"ვეტერინართა" მთავარი მწვრთნელი თურქული შეკრებით კმაყოფილი დარჩა
"ვიტ ჯორჯიამ" თურქული შეკრება დაასრულა და სეზონის მეორე ნახევრის დაწყებამდე დარჩენილ დღეებში აქ მოემზადება.

შეგახსენებთ, ვეტერინარებმა დაბა ბელექში ორი კვირა გაატარეს და სამი საკონტროლო მატჩი ჩაატარეს. იქაური შთაბეჭდილებებისა და გუნდის გეგმების შესახებ "ვიტ ჯორჯიას" მთავარ მწვრთნელ ზურაბ ბერიძეს ვესაუბრეთ.

- უპირველესად, თურქეთში ჩატარებული მატჩები შეაფასეთ.

- სანამ უშუალოდ შეხვედრებზე გადავიდოდე, კმაყოფილებით აღვნიშნავ, რომ "ვიტ ჯორჯიას" თურქეთში იდეალური მოსამზადებელი პირობები ჰქონდა - ჩვენს განკარგულებაში იყო უმაღლესი კლასის სასტუმრო, შესანიშნავი სავარჯიშო და სათამაშო მოედნები. ამინდშიც გაგვიმართლა - სულ დარი იყო და ერთი ვარჯიშიც კი არ ჩაგვშლია.

ასე რომ, თურქული შეკრება ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენეთ, რაც, ბუნებრივია, ჩვენს თამაშზე დადებითად აისახება.

პირველი საკონტროლო მატჩი გერმანულ "სვ გერმანია შიონაიხესთან" ჩავატარეთ და ფრედ, 1:1 დავასრულეთ. არავინ მოატყუოს იმ ფაქტმა, რომ ეს კლუბი ობერლიგაში თამაშობს - საკმაოდ ძლიერი მეტოქე აღმოჩნდა, მაღალი დონის ლეგიონერებით დაკომპლექტებული და ფიზიკურად კარგად მომზადებული. ურიგოდ არც "ვიტ ჯორჯიას" უთამაშია.

ამის შემდეგ ძალები სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობასთან მოვსინჯეთ და 0:0 ვითამაშეთ. "ზენიტის" დუბლების ფეხბურთელთა უმრავლესობა რუსეთის ასაკობრივი ნაკრებების წევრია. "ზენიტში" აშკარად გამოირჩეოდა ქართველი ჩემინავა. ჩვენმა გუნდმა ამ შეხვედრაშიც ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა.

მესამე სპარინგ-მატჩში კი ყველაზე ძლიერი მეტოქე გვყავდა აზერბაიჯანული "ყარაბახის" სახით. როგორც იცით, ეს კლუბი თავის ქვეყანაში ერთ-ერთი საუკეთესოა და ევროტურნირებზეც წარმატებით ასპარეზობს ხოლმე. ჩვენმა გუნდმა "ყარაბახს" ტოლი არ დაუდო და თუ საწყის 25 წუთს არ მივიღებთ მხედველობაში, როცა სამივე გოლი მივიღეთ, ყველა თვალსაზრისით ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ. არაერთი საგოლე შანსიც გვქონდა, თუმცა მხოლოდ ერთი გამოვიყენეთ და საბოლოოდ, 1:3 დავმარცხდით.

- ჩემპიონატის განახლებამდე საკონტროლო მატჩის ჩატარებას კიდევ ხომ არ გეგმავთ?

- უამინდობის გამო ეს ნაკლებად სავარაუდოა. თუ დიდთოვლობამ პირველი ტური გადადო, მაშინ ალბათ, უთამაშებლად არ დავრჩებით, ხოლო თუ კალენდარი არ დაირღვა, სეზონის განახლებამდე აღარ ვითამაშებთ. ჩვენი დუბლშემადგენლობა კი, როგორც იცით, "ბენდელას თასზე" ასპარეზობას განაგრძობს.

- შეგიძლიათ თქვათ, რომ "ვიტ ჯორჯია" ოფიციალური შეხვედრებისთვის უკვე მზადაა?

- თუ ამინდმა ხელი არ შეგვიშალა, 14 თებერვალს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.

- ახალწვეულებით კმაყოფილი ხართ?

- როგორც იცით, დუბლშემადგენლობიდან პირველ გუნდში რამდენიმე ფეხბურთელი დავაწინაურეთ და ახალწვეულთა უმრავლესობასაც სწორედ ისინი შეადგენენ. მათ შესაძლებლობებს კარგად ვიცნობ და მჯერა, "ვიტ ჯორჯიას" დიდ სამსახურს გაუწევენ.

- კონკურენციის ხარისხი გაკმაყოფილებთ?

- ყველა რგოლში მძაფრი კონკურენცია გვაქვს, რაც ძალიან მახარებს. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რომ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად დიდი შრომა სჭირდება, ამავდროულად, ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის ფაქტიც, რომ მონდომება დაუფასდებათ.

- თქვენი გუნდის კაპიტნისა და უდავო ლიდერის, გიორგი ჯანელიძის თაობაზე "ვიტ ჯორჯიას" კონკრეტული წინადადებები ხომ არ მიუღია?

- გიორგიმ თავისი თამაშით ბევრის დაინტერესება გამოიწვია. ვიცი, რომ მას თურქეთშიც აკვირდებოდნენ და შორს არაა ის დღე, როცა ჯანელიძე კარიერას სხვაგან გააგრძელებს. თუმცა ამ სეზონის ბოლომდე იგი, ალბათ, "ვიტ ჯორჯიას" დაეხმარება.

- ჩემპიონატის პირველ ეტაპზე დარჩენილ მატჩებზე რას იტყვით?

- როგორც იცით, ამ სეზონში ჩვენი მთავარი მიზანი უმაღლესი ლიგის რვა საუკეთესო გუნდში დამკვიდრებაა. ამ ამოცანამდე კი ოთხი საკმაოდ რთული შეხვედრა გვაშორებს - შინ "სპარტაკსა" და "ზესტაფონთან" და სტუმრად "კოლხეთსა" და "ტორპედოსთან".

კარგად ვაცნობიერებთ, რომ თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს. სატურნირო ცხრილს რომ გადავხედოთ, 14 თებერვალს უშუალო კონკურენტ "სპარტაკთან" მცხეთაში უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, რომლის მოგების შემთხვევაშიც მიზანი, ფაქტობრივად, მიღწეული გვექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?