ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შვიდი თვეა დარჩენილი და იოახიმ ლიოვმა პრესკონფერენციაზე მთელი გერმანიის გულისდასაამებელი განცხადება გააკეთა
ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე შვიდი თვეა დარჩენილი და გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გუშინწინ გამართულ პრესკონფერენციაზე მთელი გერმანიის გულისდასაამებელი განცხადება გააკეთა. "გუნდი ძალიან კარგადაა შეთამაშებული, - განაცხადა იოგიმ, - გაცილებით უკეთ, ვიდრე ორი წლის წინ იყო."

თუმცა ზუსტად ისე, როგორც ორი წლის წინათ, ბუნდესგუნდში დღესაცაა პოზიცია, სადაც ჯერ კიდევ არაფერია გამოკვეთილი. რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ისევ დაცვის ცენტრს ეხება, სადაც ფავორიტი და შეუცვლელი დუეტი ისევ არ არის ნაპოვნი. გერმანიის ნაკრების დაცვის ცენტრში ორი თავისუფალი ადგილის დასაკავებლად ერთდროულად ხუთი ფეხბურთელი იბრძვის, რომელთაგან ერთი სავარაუდო, ოფიციალურად დაუდასტურებელი ფავორიტია - დორტმუნდის "ბორუსიას" 22 წლის მცველ მატს ჰუმელსს ვგულისხმობთ. ეს უკანასკნელი ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად გაჩაღებულ ხუთთაბრძოლას მშვიდად უყურებს.

ამგვარი კონკურენცია თავის მხრივ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გერმანიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბს დიდი არჩევანი აქვს. ვინ უნდა დადგეს დაცვის ცენტრში სავარაუდო ფავორიტის, ჰუმელსის გვერდით - გამოცდილი, 27 წლის პერ მერტეზაკერი, რომელმაც ლონდონის "არსენალს" მიაშურა, დღესდღეობით კარგ ფორმაში მყოფი ჰოლგერ ბადშტუბერი (22 წლის), "ბაიერნში" მოძლიერებული ჟერომ ბოატენგი (23) თუ მრავალმხრივი, მაგრამ შედარებით არასტაბილური ბენედიქტ ჰიოვედესი (23)? თანაც, თავის მხრივ, ისინი ჰუმელსისთვის არა მარტო პოტენციური მეწყვილეები, არამედ კონკურენტებიც არიან, რადგან დორტმუნდელსაც არაფერი აქვს გარანტირებული.

თუკი ბუნდესგუნდის წინა ხუთ მატჩს გადავხედავთ, გარკვეული დასკვნების გაკეთება შეგვეძლება. ლიოვმა დაცვის ცენტრში მერტეზაკერი ხუთჯერ ათამაშა, ჰუმელსი კი ორჯერ. ჰიოვედესი და ბოატენგი უმეტესად მარჯვენა მცველებად გვევლინებოდნენ. თუკი შალკელს განსაკუთრებული პრეტენზიები არ აქვს და ამბობს, სადაც ლიოვი გამამწესებს, იქ ვითამაშებო, ბოატენგი გულახდილად აცხადებს, რომ ცენტრში თამაში ურჩევნია. ჟერომი ფიქრობს, რომ მოახლოებული ორი ტესტ-მატჩიდან, იოგი მას ერთში მარჯვენა ფლანგზე გაამწესებს, მეორეში კი ცენტრში მოსინჯავს. ბოატენგს ცენტრში თამაში კი ურჩევნია, მაგრამ ისიც აღსანიშნავია, რომ ფლანგზე გაცილებით ცოტა კონკურენტი ჰყავს- მხოლოდ ჰიოვედესი და კრისტიან ტრეში.

ფაქტი ის არის, რომ 2010 წელს ლიოვს ძალიან დიდი დრო დასჭირდა იმისათვის, რომ დაცვის ცენტრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიეღო. იოგიმ სულ ბოლოს, უშუალოდ მუნდიალის დაწყების წინ გადაწყვიტა, რომ ამ ძალიან საპასუხისმგებლო ორ პოზიციაზე მერტეზაკერისა და არნე ფრიდრიხის წყვილს მიენდობოდა. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, დიდია იმის შანსი, რომ ამჯერადაც ასე მოხდეს. თავად ჰუმელსი ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს და პრეტენზიული განცხადებებით არ გამოირჩევა. მეტიც, დორტმუნდელი ამბობს, დაცვაში კონკურენცია კოლეგიალური და თითქმის მეგობრულიაო.

არადა, მატს ჰუმელსი გერმანიაში ყველას ბუნდესგუნდის დაცვის ბურჯობის მთავარ კანდიდატად მიაჩნია, რადგან დორტმუნდელმა წინა სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, გერმანიის ჩემპიონი გახდა, მერე ჩემპიონთა ლიგის ჰაერიც ჩაისუნთქა და ყველაფერთან ერთად, გერმანიის ნაკრებსაც გაუშინაურდა. თვითონვე ამბობს, 2011 წელი ჩემს ჯერ კიდევ ახალგაზრდა კარიერაში საუკეთესო იყოო.

მიიღებს თუ არა დღეს, უკრაინასთან ამხანაგურ მატჩშიც შესაძლებლობების გამოვლენის მორიგ შანსს, ეს ჰუმელსმა ჯერ თვითონაც არ იცის. ჩვენი გერმანელი კოლეგები კი ამტკიცებენ, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ უკრაინასთან დაცვის ცენტრში ჰუმელსისა და ბადშტუბერის ტანდემს ვიხილავთო. ასეთ შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლის წინააღმდეგ ჰიოვედესი მარჯვენა ფლანგზე უნდა ვიხილოთ, ბოატენგს და მერტეზაკერს კი ლიოვი ოთხი დღის შემდეგ, ჰოლანდიასთან გამოცდის.

"იმედი მაქვს, რომ ვითამაშებ და იმედი მაქვს, რომ უკრაინის ნაკრებში ანდრეი შევჩენკოს ვიხილავ. მის წინააღმდეგ თამაში ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენა იქნება, რადგან ბავშვობაში შევჩენკოს ფანი ვიყავი," - ჰუმელსს კინაღამ ოფიციალურად წამოსცდა ისიც, რომ დღეს უკვე 35 წლის შევჩენკოს გარდა, ბავშვობაში "მილანის" ქომაგიც იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთს დაუზავდა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს