მდიდარი ტრადიციების მქონე საფეხბურთო სკოლაში დღეს, თერთმეტ ასაკობრივ ჯგუფში, სამასამდე მოზარდი დადის
რა ხდება ბავშვთა ფეხბურთში? ამ კითხვას ხშირად სვამენ და ასევე ხშირად გვესმის ხოლმე, რომ ბავშვთა ფეხბურთი მისახედია, რომ საქმის გამოსწორება აქედან, ფესვებიდან უნდა დავიწყოთ.

ბავშვთა ფეხბურთში ბევრი პრობლემაა, კვალიფიცირებული მწვრთნელებით დაწყებული, ყოფითი საკითხებით დამთავრებული...

მაინც რაშია საქმე? რატომ ვერ ხერხდება იმ პრობლემების მოგვარება, რაც ამ სფეროშია? ვფიქრობთ, ეს კითხვა ყველა იმ ადამიანს აწუხებს, ვისაც ზოგადად ქართულ ფეხბურთზე შესტკივა გული.

"ფესვები" - ეს რუბრიკა რამდენიმე წლის წინათ უკვე გვქონდა "ლელოში" და, რადგან ისევ აქტუალურია ბავშვთა ფეხბურთის თემა, მისი განახლება გადავწყვიტეთ - ანუ შემოგთავაზებთ წერილებს საფეხბურთო სკოლებსა თუ აკადემიებზე.

საფეხბურთო სკოლა "ავაზას" მართლაც მდიდარი ტრადიციები აქვს. თუნდაც ის რად ღირს, რომ კარგა ხნის განმავლობაში ამ სკოლის დირექტორი მიხეილ მესხი იყო. "ავაზაში" გადადგეს პირველი საფეხბურთო ნაბიჯები უმცროსმა მიხეილ მესხმა, ლევან კობიაშვილმა, ლევან ცქიტიშვილმა, ძმებმა არველაძეებმა...

მერე ისეთი დრო დადგა, რომ "ავაზას" ინფრასტრუქტურით, მატერიალურ-ფინანსური ბაზით სხვა სკოლებმა მნიშვნელოვნად გაუსწრეს. გამოსავალიც მოიძებნა - "ავაზა" კომპანია "ვისოლს" გადაეცა. შემდეგ "ვისოლი" უფრო მასშტაბურად დაინტერესდა ფეხბურთით და ქუთაისის "ტორპედო" ჩაიბარა.

დიღმის მასივში მდებარე ამ საფეხბურთო სკოლას ახლა "ტორპედო - ავაზა" ჰქვია. სკოლაში დაახლოებით 300 მოზარდი დადის. "ტორპედო - ავაზას" თერთმეტი ასაკობრივი ჯგუფი ჰყავს. სკოლის განკარგულებაშია სამი ხელოვნურსაფრიანი მოედანი, აქედან ერთი სტანდარტულია, დანარჩენები - შედარებით ნაკლები ზომის; ადმინისტრაციული შენობა და საშხაპე-გასახდელები. სტანდარტულ მოედანზე, რომელსაც პატარა ტრიბუნაც აქვს, უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობის მატჩებიც იმართება, ხშირად ამ მოედანს უმაღლესი ლიგის გუნდებიც იყენებენ სავარჯიშოდ.

მთავარი საკითხი კი, ცხადია, მწვრთნელია. თუ ბავშვს თავიდანვე კარგი სპეციალისტი არ შეხვდა, ვინ იცის, როგორი იქნება მისი საფეხბურთო სვე-ბედი.

"ჩვენთან მწვრთნელები აღსაზრდელთა ასაკის მიხედვით მუშაობენ, ანუ ყოველ ასაკობრივ ჯგუფს ერთი მწვრთნელი ჰყავს. მალე მოედანზე წვრთნისას ორი მწვრთნელი იმუშავებს - დამხმარე მწვრთნელის პრაქტიკა გვინდა დავნერგოთ" - გვითხრა "ტორპედო - ავაზას" დირექტორმა ავთანდილ მუმლაძემ, ვინც სკოლაში უფრო წმინდა სპორტულ საკითხებს განაგებს, ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმეებს კი გენერალური დირექტორი ვლადიმერ ჩიტალაძე უძღვება.

მუმლაძემ სკოლის ერთ ნოვაციაზეც გვითხრა: "ილიას უნივერსიტეტთან მემორანდუმი გავაფორმეთ. უნივერსიტეტს აქვს სპორტული კათედრა, სადაც ფეხბურთელთა წვრთნაზეც კითხულობენ ლექციებს და სტუდენტებს ჩვენთან გამოუშვებენ სტაჟირებაზე".

"ტორპედო-ვისოლის" ერთ-ერთი მწვრთნელია სულიკო დავითაშვილი, რომელსაც უმაღლესი ლიგის არაერთ წამყვან გუნდში უთამაშია და გოლებიც ბლომად გაუტანია. ამ სკოლაშია დასაქმებული ბონდო კაკუბავაც - კაცი, რომელსაც თვით ლეგენდარული ვიტალი დარასელია აღუზრდია.

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სწავლის საფასურის თემა. მოზარდის საფეხბურთო სკოლაში მეცადინეობა მხოლოდ ამ თანხასთან არ არის დაკავშირებული. მგზავრობა, რაციონალური კვება, ეკიპირება, სწორი დასვენება - ყველაფერი ეს დამატებით სახსრებს მოითხოვს.

"ჩვენთან სწავლის საფასური თვეში 50 დოლარს შეადგენდა, ახლა ეს თანხა 60 ლარამდე შემცირდა. წლეულს გვინდა, რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფში საერთოდ გავაუქმოთ გადასახადი. ბურთი, სხვა სავარჯიშო ინვენტარი, სავარჯიშო თუ სათამაშო ფორმა - ამას სკოლა უზრუნველყოფს", - განგვიმარტა მუმლაძემ.

საფეხბურთო სკოლების თუ აკადემიების გუნდები ტურნირებშიც გამოდიან და ასეთ დროს თითოეულ მოზარდზე ოფიციალური თანხაა გადასხდელი - ამ ხარჯსაც "ტორპედო - ავაზა" იხდის. ელიტლიგა და 17- წლამდელთა გათამაშება - ერთს თბილისის ფეხბურთის ფედერაცია ატარებს, მეორეს - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - ამ სკოლის გუნდები ორივე ტურნირში მონაწილეობენ.

"ვისოლს" სოფელ დიღომშიც აქვს სპორტული კოპლექსი - დარბაზი და ღია მოედანი. "ტორპედო - ავაზას" საჭიროების შემთხვევაში ამ კომპლექსის ფუტსალის მოედნის გამოყენებაც შეუძლია. თუ სკოლა გაფართოვდება, "ვისოლს" კიდევ ორი მოედანი აქვს დიდ დიღომში, თუმცა ამ ეტაპზე იქ ჯერ მხოლოდ რაგბის თამაშობენ.

"ცხადია, სკოლის მიზანი კვალიფიციური ფეხბურთელების მომზადებაა. ლაღ, სანახაობრივ სტილს ვანიჭებთ უპირატესობას და, რა თქმა უნდა, მოზარდებს სწორი ფეხბურთის თამაშიც უნდა ვასწავლოთ. ჩვენი მთავარი ამოცანა არ არის პატარათა ტურნირების მოგება, ჩვენ სხვა შედეგისთვის ვშრომობთ - ფეხბურთელის გაზრდა.

კოტრაქტს ვაფორმებთ მოზარდების მშობლებთან, იქითკენ მივდივართ, რომ ჩვენი სკოლის აღზრდილი ან ქუთაისის "ტორპედოში" მოხვდეს, ან - ევროპაში. საქართველოს ჩემპიონატის სხვა გუნდებში ჩვენს ფეხბურთელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გავუშვებთ, თუ "ტორპედოში" ვერ მოხვდება. ჩვენი ფეხბურთელით დაინტერესდა "დინამო", მაგრამ ვერ შევთანხმდით", - გვამცნო მუმლაძემ.

ფეხბურთელის ჩამოყალიბებაში გენეტიკაც დიდ როლს თამაშობს. ბევრი ნიუანსია, მაგალითად, ქართველს ნაკლებად აქვს განვითარებული ფლანგური ჩაწოდებების, წინა ძელთან თამაშის და ორთაბრძოლაში კარგად შესვლის უნარები. მუმლაძემ გვითხრა, რომ "ტორპედო - ავაზა" ასეთ დეტალებს ყურადღებით ეკიდება. მეკარეების მწვრთნელიც ჰყავთ - ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის სხვადასხვა გუნდის ყოფილი კიპერი თეიმურაზ ვოლკოვი.

"მას შემდეგ, რაც "ტორპედოს" მთავარ მწრთნელად გია გეგუჩაძე დაინიშნა, კლუბის ყველა სპორტულ მიმართულებას ის კურირებს და ძალიან დიდ როლს ასრულებს სკოლის წინსვლაშიც. ჩვენთან ყველა ის მეთოდიკა ინერგება, რაც აპრობირებულია ევროპაში. რაც ფეხბურთელმა 12 წლისამ უნდა ისწავლოს, იმას 18 წლისა უკვე ვეღარ ისწავლის", - გვეუბნება მუმლაძე.

ერთიც, "ტორპედო - ავაზაში" არ არის მიღებული ზამთარ-ზაფხულ მოზარდების შეკრებებზე წაყვანა და, შესაბამისად, მშობლებისგან არცთუ ცოტა თანხის შეგროვება.

მოკლედ, ასეთია " ტორპედო - ავაზა" და საინტერესოა, უმაღლესი ლიგის რამდენიმე კლუბი ერთმანეთს უკვე საფეხბურთო სკოლებითა და აკადემიებითაც რომ ეპაექრება, ვფიქრობთ, ეს კარგის მანიშნებელი უნდა იყოს.

ბოლო პერიოდში ქუთაისის "ტორპედოში" ორი ავაზელი მიიწვიეს - ფორვარდი ნიკა საბანაძე და ასევე საინტერესო შემტევი ლაშა კემუხტაშვილი. "ავაზას" აღზრდილია მერაბ გიგაურიც, რომელიც "ტორპედოდან" პოლონურ "იაგელონიაში" მოხვდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერაბი
დღეს 2022 წელია.კიდევ ერთი სტატია დაწერეთ,რა დღეშია ავაზას სკოლა.ყველაფერი განადგურებულია.ბავშვები გასახდელში ტელეფონის ფანრების შუქზე იცვლიან.ნათურა ვერ დაკიდა ვისოლმა
d
ჰაჰაჰაჰაჰა! გენეტიკის ამბავი მაგარია! ღადაობთ, ხო? "ქართველს ნაკლებად აქვს განვითარებული ფლანგური ჩაწოდებების, წინა ძელთან თამაშის და ორთაბრძოლაში კარგად შესვლის უნარები" :):):) არ მითხრათ, რო ეს სერიოზული მსჯელობის საგანი შეიძლება იყოს :):):)
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"