სფფ-ს პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა: "ასეთი ერთსულოვნება და ფეხბურთის სიყვარული არსად მინახავს!"
თამამად შეიძლება ითქვას: შაბათს ლანჩხუთში "გურიას" ყველაზე დიდი ტრიუმფიდან 25 წლის იუბილე უმაღლეს დონეზე აღინიშნა.

"ასეთი ერთსულოვნება და ფეხბურთის სიყვარული არსად მინახავს" - სასიამოვნოდ გაოგნებული გახლდათ ქართული ფეხბურთის მესაჭე ზვიად სიჭინავა.

მართალია, ცუდმა ამინდმა ორგანიზატორებს გრაფიკის კორექტირება აიძულა, მაგრამ ამით იუბილეს არც არაფერი დაჰკლებია. დილით სტუმარ-მასპინძლები გურიის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ოფისთან შეიკრებნენ, მათ დაურიგდათ საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული ბუკლეტი "გურია - 1986". "ბედნიერი ვარ, რომ დღეს თითქმის ყველა თაობის წარმომადგენლები შევიკრიბეთ. ყველა გულშემატკივარს ვულოცავ კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატებას - 25 წლის იუბილეს" - გვითხრა "გურიას" უხუცესმა ვეტერანმა გოგი ებრალიძემ.

მალე თბილისიდან და სხვა ქალაქებიდან ვეტერანების დიდი ჯგუფი ჩამოვიდა, ისინი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან ერთად იუბილესადმი მიძღვნილ სუპერფინალზე გაემართნენ. "გურიას" ვეტერანებმა ახალგაზრდები პენალტების სერიაში დაამარცხეს. შეუდარებელი იყო გოჩა ტყებუჩავა, რომელიც თავის დროზე სწორედ ასეთი ჟინის გამო ლანჩხუთელი ქომაგის საყვარელი მობურთალი გახლდათ. "გურია"-ს კაპიტანს თასი ზვიად სიჭინავამ გადასცა.

ამის შემდეგ სტუმრები ლანჩხუთის სპორტის მუზეუმისკენ გაემართნენ. მათ აღფრთოვანება ვერ დამალეს, როცა თვალწინ ლანჩხუთის სპორტისა და განსაკუთრებით ფეხბურთის ისტორია გადაეშალათ. სფფ-ის პრეზიდენტსა და სხვა სტუმრებს მეგზურობა მუზეუმის დირექტორმა, გურულ სპორტზე შექმნილი არაერთი წიგნის ავტორმა მერაბ წულაძემ გაუწია.

ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიხსნა ლანჩხუთის "გურია"-ს მემორიალი - კლუბის ემბლემის ირგვლივ 11 სკამი სიმბოლურად შეირჩა. ღამით მემორიალი კლუბის ფერებშია განათებული. ასევე სიმბოლურია ისიც, რომ ის "გურია"-სთვის ორი მნიშვნელოვანი ფიგურის, იმედო დუნდუასა და ვატა ძიძიგურის სახელობის სკამის გვერდით გაკეთდა. მემორიალი 1986 წლის "გურია"-ს წევრებმა კლუბის ჰიტად ქცეული სიმღერების ფონზე გახსნეს.

"ბედნიერი ვარ, რომ დღეს ასეთი დღე გვაჩუქეს. ყველანი ძალიან მიყვარხართ" - ცრემლებს ვერ იკავებდა "გურია"-ს ყველა დროის საუკეთესო მობურთალი თემურ ჩხაიძე.

"მაშინ, როგორც ყველა, მეც ბათუმში გახლდით შეხვედრაზე. ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი დღე! სხვათა შორის, უმაღლეს ლიგაში პირველი დუბლშემადგენლობის შეხვედრაში "გურიასა" და "სპარტაკს" შორის მთავარი მსაჯის ასისტენტი ვიყავი. მაშინ დუბლების მატჩებზე ხაზზე ადგილობრივები მსაჯობდნენ. იმ სეზონში 7-8 თამაში ვიმსაჯე, რაც შემდგომში საკავშირო დონეზე გასვლაში ძალიან დამეხმარა. ყველა ლანჩხუთელს ვულოცავ ამ დღეს" - ასე გაიხსენა "გურიას" ტრიუმფალური წლები ყოფილმა ფიფას მსაჯმა ოთარ გუნთაძემ.

გურიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კახა ებრალიძემ განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა ლანჩხუთში საფეხბურთო ტრადიციები არ დაივიწყონ: "სასიხარულოა, რომ ამ სეზონში "გურია" წარმატებით გამოდის და ახარებს გულშემატკივარს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენს სტადიონზე კვლავაც დიდი ფეხბურთი ვიხილოთ"

"არ არსებობს საქართველოში ქალაქი, სადაც ლანჩხუთზე მეტად უყვართ ფეხბურთი. გახარებული ვარ, რომ დღეს აქ ასეთი ზეიმია! ყველა ლანჩხუთელს, ყველა გურულსა და ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავ ამ დღეს!" - გვითხრა გურიის გუბერნატორმა ვალერი ჩიტაიშვილმა.

ყველაფერი დააგვირგვინა ღონისძიებამ კულტურის სახლში. საღამო დაამშვენა საფეხბურთო ფორმაში გამოწყობილი ყმაწვილების მიერ გაკეთებულმა საპატიო დერეფანმა, რასაც "გურიას" მთავარი ტრიუმფატორების სცენაზე გამოსვლა მოჰყვა. წამყვან დათო გოგიჩაიშვილის ტექსტმა და დოკუმენტურის ფილმის კადრებმა მაყურებელი "გურიას" წარსულში ამოგზაურა. დარბაზი ტიროდა, ოღონდ ეს სიხარულის ცრემლები იყო.

თუმცა იყო სხვანაირი ცრემელებიც, როცა გაიხსენეს ევგრაფი შევარდნაძე, იმედო დუნდუა, ბუტა ჟორდანია, ანზორ კილაძე და სხვები.

"ყველას დიდი მადლობა ამ ზეიმისთვის - ორგანიზატორებს, ჩემს ბიჭებს, რომლებთანაც შეხვედრის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცა. არ შემიძლია, არ ვახსენო ჩემი მეგობარი შალვა კაკაბაძე. ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით "გურიას" ისტორია. არ შეიძლება, არ მოვეფეროთ ჩვენს ევგრაფის, იმედოს, ბუტასა და სხვათა სულებს" - ცრემლებს ვერც "გურიას" ტრიუმფის მთავარი შემოქმედი ბეგი სიხარულიძე იკავებდა.

ბოლოს გაიმართა საზეიმო ბანკეტი, გაიხსენეს მხიარული ისტორიები "გურიას" წარსულიდან, ლხინს იუბილეს ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი, ლანჩხუთის გამგებელი გიორგი გოგუაძე თამადობდა. მხიარულობაში გამოირჩნენ გოჩა ტყებუჩავა და დავით უგრელიძე - ფანკლუბთან ერთად რომ გაალამაზეს საღამო.

გაოგნებული იყო ზვიად სიჭინავა: "ჩვენ ფეხბურთი გვაქვს თბილისში, ქვემო ქართლში, იმერეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლში... ვგულისხმობ უმაღლეს ლიგას. მჯერა, გურიის რეგიონს არა ერთი, არამედ ორი გუნდი ეყოლება უმაღლეს ლიგაში! დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ასეთი ფეხბურთის სიყვარული არსად მინახავს! ერთს გპირდებით, გადმოდით უმაღლეს ლიგაში და სტადიონს გაგიკეთებთ", - განაცხადა წასვლის წინ ქართული ფეხბურთის მესაჭემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა