ანდრე უორდი 15 წლის განმავლობაში გამარჯვებული იყო და შაბათსაც ასეთად დარჩა
ანდრე უორდი 15 წლის განმავლობაში გამარჯვებული იყო და შაბათსაც ასეთად დარჩა! უორდმა ბოლოს 1996-ში, 12 წლისამ წააგო, ხოლო მოყვარული მოკრივის კარიერა 2004 წელს ათენის ოლიმპიადის კვარცხლბეკზე ოქროს მედლით დაასრულა.

შემდეგ კი დაიწყო პროფესიონალის ცხოვრება, რომელიც ასევე წარმატებით გაგრძელდა. მისი ბოლო მწვერვალი შაბათს, ატლანტიკ სიტის "ბორდუოქ ჰოლში", 5 626 მაყურებლის თვალწინ ბრიტანელი კარლ ფროჩის დამარცხება გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ სამი მსაჯიდან ორმა ამერიკელს მხოლოდ ორქულიანი გამარჯვება მიანიჭა (118:110, 115:113, 115:113) მიკიბ-მოკიბვის გარეშე შეიძლება ვთქვათ, რომ მან მოწინააღმდეგეს აშკარად აჯობა.

შედეგად, უორდმა სუპერსაშუალო წონაში ჟურნალ "რინგის", WBA-ისა და WBC-ის ქამრები მოიპოვა და სპეციალური ტურნირის - Super Six World Boxing Class-ის გამარჯვებულად გამოცხადდა. ასე და ამგვარად, დღეს მსოფლიოში აღარავის უჩნდება კითხვა: ვინ არის საუკეთესო სუპერსაშუალო წონაში? შეჯიბრება, რომელიც სამი წლის წინ დაიწყო და რომელშიც ხსენებული წონითი კატეგორიის ექვსი უდიდესი ვარსკვლავი მონაწილეობდა, ანდრე უორდის ულაპარაკო გამარჯვებით დამთავრდა.

აქვე უნდა ითქვას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, სხვა მოკრივეები ხან აღმასვლას განიცდიდნენ და ხანაც ყავარდნა ჰქონდათ, უორდი კი სტაბილური იყო. და კიდევ ერთი: ფინალში მან ღირსეულ მოწინააღმდეგეს აჯობა.

ბრძოლის შემდეგ უორდი სიხარულით მეცხრე ცაზე იყო: "ვერ ვიჯერებ, ვერ ვიჯერებ! - იმეორებდა ის. - რასაკვირველია, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთხელაც არ გამივლია გონებაში, რომ ვერ გავიმარჯვებდი, მაგრამ დღეს, როდესაც მიზანს მივაღწიე, დაჯერება მიჭირს.

პრესასთან ყოველი შეხვედრის დროს ვიმეორებდი, რომ გეგმა მკაფიოდ მქონდა დასახული. ვიცოდი, რომ ფროჩთან ახლოდანაც მომიხდებოდა ბრძოლა და შორიდანაც, ვიცოდი, რომ ბევრი უნდა მემოძრავა და აი, ყველაფერი კარგად დასრულდა".

მართლაც, კრივის მიმომხილველთა საერთო აზრით, ამ დღეს უორდის ნახვა ერთ რამედ ღირდა. განსაკუთრებით მისი დარტყმების სიზუსტე იყო გამორჩეული. ამერიკელმა ერთხელაც არ ააცდინა მარცხენა ჰუკი და რამდენჯერმე მარჯვენათიც კარგად მოსდო ბრიტანელს.

უორდმა განაგრძო: "არ დაგიმალავთ და ფროჩის სიზანტემ გამაკვირვა. ვიცი, მან რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ მე დარტყმა არ შემიძლია, თუმცა დღეს, ორჯერ თუ სამჯერ შევამჩნიე, რომ ვატკინე. იყო მომენტები, როდესაც მან სახე ვერ დამალა, ასე კი ქულებს ვერ მოიპოვებ".

კომპიუტერულმა ანალიზმა გვაჩვენა, რომ უორდმა მეტოქეს დარტყმების 42 პროცენტი მოარტყა, ფროჩმა კი მხოლოდ 23. ბრძოლის შემდეგ ბრიტანელმა მოწინააღმდეგისთვის ქების სიტყვები არ დაიშურა:

"ანდრე უორდს გულწრფელად ვულოცავ. მინდა შევაქო. ის შესანიშნავად იცავდა თავს. საერთოდ, დაცვაში ძალიან ძლიერია. მე ბრძოლა პატიოსნად წავაგე. არაფერს ვჩივი".

"კარლ ფროჩი ძლიერი მოკრივეა, - თავის მხრივ, არც უორდმა გამოავლინა სიძუნწე მოწინააღმდეგის ქებაში. - ვარჯიშზე ხელი ვიტკინე, ოღონდ, ამის შესახებ არაფერი მითქვამს. მეექვსე რაუნდში მაინც მოვახერხე მისთვის თავში დამერტყა და ტკივილი მიმეყენებინა, მაგრამ ამან ფროჩი ვერ გატეხა. ის გამოერკვა და ბრძოლა განაგრძო".

მიმომხილველები წერენ, რომ უორდს ხელი ნატკენი რომ არ ჰქონიდა, ბრიტანელს ძალიან გაუჭირდებოდა.

27 წლის ოკლენდელმა მოკრივემ, როგორც თავში მოგახსენეთ, მთელი ტურნირი (რომელიც 2009 წლის ოქტომბერში დაიწყო) დამაჯერებლად ჩაატარა. უორდმა პირველსავე ბრძოლაში დაამარცხა მოკრივე, რომელსაც Super Six-ში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ - მიკელ კესლერს მე-11 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით მოუგო.

შემდეგ, მან ჯერ ალან გრინს აჯობა (სხვათაშორის, ტურნირში ამ მოკრივის მონაწილეობა თავიდან არც იყო დაგეგმილი), შემდეგ კი საკიო ბიკას. ნახევარფინალში, ამერიკელისა და სომხური წარმოშობის გერმანელის არტურ აბრაჰამის (ნამდვილი სახელია - ავეტიკ აბრაჰამიანი) ბრძოლა კვლავ ამერიკელის თვალსაჩინო გამარჯვებით დასრულდა (120:108, 118:110, 118:111), ფინალის ამბავი კი ზემოთ მოგახსენეთ.

ფროჩი: "ჩემთვის ცუდი დღე იყო. რაც დავგეგმე, ვერაფერი ვერ განვახორციელე და ანდრე უორდის დიდებულ დაცვას ვერაფერი მოვუხერხე. გარდა ამისა, უორდს ბედიც უღიმოდა, განსაკუთრებით ახლო ბრძოლის დროს. ბოლოს თავი ხელში ავიყვანე და ყველა ღონე ვიხმარე, რათა ჩემი დარტყმები მოუგერიებელი გამხდარიყო, მაგრამ უორდი მისხლტებოდა. ის დასხლტომაში ძალიან ძლიერია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა