პეტერ ზაიზენბახერმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 28-29 იანვარს თბილისის მსოფლიოს თასზე იასპარეზებს
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები შაბათს დაბრუნდა ავსტრიული მიტერსილიდან, სადაც ერთობლივ საწვრთნელ კემპში მონაწილეობდა. იქ დაახლოებით 700-მდე ძიუდოისტი ვარჯიშობდა, რაც ჩვენებისთვის სპარინგების თვალსაზრისით პირდაპირ მისწრება იყო - დღეში დაახლოებით 10-მდე შეხვედრის გამართვა უწევდათ ნაირ-ნაირი საჭიდაო სტილისა და ყაიდის მეტოქესთან.

შაბათსვე გუნდის ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 28-29 იანვარს თბილისის მსოფლიოს თასზე იასპარეზებს. წინასწარ გეტყვით, რომ სიაშია დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური (90), რომელმაც სპორტის გარეშე მხოლოდ ერთი წელიწადი გაძლო და ხანმოკლე განშორების შემდეგ კვლავ უბრუნდება საყვარელ საქმიანობას.

ეტყობა, იაპონიასა და ავსტრიაში განვლილმა შეკრებებმა დაარწმუნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა სპორტში დაბრუნების საშუალებას აძლევს, თორემ აქამდე მთავარ დილემად სწორედ ეს საკითხი რჩებოდა - შეძლებდა თუ არა მისი ნატანჯი და არაერთგზის ნაოპერაციები სხეული დიდი სპორტისთვის საჭირო დატვირთვების ატანას. თუმცა დაკვირვების პროცესი ჯერაც გრძელდება - თბილისის ტურნირზე საბოლოოდ გაირკვევა, გააგრძელებს თუ არა ის სპორტულ კარიერას ანუ იქ კიდევ ერთხელ აწონ-დაწონიან მისი ორგანიზმი რამდენად აიტანს საშეჯიბრო დატვირთვას. მან წარმატებით კი გაიარა ორივე შეკრება და დღეში 10-12 შეხვედრასაც ატარებდა, მაგრამ ერთია შეკრება და მეორე - ტურნირი.

30 წლის ზვიადაური ამ ერთწლიან პერიოდშიც, როცა სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა და თბილისის შარშანდელ ტურნირზე საზეიმოდაც გააცილეს, ნაკრებში მუშაობდა მეორე მწვრთნელად. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, ის მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ევროპის მესამე პრიზიორიცაა. მსოფლიოს პირველობებზე ზედიზედ იჭიდავა ორი ფინალი - 2001 წელს მიუნხენში ფრანგ ფრედერიკ დემონფოკოსთან ამომავალი ვარსკვლავის სტატუსით გასული 20 წლის ბიჭი წელის ტკივილის გამო თავიდანვე განწირული იყო და სასწაული ვერც მოახდინა.

დანაკლისის ასანაზღაურებლად ორ წელიწადში იაპონურ ოსაკაში ფრიად შემართული ჩავიდა და ფინალამდე ყველა მეტოქე უდავიდარაბოდ დაიფრინა, ფინალშიც კორეელ ჰე ტაე ჰვანგს გააფთრებით ეკვეთა და მიენხენური დანაკარგის ამოღებამდე თითქოს არაფერი რჩებოდა - შეხვედრის შუაწელში ვაზარ-იუკოთი იგებდა, მაგრამ შეტევის ტემპი არ დააგდო, რაც ტაქტიკური შეცდომა აღმოჩნდა. მეტოქემ კონტრილეთზე დაიჭირა და შებოჭა.

ასე გაუფრინდა ხელიდან ზედიზედ მეორედ მსოფლიოს ოქრო, თუმცა ათენის ოლიმპიადაზე ყველა ანგარიში ერთად გაასწორა და საჩემპიონო გვირგვინით თავდამშვენებული სამშობლოში გმირად დაბრუნდა. მაშინ მისმა გამარჯვებამ ძიუდოს განვითარებას ჩვენში წარმოუდგენლად დიდი ბიძგი მისცა.

კვირის ბოლოს ზვიადაური გუნდის ლიდერად გაუძღვება თანაგუნდელებს მშობლიურ ტურნირზე და კიდევ ერთხელ შეეცდება ერთგული ქომაგის გახარებას. მის გარდა, ამ შეჯიბრებაზე ევროპის ვიცე-ჩემპიონი ბეთქილ შუკვანი, პაატა მერებაშვილი, იოსებ ნიჟარაძე (სამივე - 60 კგ), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი, დავით ასუმბანი, სანდრო იაკობაშვილი (ყველა - 66), ამბაკო ავალიანი, ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, დავით კარბელაშვილი, პაატა ღვინიაშვილი (81), ლაშა გურული, გიორგი ნოზაძე, ბეთქილ ნავერიანი (90), ირაკლი ქობლიანიძე, ონისე ბუღაძე, ბექა ბერძენიშვილი, ალექსანდრე მსხალაძე (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი და ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ.

როგორც ხედავთ, ზაიზენბახერი ყველა წონაში იყენებს 4-კაციან კვოტას, თუმცა 60-ში ჯერჯერობით მხოლოდ სამი მონაწილეა. მწვრთნელმა თავდაპირველად აქ ამირან პაპინაშვილი კი დაასახელა, მაგრამ ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისი ჭიდაობა გამოირიცხა. მას ან ახალგაზრდებში მსოფლიოს მესამე პრიზიორი გიორგი მესაბლიშვილი შეცვლის (ოღონდ ის ახალგაზრდებში 55-ში ასპარეზობდა), ან - ასევე ახალგაზრდულის წევრი ვაჟა მარგველაშვილი. შევნიშნავთ, რომ მესაბლიშვილიც და მარგველაშვილიც დეკემბერში გამართულ საქართველოს პირველობაზე მესამეზე გავიდნენ.

მოლოდინისამებრ, ზაიზენბახერი ამჯერად წამყვან ფალავნებს ასვენებს - ევროპის ვიცე-ჩემპიონებს, ლომერ ჟორჟოლიანსა (100) და ვალერი ლიპარტელიანს (90) თებერვალში ევროპაში გასამართი უფრო პრესტიჟული შეჯიბრებებისთვის ინახავს, რადგან მათ წინა კვირას მასტერსზეც იასპარეზეს ალმატიში. აი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე (100) კი ასევე ძველი ტრავმის გამო ვერ ჭიდაობს.

შემადგენლობის შერჩევისას მწვრთნელი საქართველოს ჩემპიონატის შედეგებს დაეყრდნო, თუმცა რამდენიმე გადაწყვეტილებამ მაინც გაგვაოცა.

მაგალითად, რატომ ვერ მოიძებნა გუნდში ადგილი გიორგი ბაინდურაშვილის (81), გიორგი მერმანიშვილის (90) და დავით ლორიაშვილისთვის (100)? ამათგან მერმანიშვილი საქართველოზე მესამე იყო, ისინი კი ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. როგორც იქნა, უძლიერესი შემადგენლობა იკრიბება მძიმე წონაში, სადაც ხანგრძლივი შესვენების შემდეგ კვლავ ბრუნდება მსოფლიოს ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი გუჯეჯიანი. ძალიან საინტერესოა ახალგაზრდა მატიაშვილის გამოსვლაც.

შარშან მას ძალზე აქებდა ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გიორგი გუგავა და ამბობდა, დღითი დღე უმატებს, მალე კარგი მძიმე წონა გვეყოლებაო. შარშან ლევანი ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, მსოფლიოზე კი ცოტა არ იყოს, უფერულად იჭიდავა - ის ორი შეჯიბრება დროის მცირე შუალედით გაიმართა და, ეტყობა, ძალების აღდგენა ვერ მოასწრო. სამაგიეროდ, საქართველოს პირველობაზე შესამჩნევად უკეთ იასპარეზა და თუმცა ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონ ოქრუაშვილთან დამარცხდა, მაინც დიდი იმედი ჩაგვისახა. მაღალ დონეზე საჭიდაოდ გენეტიკაც ხელს უწყობს - ის ევროპის ჩემპიონ გივი ონაშვილის შვილიშვილია.

ზაიზენბახერმა უძლიერეს შემადგენლობებს უხმო იმ წონებში, სადაც ჯერ ისევ გვიჭირს ოლიმპიური ლიცენზიები - 66-73-ში. 66-ში ჩვენებურთაგან ყველაზე წინ ქარდავაა - მსოფლიოს რეიტინგში 200 ქულით 42-ე ადგილზეა და ვერც სალიცენზიო 22-კაციან ზონაში შედის, მაგრამ ევროპული კვოტის მოპოვების კარგი შანსი აქვს.

ევროპას წონაში 2-2 კვოტა ეძლევა, ქარდავა კი ამ სიაში მესამეა - მცირედით ჩამორჩება ლატვიელ დენის კოზლოვსს და ებრაელ გოლან პოლაცკის.

73-ში მთელი იმედები 268 ქულით 31-ზე მდგარ ტატალაშვილს უკავშირდება. 22-კაციან სიაში ვერც ის შედის, მაგრამ ევროპულ კვოტაში პირველია.

თუმცა აქ ერთი აუცილებელი განმარტებაც - ნებისმიერ ქვეყანას რეგიონალური კვოტით (ასეთი მიდგომა სხვა კონტინენტებზეც ვრცელდება) მხოლოდ ერთი საგზური ეძლევა, ანუ ჩვენგან ორივე რომც შევიდეს იმ 2 კაცში, ერთი მათგანი მაინც ოლიმპიადის გარეშე დარჩება. იმედია, ტატალაშვილი შეძლებს 22-ში შეღწევას, რაც ქარდავასაც გაუხსნის გზას საგზურისკენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
[VIDEO] მოტეხილი ყბა და კბილები - ქართველი და გერმანელი ძიუდოისტების დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
"შავი ლომი" | სასარგებლო მოთელვა "ბენეტონთან"
[VIDEO] დავითაშვილის საგოლე პასი და "სენტ-ეტიენის" წაგება ხუთი მოგების შემდეგ
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში