ავსტრალიის ღია პირველობის მეხუთე სათამაშო დღეს მეთექვსმეტედფინალური ეტაპი დაიწყო
ავსტრალიის ღია პირველობის მეხუთე სათამაშო დღეს მეთექვსმეტედფინალური ეტაპი დაიწყო. დაძაბული მატჩები ძალიან ცოტა იყო - გადამწყვეტი სეტის ჩატარება ქალების ერთ და მამაკაცების ორ მატჩში გახდა საჭირო.

მამაკაცთა ბადეში გაცილებით ბევრი დაძაბული შეხვედრა ვიხილეთ. ერთადერთი, ვინც იოლ გამარჯვებას მიაღწია, რაფაელ ნადალი იყო. მას მეტოქედ სლოვაკი ლუკაშ ლაჩკო ჰყავდა.

ამ ჩოგბურთელების წინა შეხვედრაში ესპანელმა ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით წააგო. მაგრამ, ამჯერად, ნადალმა ასეთი გაუგებრობა არ დაუშვა, ძალიან მოტივირებული გავიდა კორტზე და მხოლოდ ერთხელ მისცა მეტოქეს ბრეიკის გაკეთების საშუალება - 6:2, 6:4, 6:2.

როჯერ ფედერერს არ ჰქონია იოლი გასეირნება. როცა ხორვატ ივო კარლოვიჩს მოწოდება მისდის, მისი თამაშისთვის გასაღების მორგება ძალიან რთულია - მთელი პირველი სეტის განმავლობაში შვეიცარიელი ამაოდ ცდილობდა მეტოქის გეიმის აღებას.

როგორც მოსალოდნელი იყო, პარტია ტაი-ბრეიკით დასრულდა, სადაც ხორვატ ჩოგბურთელს სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო და ამისთვის დაისაჯა კიდეც.

ფედერერმა მოიგო შემოკლებული გეიმი - 8:6, მეორე სეტში კი, როგორც იქნა, ბრეიკიც გააკეთა და 7:5 გაიმარჯვა. მესამე სეტში კარლოვიჩს ფიზიკური ძალა აღარ ეყო საბრძოლველად, ორი პარტიის წაგების შემდეგ განწყობაც გაუფუჭდა. მან 40:15-დან წააგო საკუთარი გეიმი და როჯერმა სამ სეტში გამარჯვება გაიფორმა - 7:6(6), 7:5, 6:3.

შვეიცარიელის მეტოქე საღამოს მატჩში ირკვეოდა, რომელშიც ავსტრალიური პუბლიკის ახალი იმედი ბერნარდ ტომიჩი უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს ხვდებოდა. მესამე წრემდე უკრაინელმა ორი ხუთსეტიანი მატჩის გამართვა მოასწრო, ავსტრალიელმა - ერთის. ამასთან, ორივეს მოუწია 0:2-დან შეხვედრის გადარჩენა: დოლგოპოლოვს გრეგ ჯონსთან, ტომიჩს - ფერნანდო ვერდასკოსთან.

ამიტომაც, გასაკვირი არაფერი არ არის იმაში, რომ მათი შეხვედრაც ხუთ სეტამდე გაიწელა. პირველ პარტიაში ბერნარდმა შეძლო 4:2 დაწინაურება, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო, თანაც თავისი მოწოდება 40:15-დან დათმო. მეორე პარტიაშიც ტომიჩმა პირველმა გააკეთა ბრეიკი, მაგრამ დოლგოპოლოვმა დაიბრუნა მოწოდება, თუმცა ამჯერად გადამწყვეტ უპირატესობას ვერ მიაღწია. სეტის ბოლოს მასპინძელმა აქტიურობას უმატა და სათამაშო ინიციატივა იგდო ხელთ. ბოლო გეიმი უკრაინელმა ორი სეტბოლიდან გადაარჩინა, მაგრამ ტაი-ბრეიკი ჩააგდო - ვერც ერთი ქულა ვერ აიღო "საჩოგბურთო ლატარიაში".

მესამე პარტია დოლგოპოლოვმა შესანიშნავად დაიწყო და დამსახურებულად დაწინაურდა - 3:0. მაგრამ იქვე მოდუნდა და მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა. მერვე გეიმში უკრაინელს რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ეს შანსი არარეალიზებული დარჩა და საბოლოოდ, საქმე ისევ ტაი-ბრეიკამდე მივიდა. ამჯერად "შემოკლებული გეიმი" გაცილებით დაძაბული გამოვიდა - ჩოგბურთელები მორიგეობით იღებდნენ მინი-ბრეიკებს, მაგრამ ბოლოს მაინც ტომიჩი იყო უფრო ძლიერი - 8:6.

მეოთხე სეტის შუაში ბერნარდმა წააგო საკუთარი მოწოდება, რის შემდეგაც მეხუთე სეტისთვის ძალების შენახვა გადაწყვიტა და ამიტომაც ამ პარტიაში ბრძოლა შეწყვიტა. მეხუთე სეტში კი მაყურებელმა ერთადერთი ბრეიკი იხილა, რომელიც ავსტრალიელის ანგარიშზე იყო.

ასევე ხუთსეტიანი გამოვიდა ფელისიანო ლოპესისა და ჯონ ისნერის მატჩი. ესპანელმა წააგო ორი ტაი-ბრეიკი მეორე და მეოთხე პარტიებში, მაგრამ დანარჩენ სეტებში დაღლილ ამერიკელზე უკეთ გამოიყურებოდა - 6:3, 6:7(3), 6:4, 6:7(0), 6:1. სხვათა შორის ისნერი აშშ-ის ერთადერთი წარმომადგენელი იყო სატურნირო ბადეში, ასე რომ, პირველად ბოლო 40 (!) წლის განმავლობაში, ავსტრალიის ღია პირველობის მერვედფინალში ვერ გავიდა ამერიკელი ჩოგბურთელი.

ქალთა ბადეში გამარჯვებები მოიპოვეს იმ ჩოგბურთელებმა, რომლებსაც სტატუსის მიხედვით ევალებოდათ ამის გაკეთება.

ბელარუსმა ვიქტორია აზარენკამ მერვედფინალში გადასასვლელი შეხვედრა მოუგო გერმანელ მონა ბარტელს, რომელმაც ავსტრალიის ღია პირველობის წინ ჰობარტში მოიგო კარიერაში პირველი ტიტული. პირველი პარტია ბელარუსისთვის საკმაოდ იოლად წარიმართა - ის კარგად უტევდა და ნახევარ საათში გაიფორმა გამარჯვება.

მეორე სეტი გაცილებით დაძაბული გამოვიდა. მონამ შეძლო უკანა ხაზზე თამაშის დალაგება და მეტოქეს სერიოზული ბრძოლა გაუმართა. აზარენკამ მოახერხა ერთი ბრეიკის გაკეთება, რის შემდეგაც დიდი გაჭირვებით ინარჩუნებდა თავის მოწოდებებს. განსაკუთრებით ნერვული გამოვიდა ბოლო გეიმი. მასში ბევრი იყო საკამათო სიტუაცია, მაგრამ იმ მომენტისთვის ბელარუსს გამეორებების ლიმიტი ამოწურული ჰქონდა და მსაჯის სწორი გადაწყვეტილების იმედად უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ, აზარენკამ მეხუთე მატჩბოლზე მაინც შეძლო თამაშის თავის სასარგებლოდ დასრულება.

ანა ტატიშვილთან რთული მატჩის შემდეგ, ამჯერად კაროლინ ვოზნიაცკიმ უფრო ყურადღებითა და მობილიზებით ითამაშა მონიკა ნიკულესკუს წინააღმდეგ. მეორე სეტში სტარტზე დაკარგული საკუთარი მოწოდება დაიბრუნა და 6:2, 6:2 გაიმარჯვა.

კიმ კლაისტერსს ერთი გეიმით მეტი დასჭირდა სლოვაკი დანიელა ჰანტუხოვას დასამარცხებლად - 6:3, 6:2. თუმცა სლოვაკმა პირველი პარტიის შუაში მარცხენა ფეხთან დაკავშირებული პრობლემების გამო სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო და შემდეგ კორტზე გადაადგილება უჭირდა. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ავსტრალიის ღიას მოქმედი ჩემპიონი ძალიან მაღალ დონეს აჩვენებდა.

კრისტინა მაკჰეილმა ერთი სეტი "მშრალი" ანგარიშით წააგო ელენა იანკოვიჩთან. აგნიეშკა რადვანსკამ ერთნაირი ანგარიშით - 6:2 მოუგო ორივე სეტი გალინა ვოსკობოევას. ნა ლისა და ანაბელ მედინა გარიგესის მატჩი კი ძალიან მალე დასრულდა- მეორე გეიმში ესპანელმა ფეხი გადაიბრუნა და მტკივნეული ტრავმა მიიღო. სამედიცინო ტაიმაუტის შემდეგ მან გეიმნახევარი კიდევ ითამაშა და შემდეგ ბრძოლის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.

1/16 ფინალი

კაცები

ფილიპ კოლშრაიბერი (გერ)-ალეხანდრო ფალა (კოლ) 6:3, 6:2, 7:6(3); ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 11)-იენ-ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:2, 6:3, 6:0; ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა)-ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 13) 4:6, 7:6(0), 7:6(6), 2:6, 6:3; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-ივო კარლოვიჩი (ხორ) 7:6(6), 7:5, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 30) 7:6(5), 7:6(1), 6:1; ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 10)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 21) 7:6(2), 6:2, 6:4; ფელისიანო ლოპესი (ესპ, 18)-ჯონ ისნერი (აშშ, 16) 6:3, 6:7(3), 6:4, 6:7(0), 6:1; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:2, 6:4, 6:2.

ქალები

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 31) 6:2, 6:2; ელენა იანკოვიჩი (სერ, 13)-კრისტინა მაკჰეილი (აშშ) 6:2, 6:0; კიმ კლაისტერსი (ბელ, 11)-დანიელ ჰანტუხოვა (სლოვაკ, 20) 6:3, 6:2; ნა ლი (ჩინ, 5)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 26) 3:0 უარი; ვიქტორა აზარენკა (ბლრ, 3)-მონა ბარტელი (გერ) 6:2, 6:4; ივეტა ბენეშოვა (ჩეხ)-ნინა ბრატჩიკოვა (რუს) 6:1, 6:3; ჯულია გორგესი (გერ, 22)-რომინა ოპრანდი (იტა) 3:6, 6:3, 6:1; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 8)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 6:2, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"