ჩეზარე პრანდელიმ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებსაც პოლონეთსა და ურაუგვაისთან მატჩებში დაეყრდნობა
11 და 15 ნოემბერი სანაკრებო მატჩების დღეა და ბუნებრივია, უქმად არც "სკუადრა აძურა" იქნება. იტალიის ეროვნული ნაკრები ჯერ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელს, პოლონეთის უმთავრეს გუნდს შეერკინება, შემდეგ კი ურუგვაისთან მოსინჯავს ძალებს.

ჩეზარე პრანდელიმ იმ ფეხბურთელთა გვარები დაასახელა, რომლებსაც მოახლოებულ მატჩებში დაეყრდნობა - ჯერ შემადგენლობას გავეცნოთ, შემდეგ კი განვავრცოთ თემა...

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მორგან დე სანკტისი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი).

მცველები: ინაციო აბატე (მილანი), ფედერიკო ბალცარეტი (პალერმო), ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დომენიკო კრიშიტო (ზენიტი, რუსეთი), კრისტიან მაჯო (ნაპოლი), სტეფან ოგბინა (ტორინო), ანდრეა რანოკია (ინტერი).

ნახევარმცველები: ალბერტო აკვილანი (მილანი), ანტონიო ნოჩერინო (მილანი), დანიელე დე როსი (რომა), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა), ტიაგო მოტა (ინტერი), სიმონე პეპე (იუვენტუსი).

თავდამსხმელები: მარიო ბალოტელი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), სებასტიან ჯოვინკო (პარმა), ალესანდრო მატრი (იუვენტუსი), პაბლო ოსვალდო (რომა), ჯამპაოლო პაცინი (ინტერი).

დაცვა

ჩეზარე პრანდელის სიაში რვა ნომინალური მცველია, რომელთაგან ხუთი მუდმივად ხვდება "აძურას" შემადგენლობაში - შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდეც მათი გვარები: ფედერიკო ბალცარეტი, ანდრეა ბარცალი, ჯორჯო კიელინი, დომენიკო კრიშიტო და კრისტიან მაჯო. აქვეა ანდრეა რანოკია, რომელიც ერთი ხანობა ოფსაოდში რჩებოდა, თუმცა ბოლო დროს იძახებენ ნაკრებში და პრინციპში, შეგვიძლია ხუთეულსაც დავუმატოთ.

დებიუტანტი არც სტეფან ოგბინაა, მაგრამ სტაჟიან "აძურელად" ჯერ მაინც არ ითვლება და მისი გამოძახება მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია. საინტერესოა, რომ სტეფანი "ტორინოს" ღირსებას იცავს, გუნდის, რომელიც სერია B-ში ასპარეზობს. აქვე აღვნიშნოთ, რომ ოგბინა ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მცველად ითვლება იტალიაში და მისი საბაზრო ღირებულება დღეს დაახლოებით 20 მილიონ ევროს შეადგენს. მოკლედ, სერია B-ს მთავარი ვარსკვლავია და შემთხვევით არ იძახებენ ეროვნულ ნაკრებში.

ცალკე სალაპარაკო თემაა ინაციო აბატეს გამოძახება, რომელიც პირველად მოხვდა ქვეყნის რჩეულ ფეხბურთელთა შორის. "მილანის" განაპირა მცველის გამოძახებაზე კომენტარი პრანდელიმ საგანგებოდ გააკეთა: "აბატეს თამაშს დიდი ხანია ვაკვირდები, ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოუმატა, ძალიან კარგად ათამაშდა და შესაბამისად, გამოვიძახე კიდეც. ინაციოს აუცილებლად მიეცემა შანსი და უნდა დაამტკიცოს, რომ ეროვნულ გუნდში ასპარეზობის ღირსია. მჯერა მისი და ვნახოთ, როგორ გაამართლებს იმედებს".

ეროვნულ ნაკრებში გამოძახებამ აბატე ძალიან გაახარა და ბოლოს, სწორედ მის კომენტარს გავეცნოთ: "ეს ჩემი ახდენილი ოცნებაა და ყველაფერს ვიღონებ, რომ მწვრთნელის ნდობა ბოლომდე გავამართლო. ჩემი სურვილია, რომ ეროვნულ გუნდში დავკმვიდრდე და "აძურას" სრულუფლებიან წევრად ვიქცე".

ნახევარდაცვა

შუა ხაზში იმ გვარებს ვხედავთ, რომლებიც სტაბილურად ხვდებიან ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. შედარებით ახალი სახე ანტონიო ნოჩერინოა, რომელიც მიმდინარე სეზონს შესანიშნავად ატარებს და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ "მილანის" ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრდა.

პრანდელის ხუთი ისეთი მოთამაშე ჰყავს, რომლებიც ცენტრალურ ნახევარმცველებად ითვლებიან: ზემოთ აღნიშნული ნოჩერინო, ალბერტო აკვილანი, ანდრეა პირლო, ტიაგო მოტა და რიკარდო მონტოლივო. მოკლედ, ცენტრში დიდი კონკურენციაა და საინტერესოა, ვისზე გაკეთდება აქცენტი.

"გაძეტა დელო სპორტის" ვარაუდით, პოლონელებთან სასტარტო თერთმეტეულში მონტოლივოსა და მოტას ვიხილავთ, ურუგვაის ნაკრებს კი მილანელები: ნოჩერინო და აკვილანი დაუპირირდებიან. უკონკურენტოა ანდრეა პირლო, რომლის მიმართაც პრანდელის უსაზღვრო ნდობა აქვს.

საინტერესოა სიმონე პეპეს როლიც - "იუვენტუსში" კლასიკური გარემარბია, მაგრამ პრანდელის "აძურამ" ბოლო პაექრობები 4-4-2 სქემით გამართა; ანუ, დიდია ალბათობა პეპეს სხვა პოზიციაზე მოუწიოს ასპარეზობამ. თუმცა, შესაძლოა პრანდელიმ შეცვალოს კიდეც სქემა, პრინციპში მისი ერთ-ერთი კომენტარი ამაზე ნამდვილად გვაფიქრებს და ბოლოს სწორედ ჩეზარეს მოვუსმინოთ:

"ძალიან მინდოდა, რომ მარიო ბალოტელი ცენტფორვარდის პოზიციაზე გამომეცადა, ფლანგებიდან კი ჯუზეპე როსი და ანტონიო კასანო გამემწესებინა. სამწუხაროდ, როსი და კასანო გამოგვაკლდნენ და ხანგრძლივი დროით ჩამოშორდნენ ფეხბურთს. ამიტომ, ალტერნატიულ ვარიანტებს მოვსინჯავთ და ვნახოთ რა გამოვა".

თავდასხმა

თავდასხმას ნაწილობრივ უკვე შევეხეთ კიდეც, როდესაც პრანდელის კომენტარი მოვიშველიეთ, სადაც "სკუადრა აძურას" მწვრთნელი ანტონიო კასანოსა და ჯუზეპე როსის გამოკლების შესახებ საუბრობდა. პრანდელიმ ამ თემაზე ტაქტიკური ჭრილის გარეშეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გადავცეთ სიტყვა:

"რამდენიმე დღის წინ, კასანო მოვინახულე და ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი, რადგან თავს გაცილებით უკეთ გრძნობს. მითხრა რომ ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდება მოედანს, რამაც ოპტიმიზმით აღმავსო. ჩემი ინფორმაციით, კასანოს და როსის დაბრუნებას დაახლოებით ხუთი თვე დასჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ევროპის ჩემპიონატზე მათი ასპარეზობა საკმაოდ რეალურია. სიმართლე გითხრათ, ამაში დარწმუნებულიც კი ვარ".

სანამ კასანო და როსი დაბრუნდებიან, პრანდელიმ სხვა ხუთ ფორვარდზე შეაჩერა არჩევანი, რომელთაგან დღეს ოთხია მის განკარგულებაში. - დიახ, სებასტიან ჯოვინკომ სერია A-ს უკანასკნელ ტურში კოჭი დაიზიანა და ექიმთა დასკვნით, 99% ვერც ერთ სანაკრებო შეხვედრაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, ჯოვინკო არ ამოვიღეთ სიიდან, რადგან ის 1% არსებობს და ვინ იცის, იქნებ გამართლდეს კიდეც.

განაცხადში ოთხი ისეთი ფორვარდია, რომლებსაც დაგვირგვინება უფრო ეხერხებათ, ვიდრე სიღრმიდან თამაში. ანუ, ისინი ერთმანეთის უშუალო კონკურენტები არიან და საინტერესოა, ვისზე უფრო მეტად გაკეთდება აქცენტი. ოთხიდან ორს ნებისმიერ შემთხვევაში სათადარიგოთა შორის მოუწევს ყოფნა, რადგან 4-3-3 ტაქტიკის შემთხვევაში ერთ-ერთ გარემარბად სიმონე პეპე უნდა მოვიაზროთ. აქვე აღვნიშნოთ რომ ჯოვინკოს დაშავების შემდეგ, ბევრი ალაპარაკდა ანტონიო დი ნატალეს ნაკრებში დაბრუნების შესახებ, თუმცა პრანდელიმ ეს ინფორმაცია მალევე უარყო. მისი თქმით, ტოტოს შესაძლებლობებს კარგად იცნობს, მის გამოძახებაზე ფიქრობს და შესაძლოა, აპირებს კიდეც, მაგრამ არა მოახლოებულ ორ პაექრობაში.

მოკლედ, წინ ორი მეტად საინტერესო შეხვედრა გველის და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
თავდასხმა ყველაზე სუსტი რგოლია. იმედია მართლა დაბრუნდებიან კასანო და როსი.
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
დასჯილი კონტე და "ნაპოლის" ზედიზედ მესამე ფრე
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
ზივზივაზემ ისევ ვერ ითამაშა - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგის" მატჩი გადაიდო
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი