საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპის შეჯამება
არსებობის ისტორიაში "ვიტ ჯორჯია" არასდროს ყოფილა უამბიციო კლუბი, ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა და ორჯერ საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

ვეტერინართა საკლუბო პოლიტიკა ყველასთვის კარგადაა ცნობილი - "ვიტ ჯორჯია" უმეტესწილად მისივე აღზრდილებითაა დაკომპლექტებული და მათზე სატრანსფერო ბაზარზე ყოველთვის იყო მოთხოვნა.

ტრადიცია გრძელდება და ვიტელებს ახლაც ჰყავთ არაერთი საინტერესო ფეხბურთელი, რომელთა ნაწილიც უკვე მომწიფებულია კარიერის სხვაგან გასაგრძელებლად, ნაწილი კი თავს ახლა იმკვიდრებს.

"ვიტ ჯორჯიაში" ახლა ერთგვარი გარდამავალი პერიოდია - წამყვან მოთამაშეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ კლუბი არცთუ დიდი ხნის წინ დატოვა და უმაღლესი ლიგის მოთხოვნებთან ადაპტაციას ახალი თაობა გადის. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ამჟამად "ვიტ ჯორჯია" ვეღარ მკვიდრობს საქართველოს საუკეთესო კლუბთა შორის.

მიმდინარე სეზონში ვიტელებს ამბიციური მიზნები არ დაუსახავთ - პროგრამა-მინიმუმი ჩემპიონატის რვა საუკეთესო გუნდში მოხვედრაა და, თუ ქულების მოგროვება არსებული "გრაფიკით" გააგრძელეს, ზურაბ ბერიძე და მისი ფეხბურთელები ამ ამოცანას შეასრულებენ კიდეც.

უმაღლეს ლიგაში პირველი რაუნდის დასრულებამდე ოთხი ტურია დარჩენილი, "ვიტ ჯორჯია" კი დღეისთვის მეშვიდე ადგილზეა და მეცხრეადგილოსან "სპარტაკს" ოთხი ქულით უსწრებს.

ბერიძის გუნდს იოლი თამაშები არ აქვს დარჩენილი, მაგრამ 2012 წლის პირველ ოფიციალურ მატჩში სწორედ "სპარტაკს" მასპინძლობს და თუ ეს "ექვსქულიანი" შეხვედრა მოიგო, რვა საუკეთესოსკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.

ოქროს შუალედში

"ვიტ ჯორჯიასგან" სასწაულებს თავიდანვე არ ველოდით - რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვეტერინარებმა ლიდერებს განსაკუთრებული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, სამაგიეროდ, დაგეგმილი ქულების დიდი ნაწილი მოაგროვეს და სწორედ ამის ხარჯზე არიან "ოქროს შუალედში".

რამდენიმე გამორჩეული მატჩი კი ბერიძის გუნდმა ნამდვილად ჩაატარა - უპირველესად, მცხეთაში "დინამოსთან" დრამატული 2:2 უნდა გავიხსენოთ, სადაც ვეტერინარებმა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონებს ქულა ბოლო წამებზე გამოჰგლიჯეს ხელიდან.

ამას გარდა, შთამეჭდავი იყო ჩემპიონატის პირველ ტურში "დილასთან" 4:3 გამარჯვება. ვიტელთა აქტივში უნდა ჩაითვალოს რუსთავში მიღწეული ფრე და ზუგდიდში მოგება, რაც იოლი არავისთვისაა.

ერთადერთი შეხვედრა, რომელიც "ვიტ ჯორჯიამ" პირწმინდად ჩააგდო, მარტვილში განცდილი 0:3 იყო.

მცხეთაში დაბრუნება და ძველი სატკივარი

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ "ვიტ ჯორჯია" მიმდინარე სეზონის სტარტისთვის დაუბრუნდა მცხეთის სტადიონს, რომელსაც "მცხეთა პარკი" დაერქვა,. იქ ხელოვნური საფარი დააგეს და ხელი შენობასა და ტრიბუნებსაც შეავლეს. სამწუხაროდ, ამან გულშემატკივართა განწყობაზე დიდად ვერ იმოქმედა და "ვიტ ჯორჯიას" საქომაგოდ ძალიან ცოტა მცხეთელი თუ თბილისელი დადის.

"ვიტ ჯორჯია", ადრინდელივით, ახლაც მოკლებულია "მეთორმეტე მოთამაშის" მხარდაჭერას, რაც, რასაკვირველია, გუნდის შედეგიანობაზე საკმაო გავლენას ახდენს. ძალიან საწყენი ფაქტია, რომ ისტორიულად ერთ-ერთი წარმატებულ ქართულ კლუბს ქართული საზომებითაც კი ძალიან ცოტა მხარდამჭერი ჰყავს.

მეკარეები

სეზონის წინ მოსალოდნელი იყო, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კვლავაც არდალიონ მიქაბერიძე და გიორგი ძაძამია გააჩაღებდნენ მძაფრ კონკურენციას, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა - მიქაბერიძემ მხოლოდ ჩემპიონატის სასტარტო მატჩში მიიღო მონაწილეობა, მალე კი გუნდი დატოვა და 23 წლის ძაძამია "ვიტ ჯორჯიას" გამოკვეთილი პირველი ნომერი გახდა.

სამწვრთნელო შტაბსა და თანაგუნდელებს მის მიმართ სასაყვედურო არაფერი უნდა ჰქონდეთ - ვიტელთა კარს საიმედო დარაჯი ჰყავს.

მცველები

ახალგაზრდული შემადგენლობის მიუხედავად, "ვიტ ჯორჯიას" დაცვის ცენტრზე უკვე გამოცდილი ითქმის - 23 წლის გურამ ადამაძესა და 22 წლის ლაშა კასრაძეს უმაღლეს ლიგაში თამაშის არცთუ მცირე პრაქტიკა აქვთ. პირველი ეტაპის მიწურულს ისინი 23 წლის ჯემალ გოგიაშვილმა "შეავიწროვა" და ნოემბერ-დეკემბერში ის მოედანზე სისტემატურად იყო.

მოკლედ, ამ პოზიციაზე კონკურენციაა და, თუ მასში სხვებიც არ ჩაერთვნენ, ბერიძეს ცენტრალური მცველების დუეტის არჩევა სწორედ ამ სამი ფეხბურთელიდან მოუწევს. დაცვის მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე მყარად აქვთ ფეხი მოკიდებული, შესაბამისად, 23 წლის დავით ხურცილავასა და 21 წლის რევაზ ღანიაშვილს.

ნახევარმცველები

"ვიტ ჯორჯიას" კაპიტანმა, 22 წლის გიორგი ჯანელიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და იქაც დაამტკიცა, რომ კარგი მომავალი აქვს. ჯანელიძე ვეტერინართა რიგებში ყოველთვის გამოირჩეოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონს განსაკუთრებით მაღალ დონეზე ატარებს. იგი უდავოდ საუკეთესოა "ვიტ ჯორჯიაში" და საქართველოს ჩემპიონატშიც ერთ-ერთი შესამჩნევი ფიგურაა. კლუბის სატრანსფერო პოლიტიკას თუ გავითვალისწინებთ, წესით, სულ მალე ჯანელიძის ტრანსფერის მომსწრენიც უნდა გავხდეთ.

ჯანელიძის გარდა, "ვიტ ჯორჯიას" ძირითად შემადგენლობაში სისტემატურად ხვდებოდნენ 22 წლის საყრდენი ნახევარმცველი გურამ გურეშიძე, ფლანგელები - 22 წლის გიორგი კორიფაძე, მისი თანატოლი გიორგი ვასაძე და 21 წლის ბექა ზაქრაძე, რომელიც უკანდახეული ფორვარდის ფუნქციებს ასრულებდა.

ერთი შეხედვით, ზემოთ ნახსენებ ყველა ნახევარმცველს უნდა ჰქონდეს ზრდის პოტენციალი და თუ ეს მოლოდინი გამართლდა, მომავალ სეზონში "ვიტ ჯორჯიას" მეტი ამბიცია ექნება.

ნახევარდაცვაში "ვიტ ჯორჯიას" სხვა მზარდი ფეხბურთელებიც ჰყავს და, სავარაუდოდ, ვეტერინართა შუა ხაზში სერიოზულ კონკურენციას უნდა ველოდოთ.

თავდამსხმელები

"ვიტ ჯორჯია" ერთი გამოკვეთილი ცენტრფორვარდით თამაშობს და ამ პოზიციაზე ფეხი მყარად აქვს მოკიდებული 23 წლის ბესიკ ჩიმაკაძეს. ჩემპიონატის პირველ ნაწილში მან 6 გოლი გაიტანა, რაც საკმაოდ ნორმალური შედეგია. მისი შესაძლებლობები კარგად ვიცით და ჩიმაკაძისგან შემდგომში კიდევ უფრო მეტს ველით. ჯერჯერობით მას რეალურ კონკურენციას ვერავინ უწევს და ვნახოთ, შეიცვლება თუ არა ამ მხრივ სიტუაცია სეზონის მეორე ნახევარში.

ვიტ ჯორჯიას ყველა მატჩი პირველ ეტაპზე

I ტური ვიტ ჯორჯია-დილა 4:3

II ტური დინამო-ვიტ ჯორჯია 2:0

III ტური ვიტ ჯორჯია-მერანი 0:0

IV ტური სიონი-ვიტ ჯორჯია 1:1

V ტური ვიტ ჯორჯია-მეტალურგი 0:2

VI ტური ბაია-ვიტ ჯორჯია 0:1

VII ტური ვიტ ჯორჯია-გაგრა 1:0

VIII ტური სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 2:1

IX ტური ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 2:1

X ტური ვიტ ჯორჯია-ტორპედო 0:1

XI ტური ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 2:0

XII ტური დილა-ვიტ ჯორჯია 1:1

XIII ტური ვიტ ჯორჯია-დინამო 2:2

XIV ტური მერანი-ვიტ ჯორჯია 3:0

XVI ტური მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 0:0

XVII ტური ვიტ ჯორჯია-ბაია 4:0

XV ტური ვიტ ჯორჯია-სიონი 4:1

XVIII ტური გაგრა-ვიტ ჯორჯია 1:0

მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

მეკარეები: გიორგი ძაძამია - 17, არდალიონ მიქაბერიძე - 1;

მცველები: დავით ხურცილავა - 17, გურამ ადამაძე - 16, რევაზ ღანიაშვილი - 16, ლაშა კასრაძე - 14 (1), ჯემალ გოგიაშვილი - 8, გიორგი ოთარიშვილი - 6, ირაკლი ხუჭუა - 3, გიორგი გეთიაშვილი - 1;

ნახევარმცველები: გიორგი კორიფაძე - 18 (4), გიორგი ვასაძე - 18 (1), გურამ გურეშიძე - 17, ბექა ზაქრაძე - 15 (4), გიორგი ჯანელიძე - 15 (2), გიორგი გურეშიძე - 12, გიორგი ვაშაკიძე - 9, დავით მაისაშვილი - 7, გიგა ჯუღელი - 5 (1),

თავდამსხმელები: ბესიკ ჩიმაკაძე - 18 (6), ირაკლი სიხარულიძე - 12, ლევან კუხალეიშვილი - 3, ვახტანგ ჯაყელი - 1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად