სეზონის შემაჯამებელი ტურნირზე შვეიცარიელმა ნახევარფინალური ეტაპი ძალიან დამაჯერებლად გაიარა
წელს, სეზონის შემაჯამებელი ტურნირი ისტორიული გამოდგა. A ჯგუფში ბოლო ტურის შეხვედრების შემდეგ ჩემპიონატს გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ პირველად ამ ტურნირის არსებობის ისტორიაში, ნახევარფინალში ვერ გააღწია რეიტინგის საუკეთესო სამეულის ვერც ერთმა წევრმა.

ამდენი მოულოდნელი შედეგის ფონზე კიდევ უფრო ამაღლდა კლასიფიკაციის მეოთხე ნომრის როჯერ ფედერერის შანსები, მით უმეტეს, რომ შვეიცარიელმა ნახევარფინალური ეტაპიც ძალიან დამაჯერებლად გაიარა.

ფედერერის მეტოქე ესპანელი დავიდ ფერერი იყო, რომელმაც მანამდე ლეგენდარულ შვეიცარიელთან 11-დან 11 მატჩი ისე წააგო, რომ ჯამში მხოლოდ სამი სეტი აიღო. მეტოქეებმა ბოლო შეხვედრა ზუსტად ერთი წლის წინ ჩაატარეს - ამავე ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ფედერერმა მხოლოდ ხუთი გეიმი გაიმატა ფერერისთვის. თუმცა წლევანდელი შეხვედრის სასტარტო მონაკვეთმა დაგვანახა, რომ ასეთ განადგურებას ამჯერად ადგილი არ ექნებოდა.

მართალია, წინა დღეს დავიდმა ურთულესი მატჩი ჩაატარა ტომაშ ბერდიხის წინააღმდეგ, მაგრამ დაღლილობა არ ეტყობოდა და დამაჯერებლად თამაშობდა თავის მოწოდებაზე. პარტიისა და შესაძლოა, მთელი მატჩის გადამწყვეტი მომენტი გახდა მეათე გეიმი, როცა ესპანელმა პირველად მიიღო მეტოქის მოწოდების აღების რეალური შანსი. ხანგრძლივ გეიმში ფერერს სეტბოლის მოპოვების ექვსი შანსი ჰქონდა და ექვსივეჯერ ფედერერმა მოიგერია ეს საფრთხე. შემდეგ გეიმში კი როჯერს მიეცა ბრეიკის შანსი და მეტოქისგან განსხვავებით, შესაძლებლობა ხელიდან აღარ გაუშვა.

ამ წარმატებით გამხნევებულმა ფედერერმა მეორე სეტი ბრეიკით დაიწყო - 2:0. საჭირო უპირატესობის მიღების შემდეგ შვეიცარიელი ძალების დაზოგვით ათამაშდა. დამაჯერებლად ინარჩუნებდა საკუთარ მოწოდებას, მეტოქის გეიმებში კი მხოლოდ მაშინ იბრძოდა, როცა დებიუტში ერთი ან ორი ბურთის აღებას ახერხებდა.

ფერერს მიღებაზე არანაირი შანსი არ ჰქონია - ესპანელმა მთელი სეტის განმავლობაში ფედერერის გეიმებში მხოლოდ ერთი (!) ქულა მოიპოვა. საბოლოოდ, როჯერმა კლასის ხარჯზე 7:5, 6:3 გაიმარჯვა და რამდენიმე სტატისტიკური მიღწევაც დააფიქსირა. ფინალში გასვლით შვეიცარიელმა მსოფლიოს რეიტინგში გაუსწრო ენდი მიუერის და ეს სეზონი მესამე საფეხურზე დაასრულა. გარდა ამისა, ფედერერი კარიერაში მე-100 ფინალში გავიდა და თან, კარიერაში გამარჯვებების რაოდენობით დაეწია სტეფან ედბერგს - ახლა ისინი 806 მოგებით შესაბამის სიაში მეექვსე ადგილს იყოფენ.

რამდენიმე საათის შემდეგ კორტზე გავიდნენ ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა და ჩეხი ტომაშ ბერდიხი.

ცონგას ერთი დღით მეტი დასვენება გამოუვიდა და ფიზიკურად უკეთეს მდგომარებაში შეხვდა ამ ნახევარფინალს. შესაძლოა, ამის გამოც იყო, რომ ბერდიხი, მართალია, ფლობდა ინიციატივას, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. პარტიის შუაში ფრანგმა შეძლო ბრეიკის გაკეთება, რის შემდეგაც ზედიზედ ორჯერ საკუთარი გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

დაახლოებით ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა მეორე სეტიც: ორივენი ძლიერი მოწოდებების ხარჯზე იგებდნენ საკუთარ გეიმებს, მაგრამ ჩეხმა ისევ ვერ აიცილა თავიდან ჩავარდნა. ბერდიხმა ბრეიკ-პოინტზე ორმაგი შეცდომა დაუშვა და ცონგას დაწინაურების საშუალება მისცა - 4:3.

ფრანგს ორი ნაბიჯი აკლდა გამარჯვებამდე, მაგრამ ნერვული ფინალი ვერ აიცილა - ახლა მან დაუშვა ორმაგი მეტოქის ბრეიკ-პოინტზე და ანგარიში გათანაბრდა. ბერდიხმა საკუთარ ძალები ირწმუნა, უფრო დამაჯერებლად ათამაშდა, მაგრამ აქედან სარგებელი მაინც ვერ ნახა.

ტომაში ისევ საკუთარმა მოწოდებამ დააღალატა: სამი გეიმის განმავლობაში მან ოთხი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ისევ მისცა ფრანგს წინ გასვლის საშუალება. ცონგამ არ მიიყვანა საქმე ტაი-ბრეიკამდე და ორ სეტში - 6:3, 7:5 მოიგო. ჟომ ამ მატჩში შვიდი ეისი ჩააწოდა და 2011 წელს ასეთი მოწოდებებით სეზონის ლიდერი გახდა.

ასე რომ, ფინალში თამაშის უფლება ფედერერმა და ცონგამ მოიპოვეს. ეს იქნება მათი მერვე შეხვედრა სეზონში და მესამე - ბოლო ორი კვირის განმავლობაში. სხვათა შორის სწორედ ამ ჩოგბურთელებმა გახსნეს ლონდონის ტურნირი და სეზონის დახურვის პატივიც მათ ერგოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა