მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენამ" ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა და ღირსეულადაც
მოგეხსენებათ, გასულ უქმეებზე სპორტკომპლექს "არენამ" ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლა და ღირსეულადაც.

არადა, თავიდან იყო სკეპტიკური მოსაზრებები, როცა ფედერაციას საკუთარი დარბაზი აქვს, რატომ უნდა ატარებდეს სხვაგანო.

იქნებ ეს მართლაც ცოტა უცნაურია, მაგრამ შეჯიბრებამ ამ გადაწყვეტილების სისწორეში დაგვარწმუნა - "არენა" ფედერაციულ დარბაზზე ბევრად ვრცელი და მოსახერხებელია. იქ ლეიბების ირგვლივაც მეტი ფართია და ტრიბუნებიც გაცილებით ტევადია.

მაყურებელთა ის რაოდენობა, რაც ამ შაბათ-კვირას ძიუდოისტთა შეჯიბრებას დაესწრო, ფედერაციაში ვერაფრით დაეტეოდა. თან დამცავი ბადეებიც თავის საქმეს აკეთებს და ქომაგი ტატამებისგან იზოლირებულია. სხვა საქმეა, თავად "არენაც" რომ ქართული სტანდარტებითაა აშენებული და არა საერთაშორისოთი - ელემენტარულად, არაა მოსათელი დარბაზი და სპორტსმენებიც იძულებულნი არიან, გულშემატკივრებში გაერივნენ და ტრიბუნებზევე გამოიცვალონ სამოსი, ხოლო მოსვენებაზე ლაპარაკიც ზედმეტია.

სათადარიგო დარბაზის გარდა, იქაურობას თანამედროვე სპორტული ბაზისთვის აუცილებელი სხვა ბევრი რამეც აკლია. არადა, იქ დიდი ფართია, რაც იძლევა დამხმარე ოთახების გაკეთების საშუალებას.

შეიძლება, ამით რომელიღაც სახეობა შევიწროვდეს ან სხვაგან გადავიდეს, მაგრამ ვფიქრობთ, აჯობებს, აქცენტი მსხვილ, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად აღჭურვილ ცენტრებზე ავიღოთ და არა პატარ-პატარა, არასტანდარტულ ბაზებზე. ცხადია, ესენიც საჭიროა და უნდა იყოს, მაგრამ ალბათ, განვითარების ეს ეტაპი ქვეყანამ უკვე გაიარა, ახლა კი ახალ, უფრო მნიშვნელოვან და სოლიდურ სტადიაზე უნდა გადავიდეს.

ცხადია, ის დიდი ცენტრები ვერ იქნება ასე ბევრი, მაგრამ აჯობებს, იყოს ცოტა და იმდენად აღჭურვილი, იქ საერთაშორისო მასშტაბის პრესტიჟულ შეჯიბრებებსაც ვუმასპინძლოთ, ვიდრე გვქონდეს ბევრი, მაგრამ მოუწყობელ-გაუმართავი პატარა ბაზა, რომელსაც უცხოური ტურნირებისთვის ვერ გამოვიყენებთ.

ახალგარემონტებული "არენა" ძალიან კარგია და ათასწილად ჯობია ძველს, მაგრამ, პრესცენტრ - პრესლოჟას რომ თავი დავანებოთ (თუმცა ამათ გარეშე არც ერთი საერთაშორისო ფედერაცია არ ჩაიბარებს ობიექტს, ანუ არ ჩაგვატარებინებს იქ არც ერთ სოლიდურ უცხოურ შეჯიბრებას), თვით სპორტსმენებისთვისაც კი არაა საჭირო კომფორტი, ხოლო უამისოდ იქაურობა პილპილ მოუყრელ მადლს ჰგავს.

ბუნებრივია, შიდატურნირების ჩატარებას არავინ დაგვიშლის, მაგრამ ეს საკუთარ წვენში ხარშვა იქნება.

თუმცა დავუბრუნდეთ ისევ ძიუდოისტთა ჩემპიონატს. ბოლო წლებში ძიუდოს ფედერაციამ ქვეყნის პირველობების მაღალ დონეზე ჩასატარებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ეს ტენდენცია წლეულსაც გააგრძელა - საშეჯიბრო არენაზე ანუ უშუალოდ ტატამების ირგვლივ, დამცავი ბადეების შიგნით შესვლა მსაჯებისა და ჟურნალისტების გარდა ყველას აუკრძალა, რამაც იქაურობა მართლაც გაწმინდა ზედმეტი ხალხისგან. ამ მხრივ ეს პირველობა გაცილებით სჯობდა ერთი კვირის წინ იმავე დარბაზში გამართულ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ქვეყნის ჩემპიონატს.

დეკემბრის ბოლოს იქვე ანალოგიურ შეჯიბრებას უკვე ბერძენ-რომაელები გამართავენ და იმედია, ჭიდაობის ფედერაცია იმ დროისთვის გაითვალისწინებს ძიუდოისტთა გამოცდილებას. ტექნიკურად ამის გაკეთება სულ იოლია - დაცვის სამსახურის გაფრთხილებაა საჭირო, შედეგად კი ბევრ უსიამოვნებას აიცილებენ თავიდან.

უპირველესად მსაჯებს გაუადვილებენ საქმეს, რომლებიც ძიუდოისტთა ტურნირზე ბევრად თავისუფლად მუშაობდნენ - მათ საქმიანობაში არავინ ერეოდა, არავინ უყვიროდა, არ ეკამათებოდა, არ ურჩევდა საქმეებს და ასე შემდეგ... მსაჯიც რომ ჩვეულებრივი ადამიანია და შეცდომები მასაც მოსდის.

ახალი არავისთვისაა, მაგრამ ადრინდელ უთავბოლო ჩემპიონატებში, როცა მაყურებელს არათუ ტრიბუნიდან შეეძლო დაუბრკოლებლად მისვლა არბიტრებამდე, შეხვედრის მიმდინარეობისას სულაც ტატამის კიდესთან იდგა, მსაჯები ექსტრემალურად საშიშ პირობებში მუშაობდნენ. დაგვეთანხმებით, როცა თავზე გადგანან, გეჩხუბებიან და ცდილობენ, საკუთარი აზრი თავს მოგახვიონ (არადა, ეს საუკეთესო ვარიანტია იმასთან შედარებით, რაც რეალურად ხდებოდა), ძალიან ძნელია კონცენტრაცია, ყველაფრის სწორად გაანალიზება. მით უფრო, დინამიურ და მოძრავ ატმოსფეროში, ძიუდო კი სპორტის სწორედ ასეთი სახეობაა.

მაშინ მსაჯთა ბევრი შეცდომა ძირითადად მათი იმ შიშით იყო გამოწვეული, ნეტავ არ შევცდეთო. ამჯერად ძიუდოში ასე აღარაა (თუმცა სხვა სახეობებზე თავს ვერ დავდებთ). ეგ კი არა, მეტი ობიექტურობისთვის ძიუდოს ფედერაციამ თავად არბიტრებსაც აუკრძალა საკუთარი რეგიონის წარმომადგენელთა ქომაგობა.

სამსაჯო დილემის გადასაჭრელად მნიშვნელოვანი იყო უცხოელ არბიტრთა მოწვევაც, რაც ბოლო წლებში ძიუდოში ასევე ტრადიციად იქცა (წლულს მათ მოჭიდავეებმაც მიბაძეს - "თავისუფალთა" ჩემპიონატზე სომეხი არბიტრები ჩამოიყვანეს, რითაც ყველა კმაყოფილი დარჩა).

ამჯერად ევროპული ფედერაციის ბელგიელი კომისარი ფრანკ დე მური და ძველი ნაცნობი მარიან ჰეპკა ჩამოვიდნენ. ოღონდ ჰეპკა ადრე თუ მშობლიურ სლოვაკეთს წარმოადგენდა, ამჯერად ჩეხეთის სახელით გვეწვია, რადგან მოქალაქეობა შეუცვლია. ბუნებრივია, ქომაგებში უკმაყოფილების ბოლომდე გამორიცხვა ვერც მათმა ფაქტორმა შეძლო (განსაკუთრებით დიდი გულისწყრომა 81 კილოგრამის ფინალში ხელით შესვლის ბრალდებით გიორგი ბაინდურაშვილის მოხსნამ გამოიწვია ლევან წიკლაურთან შეხვედრაში), მაგრამ ერთია ქომაგი და მსაჯებისთვის ეს დიდი სკოლა, სადავო მომენტებში კი დიდი შეღავათიც იყო - საბოლოო გადაწყვეტილებებს ისინი იღებდნენ, რაც ადგილობრივებს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებდა.

თუმცა ამჯერად ევროპელთა მისია მხოლოდ საკამათო ეპიზოდების გარჩევით არ შემოიფარგლებოდა - ისინი ადგილობრივ არბიტრებს შეფასებებსაც უწერდნენ, რასაც ფედერაცია სამსაჯო რეიტინგის შესადგენად გამოიყენებს, ამაზე კი ქართველ არბიტრთა კვალიფიკაცია, ანაზღაურება და ამგვარები იქნება დამოკიდებული. სამომავლოდ მსაჯებს ამ რეიტინგის მიხედვით მიიწვევენ შიდა შეჯიბრებებზე, ეს კი პირდაპირ კავშირში იქნება მათ ანაზღაურებასთან და შემოსავალთან.

როგორც შევიტყვეთ, სტუმრებმა მთლიანობაში დამაკმაყოფილებლად შეაფასეს აქაურ მსაჯთა პროფესიონალიზმი, დაახლოებით 12-მდე მათგანი კი სხვათაგან გამოარჩიეს, როგორც უკეთესი. იმედია, ის დადებითი ტენდენციები, რაც საკუთრივ დარბაზსა თუ მსაჯებზე ვთქვით, უახლოეს შაბათ-კვირასაც გაგრძელდება, როცა "არენა" 12-წლამდელ ძიუდოისტთა შორის საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს.

აქამდე ამ ასაკში ეგზომ მნიშვნელოვანი ტურნირი არ ტარდებოდა, მაგრამ ეს ის თაობაა, რომელმაც 2015 წელს თბილისში გასამართ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში უნდა იჭიდაოს. ამიტომ მათზე საგანგებოდ ზრუნავენ და იწყებენ მათ წვრთნას. არადა, ამ კუთხით მართლაც დიდი რეფორმებია საჭირო, რასაც ბელგიელი დე მურის სიტყვებიც მოწმობს.

შაბათ საღამოს ანუ ძიუდოისტთა საქართველოს ჩემპიონატის პირველ დღეს, ვახშამზე მას მასპინძლებისთვის უთქვამს, ბელგიაში ასეთი თაობა რომ მომცა, კომისრობა-მსაჯობას საერთოდ თავს დავანებებდი და მწვრთნელობას დავიწყებდიო. ისიც დაუმატებია, საწვრთნელ-მოსამზადებელი სისტემა არ გივარგათ და იმიტომაც კარგავთ ტალანტებსო...

ბელგიელს მადლობა გულწრფელი სიტყვებისთვის, მაგრამ მან რომ არ გვითხრას, ისედაც ნათელია, რომ პროფესიული მიდგომები, აწყობილი სისტემა ჩვენი მთავარი პრობლემაა, თუმცა მდგომარეობის გამოსწორებას აქამდე არ დაადგა საშველი. სამაგიეროდ, ახლა ძიუდოს ფედერაცია გვპირდება, რომ იმ 12-წლიანთა და საერთოდ, ბავშვთა თაობას ახლებურად, წვრთნის თანამედროვე სისტემის გათვალისწინებით აღზრდიან. აღდგომა და ხვალეო, ამაზეა ნათქვამი.

საერთოდ, მომავალი შაბათ-კვირა დატვირთული იქნება ქართული ძიუდოსთვის - თბილისში ხომ ეს ბავშვები იჭიდავებენ, დუშეთში, ოლიმპიურ ბაზაზე ქალთა საქართველოს პირველობა გაიმართება ყველა ასაკში, რადგან აქ კონტიგენტი არც ისე დიდია, ტოკიოში კი "დიდი მუზარადის" ტურნირია, რომელშიც საქართველოდან მხოლოდ ირაკლი ცირეკიძე (100) იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

busa
ირაკლი აბა შენ იცი!! წარმატებებიიიიი..უფლის წყალობააა არ მოგკლებოდეს და გამარჯვებულიი დაბრუნდი!!!!!!!!!!!
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა