მექსიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს ზედიზედ მეხუთედ გამოეთიშა მერვედფინალიდან. მექსიკელები წინა მუნდიალის მერვედფინალშიც არგენტინელებს გადაეყარნენ და მაშინ დამატებით დროში დამარცხდნენ, ამჯერად კი უფრო იოლად დაყარეს ფარ-ხმალი...

27 ივნისი. იოჰანესბურგი. სოკერ სიტი. 84 377 მაყურებელი

არგენტინა-მექსიკა 3:1

არგენტინა (4-3-1-2): რომერო - ოტამენდი, დემიკელისი, ბურდისო, ჰაინცე - მაქსი როდრიგესი (87. პასტორე), მასკერანო, დი მარია (79. გუტიერესი) - მესი - ტევესი (69. ვერონი), იგუაინი.

მექსიკა (4-4-1-1): პერესი - ხუარესი, ოსორიო, ფ. როდრიგესი, სალსიდო - დოს სანტოსი, მარკესი, ტორადო, გვარდადო (61. ფრანკო) - ბაუტისტა (46. ბარერა) - ერნანდესი.

გოლები: 1:0 ტევესი (26), 2:0 იგუაინი (33), 3:0 ტევესი (52), 3:1 ერნანდესი (71)

გაფრთხილება: მარკესი (28)

მატჩი დაიწყო: მექსიკა; კარში დარტყმა: 12(6)-17(5); კუთხური: 2-5, ჯარიმა: 11-26; ბურთის ფლობა: 50%-50%.

არბიტრი: რობერტო როზეტი (იტალია)

საინტერესო მომენტები

8' - კარლოს სალსიდოს მიერ შორიდან დარტყმული ბურთი არგენტინელთა კარის ხარიხას მოხვდა.

9' - ანდრეს გვარდადოს ძლიერი დარტყმა მიზანს ოდნავ ასცდა.

26' - ოსკარ პერესმა ბურთი ცხვირწინ მოიგერია, დამატებაზე ყველას ლიონელ მესიმ დაასწრო და თამაშგარე მდგომარეობაში მყოფი კარლოს ტევესი მოძებნა, რომლის მიერ თავით გატანილი გოლი ჩაითვალა - 1:0.

33' - გონსალო იგუაინმა რიკარდო ოსორიოს უხეირობით ისარგებლა, დაეუფლა ბურთს, შეიჭრა საჯარიმოში და ცარიელ კარში გაიტანა - 2:0.

37' - სალსიდოს შორეული დარტყმა სერხიო რომერომ მოიგერია.

52' - ტევესმა შორიდან ეფექტურად გაისროლა და ბურთი "ცხრიანში" დააჭედა - 3:0.

71' - ხავიერ ერნანდესმა ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით არგენტინელთა მეკარეს ბურთი ახლო მაღალ კუთხეში გაუტანა - 3:1.

79' - მესის "მოჭრილი" დარტყმა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია.

მექსიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატს ზედიზედ მეხუთედ გამოეთიშა მერვედფინალიდან. მექსიკელები წინა მუნდიალის მერვედფინალშიც არგენტინელებს გადაეყარნენ და მაშინ დამატებით დროში დამარცხდნენ, ამჯერად კი უფრო იოლად დაყარეს ფარ-ხმალი.

იმის მიუხედავად, რომ არგენტინელებმა გუშინ ჩინებულად ითამაშეს, მათი მეტოქის მარცხში იტალიელმა არბიტრმა რობერტო როზეტიმ და მისმა ასისტენტმაც შეიტანეს წვლილი. ასეთი გამოდგა გუშინდელი დღე - ორივე მერვედფინალში მსაჯებმა უხეში შეცდომები დაუშვეს და უმაღლესი რანგის მატჩებს ჩრდილი მიაყენეს, გამარჯვებულებს კი (რომლებმაც მეოთხედფინალში გასვლა უდავოდ დაიმსახურეს) საქმე საგრძნობლად გაუიოლეს. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ კარლოს ტევესმა ანგარიში ერთმეტრიანი თამაშგარიდან გახსნა.

როზეტი და თანამსაჯი დაახლოებით ორ წუთს მსჯელობდნენ, ჩაეთვალათ თუ არა გოლი. ფიფა ვიდეოგამეორების დანერგვას ეწინააღმდეგება, აქაოდა, ეს პროცედურა მატჩის მსვლელობას შეაფერხებსო. არადა, რაგბის, ჰოკეის, ძიუდოსა თუ სხვა ტელერეპორტაჟისას ხშირად გვინახავს, ტექნიკის საშუალებით რაოდენ ოპერატიულად ახერხებენ მსაჯები სიტუაციაში გარკვევას. განა საფეხბურთო ეპიზოდის განმეორებით ნახვასაც იგივე დრო არ სჭირდება? შეფერხებით კი როზეტიმ ისედაც შეაფერხა თამაში, თანაც ისე, რომ ვერც ვერაფერში გაერკვა და შესაბამისად, მცდარი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სამწუხაროა, რომ უსერიოზულესი შეცდომები დაუშვეს ისეთი საფეხბურთო ქვეყნების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა იტალია და ურუგვაი, სამაგიეროდ, ფაქტობროვად უშეცდომოდ მოქმედებენ ის არბიტრები, რომლებიც აქამდე ნაკლებად იყვნენ ცნობილნი - მაგალითად, უზბეკი რავშან ირმატოვი...

ასე იყო თუ ისე, არგენტინის ნაკრებმა მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა, მეოთხედფინალში დამსახურებულად გავიდა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სამართლიანად მიიჩნევა მუნდიალის ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად. "ალბისელესტემ" მშვენივრად შეირგო მსაჯის საჩუქარიც, აჭრილ მექსიკას სწრაფად გაუტანა კიდევ ერთი გოლი და ამით საქმე მოამთავრა. არადა, ანგარიშის გახსნა მექსიკელებს შეეძლოთ...

პირველი ტაიმის დასრულებისთანავე მოედნის კიდესთან გუნდური ჩხუბი გაჩაღდა, მეორე ტაიმის დებიუტი და ტევესის ეშხიანი გოლი კი ერთი იყო. გასაკვირი არ იყო, რომ დიეგო მარადონამ ტევესის ნაცვლად ხუან სებასტიან ვერონი შეუშვა და თამაშის ტემპიც დაეცა. ხავიერ აგირეს ფეხბურთელებმა ბოლოჯერ გაიბრძოლეს და პრესტიჟის გოლიც გაიტანეს, თამაშში გარდატეხის შესატანა კი ზღაპარი იყო - მექსიკას საამისო რესურსი არ ჰქონდა.

მატჩის ერთ-ერთი ინტრიგა ისიც იყო, გახსნიდა თუ არა საგოლე ანგარიშს ლიონელ მესი. არგენტინელთა უმთავრესმა იმედმა ცდა არ დააკლო, მაგრამ საწადელს ვერც ამჯერად მიაღწია. ლეომ გუშინაც მაღალ დონეზე ითამაშა, თუმცა მისგან მაინც მეტს ელიან და ვნახოთ, რას იზამს გერმანიასთან დაპირისპირებაში. გონსალო იგუაინი კი ამასობაში 4 გოლით ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა. კიდევ ერთი ნიშანდობლივი ფაქტი: მას მერე, რაც 1990 წლის მუნდიალის მერვედფინალში არგენტინამ ბრაზილიას 1:0 სძლია, "ალბისელესტემ" მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩი ძირითად დროში პირველად მოიგო...

საუკეთესო ფეხბურთელი

კარლოს ტევესი (არგენტინა)

არგენტინელთა ფორვარდები შესანიშნავ ფორმაში არიან, გუშინ ყველაზე ეფექტური კარლოს ტევესი იყო. თამაშგარედან გატანილ გოლს მან მეორე ტაიმში ბრწყინვალე შედეგიანი დარტყმა მიაყოლა და თავის გუნდს მეოთხედფინალი დაუბევა. ტევესი მხოლოდ გოლებისას არ ყოფილა შესამჩნევი, მოედანზე გატარებული 69 წუთის განმავლობაში იგი უაღრესად სასარგებლო იყო.

ბომბარდირები

4 - იგუაინი (არგენტინა); 3 - ვილია (ესპანეთი), მიულერი (გერმანია), სუარესი (ურუგვაი), გიანი (განა), ვიტეკი (სლოვაკეთი), დონოვანი (აშშ).

ლევან ჯანეზაშვილი

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს