ადლერის უიღბლობების კასკადი 2010 წლის დასაწყისში დაიწყო
რენე ადლერი ბოლო წლების ყველაზე უიღბლო გერმანელი ფეხბურთელია. მისი უიღბლობების კასკადი 2010 წლის დასაწყისში დაიწყო, როცა გერმანიის ნაკრების პირველ მეკარედ გამოცხადებული, რომელსაც მუნდიალზე ბუნდესგუნდის კარი უნდა დაეცვა, მძიმედ დაშავდა. შედეგად, მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების კარს მანუელ ნოიერი იცავდა და მას მერე ბუნდესმეკარე მანუა.

გასულ ზაფხულს ადლერს ტრავმა მეორედ გაუმიზეზდა და საოპერაციო გახდა, რის გამოც "ლევერკუზენმა" ახალგაზრდა ბერნდ ლენო ჯერ ინათხოვრა, მერე კი იყიდა, რადგან ეს უკანასკნელი ძალიან კარგად ათამაშდა - რენე კი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მოკლედ, საქმე იქამდე მივიდა, რომ ახლო წარსულში საუკეთესო გერმანელი მეკარე, დღეს ახალ კლუბს ეძებს. ამ დღეებში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ ადლერი "ჰამბურგს" ყველაფერზე მოურიგდა და რომ ზაფხულში ჩრდილოგერმანულ კლუბს მიაშურებს, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ არ დასტურდება. შესაბამისად, ადლერის მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"პირველ რიგში რენე სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს და ახალ გუნდზე სერიოზულად მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ. "ჰამბურგთან" შეთანხმებას ვერ დავადასტურებ," - ეს ადლერის მრჩევლის, იორგ ნოიბაუერის სიტყვებია. "ჰამბურგის" სპორტული დირექტორი ფრანკ არნესენი კი ამბობს, ადლერით დაინტერესებულები მართლაც ვართ, მაგრამ ჯერ არაფერი გადაწყვეტილაო.

გამოჯანმრთელების პროცესი კი მართლაც უსაშველოდ გაიწელა. წესით, რენეს მეორე წრიდან უნდა ეთამაშა, მაგრამ დეკემბრის მიწურულს ტრავმა ისევ, უკვე მესამედ გაუმიზეზდა და ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გადის. ამასობაში, რაც დრო გადის, უფრო და უფრო საეჭვო ხდება, რომ ადლერმა "ლევერკუზენის" ფორმა მოირგოს. ფაქტია, რომ "ლევერკუზენის" ხელმძღვანელებისთვის გუნდის მომავალი "შტუტგარტიდან" 7.5 მილიონ ევროდ უკვე საბოლოოდ გამოსყიდულ ლენოსთან ასოცირდება, რენემ კი ზაფხულში "ბაიერი" უნდა დატოვოს.

დანიელი ტალანტი ჰამბურგში

"ჰამბურგმა" ნიჭიერი დანიელი ნახევარმცველი კრისტიან ნორგაარდი გადაიბირა. 17 წლის გამთამაშებელი ჩრდილოგერმანულ კლუბში "ლინგბიდან" გადავიდა - HSV-მ მასში 400 000 ევრო გადაიხადა. გაზეთ "ჰამბურგერ მორგენპოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ნორგაარდი აცხადებს, რომ ბავშვობის ოცნება აუხდა. 1.85 მეტრი სიმაღლის შემტევი ნახევარმცველი აქამდე დანიის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა: 16-წლამდელთა გუნდში 1 მატჩი აქვს ჩატარებული, 17-წლამდელებში 21 (3 გოლი), ხოლო 19-წლამდელებში კი - 5.

მანჯუკიჩი ბაიერნისთვის მზადაა

შაბათს, "ვოლფსბურგი" მიუნხენის "ბაიერნს" სტუმრობს და "მგლების" მთავარმა მწვრთნელმა ფელიქს მაგათმა შვებით ამოისუნთქა: ქვემოსაქსონიელთა თავდამსხმელი მარიო მანჯუკიჩი გამოჯანმრთელდა და "ალიანს არენაზე" აუცილებლად ითამაშებს.

"ტკივილები აღარ მაწუხებს და თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ბაიერნთან" ვითამაშებ," - განაცხადა გუშინ მანჯუკიჩმა, რომელსაც მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და "ვოლფსბურგის" საუკეთესო ბომბარდირია.

აქვე გეტყვით, რომ ლაზარეთი "მგლების" ნახევარმცველმა თომას ჰიტცლშპერგერმაც დატოვა, ოღონდ ჯერ მოედანზე ვერ დაბრუნდება. მცირე ტრავმები მოიშუშეს და სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლეს ახალწვეულებმაც, იბრაჰიმ სისოკომ და ვიერინიამ.

ვერდერს დაცვაში უჭირს

"ვერდერის" დაცვის ბურჯ ნალდოს ტრავმა მოსალოდნელზე მძიმე აღმოჩნდა. ბრემენული კლუბის სამედიცინო შტაბის ცნობით, ბრაზილიელი ამ შაბათს (ლევერკუზენთან) ვერ ითამაშებს და მისი ასპარეზობა მომდევნო ტურშიც (ფრაიბურგთან) კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ეს იმას ნიშნავს, რომ "ვერდერის" მწვრთნელ თომას შააფს დაცვაში პრობლემები მოემატა. შესაბამისად, ლოგიკურია ის ნაბიჯი, რომელიც ბრემენული კლუბის ხელმძღვანელებმა გუშინ გადადგეს: "ვერდერმა" ბერნის "იანგ ბოიზიდან" 20 წლის მცველი ფრანსუა აფოლტერი გადაიბირა.

შეგახსენებთ, რომ ნალდოს ნალდოსთან ერთად, ტრავმირებულია სებასტიან პრიოდლიც, ხოლო ანდრეას ვოლფი კი "მონაკოში" გადავიდა.

"ვერდერს" აფოლტერი რომ არ ეყიდა, შააფის განკარგულებაში სოკრატისისა და სილვესტრის სახით ორი ისეთი ფეხბურთელი რჩებოდა, რომლებსაც დაცვის ცენტრში თამაში შეუძლიათ.

რაული დაშავდა, ფარფანი დაბრუნდა

გუშინ, რაულმა "შალკეში" ვერ ივარჯიშა - გელზენკირხენული კლუბის ცნობით, ბუნდესლიგის მომდევნო ტურში ვეტერანი ესპანელი გოლეადორის ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. სამაგიეროდ, ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა "შალკეს" პერუელმა გარემარბმა ჯეფერსონ ფარფანმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად