ბორჯომის სასპორტო სკოლის დირექტორი გიორგი რაზმაძე სპორტკომპლექსის მნიშვნელობაზე და მუშაობაზე საუბრობს
ბორჯომის რაიონი სპორტული მრავალფეროვნებითაც გამორჩეულია საქართველოში. სასპორტო სკოლაში ზაფხულისა და ზამთრის სპორტის სახეობათა შემსწავლელი 14 სექცია ფუნქციონირებს. წლეულს განსაკუთრებით შთამბეჭდავი რევაზ ლაშხის კონტინენტის ჩემპიონობა იყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. გვესაუბრება სასპორტო სკოლის დირექტორი გიორგი რაზმაძე.

- კალათბურთი (ქალთა და ვაჟთა), ფეხბურთი, რაგბი, მძლეოსნობა, ძიუდო, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, კრივი, კარატე, კიკბოქსინგი, სათხილამურო სპორტი, ტრამპლინიდან ხტომა, ბიატლონი, საციგაო სპორტი და ჰოკეი - ეს სპორტის ის სახეობებია, სადაც მომავალი თაობა ოსტატდება. იანვრიდან, მუნიციპალიტეტის თაოსნობით, ჭადრაკის სექციასაც ავამოქმედებთ, რომელმაც 90-იან წლებში, განუკითხაობის გამო შეწყვიტა არსებობა.

- ტრადიციული სპორტის რომელი სახეობებია?

- ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, რომელიც სამი ათეული წელია ფუნქციონირებს, აგრეთვე მძლეოსნობა და ფეხბურთი. ფეხბურთი მასობრიობითაც გამოირჩევა. სკოლაში ამჟამად სულ 400-მდე შეგირდი გვყავს, რომელთა დაოსტატებას 21 მწვრთნელ-მასწავლებელი ემსახურება.

- რევაზ ლაშხის წლევანდელმა წარმატებამ ალბათ დიდი სტიმული მისცა აქაურ სპორტსმენებს.

- გაზაფხულიდან, ანუ ევროპის ჩემპიონატში ლაშხის გამარჯვების მერე ბერძნულ-რომაული ჭიდაობის სექციაში ვარჯიშის მსურველთა რაოდენობა გაიზარდა და გადავწყვიტეთ ბორჯომიდან ორიოდე კილომეტრში, სოფელ ყვიბისის საჯარო სკოლის დარბაზშიც აგვემოქმედებინა დამატებით ჯგუფი. დარბაზს ხალიჩა თავად ლაშხმა გადასცა. ამავე სოფლის სტადიონზე რაგბის მოყვარული ჭაბუკებიც ვარჯიშობენ. რადგან მსურველებს ვეღარ აუდის, სოფელ ახალდაბაშიც ვამატებთ რაგბის ჯგუფს. წლეულს რაგბში 1997-1998 წწ დაბადებულთა შორის საქართველოს პირველობაზე ბორჯომიც იყო წარმოდგენილი. სურვილია სხვა ასაკშიც ჩავერთოთ კიდევ ერთი გუნდით.

გაზაფხულიდან ფეხბურთის სექციების გახსნას ვგეგმავთ წაღვერსა და ბაკურიანში.

- რამდენიმე წლის წინათ ბორჯომი საკმაოდ ამბიციური ფეხბურთის გუნდით იწონებდა თავს. წარსული მოგონებად იქცა. როგორც ამას წინათ სკ "ბორჯომის" დირექტორმა ვახტანგ მაისურაძემ გვითხრა, თუ მეორე ლიგაში მაინც არ დაიწყეთ ასპარეზობა, ფეხბურთს პერსპექტივა თქვენთან საერთოდ არ ექნება.

- ბატონი ვახტანგი მართალია. იმის გამო რომ ჩვენთან გუნდი არ არის, ჩვენს სექციებში აღზრდილმა რამდენიმე მოთამაშემ წლეულსაც სხვა ქალაქების გუნდებს მიაშურა. სპეციალისტთა აზრის გათვალისწინებით, რაიონის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, რომ ახალი საფეხბურთო სეზონიდან მეორე ლიგაში ასპარეზობაში ჩავაბათ საფეხბურთო კლუბი "ბორჯომი". ეს არის აუცილებელი საწყისი ეტაპი.

- ვიცით, რომ ბორჯომი წარმატებებით გამოირჩევა მძლეოსნობაშიც.

- ჩვენთან მუშაობს ძლიერი სპეციალისტი ვალერი ჟადანი. ჩემი აზრით, ის არა მხოლოდ საქართველოში, საერთოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში მძლეოსნობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

- რაც შეეხება ზამთრის სახეობებს.

- ზამთრის სახეობების ცენტრი საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული, ბაკურიანია. აქ არის ჰოკეის მოედანი, ბიატლონის და სამთო-სათხილამურო ტრასები. ვერ ვიტყვი, რომ ინფრასტრუქტურა საერთაშორისო სტანდარტების შესაფერისია, მაგრამ დამაკმაყოფილებელი მაინც ეთქმის. ბავშვთა კონტიგენტის მხრივ კი იქ მაინც და მაინც სიმრავლე ობიექტური მიზეზის გამო ვერ იქნება, რადგან ამ სახეობებში ძირითადად დაბა ბაკურიანიდან და ორი მიმდებარე სოფლიდან (ანდეზიტი და ციხიჯვარი) დადიან პატარები სავარჯიშოდ. მაგალითად, ბორჯომში მცხოვრები ბავშვისთვის კი სურვილის მიუხედავად, ბაკურიანში სისტემატიურად სავარჯიშოდ სიარული, ძალიან ძნელია.

- ინფრასტრუქტურა ვახსენეთ, სხვა სახეობებში როგორი ვითარებაა.

- ჩვენთან ერთ არეალშია სტადიონი, სასპორტო სკოლის დარბაზი და სპორტკომპლექს "ოლიმპის" ბაზა. "ოლიმპის" დარბაზში მშვენიერი სავარჯიშო პირობებია ბერძნულ-რომაული ჭიდაობისა და ძიუდოს სექციებისთვის. სპორტსკოლის დარაბზში, რომელიც წლეულს გარემონტდა კარატეს, კიკბოქსინგის და კალათბურთის ჯგუფები მუშაობენ. მეორე საჯარო სკოლის დარბაზში ვარჯიშობენ მოკრივეები.

სტადიონზე ფეხბურთელები და ზოგჯერ მორაგბეებიც ვარჯიშობენ. ჩვენი სტადიონი, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესოა მოწესრიგებული ტრიბუნებით, გასახდელებით და მსაჯთა ოთახით, ხელოვნურსაფარიანი მოედანი კი სპეციალისტთა შეფასებით, ასევე გამორჩეულია საქართველოში.

- ადგილზე რა შეჯიბრებებს მართავთ?

- წელიწადში ორჯერ ვატარებთ ტრადიციულ ასპარეზობებს მძლეოსნობაში, ძიუდოსა და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, კარატესა და კიკბოქსინგში. გვინდა პირველობას კრივშიც ვუმასპინძლოთ, მაგრამ ჯერჯერობით ოლიმპიური რინგის არქონა გვაფერხებს. უახლოეს მომავალში ამ საკითხსაც მოვაგვარებთ.

- ფასიან სწავლასა და მუნიციპალიტეტიდან დაფინანსებაზე რას იტყვით?

- სწავლის საფასური ყველა სახეობაში თვეში 15 ლარს შეადგენს გარდა მძლეოსნობისა. შემოსავლის 70 % მწვრთნელთა ხელფასს ხმარდება.

მძლეოსნობას კი პრიორიტეტად იმიტომ მივიჩნევთ და მსურველებს უფასოდ ვავარჯიშებთ, რომ იგი ყველა სახეობისათვის გარკვეულ ეტაპზე გამოსადეგია, ბავშვები ხშირად აქ იწყებენ მეცადინეობას და შემდეგ გადადიან ჭიდაობაზე, კალათბურთზე, რაგბზე, კრივზე, ფეხბურთზე და ა. შ.

სასპორტო სკოლის დირექტორად 2006 წლიდან ვმუშაობ. ბიუჯეტი მცირედით, მაგრამ მაინც ყოველწლიურად იზრდება. ახალი წლიდან მეტს მოველით, რადგან, როგორც გითხარით, ჯგუფებს ვამატებთ.

დასასრულს გეტყვით, რომ ამ დღეებში რაიონის 2011 წლის სპორტსმენთა საუკეთესო ათეულების გამოვლენას ვგეგმავთ უმცროსებსა და დიდებში. რჩეულები რაიონის გამგეობის მხარდაჭერით ჯილდოების გარეშე არ დაგვრჩებიან.

დავით ასპანიძის ფოტო

ფოტოზე: ბორჯომის სტადიონი, სპორტსკოლის დარბაზი და სპორტკომპლექსი "ოლიმპის" გვერდიგვერდ მდებარეობენ

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა