ნეიმარს, სავარაუდოდ, ვერავინ შეეცილება პირველობას - სულ რაღაც 19 მატჩში ამ ფეხბურთელმა 11 გოლი გაიტანა
ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურია დარჩენილი. 5 დეკემბერს სეზონი დამთავრდება და მეორე დღეს გამოქვეყნდება 2011 წლის პირველობის სიმბოლური ნაკრები. მანამდე კი O'Globo-ის მიმომხილველებმა თითოეულ პოზიციაზე სიმბოლურში მოხვედრის პრეტენდენტები დაასახელეს.

დავიწყოთ მეკარეებით. ამ პოზიციაზე რიო-დე-ჟანეიროს კლუბების გოლკიპერები არიან გამორჩეულები - "ბოტაფოგოს" კიპერი ჯეფერსონი და ფერნანდო პრასი "ვასკო და გამადან". ამ უკანასკნელის დიდი დამსახურებაა, რომ "ვასკო" გაშვებული გოლების რაოდენობით მეორე საუკეთესო გუნდია ლიგაში.

მარჯვენა მცველის პოზიციაზე ასევე "ვასკო და გამას" ფეხბურთელი მოიაზრება. ეს გახლავთ ფაგნერი. მის პოზიციებს ისიც ამყარებს, რომ ფაგნერმა მიმდინარე სეზონში თავის თანაამპლუელებს შორის ყველაზე მეტი - ოთხი გოლი გაიტანა.

გადავიდეთ დაცვის ცენტრზე. აქ თითქმის უკონკურენციოდაა "ვასკოს" კიდევ ერთი ფეხბურთელი - ბრაზილიის ნაკრების წევრი დედე, რომელსაც შარშან ბრწყინვალე წელი ჰქონდა, მაგრამ ამ სეზონში კიდევ უფრო მოუმატა თამაშს. მის ანგარიშზე ექვსი გოლი მოდის და დედე "ვასკოს" შესანიშნავი სეზონის ერთ-ერთ სიმბოლოდ იქცა.

მიმომხილველები მის პარტნიორად დაცვის ცენტრში "ბოტაფოგოს" წევრს - ანტონიო კარლუშს მოიაზრებენ.

საუკეთესო მარცხენა მცველის პოზიციისთვის ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ "ბოტაფოგოსა" და "ფიგეირენსეს" ფეხბურთელები - ბრუნო კორტესი და ჟუნინიო.

შარშან, სიმბოლურში "კორინთიანსის" ორი საყრდენი ნახევარმცველი მოხვდა - ჟუსილეი და ელიაში. წელს "მუშკეტერებმა" შეიძლება კვლავ მიავლინონ ამ ამპლუის ორი ფეხბურთელი ჩემპიონატის რჩეულთა ნაკრებში. ესენი არიან - რალფი და პაულინიო.

რალფი ნამდვილი ჩამშლელია, პაულინიოს კი შეტევაში თამაშიც ეხერხება, თანაც ძალიან კარგად, რაზეც მის მიერ გატანილი რვა გოლიც მეტყველებს.

თუმცა არ არის გამორიცხული, ეს წყვილი დაარღვიოს "ბოტაფოგოს" ვეტერანმა რენატო ფლორენსიომ.

დიდი კონკურენციაა შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე.

"კრუზეიროს" არგენტინელი ლეგიონერი ვალტერ მონტილიო შარშანაც იყო სიმბოლურ ნაკრებში. წელს მისი გუნდი გავარდნის პირასაა და შეიძლება ამან ნეგატიურად იმოქმედოს მის წლევანდელ შესაძლო აღიარებაზე, თუმცა ისიც ფაქტია, რომ არგენტინელი 12 გოლით კლუბის საუკეთესო ბომბარდირია.

13 გოლით რეალური კანდიდატია "ფლამენგოს" ლიდერი რონალდინიო, მაგრამ მას სერიოზულ კონკურენციას უწევს მისივე თანაგუნდელი ტიაგუ ნევეში, რომელიც სეზონის მეორე ნაწილში რონალდინიოზე აშკარად უკეთ გამოიყურება. ნევეშს 12 გოლი და ექვსი შედეგიანი პასი დაუგროვდა და სიმბოლურში მოხვედრის რეალურია კანდიდატია.

არ უნდა დავივიწყოთ 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული და საუკეთესო ფეხბურთელი, "ინტერნასიონალის" ახალგაზრდა ვარსკვლავი ოსკარი, რომელმაც წელს დიდი პროგრესი განიცადა.

კანდიდატთა შორის სახელდება დიეგო სოუზაც. ჩაგდებული შარშანდელი სეზონის შემდეგ, 26 წლის ნახევარმცველი მიმდინარე ჩემპიონატში კარგად გამოიყურებოდა და "ვასკო და გამას" ერთ-ერთ ლიდერად იქცა.

შეტევით ხაზში ერთ ფეხბურთელს გარანტირებული აქვს სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა. ეს არის "სანტოსის" ლიდერი ნეიმარი, რომელიც პრაქტიკულად ყველა მატჩში ამტკიცებს თავის მაღალ კლასს, ხოლო ივლისში "ფლამენგოს" წინააღმდეგ სეზონის საუკეთესო გოლი გაიტანა.

ასევე არ უნდა გაგვიკვირდეს სიმბოლურში ნეიმარის პარტნიორის - ბორჟესის მოხვედრა. ფორვარდი 23 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია და ძალიან ახლოსაა "ოქროს ბუცის" მოპოვებასთან.

კიდევ ერთი კანდიდატია "ინტერნასიონალის" ფორვარდი ლეანდრო დამიაო, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გაუცდა.

ბოლო დროს შესანიშნავი ფორმა აკრიფა "ფლუმინენსეს" ფორვარდმა ფრედმა. უკანასკნელ ორი ტურში მან შვიდი გოლი გაიტანა და 20 გოლით კონკურენციას უწევს ბორჟესს "ოქროს ბუცისთვის" ბრძოლაში.

ასევე გამოვლინდება წლის საუკეთესო მწვრთნელი და აქ ფავორიტი ტიტე გახლავთ, რომლის "კორინთიანსს" სულ ცოტა აკლია ჩემპიონის ტიტულის განაღდებამდე.

"ვასკო და გამაში" კრისტოვაომ შესანიშნავად შეცვალა რიკარდო გომეში, რომელსაც სეზონის შუაში, უშუალოდ მატჩის დროს გულის შეტევა დაემართა და ჯერჯერობით ვერ უბრუნდება თავის საყვარელ საქმეს.

აბელ ბრაგა სეზონის მსვლელობისას მივიდა "ფლუმინენსეში" და ჩემპიონატის მეორე ნახევარში ისე აათამაშა ეს გუნდი, რომ ცხრილის შუა ნაწილიდან პირველ სამეულში შეიყვანა ბრაზილიის მოქმედი ჩემპიონი.

დიდი სიუპრიზი აღმოჩნდა ჟორჟინიოს პროგრესი. მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე დუნგას ასისტენტმა არაფრით გამორჩეული "ფიგეირენსე" ლიბერტადორესის თასის საგზურის მოპოვების ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად აქცია.

კიდევ ერთხელ უნდა ვახსენოთ "ფიგეირენსე". ამ გუნდის 19 წლის ფორვარდ ველინგტონ ნემს თითქმის გარანტირებული აქვს წლის საუკეთესო დებიუტანტის ტიტული. ნიჭიერი თავდამსხმელის ანგარიშზე ამ მომენტისთვის 9 გოლი და 4 საგოლე პასი მოდის.

და გვრჩება მთავარი ნომინაცია - სეზონის MVP.

თუ ბორჟესსა და ლეანდრო დამიაოს დავუჯერებთ, ეს ტიტული წელს ნეიმარს ეკუთვნის.

ბორჟესი: "წელს ბრაზილეირაოში ბევრი დიადი ფეხბურთელი თამაშობდა: ლეანდრო დამიაო, ლუკას მოურა, რონალდინიო, მაგრამ საუკეთესო მაინც ნეიმარია..."

დამიაო: "რა თქმა უნდა, ნეიმარი. ის საუკეთესოა!"

მართლაც, ნეიმარს, სავარაუდოდ, ვერავინ შეეცილება პირველობას. სულ რაღაც 19 მატჩში ამ ფეხბურთელმა 11 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად