მას თამაშის გაკეთება შეუძლია, რთულ სიტუაციაში გატანა, ჯანითა და ტექნიკით დაცვის მორღვევა...
მას თამაშის გაკეთება შეუძლია, რთულ სიტუაციაში გატანა, ჯანისა და ტექნიკის ხარჯზე დამცავი ეშელონების მორღვევა...

ახლა რთული პერიოდი აქვს - ქუსლის ოპერაციის შემდეგ უნდა აღიდგინოს ფორმა და მასზე გაცემული ავანსები გაამართლოს...

ბევრი ეფექტური გოლი გაუტანია, ოღონდ, თავი ისეთ გარემოში უნდა დაიგულოს, სადაც მწვრთნელი გაუგებს და სწორად მიუდგება...

ვახტანგ კვარაცხელია არ არის ფატალურად უიღბლო ფეხბურთელი, თუმცა მისი გზა არ ყოფილა უპრობლემო. ხშირად რაღაც უშლიდა ხოლმე ხელს, მაგრამ ასევე ხშირად გაჰქონდა ეფექტური და წონადი გოლები.

ვახტანგი ქუთაისელია, თუმცა იქაურ ქომაგს ის ჯერ ისე არ უყვარს, როგორც ადრინდელი ჯილები. მას ქუთაისში ჯერაც შესაქმნელი აქვს სახელი.

ქართულ კლუბებს შორის იშვიათია ისეთი ტრანსფერი, ასეულ ათასობით დოლარი რომ გადახდილა. კვარაცხელიას არ უთამაშია ეროვნულ ნაკრებში, მაგრამ, როცა "ვიტ ჯორჯიადან" "ტორპედოში" გადავიდა, ტრანსფერის ფასმა 100 000 დოლარს მიაღწია.

რა თქმა უნდა, ასეთ თანხას ჰაიჰარად არ ისვრიან, ეს ნაფიქრი გადაწყვეტილება იყო, "ტორპედოს" მაშინ ახალი მეპატრონე გამოუჩნდა "ვისოლის" სახით და კლუბისთვის კარგი ფეხბურთელების სელექცია უმთავრესი პრიორიტეტი გახდა. ერთიცაა, კარგი რეკომენდაციების გარეშე ვახტანგი ამ ფასად "ტორპედოში" ვერ გადავიდოდა. კარგ რეკომენდაციებს კი დამსახურება უნდა.

"ტორპედოში" მისვლამდე კვარაცხელიას საქართველოს ჩემპიონატიც მოგებული ჰქონდა და თასიც. ტიტულები საქართველოში სხვასაც მოუგია, მაგრამ სატრანსფეროდ საინტერესო ფეხბურთელი ვერ გამხდარა. კვარაცხელია კი თავიდანვე რაღაცნაირი, სხვანაირი იყო...

უმაღლეს ლიგაში მისი თამაში პირველად "თბილისში" ვნახეთ, ეს ის "თბილისი" აღარ იყო, სადაც ძალიან ბევრი საინტერესო ფეხბურთელი თამაშობდა და ივო შუშაკის "დინამოს" ნერვებს მაგრად უშლიდა. ეს უკვე დაშლილი "თბილისი" იყო, რომელსაც ახმახი თავდამსხმელი გამოუჩნდა, რომელიც, აღნაგობის მიუხედავად, კარგი დრიბლიორიც იყო. ამ ფორვარდს რაღაც აკლდა, ალბათ, ნიათი, ნაპერწკალი და მუხტი - ეს არ იყო პატარა ნაკლი. ცოტა ხნის შემდეგ კვარაცხელია თითქოს ჩაიკარგა, ბევრმა დაივიწყა როგორც პერსპექტიული ფეხბურთელი.

მას უთამაშია საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მაგრამ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გახარჯვა ვერსად მოახერხა. დაკვირვებულ თვალს ის არ გამოეპარებოდა, თუმცა იყო რაღაც, რაც მის აფეთქებას ხელს უშლიდა.

"თბილისი", შემდეგ "ოლიმპი", "ბათუმი", იყო უცხოეთიც, თუმცა ლატვიურ "ვეტრაში" დიდხანს არ დარჩენილა. სამშობლოში დაბრუნებული ცხინვალის "სპარტაკში" მივიდა. აქეთ-იქით სიარულს ბოლო მაშინ მოეღო, როცა "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი გახდა. აქედან დაიწყო მისი სერიოზული ნაბიჯები, ამ კლუბში ჩამოყალიბდა სატრანსფეროდ მიმზიდველ ფეხბურთელად.

ის "რაღაც", რაც კვარაცხელაის აკლდა, მწვრთნელმა კარგად "დაიჭირა" - ახალგაზრდებთან მუშაობაში ჭიპმოჭრილმა სპეციალისტმა რამაზ მუმლაძემ მასთან, ფაქტობრივად, ინდივიდუალურად იმუშავა. ყველა მწვრთნელს არ აქვს იმის ნერვები და უნარი, ინდივიდუალურად მიუდგეს ფეხბურთელს, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს და მოთამაშეს მოედანზე მაქსიმუმი დაადებინოს. მუმლაძე ამას აკეთებდა ვარჯიშებზე, ატყობდა, რომ გუნდიდან ნიკა გელაშვილის წასვლის შემდეგ ყველაზე ნიჭიერი თავდამსხმელი კვარაცხელია იყო.

ხანდახან მუმლაძე კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზეც ამწესებდა ხოლმე, მერე კი თამაშმონატრებული თავდამსხმელი მეტი მონდომებით თამაშობდა და გოლებიც გაჰქონდა. ცხადია, მუმლაძეს სხვა მეთოდებიც ჰქონდა მის დასაქოქად, მაგრამ ეს მწვრთნელის ისეთი საიდუმლოა, ამოხსნას რომ არ ექვემდებარება. მუმლაძემ ეს ფეხბურთელი თითქოს საკუთარ ბიოველში მოაქცია.

მუმლაძის ხელმძღვანელობით "ვიტ ჯორჯია" ჩემპიონიც გახდა, მაგრამ მწვრთნელს ხომ ის შედეგიც ეთვლება, ახალგაზრდა ფეხბურთელებს რომ დააწინაურებს.

გახსოვთ, როგორი გოლი გაუტანა ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში კვარაცხელიამ სლოვენიურ "მარიბორს"? თავურისთვის საკმაოდ შორიდან "ცხრიანში" ჩასვა ბურთი.

ან ეს თუ გახსოვთ: ოთარ გაბელიას გაწვრთნილი ახალგაზრდული ნაკრები შინ ირლანდიასთან 0:1-ს აგებდა, კვარაცხელია შეცვლაზე შევიდა, თითქმის ყველა მაღალი თუ დაბალი ბურთი მოიგო და ანგარიშიც გაათანაბრა.

"ვიტ ჯორჯიას" შემდეგ მუმლაძე ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელი გახდა. "ვიტ ჯორჯიადან" წასულ სპეციალისტს შეეძლო, ახალი კლუბის ხელმძღვანელობისთვის არ ერჩია ამ ფეხბურთელის ყიდვა, მაგრამ ყველა ადამიანი გულღრძო ვერ იქნება და ყველა მწვრთნელი არ ცდილობს, რომ ფეხბურთელის ტრანსფერიდან თვითონაც მიიღოს თანხა - კვარაცხელიას ტრანსფერით "ვიტ ჯორჯიამ" იხეირა, "ტორპედოში" კი მას თავისი ჯერაც დასამტკიცებელი აქვს.

დაახლოებით ოთხი თვის წინ კვარაცხელიამ საზღვარგარეთ წასვლა გადაწყვიტა, ებრაულ "ჰაპოელ ფეთაჰ თიქვაში" მივიდა და... ვარჯიშზე ფეხი მოიტეხა.

ასეთი განსაცდელები სპორტსმენის ცხოვრების ნაწილია. კვარაცხელიას მაინც გაუმართლა, "ტორპედოში" ის მწვრთნელი მივიდა, რომელიც მასზე საკმაოდ კარგი აზრისაა.

გია გეგუჩაძე "ზესტაფონს" რომ თავკაცობდა, ვიტჯორჯიელმა კვარაცხელიამ ზესტაფონში ისეთი შოუ მოაწყო, თქვენი მოწონებული, მცველები მას, უბრალოდ, ვერ აჩერებდნენ. გოლებითაც გამოიჩინა თავი. სულ სხვაა, როცა მწვრთნელი საკუთარ თავზე იწვნევს მეტოქე გუნდის ფეხბურთელის წარმატებულ თამაშს, ამის მერე ეს ფეხბურთელი მისთვის უფრო ფასეული ხდება.

ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებზე სიარული ნამდვილად ღირს, ამ ჩემპიონატს ბევრი საინტერესო ისტორია ახლავს, კვარაცხელიას ტორპედოული ამბავიც რეალურად ახლა იწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის