ქუთაისის "ტორპედოს" 27 წლის მცველის აზრით, საქართველოს ჩემპიონატში თამაში უკვე საკმაოდ რთულია
გუშინ ქუთაისში "ტორპედოსა" და ფოთის "კოლხეთს" ამხანაგური მატჩი უნდა ეთამაშათ, მაგრამ დიდთოვლობის გამო შეხვედრა ვერ ჩატარდა. "ტორპედომ" გუშინ მხოლოდ ვარჯიში მოახერხა, რომლის შემდეგაც გუნდის ახალწვეულს, ალექსანდრე კვახაძეს დავუკავშირდით.

27 წლის კვახაძე საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრალური მცველია, ის პირველად კლაუს ტოპმიოლერმა მიიწვია ეროვნულ გუნდში, შემდეგ კი ექტორ კუპერი თითქმის სისტემატურად იძახებდა ნაკრებში.

კარგი აღნაგობის, შეუპოვარი, თავით ჩინებულად მოთამაშე - ცენტრალური მცველისთვის საჭირო ეს თვისებები კვახაძეს ნამდვილად არ დაეწუნება და შეიძლება ითქვას, რომ "ტორპედომ" მისი სახით მნიშვნელოვანი ტრანსფერი განახორციელა.

მას შეუძლია იყოს დაცვის ლიდერი, შეადუღაბოს ეს რგოლი და, თუ საქმეს დასჭირდა, შეტევაშიც ჩაერთოს.

კვახაძემ პირველი საფეხბურთო ნაბიჯები "ვიტ ჯორჯიაში" გადადგა, შემდეგ რუსთავის "მეტალურგში" გადავიდა და იქიდან მოხვდა "ტორპედოში".

- ისე ჩანდა, თითქოს რუსთავული კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება გქონდა...

- განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თანაც, უკვე ჩავლილი ამბავია და ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს. ამ გუნდის ხელმძღვანელობასთან, მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან და მთელ პერსონალთან კარგი მოგონებების მეტი არაფერი მაკავშირებს.

- "ტორპედომ" "მეტალურგისგან" შენი ტრანსფერი გამოისყიდა თუ სხვა სახის შეთანხმება მოხდა?

- ჩვეულებრივი ტრანსფერი განხორციელდა, "ტორპედომ" გარკვეული თანხა გადაიხადა. მოხარული ვარ, რომ ისეთი დიდი ტრადიციების კლუბში გადმოვედი, როგორიც ქუთაისის "ტორპედოა". დამეთანხმებით, ფეხბურთში ტრადიციები ბევრს ნიშნავს.

- კიდევ რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ამ ტრანსფერს?

- კლუბის, მწვრთნელის და ჩემი სურვილები ერთმანეთს დაემთხვა. რა თქმა უნდა, ვისაუბრე გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან და ამანაც ხელი შუწყო ტრანსფერს. "ტორპედოში" ვარჯიშიც მოვასწარი, მალე კი თურქულ შეკრებაზეც წავალთ.

- როგორ ატყობ, "ტორპედო" უკვე ისეა დაკომპლექტებული, რომ ტიტულის მოსაპოვებლად მზად არის?

- ყოველ შემთხვევაში, მე ცდას არ დავაკლებ, რომ "ტორპედომ" მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიოს.

- ერთი ხანობა ეროვნულ ნაკრებში უწყვეტად თამაშობდი, ანუ იყო ისეთი მომენტი, უცხოეთში წასვლის კარგი შესაძლებლობა რომ გქონდა. რა მოხდა, რატომ გაგიძნელდა საზღვარგარეთ წასვლა? იმასაც ამბობდნენ, კვახაძემ თვითონ თქვა უარი უცხოეთზეო...

- მართლაც ისე მოხდა, რომ საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება ვერ მივიღე, ხან კი სხვა ფაქტორებმა შემიშალა ხელი. ვფიქრობ, დრო კიდევ არის, რომ საქართველოს გარეთაც მოვსინჯო ძალა.

- ნაკრებში საუკეთესო მატჩი ალბათ ბულგარეთან გქონდა, როცა გუნდს ექტორ კუპერი თავკაცობდა...

- ასეა, თბილისში ბულგარეთს 0:0 ვეთამაშეთ, გოლი არ გაგვიშვია და მცველებისთვის ეს კარგი შედეგია. ბულგარეთის ნაკრებში მაშინ დიმიტარ ბერბატოვიც თამაშობდა, ისეთი მატჩი იყო, მოგებაც შეგვეძლო, არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, შინ ჩერნოგორიასთან ასევე 0:0 რომ ვითამაშეთ, მაშინაც ნორმალურად ჩავატარე შეხვედრა, მოსაგებად კი იმ მატჩებში იღბალი დაგვაკლდა.

- ახლა ისეთი ტენდენციაა, რომ ქართველი ფეხბურთელები უცხოეთიდან ჩვენს ეროვნულ ჩემპიონატს უბრუნდებიან - ამის გათვალისწინებით, უახლოეს პერიოდში, ალბათ, არ ფიქრობ საზღვარგარეთ წასვლაზე..

- საქართველოში ახლა ოთხი-ხუთი ისეთი სერიოზული კლუბია, რომ უცხოეთში წასვლა, სახლიდან მოწყვეტა ბევრს აღარ უღირს. ვფიქრობ, უკეთესიც კია, თუ აქ მოთამაშე კარგი ფეხბურთელები დარჩებიან, ამით ხომ ჩვენი ჩემპიონატის დონე ამაღლდება. მიმაჩნია, რომ პროგრესი უკვე არის, საქართველოს ჩემპიონატში საკმაოდ რთული გახდა თამაში.

- მაინც რატომ გახდა ძნელი აქ თამაში?

- იმიტომ, რომ გუნდები მოძლიერდნენ, რომელიმე მეტოქესთან იოლად გახვიდე ფონს - ასეთები აღარ ხდება. დააკვირდით, როცა რომელიმე ლიდერი გუნდი ეთამაშება ცხრილის შუაში თუ ბოლოში მყოფ მეტოქეს, პროგნოზების კეთება ძალიან გაძნელდა.

- მცველი ხარ და, ბოლო წლებში ყველაზე მეტად რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ ჭირდა თამაში?

- ადრე ასეთი მათე ვაწაძე იყო, ახლა კი გამორჩეული ფორვარდი ნიკა გელაშვილია, არიან სხვებიც, რომლებთანაც გამკლავება საკმაოდ რთულია.

- საქართველოს ჩემპიონატი პოზიტიურად მიმოვიხილეთ, თუმცა დამეთანხმები, რომ აქ მოთამაშე ყველა გამორჩეულ ფეხბურთელს მაინც უცხოეთისკენ მიუწევს გული...

- "ტორპედოში" რომ მივედი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის იქით არ ვიყურები. ვფიქრობ, ისეთ გუნდში მოვხვდი, სადაც წინსვლა, თამაშის დახვეწა შესაძლებელია და თუ უცხოეთის ვარიანტი გამოჩნდება, კლუბი ხელს არ შემიშლის.

- "ტორპედოში" არაერთი ყოფილი თანაგუნდელი დაგხვდა...

- დავით დიღმელაშვილი, გიორგი დათუნაიშვილი, ვახტანგ კვარაცხელია... მათთან წლებია, ვმეგობრობ, დანარჩენ თანაგუნდელებსაც ჩემს მეგობრებად ვთვლი და გუნდში ერთსულოვნების, შეწყობის და შეთამაშების პრობლემა ნამდვილად არ იქნება.

რა თქმა უნდა, ყურადღებით ვადევნებ თვალყურს იმას, თუ რა ტრანსფერები ხორციელდება სხვა კლუბებში, მერწმუნეთ, "ტორპედო" ტოლს არავის დაუდებს, კონკურენტებთან ჩვენი შანსები 50/50-ზეა. ვინ როგორ მოინდომებს, ვინ როგორ ფორმაში იქნება - ტიტულისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი ეს უნდა იყოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს