ინტერვიუ გორის "დილას" გამოცდილ ფეხბურთელებთან, რომან ახალკაცთან და რომან გოგინაშვილთან
გორის "დილა" უმაღლეს ლიგაში მაჩანჩალად არ დაბრუნებულა. მეტიც, სეზონის დასაწყისში გორელებმა სანახობრივი ფეხბურთით დაამახსოვრეს მაყურებელს თავი, მერე "ზესტაფონის" მისსავე მოედანზე განადგურებით მიიქციეს ყურადღება და, აგერ, ახლა საქართველოს თასიდან "დინამოს" გამოთიშვით დაადასტურეს, რომ მათ წარმატებებს სენსაციური აღარ ეთქმის..

"დილაში" რომელიმე ფეხბურთელის განსაკუთრებით გამორჩევა შეუძლებელია, ამიტომ გადავწყვიტეთ, ყველაზე გამოცდილები და თან ადგილობრივი მოთამაშეები შეგვერჩია "ლელოსთან" სასაუბროდ.

ორი რომანი, ახალკაცი და გოგინაშვილი, უცხოეთში თამაშის მერე გუნდს შარშან დაუბრუნდნენ და, როგორც მოსალოდნელი იყო, მნიშვნელოვან როლსაც თამაშობენ მშობლიურ გუნდში.

- ალბათ, სასიამოვნოა, როცა დიდი ხნის განშორების შემდეგ, კარიერის მიწურულს ფეხბურთელი მშობლიურ გუნდს უბრუნდება...

ახალკაცი: რა თქმა უნდა, თანაც, შინ გულშემატკივრის განსხვავებულ სითბოს გრძნობ, კლუბს კი ცოდნასა და გამოცდილებას მოახმარ.

გოგინაშვილი: "დილა" ყველა გორელი ფეხბურთელისთვის ძვირფასი გუნდია. მე ბელარუსსა და აზერბაიჯანში თამაშის შემდეგ დავბრუნდი აქ და შარშან უმაღლეს ლიგაში გადასვლაშიც შევიტანე ჩემი მოკრძალებული წვლილი. კლუბის ხელმძღვანელობამ ჩვენ მიმართ პატივისცემა ჯერ კიდევ მაშინ გამოხატა, როდესაც "დილაში" მოგვიწვია.

- გუნდის გამოცოცხლება, უპირველესად, კლუბის ფინანსური მდგმარეობის გამოსწორებამ განაპირობა. თქვენი თაობის აქედან წასვლისასაც რომ ასეთი მდგომარეობა ყოფილიყო, როგორ გგონიათ, "დილა" ამ წლების განმავლობაში რაიმე ტიტულს შესწვდებოდა?

ახალკაცი: ჩემი აზრით, ის თაობა რომ შენარჩუნებულიყო, საპრიზო ადგილზე აუცილებლად გვიხილავდით და იქნებ თასის ფინალიც გვეთამაშა.

გოგინაშვილი: იმდროინდელი უყურადღებობით, ფაქტობრივად, მთელი თაობა დაიკარგა. ეგ კი არა, ერთხანს ფეხბურთიც აღარ იყო ჩვენს ქალაქში და უმაღლესი ლიგის სტაჟიანი წევრი გუნდი რამდენიმე წელი ქვედა ლიგაში თამაშობდა.

- წლევანდელი სეზონის სტარტზე "დილა" ურიგოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ რამდენიმე მატჩში უცნაურად მოგეცარათ ხელი. უიღბლობის ბრალი იყო ეს, შეუთამაშებლობის თუ უმაღლეს ლიგაში ხელახალი საადაპტაციო ეტაპის?

გოგინაშვილი: მე უფრო უიღბლობის ბრალი მგონია. გეხსომებათ, არაერთ შეხვედრაში გამარჯვება ბოლო წუთებზე დავკარგეთ.

ახალკაცი: არა მარტო უიღბლობა - მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი ვიყავით გუნდში, უმაღლე ლიგასთან ხელახლა შეგუებისთვის მაინც დაგვჭირდა გარკვეული დრო და სწორედ მაშინ იყო ის დასანანი შეხვედრები.

- მათგან ყველაზე გულსატკენი მატჩი რომელი იყო?

- ახალკაცი: ბევრი თანაგუნდელი დამეთანხმება, რომ "ტორპედოსთან" შინ ორი, სამი ბურთით უნდა მოგვეგო. კურიოზული იყო, ისეთი გოლები ვერ შევაგდეთ, თანაც, მეტოქე კარგახანს ათი კაცით თამაშობდა.

- "ზესტაფონთან" სტუმრად 4:0-ით გამარჯვებაზე აუცილებლად უნდა გკითხოთ. მაინც რა მოხდა იქ, ასე რომ დაჯაბნეთ მოქმედი ჩემპიონი?

ახალკაცი: მოგეხსენებათ, ძლიერ გუნდთან, მით უფრო, ჩემპიონთან ყველას უნდა თავის გამოჩენა და ჩვენებმაც თავი არ დაზოგეს. თანაც, მეტოქემ 0:2-ზე თამაში გახსნა და მათ კართან ხიფათის შექმნა აღარ გვიჭირდა.

- ჩვენს ჩემპიონატში ყველაზე ძლიერ გუნდად რომელს მიიჩნევთ?

გოგინაშვილი: ყველაზე დიდ პოტენციალს "ტორპედოში" ვხედავ. ძლიერი გუნდია, ძლიერი სპეციალისტით სათავეში. სხვათა შორის, მომდევნო მატჩი სწორედ მათთან გვაქვს და სათასო თამაშის მერე კარგ ხასიათზე მყოფები ვხვდებით ამ დაპირისპირებას.

- გულწრფელად თქვით, "დინამოსთან" პირველი მერვედფინლური შეხვედრის წინ ფიქრობდით, რომ გადალახავდით ამ ბარიერს?

გოგინაშვილი: რატომაც არა?! მაშინ უკვე თამაში წაგვივიდა, საკუთარი შესაძლებლობების ვირწმუნეთ, თუნდაც "ზესტაფონთან" მატჩი რად ღირს, ფორტუნაც აღარ გვწირავდა და "დინამოსთან" სათამაშოდ გასვლისას თავი აუტსაიდერად არ მიგვაჩნდა. მეტიც, შეხვედრის ბოლოს რომ არ გაგვეშვა ბურთი, ვიგებდით კიდეც 2:1-ს.

ახალკაცი: ვერავინ იტყვის, რომ განმეორებით შეხვედრაში ძალიან გაგვიჭირდა. უბრალოდ, ფრე ხელს გვაძლევდა, ამ შედეგზე ვითამაშეთ და მივაღწიეთ კიდეც საწადელს.

- რა იყო ის, რითაც "დინამოს" აჯობეთ?

ახალკაცი: ძალიან დიდი მონდომება. ამასთან, ვფიქრობ, მეტოქეთა თავდაჯერებულობაც დაგვეხმარა, ისინი ფიქრობდნენ, რომ უეჭველად გადალახავდნენ ჩვენს ბარიერს.

- თქვენს ახალ მწვრთნელს რამაზ სოღოლაშვილს კარგი დასაწყისი გამოუვიდა. მართალია, ჯერ არ მოგიგიათ, "დილამ" ზედიზედ ორი ფრე ითამაშა მისი ხელმძღვანელობით, მაგრამ ორივე მნიშვნელოვანი იყო...

გოგინაშვილი: დიახ, პირველი ფრით წაგებათა სერია შევწყვიტეთ, მეორით კი თასის მეოთხედფინალში გავედით. რამაზი ახალგაზრდა სპეციალისტია, თვითონაც გვეუბნება, რომ, ფაქტობრივად, ახლა ყალიბდება მთავარ მწვრთნელად და ჩვენც ყველანაირად გვერდში ვუდგავართ.

- ალბათ, არ შეიძლება გია ცეცაძის წვლილის დავიწყებაც გუნდის ჩამოყალიბებაში...

ახალკაცი: მითამაშია ძოძუაშვილის, ყიფიანის, სიომინის, მახარაძის, ფილიას და ბევრი სხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით, ბუნებრივია, ცეცაძეს მათ არ ვადრი, მაგრამ, ისე კარგად, როგორც გია უხსნიდა მთელ გუნდს ტაქტიკურ განლაგებას, თითოეულ მოთამაშეს კი - დავალებას, იშვიათად მინახავს. შეუძლებელია, არ მოგწონებოდა ცეცაძის შემტევი ტაქტიკა... შესაძლოა, იმ ბოლო წუთებზე დაკარგული გამარჯვებებისას ის ჯობდა, მატჩის დასასრულს ცოტა მეტი გვეფიქრა საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე, მაგრამ მწვრთნელი მიიჩნევდა, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა.

- ყველაფრის მიუხედავად, "დილა" სატურნირო ცხრილში ჯერ ვერ არის სახარბიელო პოზიციაზე. გულშემატკივარს რას ჰპირდებით, ანერვიულებთ ლიგის დატოვებაზე ფიქრით?

გოგინაშვილი: არავითარ შემთხვევაში - დიდი იმედი გვაქვს, რომ რვა გუნდში აუცილებლად მოვხვდებით.

ახალკაცი: ძალიან კარგ განწყობაზე ვართ. პირადად მე მოუთმენლად ველი მომდევნო მატჩს ქუთაისში "ტორპედოსთან". იქაც ბოლომდე ვიბრძოლებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...