28-29 იანვარს თბილისის გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლე ვაჟ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასს უმასპინძლებს
28-29 იანვარს თბილისის გივი კარტოზიას სახელობის სპორტის სასახლე ვაჟ ძიუდოისტთა მსოფლიოს თასს უმასპინძლებს. მონაწილეობაზე დასტური უკვე მოვიდა 37 ქვეყნიდან, ორიც მხოლოდ მსაჯთა დონეზე იქნება წარმოდგენილი. მისასალმებელია, რომ ძიუდოს გეოგრაფიის ზრდის ტენდენცია ჩვენს ტურნირზეც გაგრძელდება. ორი ისეთი ქვეყანაც ჩამოდის, სრულიად ძიუდოს სამყაროსთვისაც რომ არიან უცხონი - პერუ და ვენესუელა. თუმცა ვერ ვიხილავთ ისეთ აღიარებულ გუნდებს, როგორიცაა იაპონია, კორეა, ბრაზილია და კუბა.

2004 და 2008-შიც ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა, რაც სალიცენზიო სტატუსმაც განაპირობა. ამჯერად კი ეს ფაქტორი ხელისშემშლელიც გამოდგა - მსოფლიოს რეიტინგის მოწინავე ფალავანთა უმეტესობა, რომელთაც განაღდებული აქვთ ლონდონის საგზური, არ ჩამოდის.

ამჯობინეს მშვიდად მოემზადონ თამაშებისთვის. აქ ძირითადად ისინი იჭიდავებენ, ვისაც ლონდონში წასასვლელად ჯერ კიდევ ცხარე ბრძოლა მოელის. თუმცა სახელობითი შემადგენლობით წლევანდელი შეჯიბრება მაინც ვერ იქნება იმდენად ძლიერი, როგორიც 2004-2005 წლებში იყო.

მაშინ ეს ფედერაციის იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტის გია ნაცვლიშვილის ძალისხმევამაც განაპირობა, რომელიც კონკრეტულ ქვეყნებთან თუ ფალავნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რამაც ნაყოფიც გამოიღო. მაგალითად, იაპონელებს უძლიერესი შემადგენლობის გამოგზავნა სთხოვა და რაკი მოლაპარაკებებში იქაური ძიუდოს ცოცხალი ლეგენდა იამასიტაც ჩართო (ამ საკითხის მოსაგვარებლად ტოკიოში კანოს ტურნირზე წარმომადგენლობითი დელეგაციაც კი წაიყვანა შოთა ჩოჩიშვილის, თემურ ხუბულურის და სხვა ცნობილ ქართველ ვეტერანთა შემადგენლობით, შოთა ხაბარელი კი ნაკრების მწვრთნელის სტატუსით ისედაც მონაწილეობდა პროცესებში), მიზანსაც მიაღწია.

სხვათაგან ზოგს მგზავრობის საფასური აუნაზღაურა, ზოგს - პრემია გადაუხადა და ასე შემდეგ... ამგვარმა მიდგომამ 2004 წელს თუ ძლიერ ფალავანთა უმეტესობა ლიცენზიის ძებნის სურვილმა გამორეკა აქეთ, 2005 წელის შემადგენლობა, ჩემი აზრით, ყველაზე ძლიერი იყო ამ შეჯიბრების უახლეს ისტორიაში.

წლეულს რამდენიმე საინტერესო ფალავანს მაინც ვნახავთ. მაგალითად, იქნებიან ესპანელი და ესტონელი ევროპის ჩემპიონები დავიდ ალარზა (90) და მარტინ პადარი (+100), ჰოლანდიელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ხრიმ ვუიჯსტერსი (+100) და ევროპის ესტონელი ბრინჯაოს პრიზიორი კინტერ როტბერგი (73), ირანელი მძიმეწონოსანი მოჰამედ როდაკი, რომელიც სალიცენზიო ზონაში ჯერ ვერ შედის და ქულები ჰაერივით სჭირდება.

საკმაოდ ძლიერი გუნდით ჩამოდიან პოლონელები - ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი რობერტ კრავჩუკი (90), ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი კრშიშტოფ ვილკომირსკი (73), კრშიშტოფ ვეგლარცი (90) და გრჟეგოჟ ეიტელი (+100). როგორც ვხედავთ, მათ 90-ში ორი კაცი მოჰყავთ, რადგან შიდა კონკურენციის გადაწყვეტა სურთ.

ჩვენს ტურნირს ამავე მიზნით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ თურქებიც, რომლებიც სულ რამდენიმე კაცით ჩამოდიან, მაგრამ 73-ში სეზერ ჰიუზუსიც ეყოლებათ და ევროპის პრიზიორი ჰასან ვანლიოღლუც. ტრადიციულად, გაურკვეველია ჰოლანდიელთა საბოლოო სია - მასში ძმები ელმონტებიც შედიან, ჰენკ ხროლიც (100) და ჟეროენ მოორენიც (60), მაგრამ ოთხივე კითხვის ნიშნითაა ანუ მათი ჩამოსვლა გადაწყვეტილი არაა.

სამაგიეროდ, გადაწყვეტილია ვუიჯსტერის, ლუკ ვერბიხის (+100) და იესპერ დე იონგის ჩამოსვლა. ეს უკანასკნელი 66-ში ლიცენზიისთვის ბრძოლაში ჩვენი შალვა ქარდავას უშუალო კონკურენტია ევროპული კვოტისთვის ბრძოლაში. ლიდერები არც რუსებს ჰყავთ. ყველაზე ცნობილები მსოფლიო უნივერსიადის გამარჯვებული აბდულ ომაროვია (90), მძიმე წონაში - მსოფლიოს სამგზის ჩემპიონ ალექსანდრ მიხაილინის უმცროსი ძმა ვიაჩესლავ მიხაილინი (100) და სოსლან ბოსტანოვი (+100). ტიტულოვანი ფალავნები არც ფრანგებს, გერმანელებს და ბრიტანელებს მოჰყავთ.

ჩვენი ფედერაციის დიდი სურვილის მიუხედავად, მონაწილეობაზე ბრაზილიელებმა ამჯერადაც უარი გვითხრეს. ზუსტად მაგ პერიოდში ბრაზილიის ჩემპიონატს ვატარებთ, რომელშიც ყველა წამყვანმა ძიუდოისტმა უნდა იჭიდაოსო, - მოგვწერეს. გამოდის, როცა ბრაზილიაში საქმე ქვეყნის ჩემპიონატს ეხება, ტიტულები და მიღწევები არავის აძლევს შეღავათს. ისე, მათ შვიდივე წონაში განაღდებული აქვთ ლიცენზია და თან ეჭვიც არ შეგვეპაროს, არც ლონდონში წავლენ უბრალო მონაწილეებად.

ცხადია, მკითხველს უპირველესად, ჩვენი ნაკრების შემადგენლობა აინტერესებს. ის მხოლოდ მას შემდეგ გაცხადდება, როცა 21 თებერვალს გუნდი ავსტრიელ მთავარ მწვრთნელ პეტერ ზაიზენბახერთან ერთად თბილისში დაბრუნდება. შეგახსენებთ, რომ ჩვენები სადღეისოდ ავსტრიულ მიტელშილში არიან, სადაც ევროპული ფედერაციის ეგიდით საწვრთნელი კემპი ტარდება. მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები ახლა სწორედ იქ არიან ჩასულები, მთლიანად წვრთნებში კი 700-მდე ფალავანი გამოდის.

ფრიად წარმომადგენლობითი იქნება მსაჯთა კორპუსი - ტურნირს 25 არბიტრი მოემსახურება, რომელთაგან 16 ოლიმპიური კატეგორიისაა. ძიუდოს ევროპული ფედერაციის მსაჯთა კომისარი ვასილ სმოლინიც გვეწვევა, რომელიც 26-27 იანვარს ქართველი მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის ორდღიან სემინარს ჩაატარებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად