საქართველოს ჩემპიონმა "ზესტაფონმა" ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია მოაწყო
გუშინ დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში "ზესტაფონის" ახალი ფეხბურთელების პრეზენტაცია მოეწყო.

მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა, სპორტულმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და პრესატაშე სერგო ფუტკარაძემ ჟურნალისტებს და გულშემატკივრებს გუნდის ექვსი ახალწვეული წარუდგინეს. მიხეილ ხუციშვილმა დავით მუჯირს (23), ლევან შარიქაძეს (14), გოგა ბერაიას (8), აბაიომი ოვონიკოკოს (80), დავით რაჟამაშვილს (3) და გურამ სამუშიას (28) გუნდის მაისურები გადასცა.

"ზესტაფონის" კიდევ ერთი ახალწვეული, ლუკა გუგუჩია გუშინდელ პრეზენტაციაზე არ გამოჩენილა, როგორც ჭიაბრიშვილმა გვითხრა, მას ჯანმრთელობის მცირედი პრობლემები შეექმნა და გუნდთან ერთად ესპანურ შეკრებაზეც ვერ გაემგზავრება. სამაგიეროდ, გუნდთან ერთად არიან "ზესტაფონი 2"-ის ფეხბურთელები თორნიკე გრიგალაშვილი და მალხაზ გაგოშიძე, რომლებმაც კლუბთან ახალი, 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს და გუნდს ესპანეთშიც გაჰყვებიან.

საერთოდ კი, ჭიაბრიშვილს პირენეებზე 25 ფეხბურთელი მიჰყავს: მეკარეები: როინ კვასხვაძე, ზურაბ მამალაძე, კახაბერ მეშველიანი; მცველები: თემურ ღონღაძე, ზაალ ელიავა, მამუკა კობახიძე, გიორგი ონიანი, ედიკ საჯაია, გიორგი ხიდეშელი; ნახევარმცველები: თორნიკე აფციაური, ალექსი ბენაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, შოთა გრიგალაშვილი, შოთა ბაბუნაშვილი, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან შარიქაძე, გოგა ბერაია, გურამ სამუშია, დავით რაჟამაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე; თავდამსხმელები: დავით მუჯირი, რატი წინამძღვრიშვილი, ჯაბა დვალი, აბაიომი ოვონიკოკო.

ესპანეთში "ზესტაფონი" პირველ ამხანაგურ შეხვედრას 31 იანვარს უკრაინულ "დნიპროსთან" გამართავს, 3 თებერვალს კი, "მარბელას თასის" გათამაშების პირველ შეხვედრაში ჩინეთის ჩემპიონ " გუანჯოუს" დაუპირისპირდება.

გიორგი ჭიაბრიშვილი: სეზონისთვის მზადება 10 იანვარს ზესტაფონში დავიწყეთ. მზადების პირველი ეტაპი ნაყოფიერად მიმდინარეობს. აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზეა. "გაგრასთან" ამხანაგური მატჩი უკვე ჩავატარეთ, 24 იანვარს კი ჩვენს ბაზაზე მარტვილის "მერანს" ვეთამაშებით. 27 იანვარს მივემგზავრებით ესპანეთში, სადაც "მარბელას თასზე" ვიასპარეზებთ.

იმედია, ჩემპიონატისთვის კარგად მოვემზადებით და სეზონს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით. მიზნები უცვლელია - ვიბრძოლებთ ჩემპიონობისთვის, გარდა ამისა, თასზე და სუპერთასზეც ვაგრძელებთ ასპარეზობას და სამივე ტიტულის მოპოვებას შევეცდებით.

ძალიან კარგი ფეხბურთელები დავიმატეთ, მათ გუნდის გაძლიერება შეუძლიათ. საკმაოდ რთული ჩემპიონატი გვაქვს, აქ თამაში იოლი არ არის, თუმცა ყველანაირად ვეცდებით, რომ ჯერ შინაურ ასპარეზზე, შემდეგ კი ევროთასებზეც წარმატებით ვითამაშოთ.

- ახალი სეზონისთვის "ზესტაფონი" საბოლოოდ დაკომპლექტდა თუ კიდევ უნდა ველოდოთ ახლების გამოჩენას?

- გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და ყოველთვის სჭირდება გაძლიერება, თუმცა ამ ეტაპზე განხორციელებული ტრანსფერებით კმაყოფილი ვართ და ცვლილებებს აღარ ვაპირებთ.

- გელაშვილის წასვლით "ზესტაფონმა" სერიოზული დანაკლისი განიცადა, მის შემცვლელად ვინ გეგულებათ?

- გელაშვილი გუნდის ბომბარდირი იყო და მისი შეცვლა იოლი საქმე არ არის. ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ დარჩენილიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, მან "ზესტაფონში" თავისი შესაძლებლობები ამოწურა და სურს, ძალები სხვა, უფრო ძლიერ ჩემპიონატში მოსინჯოს.

კლუბმა მისი სურვილი გაითვალისწინა და პრობლემები არ შეუქმნა. გელაშვილს წარმატებებს ვუსურვებთ, ჩვენ კი შევეცდებით, რომ თავდასხმაში კვლავ შედეგიანად გავისარჯოთ.

- თქვენი კონკურენტების სატრანსფერო პოლიტიკას, ალბათ, თვალყურს ადევნებთ...

- ფაქტია, რომ გუნდები საკმაოდ გაძლიერდნენ. ძალიან საინტერესო ფეხბურთელები დაიმატეს "დინამომ", "ტორპედომ", "დილამ" და "ოლიმპმა", მაგრამ ახალი სისხლი ჩვენც გადავისხით. "ზესტაფონისთვის" ყოველთვის გუნდი იქნება მთავარი და არა რომელიმე კონკრეტული ტრანსფერი. ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონობაა და ვფიქრობ, ამ შემადენლობით დასახული ამოცანის გადაჭრა შეგვიძლია.

დავით მუჯირი: მოსამზადებელი ეტაპის საწყის ფაზაში ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სეზონს სრულფასოვნად მომზადებულები შევხვდეთ. "ზესტაფონთან" ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ეს ჩემი პირადი ინიციატივაც იყო და ვნახოთ - თუ სამომავლოდ მაღალ დონეზე თამაშისთვის ძალა კვლავ მეყო, კონტრაქტის გაგრძელებაც არ არის გამორიცხული.

ძალიან კარგ დროს მომიწია გუნდში მოსვლამ, ადაპტაციის პერიოდი მოსამზადებელ ეტაპს დაემთხვა. მეგობრული გუნდია, შევეცდებით, ამხანაგური მატჩები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და კარგად შევთამაშდეთ.

კლუბის მიზნები კვლავ მაქსიმალურია: სამივე ტიტულის მოპოვების შანსი გვაქვს და ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. მოხარული ვარ, რომ კვლავ მომეცა საქართველოს ჩემპიონატში თამაშის საშუალება. შევეცდები, "ზესტაფონის" წარმატებებში ჩემი წვლილიც შევიტანო.

- წლების წინ თბილისის "დინამოს" წამყვანი ფეხბურთელი იყავით, ახლა კი მის კონკურენტ "ზესტაფონის" ღირსებას იცავთ. ეს გარკვეულ დისკომფორტს ხომ არ შეგიქმნით?

- "დინამოს" ჩემთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. ამ გუნდის სიყვარულმა მათამაშა დიდი ფეხბურთი. მოხარული ვარ, რომ თბილისურ კლუბს შეძლებული მეპატრონე გამოუჩნდა და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს. "დინამოს" სახით "ზესტაფონს" ძლიერი კონკურენტი ეყოლება.

საერთოდაც, ჩემპიონობისთვის ოთხი გუნდი იბრძვის და ეს ძალიან კარგია. ღირსეულ კონკურენციაში გამოვლენილი ჩემპიონი და პრიზიორები ჩვენს ქვეყანას ევროტურნირებზე უკეთესად წარმოაჩენენ. იმედია, სხვა გუნდებიც გაძლიერდებიან. ყველა ქართულ კლუბს წინსვლას ვუსურვებ,

- "ზესტაფონში" საქართველოს ნაკრების მწვრთნელების თვალთახედვის არეშიც იქნებით. ნაკრებში დაბრუნების იმედი თუ გაქვთ?

- საქართველოს ნაკრებში ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ ასაკის მიუხედავად, ისინი, ვინც კონკრეტული შეხვედრისთვის უკეთ იქნებიან მზად. ეროვნული გუნდის ღირსების დაცვა ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა და გამონაკლისი არც მე ვარ. იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრებში კიდევ ვითამაშებ.

აბაიომი ოვონიკოკო: მიხარია, რომ "ზესტაფონში" მოვხვდი. აქაურობა ძალიან მომწონს, კარგი სავარჯიშო პირობებია. გუნდიც მეგობრულია. საბედნიეროდ, ტრავმა მოვირჩინე, ჯერჯერობით სპეციალური პროგრამით ვვარჯიშობ, თუმცა მალე სრული დატვირთვითაც შევძლებ მომზადებას. ვეცდები, ჩემზე გაცემული ავანსები გავამართლო და "ზესტაფონს" მაღალი მიზნების მიღწევაში დავეხმარო.

გურამ სამუშია: "ზესტაფონი" მოქმედი ჩემპიონია, ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული და ასეთი გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება ძნელია, თუმცა ვეცდები, გუნდს მაქსიმალურად გამოვადგე და ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დავეხმარო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა