ქართველმა ძალოსანმა პარიზში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე და მომავალ ოლიმპიადაზე ისაუბრა
ათიოდე დღის წინათ პარიზში ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ათლეტებმა შარშან ანტალიის მსგავს შეჯიბრებაში მოპოვებული სალიცენზიო ქულები განიმტკიცეს და ლონდონის 2012 წლის ოლიმპიური თამაშების 3 საგზური დაიბევეს. ამ წარმატებაში ლომის წილი გია მაჭავარიანმა დაიდო.

ხარაგაულში დაბადებულ-გაზრდილმა ჭაბუკმა ყმაწვილობისას სპორტის მრავალ სახეობაში სცადა ბედი, მაგრამ დიდხანს ვერც ფეხბურთს დაუდო გული, ვერც კრივსა და ჭიდაობას. ჯანი გერჩის, იქნებ შტანგა მოგესინჯაო, - ურჩია ბიძამ.

ასე აღმოჩნდნენ ვაკის ძალოსნობის დარბაზში საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელ ავთანდილ გახოკიძესთან. მაშინ უკვე 15 წლის იყო.

- რომ გითხრათ, შტანგა ერთი ნახვით შემიყვარდა და თავდავიწყებით დავიწყე ვარჯიში-მეთქი, ტყუილი იქნება. - მითხრა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულმა გია მაჭავარიანმა. - უფრო მწვრთნელისა და ოჯახის წევრების ხათრით დავდიოდი დარბაზში. ამიტომ სამი წელიწადი შედეგი არ მქონია. 2003 წელს 94 კილოში საქართველოს პირველობაზე მეორე ადგილი რომ დავიკავე, ვიგრძენი, რომ ჩემში ისეთმა ჟინმა გაიღვიძა, რომ თვალი კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხურისკენ გამექცა.

მეტი გულისყურით ვეკიდებოდი მწვრთნელის შენიშვნებს და რჩევებს. 2004 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს სალიცენზიო ქულები მივეცი. განსაკუთრებით იმან გამახარა, რომ ათენში გიორგი ასანიძე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

მას შემდეგ შვიდი წელიწადი გავიდა და გია მაჭავარიანი სხვადასხვა რანგის შეჯიბრებებში მეტ-ნაკლები წარმატებით გამოდიოდა, ერთხელ 20-წლიანთა ევროპის პირველობაზე ორჭიდში მე-4 ადგილი დაიკავა, 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მეშვიდე იყო. ვერა და ვერ მიუახლოვდა კვარცხლბეკს. და აი, წლეულს გაზაფხულზე ერთბაშად სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

- აპრილში ყაზანს გავემგზავრე ევროპის ჩემპიონატზე. ამ შეჯიბრებისთვის კარგად ვიყავი მომზადებული. ხუთი ცდა გამოვიყენე. ჯერ 180 და 183 კილო ავიტაცე.

- ვიცი, რომ 185 კილოც დაძლიე, მაგრამ მსაჯებმა არ ჩაგითვალეს. რა მიზეზით?

- ფეხის წვერი აწიეო, მაგრამ, ეს, უბრალოდ, საბაბი იყო - რუსმა აკაევმა, რომელსაც ტურნირის ფავორიტად მიიჩნევდნენ, ატაცში 185 კილოთი დაიწყო, მაგრამ ისე გაუჭირდა, რომ ალბათ, მასპინძლებმა იფიქრეს, შესაძლოა, მეტი წონა ვერ დაძლიოსო. მაშინ ამ მოძრაობაში ოქრო მე დამრჩებოდა, რადგან პირადი წონით მეტოქეზე მსუბუქი ვიყავი. ჩრდილოელ მეზობელთა გასახარად, აკაევს მეტი წაშველება აღარ დასჭირვებია.

მან საბოლოოდ 195 კილო აიტაცა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ვერცხლის მცირე მედალი მე მხვდა. აკვრაში მწვრთნელებთან ერთად რისკს მოვერიდეთ: რადგან რუსი ძალოსანი პირველი მოძრაობის შემდეგ დიდი უპირატესობით მიგებდა, ორჭიდში გამოდევნებას აზრი არ ჰქონდა. მთავარი იყო, მე-2 ადგილი შეგვენარჩუნებინა. ამიტომ 217 კილოს დავჯერდი, არადა, ვარჯიშებზე 220 კილო არაერთხელ ამიკრავს.

მთავარი ის იყო, რომ პოლონელ ბონკს გავუსწარი და, როგორც აკვრაში, ისე ორჭიდში ვერცხლის მედლები მოვიპოვე. ეს იყო ჩემი პირველი მნიშვნელოვანი გამარჯვება დიდ სარბიელზე, რამაც ძალიან გამახარა და სტიმულიც გამიორკეცა.

- კვარცხლბეკზე ასასვლელად პარიზში უფრო დაძაბული პაექრობები გქონდა.

- დიახ, ასეა. თუმცა, საფრანგეთის დედაქალაქში მეტის მიღწევა შემეძლო. წლეულს ჩაქვში საქართველოს ლიგის პირველობაზე ორჭიდში 406 კილო მოვაგროვე. კარგად ვგრძნობდი თავს. ეს ატაცშიც გამოჩნდა, როცა მესამე მისვლისას 187 კილოთი და პირადი მიღწევა გავაუმჯობესე, თან პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის მცირე ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე - მხოლოდ რუს მეტოქეებს - აკაევსა და კლოკოვს ჩამოვრჩი. აი, აკვრაში კი უფრო ფრთხილი პოლიტიკა ავირჩიეთ. გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო საწყისი წონის დაძლევა, რომ სალიცენზიო ქულები განგვემტკიცებინა.

ამიტომ პირველი ცდისთვის 212 კილო შევუკვეთეთ. მერე წონა საგრძნობლად გავზარდეთ და მესამე ცდაზე 222-კილოიანი შტანგა დავიმორჩილე. ორჭიდში ფაქტობრივად, მესამე ადგილზე ვიყავი, რადგან პოლონელმა ბონკმა შეჯიბრება 221 კილოთი დაასრულა და ბრინჯაოსთვის მეტოქეობას ვერ მიწევდა. ერთადერთი უკრაინელ ტარახტის ჰქონდა ორი ცდა დარჩენილი, რომელსაც ატაცში 6 კილოთი ვაჯობე, თან პირადი წონითაც მასზე მსუბუქი ვიყავი. უკრაინელმა გარისკა და 229 კილო შეუკვეთა, რომელიც მანამდე არასდროს დაეძლია. ერთი ცდა გაუცუდდა, მეორე კი შედეგიანი გამოდგა და ორჭიდში ერთი კილოთი გამისწრო. ცხადია, ბრინჯაოც მას ერგო. გული დამწყდა.

- არა უშავს, ლონდონში მოგეცემა რევანშის აღების შანსი.

- ტრაბახად ნუ ჩამითვლით და, მარტო ტარახტი კი არა, წლევანდელი ჩემპიონი აკაევი და ვიცე-ჩემპიონი კლოკოვიც მყავს მიზანში. დარჩენილ შვიდ თვეში იმდენი უნდა მოვახერხო, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში მათთვის გადასწრება შევძლო.

- მაშ, ოლიმპიურ ჩემპიონობას უმიზნებ?

- ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებულმა წარმატებებმა საკუთარი ძალების რწმენა შემმატა და საჩემპიონო ამბიციებიც გამიჩინა. მით უმეტეს, რომ მწვრთნელები და ჩვენი ფედერაციის მესვეურები წუთითაც არ გვაკლებენ ყურადღებას. სპორტის სამინისტოს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის თანადგომასაც ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობთ. აი, ახლაც ნაკრების წევრები ბატონი ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით 5 დეკემბრიდან პოლონეთში გავემგზავრებით სამკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე, ჩეხანოვოში ვივარჯიშებთ. მეორე მსგავსი შეკრება იქვე ნაახალწლევს - 5 იანვრიდან გვექნება. ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ ოცნება რეალობად ვაქციო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე