მოკრივეთა ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა, რომლის მიზანი ოლიმპიური საგზურებისთვის მებრძოლი მოკრივეების გამოვლენა იყო
ამას წინათ ზუგდიდში საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც სხვადასხვა რეგიონის 100-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

შეჯიბრების მიზანი იყო იმ მოკრივეთა გამოვლენა, რომლებიც ეროვნული გუნდის შემადგენლობაში გაისად ლონდონის ოლიმპიური თამაშების საგზურების მოსაპოვებლად იბრძოლებენ.

გვესაუბრება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბარსელონის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი, მსოფლიოს და ევროპის სამგზის ჩემპიონი რამაზ ფალიანი:

- საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ზუგდიდში უმაღლეს დონეზე იყო ორგანიზებული, რაშიც უდიდესი წვლილი საქართველოს კრივის ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტს, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ფედერაციის თავკაც როლანდ ახალაიას მიუძღვის.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მაქსიმალურ ყურადღებას გვაქცევდნენ, მოასპარეზენი ანაკლიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ცხოვრობდნენ. ყველაფერმა ამან დადებითად იმოქმედა სპორტსმენებზე და მათ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება მიეცათ.

მედლებისთვის ბრძოლაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველა უძლიერესი ჩაება. წლევანდელი ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორმა ზაალ კვაჭატაძემ ხელის ტრავმის გამო რინგზე გამოსვლა ვერ შეძლო, ხოლო მეორე მედალოსანი ჯაბა ხოსიტაშვილი (75) პროფესიონალ მოკრივეთა (ვსბ) ტურნირში მონაწილეობს თურქული კლუბის სახელით და უკვე ორი შეხვედრაც გამართა, საიდანაც ერთი მოიგო და ერთი წააგო. გულედანმაც საპატიო მიზეზით ვერ შეძლო ჩემპიონატში ჩაბმა. 69 კილოში ერთი ძლიერი მოკრივე გვყავს - კახა ჟვანია, მაგრამ, ეტყობა, მან აქტიურ სპორტს თავი დაანება, რადგან ოდესაში მწვრთნელობა დაუწყია.

ზუგდიდში გამართულმა შეჯიბრებამ დაგვარწმუნა, რომ კარგი თაობა მოდის და თითქმის ყველა წონაში კონკურენცია იქნება. კარგად იყო მომზადებული 2009 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი კობა ფხაკაძე, მაგრამ ფინალში მას სერიოზული მეტოქეობა გაუწია რუსთაველმა დავით ლეკიშვილმა. ასე რომ, კობას მშვიდი ძილის საშუალება არ ექნება, ისევე, როგორც კვაჭატაძეს. 69 კილოში შესანიშნავად იასპარეზა გიორგი ზარქუამ.

საკმაო ხანს იგი რუსეთში ემზადებოდა,დიდი გამოცდილებაც გააჩნია, რაც ნათლად ფინალში გამოჩნდა, სადაც ბექა ხარძიანი დაამარცხა.

ზარქუასა და კვაჭატაძეს საერთაშორისო ტურნირებში საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მივცემთ და ნაკრებში საბოლოოდ ადგილის დასამკვიდრებლად საკონტროლო შეხვედრებსაც გავმართავთ. 64 კილოში თემურ ოჩიგავას შეგირდმა კოტუამ დაიმსახურა სპეციალისტთა ყურადღება. რადიკალურად სახეშეცვლილი მეჩვენა ქუთაისელი მერაბ თურქაძე (56 კგ), რომელიც გარკვეული დრო ჩრდილში იდგა. ზუგდიდის რინგზე გაიბრწყინა მერაბის თანაგუნდელმა რომან თავაძემ 75 კილოში.

- ჯაბა ხოსიტაშვილს კონკურენტი გამოუჩნდა?

- ჯაბას წონის პრობლემა აქვს და, ალბათ, 81 კილოში გადაინაცვლებს, თუმცა იქ ძლიერი კონკურენტები დახვდება. ამჟამად წონის ლიდერია იაგო კიზირია, რომელიც კარგ ფორმაშია. არ უნდა დაგვავიწყდეს გულედანიც, რომელიც 81 კილოში გამოდის. 91 კილოსა და მძიმე წონაში ყველას რეზო ქარელიშვილმა და ევროპის მესამე პრიზიორმა მიხეილ ბახტიძემ აჯობეს. შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ფაქტობრივად უკონკურენციოდ არიან.

ყოველივე ზემოაღნიშნული იმას როდი ნიშნავს, რომ რომელიმე მოკრივეს ნაკრებში ადგილი გარანტირებული აქვს. აპრილში თურქეთი სალიცენზიო საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს და იმ შეჯიბრებისთვის ყველა სპორტსმენი საფუძვლიანად უნდა მოემზადოს.

15 იანვრიდან ორკვირიან საწვრთნელ შეკრებას ბაკურიანში გავივლით, შემდეგ პლოვდივში ბულგარელებთან გვექნება ერთობლივი საწვთნელი შეკრება, იქვე საერთაშორისო ტურნირშიც გამოვალთ. ბულგარეთში ზოგიერთ წონაში, სავარაუდოდ, ორ-ორ მოკრივეს წავიყვანთ, რომ კონკურენტები იქაც გამოვცადოთ.

სალიცენზიო შეჯიბრებამდე კრივის ეროვნული ფედერაციის, სპორტის სამინისტროს და სეოკ-ის ერთობლივი ძალისხმევითა და თანადგომით სამ შეკრებას გავივლით და ამდენივე საერთშაორისო ტურნირში ვიასპარეზებთ. მათი შედეგების მიხედვით საბოლოოდ დადგინდება ნაკრების ის შემადგენლობა, რომელიც თურქეთში ლონდონის საგზურებისთვის იბრძოლებს. ლიცენზიის მოპოვება რთული იქნება, რადგან ჩვენსავით ბევრი ქვეყანა დარჩა საერთოდ უსაგზუროდ. უშეღავათო კონკურენცია იქნება. ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რომ 2012 წლის ოლიმპიურმა თამაშებმა ქართველი მოკრივეების გარეშე არ ჩაიაროს.

გუშინ კრივის ეროვნულ ფედერაციაში რამაზ ფალიანთან ინტერვიუსთვის რომ მივედი, იქ დამხვდა თურქი საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი იუქსელ დემირ თიქინი:

- საქართველოში ბევრი მეგობარი მყავს და ძალიან მიყვარს აქაურობა, - მითხრა სტუმარმა.- ეს, ალბათ, იმითაც არის გამოწვეული, რომ ჩემს დიდ წინაპრებს თბილისში უცხოვრიათ და აქედან გადასახლებულან ანკარაში. რამდენიმე წელიწადია, ქართველ კოლეგებთან ინტენსიური კონტაქტები მაკავშირებს. შარშან საქართველოს ჩემპიონატშიც ვიმსაჯე. ოთხი წლის წინათ მე და ჩემმა მეუღლემ გადავწყვიტეთ, ჩვენს შვილებს უმაღლესი განათლება საქართველოში მიეღოთ.

უფროსი ვაჟი იაჰია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამეკურსელია, ხოლო უმცროსი ჯენქი სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლოს. უზომოდ კმაყოფილი ვართ. მერწმუნეთ, რომ საერთაშორისო შეჯიბრებებში ქართველ მოკრივეებს ვქომაგობ. თურქეთის სალიცენზიო ტურნირზე ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს ვიღონებ მაქსიმალურად ობიექტური მსაჯობისთვის, რათა ქართველმა მოკრივეებმა ლონდონის ოლიმპიადის რამდენიმე საგზური მოიპოვონ. ისინი ამას იმსახურებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა