თამამად შეიძლება ითქვას, რომ "სტადიო სან პაოლოზე" სეზონის საუკეთესო შეხვედრა ვიხილეთ, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა
ნაპოლი-იუვენტუსი 3:3

გოლები: 1:0 ჰამშიკი (22), 2:0 პანდევი (40), 2:1 მატრი (48), 3:1 პანდევი (68), 3:2 ესტიგარიბია (72), 3:3 პეპე (79).

ეს მატჩი ალბათ უნდა გადადებულიყო, რომ შემდეგ ნამდვილი საფეხბურთო სპექტაკლი გვეხილა - დიახ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "სტადიო სან პაოლოზე" სეზონის საუკეთესო შეხვედრა ვიხილეთ, რომელიც ფრედ, 3:3 დასრულდა.

თამაში ორი რადიკალურად განსხვავებული ტაიმებისგან შედგებოდა, პირველში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და სრულიად დამსახურებულად გაუტანეს მეტოქეს ორი უპასუხო ბურთი, აი მეორეში კი ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ და იმ შედეგს მიაღწიეს, რომელიც მათთვის თამაშის დაწყებამდეც სასურველი იყო.

გადაჭედილ "სან პაოლოზე" თამაში ტრადიციულად დაიწყო, "ნაპოლი" ეკვეთა მეტოქეს და უპირატესობა თავიდანვე ხელთ იგდო. თამაში ხეირიანად გახურებული არ იყო, რომ მასპინძლებს რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი შეექმნათ, პირველი 100%-იანი საგოლე შანსი კი ანდრეა პირლოს უხეირო ვარდნით მოიპოვეს - "იუვეს" საყრდენი ნახევარმცველი საკუთარ საჯარმოში მეტოქის შემტევს ეუხეშა და მსაჯს თერთმეტმეტრიანის დანიშვნის საფუძველი მისცა - მარეკ ჰამშიკმა დარტყმა ზუსტად შეასრულა, ორიგინალურად აღსანიშნავად გასახდელშიც კი ჩაირბინა, მაგრამ მსაჯმა გოლი გააუქმა და სლოვაკს ხელმეორედ დაარტყმევინა, მიზეზად კი ნეაპოლელთა საჯარიმოში ნაადრევი შერბენა დაასახელა - მეორე მცდელობა არაზუსტი გამოდგა, ბურთი ზემოდან გადაცდა ტურინელთა კარს და ანგარიში უცვლელი დარჩა.

"ნაპოლის" გულშემატკივრებს დიდ ხანს ლოდინი არ დასჭირვებიათ, დაახლოებით ათ წუთში მომენტი იმავე ჰამშიკს შეექმნა და ამჯერად, წესების სრული დაცვით გადაგზავნა ბურთი ჯანლუიჯი ბუფონის კარის ჩარჩოში, 1:0. გატანილმა გოლმა ნეაპოლელებს ფრთები შეასხა და ტაიმის დარჩენილი ნაწილიც მათ იერიშებში გაილია. 40-ე წუთზე მასპინძლებმა სულაც მეორე გოლი გაიტანეს და დიდი ნაბიჯი გადადგეს გამარჯვებისკენ - ამჯერად, თავი გორან პანდევმა გამოიჩინა, რომელსაც მარჯვენა ფრთაზე მიაწოდეს ბურთი და მანაც გამოზომილი დარტყმით ჯიჯის შანსი არ დაუტოვა, 2:0.

ის, რაც მეორე ტაიმში მოხდა, ნაკლებად სავარაუდო იყო - "იუვენტუსი" მთლიანად გარდაისახა და თამაშის განახლებისთანავე მეტოქეს სახიფათო მომენტების სეტყვა დაატეხა. პირველი რეალური შანსი ალესანდრო მატრიმ გაატანა ქარს, როდესაც ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა, შემდეგ კი მირკო ვუჩინიჩი გავიდა დასარტყმელ პოზიციაზე, თუმცა მასაც ცოტა დააკლდა მიზნის მისაღწევად.

თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი პირველ ორ წუთში მოხდა, მესამეზე კი სულაც გოლი ვიხილეთ - შესანიშნავად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ, დასარტყმელ პოზიციაზე მატრი გავიდა და ამჯერად, ნეაპოლელთა კიპერს შანსი არ დაუტოვა, 2:1.

ტურინელებმა კიდევ უფრო უმატეს ტემპს და ნათელი გახდა, რომ ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით, სტუმრებს გაცილებით უკეთ ჰქონდათ საქმე.

"იუვეს" შეტევები უფრო და უფრო მწვავე ხასიათს იღებდა და გამომდინარე აქედან, 68-ე წუთზე გორან პანდევის მიერ გატანილი გოლი აშკარად ამოვარდნილი გახლდათ საერთიო სურათიდან. მარჯვენა ფრთიდან კრისტიან მაჯოს მიერ გაკეთებული გადაცემის შემდეგ, მაკედონიელმა ბურთი შესანიშნავად მიიღო და ეფექტური დარტყმით ბუფონი მესამეჯერ დატოვა ხელმოცარული, 3:1.

აი აქ კი, ვგონებთ, ვალტერ მაძარიმ ფატალური შეცდომა დაუშვა, რადგან თამაშიდან გორან პანდევი მოხსნა, ფეხბურთელი, რომელიც ესეკილ ლავეცისთან ერთად ბურთის მეტოქის ნახევარზე შენარჩუნებას ახერხებდა - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან დროის სვლასთან ერთად, ტურინელთა ზეწოლა უფრო და უფრო ძლიერდებოდა.

პანდევის ნაცვლად მოედანზე მარიო სანტანა შევიდა, რომელიც მატჩის ბოლომდე ჩრდილში გახლდათ და თანაგუნდელებს ბევრი ვერაფრით დაეხმარა. მოკლედ, ტურინელები არ გატყდნენ, ჩვეულ სტილში განაგრძეს იერიშები და ძალიან მალე, ანგარიში საყაიმო გახადეს.

72-ე წუთზე თავი ესტიგარიბიამ გამოიჩინა, რომელმაც მარცხენა ფრთაზე მიიღო ბურთი, მეორე შეხებით გაისწორა და უზუსტესი დარტყმით მორგან დე სანკტისი უშანსოდ დატოვა, 3:2. შეხვედრის დასრულებამდე ათ წუთზე ოდნავ მეტი იყო დარჩენილი, როდესაც სიმონე პეპემ სოლო რეიდი შემოგვთავაზა, ხუთ მეტოქესთან ჭიდილში არ დაკარგა ბურთი და საბოლოოდ, დე სანკტისის კარის მარცხენა დაბალ კუთხეში მოათავსა, 3:3.

ნეაპოლელებისგან განსხვავებით, ტურინელებს ჰქონდათ იმის ძალა, რომ თამაშის ბოლო ათწუთეული შეტევებში გაელიათ - იქნებ გამარჯვების გოლიც გაეტანათ, მაგრამ აღარ გარისკეს და სასურველ ფრეს დაყაბულდნენ. ნამატჩევს, ანტონიო კონტემ შეგირდები ქებით ცაში აიყვანა: "რაც არ უნდა მაღალი იყოს ფეხბურთელთა კლასი და საშემსრულებლო ოსტატობა, თუ მებრძოლი ხასიათი არ გაქვს, ასეთ თამაშს ვერ შემოაბრუნებ.. ვამაყობ, რომ ამ ბიჭების მწვრთნელი ვარ და ვამაყობ, რომ ასეთ რთულ პაექრობაში ქულის გადარჩენა შევძელით.

პირველი ტაიმი ორი ბურთის სხვაობით წავაგეთ, სტადიონზე არანორმალური ატმოსფერო სუფევდა, ჩვენ კი ყველაფერს გავუძელით და სასურველ რეზულტატს მივაღწიეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად