ინგლისური იუმორი იქით იყოს და.. ინგლისის ნაკრების გაწვრთნის სურვილი ჰიდინკმაც გამოთქვა

ამბავი, რომ ფაბიო კაპელო ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა, გუშინდელ ნომერშივე გაცნობეთ.

მოკლედ იმასაც ვწერდით, თუ რა გახდა იტალიელი სპეციალისტის მხრიდან ამ ნაბიჯზე წასვლის მიზეზი. ის საფეხბურთო ასოციაციის მხრიდან ჯონ ტერისთვის კაპიტნის სამკლავურის ჩამორთმევას არ დაეთანხმა. პრინციპში მისი პოზიცია გასაგები და მისაღებია.

ვინ უნდა იყოს გუნდის კაპიტანი ამას ყველას ეპოქაში მთავარი მწვრთნელი ადგენდა ან თავად ფეხბურთელები აკეთებდნენ არჩევანს. საფეხბურთო ფუნქციონერთა მხრიდან საკუთარ თავზე ინიციატივის აღება კი იშვიათი ხილია და ამ ხილის ნაყოფს ავტორიტეტული და პატივმოყვარე მწვრთნელი არ დააგემოვნებდა.

რა თქმა უნდა, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ დონ ფაბიო დევიდ ბერნშტაინსა და კომპანიას თავზე გადახტომას აპატიებდა. ინგლისური ფეხბურთის მმართველებმა ალბათ ვერ გათვალეს, რომ კაპელო წარშეუხრელად მიიღებდა გადაწყვეტილებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მათდა სამწუხაროდ, ვერც ის ლოგიკა "დაიჭირეს", რომ თავიანთ ფორმულირებას თუ დავეყრდნობით, ებრძოდნენ რა რასიზმს ინგლისურ ფეხბურთში, ამით დისკრიმინაციულ უპირატეს მდგომარეობას ანიჭებდნენ ინგლისელ ფეხბურთელს. ალბათ ჩვენი მკითხველი მიხვდა რისი თქმა გსურს, თუ არადა განვმარტავთ.

ურუგვაელ ლუის სუარესს სულ რამდენიმე დღის წინ გაუვიდა 8-თამაშიანი დისკვალიფიკაციის ვადა, რაც მას პატრის ევრასთვის რასისტულ ნიადაგზე შეურაცხყოფის გამო მიესაჯა. სამაგიეროდ, იმავე ბრალდების მიუხედავად, ტერის არც პრემიერლიგაში აუკრძალეს თამაში და ნაკრებშიც მხოლოდ კაპიტნობის პატივი ჩამოართვეს.

თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ სუარესის ბრალდება დადასტურდა, ტერისა კი ჯერ ვერ, მაშინ გაგვაგებინოს, რას ნიშნავს ცნება ნახევრად დამნაშავე და განმარტოს როგორ ესმის უდანაშაულობის პრეზუმფცია. მოკლედ, როგორც "დეილი მეილის" მესვეტე მარტინ სემუელმა იწინასწარმეტყველა, ინგლისის ნაკრებში დიდი აბრაკადაბრა დაიწყო და ახლა ამ აბურდულ-დაბურდულ საქმეებში გარკვევა კაპელოს მემკვიდრეს მოუწევს.

იტალიელ მწვრთნელს ვერავინ ვერაფერს უსაყვედურებს. მან მოახერხა და წყლიდან მშრალი ამოვიდა.

კაპელომ გადაწყვეტილება იმით დაასაბუთა, რომ: "საფეხბურთო კავშირმა შეურაცხყოფა მომაყენა და ჩემს საქმიან რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა.

ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ საყოველთაოდ ცნობილმა ინგლისურმა სამართლიანობამ ვერ იზეიმა. დიახ, ყველაზე მეტად სწორედ ამან დამწყვიტა გული. ინგლისელებს მშვენივრად ესმით, რომ არ შეიძლება ადამიანს სასამართლოს გადაწყვეტილებამდე უწოდო დამნაშავე, მაგრამ ჯონის შემთხვევაში ყველაფერი საწინააღმდეგოდ მოხდა. მათ ისეთი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელსაც ნაკრებზე დიდი გავლენა ექნება. არასდროს ჩემი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ჩემი გუნდის საქმეებში მსგავსი ჩარევის უფლება არავისთვის მიმიცია და ამას ვერც ახლა დავუშვებდი. ასე რომ, ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში წამითაც არ მეპარება ეჭვი".

ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის ბოსმა დევიდ ბერნშტეინმაც: "შეხვედრის მიმდინარეობისას, ასევე ნაკრების სათავეში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში ფაბიო კაპელომ დაამტკიცა, რომ ის თავისი საქმის დიდი პროფესიონალია. მან თავისი გადაწყვეტილების შესახებ პირდაპირ გვამცნო და ჩვენ დავეთანხმეთ მას, მივიჩნიეთ რა, რომ ორივე მხარისთვის ეს იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი შექმნილი რთული სიტუაციიდან. ჩვენ მადლობას მოვახსენებთ მას გაწეული სამუშაოსთვის და სამომავალოდ წარმატებებს ვუსურვებთ".

დონ ფაბიოს მონაგარი

რაკი დონ ფაბიო ინგლისის ნაკრებისთვის უკვე წარსულია, შეიძლება უკვე ვცადოთ მისი საქმიანობის შეფასება, ყოველ შემთხვევაში ციფრების დონეზე მაინც. იტალიელი სპეციალისტის ანგარიშზე სულ 42 თამაში დაგროვდა, აქედან 28 მოგება, 8 ფრე და 6 წაგებაა.

საშუალოდ აღებული ქულებით თუ ვიმსჯელებთ, ნაკრების ისტორიაში მას საუკეთესო შედეგი აქვს (66,7%); მე-2 ადგილზე სერ ალფ რემსია (113 თ, 69 მ, 27 ფ, 17 წ - 61,1%); 3. გლენ ჰოდლი (28 თ, 17 მ, 6 ფ, 5 წ - 60,7%); 4. რონ გრინვუდი (55 თ, 33 მ, 12 ფ, 10 წ - 60,0%); 5. სვენ-გორან ერიკსონი (67 თ, 40 მ, 17 ფ, 10 წ - 59,7%), 6. უოლტერ უინტერბოტომი (139 თ, 78 მ, 33 ფ, 28 წ - 56,1%), 7. სტივ მაკლარენი (18 თ, 9 მ, 4 ფ, 5 წ - 50,0%); 8. ბობი რობსონი (95 თ, 47 მ, 30 ფ, 18 წ - 49,5%) 9. დონ რევი (29 თ, 14 მ, 8 ფ, 7 წ - 48,3%), 10. ტერი ვენეიბლზი (23 თ, 11 მ, 11 ფ, 1 წ - 47,8%), 11. გრემ ტეილორი (38 თ, 18 მ, 13 ფ, 7 წ - 47,4%); 12. კევინ კიგანი (18 თ, 7 მ, 7 ფ, 4 წ - 38,9%).

ვინ?

ინგლისის ნაკრებს უახლოესი შეხვედრა 29 თებერვალს ჰოლანდიასთან ელის. დიდი ალბათობით, ამ მატჩისთვის გუნდს ინგლისის 21-წლამდელთა თავკაცი სტიუარტ პირსი მოამზადებს. ვინ იქნება გუნდის კაპიტანი, ჯერჯერობით უცნობია. მხატვრულად რომ ვთქვათ, კაპელოს სკამი ჯერ გაციებულიც არ იყო, რომ ინგლისურმა ტოტალიზატორმა "უილიამ ჰილმა" ახალი თავკაცზე ფსონების მიღება დაიწყო.

უპირველესი კანდიდატი მათი აზრით ჰარი რედნაპია (1,4 კოეფიციენტით), შემდეგ როი ჰოჯსონი და ჟოზე მოურინიო მოდიან (11,0), სიაში არიან გუუს ჰიდინკი და არსენ ვენგერიც (17,0). ყველაზე მცირე შანსს კი ისინი ალან შირერსა და დევიდ ბექჰემს (51,0) აძლევენ; თქვენ წარმოიდგინეთ, ფსონები მიიღება "ენფილდის კატაზეც" კი – 5000/1-ზე. გუშინ დილას საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა "სქაი სპორტსმა". ვებგვერდის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც თანამდებობა ვაკანტური გახდა, ინგლისის ნაკრებში მუშაობის სურვილი თავად გამოთქვა ჰოლანდიის, რუსეთისა და თურქეთის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა გუუს ჰიდინკმა.

რაც შეეხება ბუკმეიკერთა ფავორიტ ჰარი რედნაპს... მართალია "ტოტენჰემი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და მთავარი მწვრთნელის გაშვება თავად კლუბს არ სურს, მაგრამ დირექტორატის პოზიციამ ნაკრების გულშემატკივრებს შეიძლება იმედი ჩაუსახოს. "დეზების" დირექტორის კიტ მილსის განცხადებით, თუკი ინგლისის საფეხბურთო კავშირი რედნაპს ეროვნული გუნდის თავკაცობას შესთავაზებს, გადაწყვეტილებას მწვრთნელი ერთპიროვნულად მიიღებს.

"ტოტენჰემი" მას ამ მხრივ პრობლემებს არ შეუქმნის. "დარწმუნებული ვარ, რომ ჰარი ამ პოსტზე ერთადერთი კანდიდატი არ იქნება. ის, რომ მას თანამდებობას შესთავაზებენ, ფაქტი ჯერ კიდევ არ არის. თუკი ასეთი შეთავაზება ექნება, გადაწყვეტა იმისა, თუ რა ურჩევნია, თავად მოუწევს," - თქვა მან. რედნაპის დანიშვნის იდეა უკვე მოიწონეს "სანდერლენდის" თავკაცმა მარტინ ონილმა და "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა უეინ რუნიმ.

P.S. ჰარი რედნაპის კანდიდატურის დასახელების შემდეგ მას BBC დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა. აი, რა თქვა 65 წლის სპეციალისტმა: "სიმართლე რომ გითხრათ კაპელოს გადადგომით გაკვირვებული დავრჩი. ვიცოდი, რომ ის გადადგომას ზაფხულზე აპირებდა. მისგან ამ ნაბიჯს ახლა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

რაც შეეხება, ახალ კანდიდატურას: ინგლისის ნაკრების მწვრთნელობაზე არასოდეს მიფიქრია. ამ ეტაპზე ჩემგან არასწორი საქციელი იქნება, თუკი "ტოტენჰემის" საქმეებს ჩამოვცილდები, რადგან გუნდს საქმეები იდეალურად მისდის და ჩემი ყურადღება მთლიანად მისკენ უნდა იყოს მიმართული".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად