ბატუტზე მხტომელი 21 წლის სპორტსმენი ოლიმპიადაზე და სამომავლო გეგმებზე საუბრობს
შარშან ბატუტზე მხტომელთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპონატში, რომელსაც ინგლისურმა ბირმინგემმა უმასპინძლა, ლუბა გოლოვინამ მეთორმეტე ადგილი დაიკავა: მეათე ელემენტის შესრულებისას დაშვებულმა შეცდომამ სამი ქულა და ფინალში ასპარეზობის შანსი დააკარგვინა.

არადა, რვა საუკეთესოში მოხვედრით 2012 წლის ლონდონის ოლიმპიადაზე გამგზავრება გარანტირებული ექნებოდა. წარუმატებლობის მიუხედავად, 21 წლის სპორტსმენს ფარ-ხმალი არ დაუყრია. მართალია, წელის ტკივილი აწუხებდა, მაგრამ პეკინის ოლიმპიადის მეექვსეადგილოსანი ჯიქურ განაგრძობდა წვრთნას ლონდონის სალიცენზიო ტურნირისთვის, რომელიც წლეულს ბრიტანეთის დედაქალაქში გამგზავრების ბოლო შანსს იძლეოდა.

- ხარვეზებისგან არავინაა დაზღვეული, მაგრამ ბირმინგემის მსოფლიოს ჩემპიონატზე ისეთი შეცდომა დავუშვი, ვარჯიშებზეც რომ არ მომსვლია. ამიტომ სირცხვილის გრძნობა უფრო მაწუხებდა, ვიდრე ტრავმა, რომელიც სრული დატვირთვით მეცადინეობის საშუალებას არ მაძლევდა, - გვითხრა ლონდონიდან დაბრუნების შემდეგ ლუბა გოლოვინამ. - მწვრთნელებმა და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ ბოლო შანსი უნაკლოდ გამომეყენებინა. ძალიან გამომადგა უშუალოდ ასპარეზობის წინ ქალბატონ რუსუდან ხოფერიას რჩევა-დარიგებები.

- ლონდონის სალიცენზიო ტურნირზე, წესით, 14 სპორტსმენს უნდა ეასპარეზა, იქ 14 ქვეყნის 17 წარმომადგენელი აღმოჩნდა.

- დიახ, 17 სპორტსმენი გამოდიოდა, მათგან ოთხი - უკონკურსოდ. პეკინის ოლიმპიადის გამარჯვებულმა ჩინელმა ჰი ვიენამ შარშან მსოფლიოს ჩემპონობასთან ერთად ლონდონის თამაშების საგზურიც მოიპოვა. ლიცენზიები განაღდებული ჰქონდათ ინგლისელ კატერინა დრისკოლს, ასევე, 2010 წლის ჩინელ მსოფლიოს ჩემპიონ ლი დანსა და სინქრონულ ხტომებში მსგავსი შეჯიბრების კანადელ ოქროსმედალოსან როსანა მაკლენანს, რომლებმაც ბირმინგემში, შესაბამისად, მესამე და მეორე ადგილები დაიკავეს.

ამ ოთხეულის სატესტო შეჯიბრებაზე მოწვევით ორგანიზატორებმა ტურნირი უფრო მიმზიდველი გახადეს. ჩემთვისაც საინტერესო იყო მათთან პაექრობა, რადგან კიდევ ერთხელ გამოვცადე საკუთარი შესაძლებლობები. როგორც საკვალიფიკაციო ეტაპმა აჩვენა, თურმე სახელოვან მხტომელებთან ტოლ-სწორად პაექრობა შემძლებია: სავალდებულო პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე მყოფ ტიტულოვან ჰი ვიენას მხოლოდ 0,034 ქულით ჩამოვრჩებოდი. ნებისმიერ პროგრამაში რისკს მოვერიდე.

წელის ტკივილის გამო სათანადო სიმაღლეს ვერ ავიღებდი და სირთულის კოეფიციენტს ვერ გავზრდიდი, ამიტომ ვარჯიშის სტაბილური შესრულება ვარჩიე. ალღომ არ გვიმტყუნა - 53,125 ქულით ნებისმიერში მეექვსე ვიყავი, ორი პროგრამის ჯამში კი 100,780 ქულით მეოთხე ადგილი დავიკავე, რამაც ფინალში გამოსვლის უფლება მომცა და ლონდონის ოლიმპიადის საგზური მომიტანა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, რადგან უპირველესად ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ მეტი შემიძლია და ეს შანსი მომავალში უნდა გამოვიყენო.

- იმის თქმა გინდა, რომ 2012 წლის ოლიმპიადაზე მედლებისთვის იბრძოლებ?

- გამორიცხული არაფერია. პეკინის თამაშებზე უზბეკმა კატერინა ხილკომ საკვალიფიკაციო ეტაპის მერვე ადგილიდან ფინალში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აგერ, ლონდონის სატესტო ტურნირზე, ჰი ვიენამ შესანიშნავად განვლო წინასწარი პაექრობები და 102,454 ქულით პირველი შევიდა ფინალში, იქ კი მეშვიდე ადგილს დასჯერდა.

ასე რომ, ყველაფერია შესაძლებელი. ჩინეთის დედაქალაქში გამოუცდელობა რომ არა, შესაძლოა, მედალს მეც შევწვდომოდი. ფინალში ასპარეზობისას ერთ-ერთ მომენტში ხაზზე გადმოვედი და ზამბარასთან ახლოს აღმოვჩნდი. ვარჯიშის ჩაშლას მომენტალურად სირთულის კოეფიციენტისა და პროგრამის ელემენტების შეცვლა ვამჯობინე. ეტყობა, არბიტრების კეთილგანწყობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს: ოლიმპიურმა ჩემპიონმა ირინა კარავაევამ პეკინში ვარჯიში ცუდად შეასრულა, სადაზღვევო ლეიბზეც დაადგა ფეხი, მაგრამ მსაჯებმა რუს სპორტსმენს იმდენი ქულა დაუწერეს, რომ ერთი ადგილით გამისწრო.

- სირთულის კოეფიციენტი ახსენე.

- ოთხი წლის წინათ 13,5 სირთულის კოეფიციენტის ვარჯიშებს ვასრულებდი. ახლა ის 14,4-მდე გავზარდეთ. არც ეს არის ზღვარი. მწვრთნელებთან ერთად გადაწყვეტილი გვაქვს, ლონდონში 15,1 სირთულის ვარჯიშები შევასრულო. გამოცდილებაც საკმაოდ დამიგროვდა. დანარჩენი კი უფლის ნებაა.

- ცრურწმენების თუ გჯერა?

- რაზე მეკითხებით?

- ლონდონში ხომ 13 იანვარს იასპარეზე.

- მამაჩემი, რომელიც ჩემი პირადი მწვრთნელიცაა, ამგვარი რამეებისთვის წინასწარ მამზადებს. ხომ ამბობენ, 13 თარსი რიცხვიაო, მამას კი პირიქით სჯერა, ამიტომაც ხშირად აქცენტს 13-ზე აკეთებს: ვარჯიშებზე თითოეულ ელემენტს 13-13-ჯერ მამეორებინებს, გასახურებლად დარბაზში 13 წრეს ვარტყამ. შარშანწინ მსუბუქი ავტომანქანა 13 დეკემბერს მიყიდა, ნომერიც უნდოდა 013 აეღო, მაგრამ ნუსხაში არ აღმოჩნდა. საკვალიფიკაციო ტურნირისთვის დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე რომ ვემზადებოდით, მე-13 ოთახში ვცხოვრობდი, აი, ლონდონის სასტუმროში კი 2012 ნომერი მერგო. ასე რომ, სალიცენზიო ტესტის ჩატარების თარიღისთვის ყურადღება არც მიმიქცევია.

- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

- ახლა ინტენსიური მკურნალობის კურსს გავდივარ, რომ დროულად გამოვჯანმრთელდე. მერე დუშეთში საწვრნელი შეკრება გვექნება, მარტის ბოლოს ეროვნულ ჩემპიონატზე, 13 აპრილს კი სანკტ-პეტერბურში ევროპის პირველობაზე გამოვალ. ზაფხულამდე მსოფლიოს თასის ორ ეტაპზეც მოვსიჯავ ძალებს. ამ შეჯიბრებებზე ახალი სირთულის ვარჯიშებს გამოვცდი, რომ ლონდონის ოლიმპიადას ყოველმხრივ მომზადებული შევხვდე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!