა, მსაჯთა გადაწყვეტილება შავდათუაშვილის საქციელმაც განაპირობა - კორეელის მუხლებზე მორიგი ჩავარდნისას მან არბიტრთა მისამართით უკმაყოფილება გამოხატა, რატომ არ აფრთხილებთო. მართალია, ეს არ ყოფილა არც უხეში ჟესტი და არც - მწვავე შეკამათება, მაგრამ ფაქტია, რომ არბიტრმა ამის შემდეგ დამხმარეებს მოუხმო და მათთან რამდენიმეწამიანი თათბირის ბოლოს ქართველი გააფრთხილა.

ეს მარცხი მით უფრო დასანანია, რომ კორეელი ვერაფრით აღემატებოდა შავდათუაშვილს. ჩვენებური ნამდვილად კარგ ფორმაში იყო, რაც სანუგეშო წრეშიც დაამტკიცა, როცა ამერიკელ ევერეტ დესილეტს გასაქანი არ მისცა და სამჯერ გააფრთხილებინა, ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კი ასევე პირწმინდად დაჩაგრა ფრანგი არტურ კლერი და ცოტა უცნაური ტრაექტორიით წამოღებული პირდაპირ ბეჭებით დაანარცხა ტატამზე.

საწყენია, რომ შავდათუაშვილი, მინიმუმ, ფინალში ვერ ვიხილეთ, თუმცა მისი ჭიდაობის ხარისხი და მისი სტაბილურობა, მისი მომზადება ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. მან ამჯერად მშვენიერი ფიზიკური ფორმა გამოავლინა. მას აქვს ყველა მონაცემი, უახლოეს წლებში ამ წონაში ეროვნულ ნაკრებში არსებული ჩავარდნა აღმოფხვრას და ლიდერობა იტვირთოს, მაგრამ საჭიროა მისი სწორად განვითარება, სწორად გაზრდა, თუ გვინდა, კიდევ ერთი ნიჭიერი ახალგაზრდა არ დავკარგოთ.

ვერც უცხოეთის ქართველებმა ივარგეს

გუშინ დიდად ვერ ივარგეს სხვა ქვეყნების სახელით მოჭიდავე ქართველებმა. საბერძნეთის ნაკრების წევრმა რომან მოსტოპულოსმა ორი შეხვედრა მოიგო, მაგრამ გიგანის მძლეველ ირანელ მოლაეისთან წააგო. ასევე ორი წრე გაიარა ფრანგების ლიდერმა ტრისტან ავალიანმა, რომელიც სამბოში მსოფლიოს ჩემპიონ ვეფხვია ავალიანის შვილია. ის საფრანგეთსი გაიზარდა, მთლიანად იქაური ძიუდოს აღზრდილია და წლეულს თანატოლებში "მამლების" ვიცე-ჩემპიონიც გახდა.

დღეს და ხვალ...

დღეს კეიპტაუნში 81-90, ხვალ კი 100 და +100 წონების ფალავნები იჭიდავებენ. შეგახსენებთ, რომ 81-ში ჭაბუკებში ევროპის, მსოფლიოსა და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული ბექა ღვინიაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი უნგრელ პეტერ ჰაიმისა და ამერიკელ იან კაფარსკის შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამავე წონაში შალვა ნინიძეც მეორე წრიდან ჩაებმება ბრძოლაში, თუმცა მისი მეტოქე ახლავეა ცნობილი - ინდოელი ავტარ სინგჰხი, რომელიც თავიდან ასევე ისვენებს.

ზუსტად ასეთივე მდგომარეობაა 90-ში გიორგი მერმანიშვილთანაც - პირველ წრეში ისიც და მისი მომავალი მეტოქეც, ბელგიელი დილან ვან ნუფელიც ისვენებენ, ხოლო გიორგი ქავთარაძე თავიდანვე ჩაებმება ტურნირში ავსტრალიელ ბრანდონ ბრამინთან შეხვედრით.

კვირას დავით მერაბიშვილი (100) ეგვიპტელ მოჰამედ აბდელრაჰმანს დაეჭიდება, ჭაბუკებში მსოფლიოს კიდევ ერთი ჩემპიონი და ღვინიაშვილივით დებიუტანტი გურამ თუშიშვილი (100) კი იტალიელ ევროპის ჩემპიონ დომენიკო დი გიუდას ხვდება. მძიმე წონაში ტავიდან ორივე ჩვენებური ისვენებს. ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონ ლევან მატიაშვილის მეტოქე ყაზახ აიტუარ აბდულოვისა და ეგვიპტელ მაისარა ელნაგარის შეხვედრაში გამოვლინდება, უშანგი კოკაურის მოწინააღმდეგე კი ახლავეა ცნობილი - იაპონელი ტაკეში ოჯიტანი.

კვარცხლბეკი

ბიჭები

66 კგ. 1. შო ტატეიამა (იაპონია), 2. მაგომედ ახმაროვი (რუსეთი), 3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო), დონგკიო ლეე (კორეა).

73 კგ. 1. სონეი ონო (იაპონია), 2. აზიზ კალკამანული (ყაზახეთი), 3. ჰაე იოო იუნგი (კორეა), ვლადიმირ ზოლოევი (რუსეთი), 7. მიხეილ ჩოხელი (საქართველო).

გოგოები

52 კგ. 1. ტაკუმი მიაკავა (იაპონია), 2. ოლექსანდრა სტარკოვა (უკრაინა), 3. ჩეიენ ბინცი (შვეიცარია), ფლოორ სტოოპი (ჰოლანდია).

57 კგ. 1. ანზუ იამამოტო (იაპონია), 2. სანე ვერჰაგენი (ჰოლანდია), 3. ფაბიენ კოჩერი (შვეიცარია), ტინა ზელტნერი (ავსტრია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა