გაირკვა საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრების ბოლო მონაწილეც 6-12 სექტემბერს მოსკოვში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74)...

გაირკვა საქართველოს ბერძენ-რომაელთა ნაკრების ბოლო მონაწილეც 6-12 სექტემბერს მოსკოვში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე - ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია (74). ოღონდ ცოტა უცნაურ ვითარებაში - კონკურენტ გიორგი ცირეკიძესთან საკონტროლო შეხვედრა არ უჭიდავია. არადა, აქამდე ისე ვიცოდით, რომ მათ შორის კონკურენცია ამ გზით უნდა გადაჭრილიყო, ახლა კი, როგორც ნაკრების თავკაცმა ბეგი დარჩიამ გვითხრა, ყველაფერი შემდეგმა გარემოებებმა განაპირობა - კვირკველიას გამოცდილებამ და სპორტსმენთა პირადმა წონამ. თურმე სამი დღის წინ ცირეკიძე 82 კილოგრამს იწონიდა, კვირკველია - 77-ს. ამასთან, როგორც დარჩიამ გვითხრა, ცირეკიძეს სუფთა წონით არასოდეს უჭიდავია - საერთაშორისო ტურნირებზე ზედმეტი ორი კილოგრამი დასაშვებია და ცირეკიძეც იყენებდა ამ უფლებას. ამასთან, მეორე განმსაზღვრელი ფაქტორი გამოცდილება გახდა - ამ მხრივ კვირკველია შეუდარებლად აღემატება კონკურენტს, ცირეკიძემ კი უცხოეთში მხოლოდ ერთხელ იჭიდავა - ივლისში ბაქოში, `ოქროს დიდი პრიზის~ ფინალურ ტურნირზე და მეორეზე გავიდა.

გუშინ კვირკველიას ცირეკიძესთან არ უჭიდავია, თორემ სხვებთან ოთხი შეხვედრა კი გამართა - მწვრთნელებს აინტერესებდათ, რამდენად გაუძლებდა მისი ფეხი დატვირთვას, იყო თუ არა დასრულებული სარეაბილიტაციო პერიოდი და ხომ არ არის კიდევ რაიმე საშიშროება. ფეხმა გამოცდა ჩააბარა და ახლა ოლიმპიურ ჩემპიონს მოსკოვში არა ოდინდელ კონკურენტთან, ასევე ყველა ტიტულის მფლობელ ვარტარეს სამურგაშევთან, არამედ ახალგაზრდა იმილ შარაფეტდინოვთან მოუწევს მეტოქეობა. აქვე შეგახსენებთ მოსკოვში წამსვლელ ადრე დასახელებულ ექვსეულს: ლაშა გოგიტაძე (55), რევაზ ლაშხი (60), მანუჩარ ცხადაია (66), ვლადიმერ გეგეშიძე (84), სოსო ჯაბიძე (96), გურამ ფერსელიძე (120).

წერილის დასრულება აქვე შეიძლებოდა, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ ერთი გარემოება - ვფიქრობთ, ობიექტურობისთვის აჯობებდა, კვირკველიას და ცირეკიძეს ერთმანეთში ეჭიდავათ და სანაკრებო კანდიდატი ისე გარკვეულიყო. ცირეკიძისადმი პატივისცემის მიუხედავად (რაც ჩვენს წერილებში არაერთხელ დაგვიდასტურებია), მიგვაჩნია, რომ, სავარაუდოდ, კვირკველია პირად შეხვედრას მაინც მოიგებდა - ასეთი ოპტიმიზმს საბაბს მისი გამოცდილება გვაძლევს. ამასთან, ის ამ წონის ფავორიტად მიგვაჩნია. ცხადია, არავინ კამათობს იმაზე, რომ აჯობებს, ასეთ ტურნირზე უფრო ძლიერი წავიდეს, მაგრამ აქ ლაპარაკია შერჩევის ობიექტურ პრინციპზე - რამდენად სამართლიანია ის; ხომ არ ატკენს ეს გულს კონკურენტს და ხომ არ გაუჩნდება მას დაჩაგვრის გრძნობა... ვეჭვობთ, ამგვარ გადაწყვეტილებას ბევრი უკმაყოფილებაც მოჰყვება. მით უფრო, კვირკველიამ გუშინ სხვა შეხვედრები გამართა ანუ შესაძლო გართულებებს მოვერიდეთო, არგუმენტად არ გამოდგება. თუმცა არ გამოვრიცხავთ, ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას დარჩიას `ზევიდანაც~ ჰქონოდა ნებართვა - რაკიღა მსოფლიოს ჩემპიონატი 6-12 სექტებერს მოსკოვში ტარდება, პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მან იმთავითვე მიიღო პოლიტიკური დატვირთვა. იქ წარმატებით გამოსვლა პრესტიჟის საქმედ იქცა და რა გასაკვირია, ხელმძღვანელობას გამოუცდელი ცირეკიძის წაყვანას მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონზე დაყრდნობა ერჩივნოს. ასეა თუ ისე, ახლა ქუთაისელ ფალავანს ისღა დარჩენია, გაისად მარტი-აპრილის მიჯნაზე დორტმუნდში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის მოემზადოს. ოღონდ, ცხადია, ადგილს ავტომატურად ვერც იქ მიიღებს და იქამდეც ასე თავდაუზოგავად უნდა ივარჯიშოს. იმ ტურნირისთვის მთავარი შესარჩევი შეჯიბრება დეკემბერში გასამართი საქართველოს ჩემპიონატი იქნება.

დასასრულს, შეგახსენებთ, რომ ჩვენი ნაკრები დუშეთში, ოლიმპიურ ბაზაზე გადის დასკვნით შეკრებას, მოსკოვში კი 3 სექტემბერს გაფრინდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
"განსაკუთრებული იყო" - კვარაცხელია გულშემატკივრებმაც საუკეთესოდ აღიარეს
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად