"არმიამ" გერმანულ "გოტინგენს" ჰოლანდიური "ლეიდენი" მიაყოლა და მეორე ჯგუფური ეტაპისკენ ნაბიჯი გადადგა
საქართველოს ნაკრებს დაძაბულ ბრძოლაში, ბოლო წამებზე რომ მოუგია, ზაზა ფაჩულიას უთქვამს - ასეთ გამარჯვებას სულ სხვა გემო აქვს, განსხვავებულ ემოციებს იწვევსო.

გუშინ, სპორტის სასახლეში შეკრებილმა 8 ათასმა და ტელეეკრანებთან მსხდომმა კიდევ უამრავმა ქართველმა ქომაგმა ბევრი ინერვიულა, ხუმრობა ხომ არ არის, ჰოლანდიური "ლეიდენი" არმიელებს გასაქანს არ აძლევდა და ბოლო წამებამდე დაჭრილი ხარივით იბრძოდა, წაგებას არ ეგუებოდა. თუმცა მაინც დაეცა და "გემრიელი" გამარჯვებით გულშემატკივარმა ძალიან გაიხარა. ასეთი სანახაობის შემდეგ იოლი წარმოსადგენია, რამდენი დაუკარგავს კალათბურთის ქომაგს - 21-ე საუკუნეში ევროტურნირები ორად ორ ქართულ მოგებას ითვლის, ორივე შემთხვევაში აზერბაიჯანულ "ნტდ დევონთან"...

"არმიამ" კი გერმანულ "გოტინგენს" ჰოლანდიური "ლეიდენი" მიაყოლა და მეორე ჯგუფური ეტაპისკენ მეორე ნაბიჯი გადადგა. დარჩენილია სამი მატჩი და ჯგუფიდან გასვლის ფავორიტებს ჯერაც ვერ დავასახელებთ, მაგრამ სამი ტურის შემდეგ თამამად შეიძლება ითქვას, რომ "არმია" მომდევნო ეტაპისკენ მიმავალ ბილიკს გეგმაზომიერად მიუყვება.

უშუალოდ გუშინდელი მატჩის მსვლელობაზეც ბევრია სალაპარაკო. ჯერ მატჩის ოქმს გადავხედოთ და ჰოლანდიურ-ქართულ რამდენიმე სხვაობას გავუსვათ ხაზი.

6:32 - "ლეიდენის" სასარგებლოდ. მაინც რაში ჰქონდათ ჰოლანდიელებს ასეთი უპირატესობა? თუ დავუფიქრდებით, პასუხის გაცემა რთული არ იქნება: სათადარიგოების მოგროვილ ქულებში. მასპინძელთა მწვრთნელმა კოტე ტუღუშმა სასტარტო შემადგენლობაში ხუთივე უცხოელი დააყენა.

მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო ანატოლი ბოისა, რომელმაც ჩვეულად, გულიანად იბრძოლა და 11 წუთში თითო ორქულიანი და სამიანი ასპროცენტიანი სიზუსტით ისროლა. მის 5 ქულას 3 წუთით შესულმა დავით საყვარელიძემ ერთიც მიამატა და სულ ეს იყო სათადარიგოების მონაგარი. როცა შვედმა იოაკიმ შელბომმა მეოთხე ჯარიმა მიიღო, მის ნაცვლად თამაშში ზვიად ბაბიაშვილი (სულ 8 წუთი) ჩაერთო და დაცვაში კარგად დადგა.

ქართველთა მწვრთნელი შეცვლებისას მეტად ფრთხილობდა, მითუმეტეს მას მერე, რაც მეორე პერიოდში უილიამ ტომასის სათადარიგოთა სკამზე დასმას "ლეიდენის" 9:0 გაქცევა მოჰყვა და "არმიას" 10-ქულიანი უპირატესობა -1-ად იქცა (27:28). შემთხვევით, როდი თქვა "ლეიდენის" თავკაცმა - ტომასი გუნდში ყველაზე სასარგებლოაო. უმთავრესად სწორედ უილიამის (13 მოხსნა) დამსახურებაა ქართველებმა მოხსნებში 42:33 რომ იმარჯვეს.

საინტერესო სანახავი იყო შეცვლების პროცესი: თუ "არმიაში" მეოთხედში 2-3 შეცვლა ხორციელდებოდა, "ლეიდენში" კალათბურთელები 10 წუთში 6-7-ჯერ იცვლებოდნენ, მწვრთნელი ხშირად ერთბაშად ორ მოთამაშეს უშვებდა მოედანზე... სწორედ ამან განაპირობა მატჩის დაძაბულობა - ლეიდენის კალათბურთელებს არც ჯარიმის მიღებისა ეშინოდათ (ხუთი ფოლის გამო) და ბოლო წუთებამდე ისეთი ენერგიით თამაშობდნენ, როგორითაც დასაწყისში. ალბათ, ამიტომაც გამოიყენეს გადამწყვეტ მომენტში ორი სამქულიანი და "არმიას" 3-ზე მეტი სხვაობით გამარჯვება არ დაანებეს.

სადაც მეტოქის მიერ ჩატარებულ ბოლო წუთებზე ვლაპარაკობთ, ჩვენიც უნდა ვთქვათ. მწვრთნელმა, კოტე ტუღუშმა მესამე პერიოდის ბოლოს გამთამაშებლობა გილერმო დიასს დაავალა და ზუსტად 3 წუთით დაასვენა ნიუჯერსელი სანდიატა გეინსი, რომელის გამოჩენის შემდეგ, მეოთხე პერიოდში სასწორის პინა მასპინძელთა მხარეს გადაიხარა.

სწორედ მაშინ, როცა თამაშის ბედი უნდა გადაწყვეტილიყო ერთმანეთს დაუპირისპირდა არმიელთა კლასი და გამოცდილება და "ლეიდენის" ენერგია. საბოლოოდ პირველმა გადაწონა: ჯერ დიასმა ორი ღირებული ჩაჭრით თანაგუნდელებს 4 ქულა ჩააგდებინა. ამას ჯერემი რიჩარდსონმა ეფექტური ჩატენვა მიაყოლა და "არმია" 69:60 დაწინაურდა. სირენამდე ოთხნახევარი წუთით ადრე 9-ქულიანი სხვაობა დიდი უპირატესობაა, მითუმეტეს, როცა გუნდში გამთამაშებლად სანდიატა გეინსია, რომელსაც თამაშის რიტმის კონტროლი არ ეშლება.

რიტმის ხსენებაზე: არმიელთა სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ "ლეიდენმა" თავისი მთავარი კოზირი, სწრაფი შეტევა სათანადოდ ვერ გამოიყენა. ამ კომპონენტში, მეოთხე პერიოდში მასპინძლებმა ჰოლანდიელებს საგრძნობლად აჯობეს: თუ 30 წუთში პირველი შეტევის შედეგად არმიელებს მხოლოდ 4 ქულა ჰქონდათ ჩაგდებული, ბოლო რაუნდში 9 "სწრაფი" ქულა მიითვალეს.

ნამატჩევს ორივე გუნდის წარმომადგენლებმა ხალხმრავალ ტრიბუნებზე ილაპარაკეს.

კოტე ტუღუში ("არმიას" მწვრთნელი):

- მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა, რადგან შინ, მრავალათასიანი აუდიტორიის წინაშე ვთამაშობდით. ჩვენი ქომაგი ყოველთვის ძალიან გვეხმარება. მოსალოდნელი იყო ისიც, რომ "ლეიდენი" დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევდა, მებრძოლი გუნდია. ეს წინა ტურში "გოტინგენის" გერმანიაში ძლევით დაამტკიცა.

გილერმო დიასი ("არმიას" უკანახაზელი):

- საინტერესო თამაში გამოვიდა. შინ ვთამაშობდით და ეს უპირატესობა ტაბლოზე უნდა დაგვეფიქსირებინა. მძიმე ბრძოლის შედეგად მიზანს მივაღწიეთ. ამაზე არ უნდა შევჩერდეთ.

ტონ ვან ჰელფტერენი ("ლეიდენის" მწვრთნელი):

- მეტოქეს კომპლიმენტი ეკუთვნის. მისი თამაში თურქებთანაც ვნახე და გერმანელებთანაც, მაგრამ დღეს მაინც ვერ მოვახერხე "არმიას" პლუსების შეზღუდვა. ქართულ გუნდს უამრავი იარაღი აღმოაჩნდა, რამაც მათი გამარჯვება განაპირობა. განმეორებითი შეხვედრისთვის განსაკუთრებულად უნდა მოვემზადოთ, თუმცა დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ "ბეშიქთაშთან" ერთად "არმია" ჯგუფის ფავორიტია.

სიმუს ბოქსლი ("ლეიდენის" ფორვარდი):

- დარბაზში საოცარი ატმოსფერო დაგვხვდა. მატჩის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა სავსე ტრიბუნებმა. "არმია" მართლაც ძლიერი გუნდია, მაღალი კლასის შემსრულებლებით დაკომპლექტებული.

ევროჩელენჯი. III ტური. B ჯგუფი

არმია-ლეიდენი 74:71

22:15, 14:22, 18:21, 20:13

8000 მაყურებელი

მსაჯები: გეორგიოს ტანაზისი (საბერძნეთი), დრაგან კრალი (ბოსნია), მარეკ მალიშევსკი (პოლონეთი)

ბეშიქთაში-გოტინგენი 105:94

გუნდი თ მ წ ქ

1. ბეშიქთაში 3 3 0 6

2. არმია 3 2 1 5

3. ლეიდენი 3 1 2 4

4. გოტინგენი 3 0 3 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაიკლ ჯორდანი და სუნ ძის "ომის ხელოვნება" - იდეა, რომელმაც საუკუნეებს გაუძლო
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
ქუთაისმა ათენის 3×3 ჩელენჯერზე იასპარეზა | 2 მარცხი უმძიმეს ბრძოლაში
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია