ბოლნისელთა თავკაცი გუნდის კონტიგენტითა და მომზადებით კმაყოფილია
ბოლნისის "სიონმა" მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი ცხრილის ფსკერზე ჩაამთავრა, არადა "სიონი" უბრალო კლუბი არ არის, ერთხელ საქართველოს ჩემპიონიც კი გახდა და რაც მთავარია, ბოლნისში განსაკუთრებულად უყვართ ფეხბურთი და საკუთარი გუნდი.

"სიონის" გასაჭირი უსახსრობით იყო გამოწვეული, ახლა კი კლუბს დაფინანსება გამოუჩნდა და შესაბამისად იმის შანსიც, რომ უმაღლესი ლიგიდან არ გავარდეს. კლუბი ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებს სახსრებს.

სეზონის დაწყების წინ გუნდს ხვიჩა ქასრაშვილი თავკაცობდა, თუმცა როცა გაირკვა, რომ გუნდი ფაქტობრივად უპატრონოდ იყო დარჩენილი, ქასრაშვილის და "სიონის" გზები გაიყარა. საშუასეზონო პერიოდში კი ეს სპეციალისტი ერთხელაც მიიწვიეს "სიონში" და გუნდიც სეზონის განახლებისთვის ქასრაშვილმა მოამზადა.

- რამდენად კმაყოფილი ხართ მოსამზადებელი პერიოდით?

- უკეთესადაც შეიძლებოდა მომზადება, უამინდობას რომ არ შეეშალა ხელი. თბილისში ათდღიანი შეკრება გავიარეთ, სასტუმრო "ბატესტაში" ვიყავით და 35-ე სკოლის მოედანზე, "მარაკანაზე" ვვარჯიშობდით დღეში ორჯერ. ვითამაშეთ ექვსი საკონტროლო მატჩი, ორჯერ "მერანთან", ერთხელ "სპარტაკთან", ორჯერ პირველი ლიგის "ზოოვეტთან" და ერთხელაც "ნორჩი დინამოელთან". საერთო ჯამში, ურიგოდ მომზადებულები ნამდვილად არ ვართ.

- "სიონიდან" არაერთი ფეხბურთელი წავიდა პირველი ეტაპის შემდეგ, მათ შორის ორმა ქუთაისის "ტორპედოს" მიაშურა, თუმცა გიორგი რეხვიაშვილმა და გიორგი ქუცურუამ იქ ფეხი ვერ მოიკიდეს.

- რეხვიაშვილი უკვე დაბრუნდა "სიონში", რაც შეეხება ქუცურუას, მისი საკითხი მალევე გაირკვევა, სავარაუდოდ, ისიც ჩვენთან ითამაშებს.

- "სიონის" ახალწვეულებზე რას გვეტყოდით?

- ჩიკვილაძე და დავით ბოლქვაძე "ტორპედოდან" დავიმატეთ და ისინი უდაოდ გააძლიერებენ "სიონს". რა თქმა უნდა, სხვა ახალწვეულებისაც დიდად გვეიმედება: "დილადან" მეტრეველი, გველესიანი და ჯოჯუა მოვიდნენ, "ზესტაფონიდან" ვინათხოვრეთ ჭანკოტაძე და ლომია,"სიონშია" გამოცდილი ქემოკლიძეც, რომელსაც თითქმის ნახევარი წელი არ უთამაშია. ვფიქრობ, ჩვენ ხელთ არსებული კონტინგენტით მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

- კონტინგენტის გაძლიერება კი მყარი ბიუჯეტითაა შესაძლებელი.

- მასეა, გვთხრეს, რომ მაისის ბოლომდე სტაბილური დაფინანსება გვექნება.

- სეზონის მერე ამ მხრივ რა ვითარება იქნება?

- ვერ გეტყვით, ვნახოთ...

- "სიონის" ამოცანა კი უმაღლეს ლიგაში დარჩენა უნდა იყოს.

- ყველა დარჩენილი თამაშიც რომ მოვიგოთ, რვა საუკეთესო გუნდში მაინც ვერ მოვხდებით. მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

- ქვედა რვა გუნდში პირველლიგელებიც იქნებიან. კარგად იცნობთ სავარაუდო მეტოქეებს?

- "გურიას" და "ჩიხურას" მეტ-ნაკლებად ვიცნობ, დანარჩენებზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებაც ჩვენთვის რეალურია, თუმცა ამ ამოცანის შესრულება ადვილი ნამდვილად არ იქნება.

- შეკრება, კონტინგენტის გაძლიერება და დაფინანსება - არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- რა თქმა უნდა, გულშემატკივრის ფაქტორი ძალიან ბევრს ნიშნავს. ბოლო დროს "სიონის" საშინაო მატჩებზე ბევრი ქომაგი არ დადიოდა, მაგრამ ამის გამოსწორება შესაძლებელია - გუნდი წარმატებულდ რომ ათამაშდება, გულშემატკივართა რაოდენობაც გაიზრდება.

- მერამდენედ დაინიშნეთ "სიონის" მთავარ მწვრთნელად?

- მეხუთედ და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ბოლნისელი ვარ. მწვრთნელი ვარ და სადაც მიმიწვევენ, იქ მივდივარ, ასეთია ჩვენი პროფესია.

- "სიონის" კაპიტანი ვინ იქნება?

- ამ საკითხს მწვრთნელი წყვეტს და ვფიქრობ, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ გუნდის კაპიტანი შეიცვალოს - სამკლავური დავით სვანიძეს დარჩება.

- ფაქტია, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ბოლო დროს ბევრი სენსაცია ხდება, შედეგის პროგნოზირება უფრო ძნელი გახდა. როგორ ატყობთ, "სიონს" შეუძლია სიურპრიზების შემოთავაზება?

- წინასწარ თქმა არ მიყვარს, თუმცა სიურპრიზები ალბათ იქნება. ჩვენ უკვე შეგვწევს იმის ძალა, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, ასე იქნება 19 თებერვალს მარტვილის "მერანთანაც".

- სეზონი რომ განახლდება, სად ივარჯიშებს "სიონი"?

- ახლა ბოლნისშიც თოვლია და ჯერჯერობით თბილისში ვემზადებით. გვინდა, რომ სეზონის განახლებისთანავე ბოლნისში ვივარჯიშოთ, იქ მოედანს კარგად უვლიან და იმედია, ხელს არაფერი შეგვიშლის. ყველა გვერდში გვიდგას და უმაღლეს ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის