ქუთაისის "ტორპედოს" 27 წლის მეკარეს ჩემპიონატშიც და თასზეც ტიტულის მოპოვების იმედი აქვს
წინა სეზონშიც და ახლაც ყველა თანხმდება, რომ "ტორპედოს" შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება. თუმცა არავინ დავობს იმაზე, უდგათ თუ არა ქუთაისელებს მეკარის პრობლემა, რადგან 27 წლის ომარ მიგინეიშვილი "ტორპედოს" კარს დამაჯერებლად და სტაბილურად იცავს.

იგი თავის გუნდში საუკეთესო იყო "დინამოსთან" უიმედოდ წაგებულ მატჩშიც.

მიგინეიშვილს ჩემპიონატშიც და თასზეც ტიტულის მოპოვების იმედი აქვს.

- ხომ არ არის იმის საშიშროება, რომ "დინამოსთან" შეხვედრაში მიღებული შოკი "ზესტაფონთან" მატჩზეც გადაგყვეთ?

- ეს გამორიცხულია, რადგან ყველანაირად ვცდილობთ, ის მწარე მარცხი დავივიწყოთ და კონცენტრაცია სათასო მატჩზე მოვახდინოთ. მუდმივი არაფერია და ჩვენი გამარჯვებათა სერიაც ოდესმე უნდა დასრულებულიყო. ასე რომ, "ტორპედოში" ყველაფერი რიგზეა და "ზესტაფონთან" გამარჯვების იმედი გვაქვს.

- შარშან "ზესტაფონს" თასის ნახევარფინალში შეხვდით, ახლა კი უფრო ადრეულ ეტაპზე ეთამაშებით.

- ჩემი აზრით, სჯობს, ასეთი ძლიერი გუნდები ერთმანეთს უფრო გვიან შეხვდნენ. იმერული დერბი ფინალი რომ ყოფილიყო, ამას არაფერი აჯობებდა, თანაც, როგორც ვიცი, ფინალი ქუთაისშია დანიშნული და წარმომიდგენია, რამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა ამ მატჩს. თუმცა, ახლაც ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი გაიმართება - დარწმუნებული ვარ, ქუთაისის სტადიონი ბოლომდე შეივსება.

- რა სიახლეები დანერგა გია გეგუჩაძემ "ტორპედოში"?

- ამ მოკლე დროში მან ბევრი რამის შეცვლა მოასწრო, რაც გუნდის შედეგებზეც აისახა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს და მჯერა, ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დიდ შედეგებს მივაღწევთ. გეგუჩაძის იდეები ფეხბურთელებისთვის აბსოლუტურად მისაღებია და მასთან მუშაობა ძალიან გვსიამოვნებს.

- ხომ არ მიგაჩნია, რომ ოდნავ გვიან "გაიხსენი"?

- მეკარისთვის 27 წელი ისეთი ასაკია, რომ ყველაფერი წინ აქვს, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ჩემი კარიერა ნორმალურად ვითარდება. რამდენიმე გუნდში მითამაშია, მაგრამ წინსვლისთვის ასეთი კარგი პირობები არსად მქონია.

- კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელებაზე თუ გიფიქრია?

- აქამდე არასოდეს, რადგან ჯერ აქ საკუთარი შესაძლებლობები არ ამომიწურავს. საქართველოს ჩემპიონატი არც ისე სუსტია, როგორც ბევრს ჰგონია და ჩვენთანაც შეიძლება ოსტატობის სრულყოფა. არ ვიცი, რა იქნება მომავალში, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ გაურკვეველი პერსპექტივით სადმე წასვლას სტაბილურ გარემოში თამაში სჯობს.

- იმის იმედი თუ გაქვს, რომ საქართველოს ნაკრების გაფართოებულ სიაში მაინც მოხვდები?

- საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემი უპირველესი ოცნებაა და ბედნიერი ვიქნები, შანსს მეც თუ მომცემენ. თუმცა, ეს რთული იქნება, რადგან მეკარეების კარგი თაობა წამოვიდა. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს და ზოგადად ვიტყვი, უცხოეთშიც და საქართველოშიც ამ ამპლუის რამდენიმე კარგი ფეხბურთელი გვყავს.

- "ტორპედომდე" "სამტრედიასა" და თბილისის "ლოკომოტივში" თამაშობდი. ამათგან რომელში ისწავლე უფრო მეტი?

- სამტრედიელი კი ვარ, მაგრამ უფრო თბილისის "ლოკომოტივში", რადგან იქ დავით გვარამაძე იყო. ჯერ მისი კონკურენტი ვიყავი, შემდეგ კი დათო "ტორპედოში" ჩემი მწვრთნელი იყო და მან ორივეგან ჩემს მეკარედ ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.

- კონკურენტი არც "ტორპედოში" გყავს ურიგო.

- მაქსიმე ქვილითაია შესანიშნავი მეკარეა და გარდა იმისა, რომ ჩემი კონკურენტია, ახლო მეგობრებიც ვართ და ერთმანეთისგან ბევრს ვსწავლობთ.

- რომელ კომპონენტში გჭირდება მომატება ყველაზე მეტად?

- სიმაღლიდან გამომდინარე, გამოსვლებზე ნორმალურად ვთამაშობ, კარის ხაზზე კი, ვისურვებდი, უკეთ გამოვიყურებოდე.

- შესწევს "ტორპედოს" იმის ძალა, რომ ორივე ფრონტზე პირველობისთვის იბრძოლოს?

- ჩვენ ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა გამოგვივა. პირადად მე ბედნიერი ვიქნები ერთ-ერთ ტიტულს მაინც თუ მოვიპოვებთ და ევროთასებზე გავალთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა