აქამდე მიუნხენის ბაიერნი მხოლოდ და მხოლოდ საფეხბურთო ბუნდესლიგასთან ასოცირდებოდა, მაგრამ ული ჰიონესის მონდომებით სიტუაცია შეიცვალა
აქამდე მიუნხენის ბაიერნი მხოლოდ და მხოლოდ საფეხბურთო ბუნდესლიგასთან ასოცირდებოდა, მაგრამ ული ჰიონესის მონდომებით სიტუაცია შეიცვალა

გერმანიის საკალათბურთო ბუნდესლიგაში ახალი სეზონი მოქმედი ჩემპიონის - "ბამბერგის" ან ბერლინის "ალბას" შეხვედრით არ გახსნილა. ჩემპიონატის გახსნის პატივი წილად ხვდა ქვედა დივიზიონიდან აღზევებულ "ბაიერნს".

ჯერ კიდევ ამ სეზონის წინ "ბაიერნის" ფეხბურთელები ხშირად ესწრებოდნენ საკალათბურთო გუნდის მატჩებს. სპორტის ამ სახეობის ყველაზე თავგამოდებული ფანი ბასტიან შვაინშტაიგერი აღმოჩდა. ალბათ, გახსოვთ ამ სეზონში მან რამდენიმე გოლის გატანა ორიგინალურად აღნიშნა - თითქოს კალათში ბურთს ისროდა. ეს სწორედ აქედან მოდის. ტრავმის მიღების შემდეგ ბასტიანს კიდევ უფრო ხშირად ხედავენ "ბავარიას" საკალათბურთო დარბაზში, რომელსაც Audi Dome ჰქვია. ის ახალი სეზონის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაიხსნა.

"უბედნიერესი ადამიანი ვიქნები თუ ფეხბურთელები საკუთარ სტადიონზე ჩემპიონთა ლიგას მოგებენ, ხოლო კალათბურთელები ბუნდესლიგის ტიტულს მოიპოვებენ", - განაცხადა სეზონისწინა ინტერვიუში "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა, რომელმაც ლეგენდარულ მწვრთნელ დირკ ბაუერმანთან ერთად აიყვანა საკალათბურთო "ბაიერნი" ასეთ სიმაღლეეებზე. შესაძლოა, ჩემპიონობაზე ფიქრი ჯერ ნაადრევია, მაგრამ პლეი ოფში "ბავარია" ნამდვილად მოხვდება.

"ბაიერნში" საკალათბურთო განყოფილება 1946 წელს გაიხსნა. მისი დამაარსებელი გახდა ფრანც კრონბერგერი - ცნობილი ფეხბურთელი, რომელმაც ომის დროს მიღებული ტრავმის გამო სპორტის სახეობა შეიცვალა. 1954-55 წლებში მიუნხენელები გერმანიის ჩემპიონები გახდნენ.

1966 წელს შექმნილი საკალათბურთო ბუნდესლიგის ერთ-ერთი დამაარსებელი "ბაიერნიც" გახლდათ. მაშინ მიუნხენური კალათბურთი აღმავლობის გზაზე იყო და ორი წლის შემდეგ "ბავარიამ" არსებობის ისტორიაში უდიდეს შედეგს მიაღწია - მოიგო გერმანიის თასი. იმ გუნდის მთავარი ვარსკვლავი კლაუს შულცი იყო, რომელმაც გერმანიის ნაკრებში 70 მატჩზე მეტი ჩაატარა. კრონბერგერის მსგავსად, შულციც ფეხბურთელი იყო და შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემების გამო გადავიდა კალათბურთში.

მაგრამ ამით საკალათბურთო "ბაიერნის" წარმატებები დასრულდა. მიუნხენელებმა კიდევ რამდენიმე წელი გაძლეს ბუნდესლიგაში და შემდეგ ქვემოთ დაეშვნენ. ერთი პირობა რეგიონალლიგაშიც კი თამაშობდნენ. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა ული ჰიონესმა მთავარ მწვრთნელად ბუნდესნაკრების დამრიგებელი დირკ ბაუერმანი მიიწვია. გერმანიის ყველაზე ცნობილი სპეციალისტის გადაბირების შემდეგ საქმეები გამოსწორდა და შარშანდელი სეზონის შემდეგ "ბაიერნმა" პირველი ბუნდესლიგის საგზური გაიფორმა.

ული ჰიონესი ცნობილია თავისი ხმამაღალი განცხადებებით. ეს მის მეორე "შვილსაც" - საკალათბურთო "ბაიერნსაც" ეხება. შარშან ულიმ ყველა გააკვირვა, როდესაც გამოაცხადა, რომ სერიოზულად არის გატაცებული კალათბურთით. "90-იან წლებში ბევრი ღამე მითენებია ტელევიზორთან მაიკლ ჯორდანის "ჩიკაგო ბულზის" თამაშის სანახავად", - აღიარა ჰიონესმა.

ტოპ-გუნდის ასაშენებლად, რომელმაც მომავალში კონკურენცია უნდა გაუწიოს "ბარსელონასა" და "პანათინაიკოსს", "ბაიერნს" დიდი თანხის გაღება მოუწია.

Audi Dome-ის რეკონსტრუქციის გარდა, გუნდმა სატრანსფერო ბაზარზეც იაქტიურა. გერმანიის ნაკრების კაპიტნის შტეფან ჰამანისა და დირკ ბაუერმანის დახმარებით მეორე ბუნდესლიგის მოგების შემდეგ, ჰიონესი კლუბს ხმაურიან ტრანსფერებს დაპირდა და თავისი სიტყვა აასრულა: გერმანიის ნაკრების მოთამაშეებს - ფილიპ შვეტჰელმს, რობინ ბენცინგსა (შარშანდელი სეზონის საუკეთესო ბომბარდირი) და იან-ჰენდრიკ იაგლას განახლებული "ბაიერნის" ბირთვი უნდა შეეკრათ.

"ბავარიის" დამრიგებელ დირკ ბაუერმანს ქვეყნის ჩემპიონატის ცხრა ტიტული აქვს მოგებული. ამიტომაც მისგან ახალ კლუბშიც წარმატებებს ელიან. თუმცა თავად მწვრთნელი ცოტა ხნით მოცდას ითხოვს. ყველა წამყვანი გუნდი შეთამაშებულია, "ბაიერნი" კი თავის თამაშს მომავალი სეზონიდან გვიჩვენებს. "წელს ჩვენი მიზანი - ნახევარფინალია", - აცხადებს ბაუერმანი.

ამჟამად, "ბაიერნი" მეხუთე ადგილზეა რეგულარულ სეზონში. ორი კვირის წინ მან პირველი საშინაო მატჩი წააგო - ექვსი ქულა დათმო ბერლინის "ალბასთან", მაგრამ გუნდის თამაშით ყველა კმაყოფილი დარჩა.

შემდეგ სეზონში "ბაიერნი" ჩემპიონობაზე გამოაცხადებს პრეტენზიას. "მიუნხენში განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებთ. რეალურად რომ მოგვენდომებინა, უფრო ბევრს მივაღწევდით, მაგრამ ეს მე არ მინდა. საკალათბურთო "ბავარია" მეთოდურად უნდა განვითარდეს. კლუბი თავად უნდა გაიზარდოს", - ამბობს ჰიონესი.

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საკუთარი კალათბურთელების აღზრდა. ფეხბურთში ეს კარგად გამოგვდის: ძირითადში არიან შვაინშტაიგერი, ლამი, მიულერი, ბადშტუბერი. კარგია, თუ იგივე სურათს კალათბურთშიც მივიღებთ. მომავალში მხოლოდ კალათბურთელების შეძენით არ ვიქნებით დაკავებული", - პრაქტიკულად ერთხმად აცხადებენ ბაუერმანი და ჰიონესი. თუ "ბავარიამ" ეს პროექტი განახორციელა, უახლოეს ათ წელიწადში მიუნხენელები ევროპაში ფურორს მოახდენენ. "ახლა ჩვენ აქცენტი ბავშვებთან მუშაობაზე გვაქვს გადატანილი. გვინდა მიუნხენში გერმანიის ნაკრებისთვის რამდენიმე კალათბურთელი გავზარდოთ", - ამხელს კლუბის მიზნებს "ბავარიის" სპორტული დირექტორი მარკო პეშიჩი.

"ბაიერნის" ახალი არენა 6700 მაყურებელს იტევს. სინამდვილეში, Audi Dome - ეს არის ძველი "რუდი-ზედლმაირ-ჰალე", რომელსაც სპორტის ადგილობრივი გულშემატკივრები კარგად იცნობენ. არენის რეკონსტრუქციისთვის კლუბს 5 მილიონი ევროს გაღება მოუწია.

პრაქტიკულად ყველა საშინაო შეხვედრას მინიმუმ 5 ათასი მაყურებელი ესწრება, რაც ახალი მიუნხენური ბრენდისთვის დიდი წარმატებაა.

"ბავარია" პოპულარობას იხვეჭს, ამიტომაც ული ჰიონესი უკვე ფიქრობს იმაზე, რომ პერსპექტივაში უფრო დიდი არენის აშენება გახდება საჭირო.

უკვე ამ სეზონში "ბავარია" ევროტურნირებში მონაწილეობს. ევროპული კალათბურთის ხელმძღვანელობა დაინტერესდა დიდი ფინანსური შესაძლებლობების მქონე პერსპექტიული კლუბით და მას უაილდ-ქარდი მისცა ევროთასის გათამაშებაში. თუმცა ჯგუფური ტურნირის ხუთი ტურის შემდეგ ბაუერმანის შეგირდებმა დაკარგეს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი. მათ სანკტ-პეტერბურგის "სპარტაკისა" და "ბენეტონის" კონკურენციას ვერ გაუძლეს.

სამაგიეროდ, ბუნდესლიგის პლეი ოფი "ბავარიას" გარანტირებული აქვს. ული ჰიონესის მეორე პირმშოს სტარტი მართლაც შთამბეჭდავი გამოვიდა. შეძლებს თუ არა საკალათბურთო "ბავარია" ევროპულ ტოპ-კლუბად ქცევას? ამაზე პასუხს დრო გაგვცემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა