ტიერი ანრი ლონდონის "არსენალს" "სან სიროდან" გამოეთხოვება - გოლით თუ უგოლოდ?
მერვედფინალური ეტაპის მეორე დღე "ზენიტისა" და "ბენფიკას" საკმაოდ საინტერესო დუელით იწყება. მოგვიანებით, მთლიანად ამ ეტაპის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩია: "მილანი" "სან სიროზე" "არსენალს" მასპინძლობს. ლონდონელთა რიგებში ტიერი ანრის უკანასკნელად ვნახავთ.

მილანი-არსენალი 23:45

"მილანისა" და "არსენალის" დაპირისპირება მერვედფინალის ერთ-ერთი უმთავრესი მატჩია. იტალიელები ვალდებულები არიან, მოიგონ და საპასუხო შეხვედრისთვის საკადრისი ფორა შეიქმნან, ლონდონელები კი საკმაოდ კომფორტულ მდგომარეობაში იმყოფებიან - თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ პირველ დუელს "სან სირო" მასპინძლობს.

"მეთოფეებში" დროებით დაბრუნებული ტიერი ანრი "არსენალის" ფორმას დღეს უკანასკნელად მოირგებს. ლონდონური კლუბის ფანებისთვის თვითონ ის ფაქტიც დიდი მოვლენა იყო, რომ ვეტერანი ფრანგი ხუთი წლის შემდეგ დაბრუნდა, მაგრამ ანრიმ იმაზე მეტი შეძლო, ვიდრე მისგან ელოდებოდნენ: ექვს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი გოლი გაიტანა, რომელთაგან, ორით მატჩის ბედი "არსენალის" სასარგებლოდ გადაწყვიტა.

როგორც თავად ამბობს, "მშობლიურ კლუბში" ზღაპრული დაბრუნება გამოუვიდა, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და ანრიც ამ თამაშის შემდეგ ისევ ნიუ იორკში დაბრუნდება. თუმცა მანამდე, 15 თებერვალს საღამოს "მილანთან" დუელია.

"ტიერი ანრის "არსენალში" თავისი ეპოქა უკვე შექმნილი ჰქონდა, მაგრამ ახლა ამ ისტორიას ბრწყინვალე დასასრულიც დაუწერა. იმედი მაქვს, რომ "მილანთან" შეხვედრაში თავის ლონდონურ ზღაპარს კიდევ ერთ თავს შემატებს," - ეს "არსენალის" თავკაც არსენ ვენგერის სიტყვებია, რომელიც 34 წლის ფრანგს ძირითად შემადგენლობაში სავარაუდოდ ისევ არ გაამწესებს, მეორე ტაიმში კი აუცილებლად მისცემს თავის გამოჩენის შანსს.

ანრის მილანთან და "სან სიროსთან" ბრწყინვალე მოგონებები აკავშირებს. ცხრა წლის წინ მან "არსენალთან" ერთად, "ჯუზეპე მეაცაზე" "ინტერი" 5:1 გაანადგურა. იმ მატჩში ფრანგმა დუბლი შეასრულა...

"მილანის" კარგი თამაში და წარმატება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ხასიათზე იქნება და როგორ წაუვა თამაში ზლატან იბრაჰიმოვიჩს. მისი, როგორც თავდამსხმელის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა დაუშვებელია, მაგრამ შვედი ფორვარდი უკიდურესად მოუთოკავი და ასე ვთქვათ, თავის თავის კაცია.

სერია A-ში მას ახლა დისკვალიფიკაცია აქვს, რადგან "ნაპოლისთან" მატჩში არონიკას ალიყური უთავაზა და წითელი ბარათი აუფრიალეს. ეს იბრაჰიმოვიჩის კარიერაში რიგით მე-8 გაძევება იყო.

ჩემპიონთა ლიგაში კი თამაში შეუძლია და ზლატანი შეეცდება, "არსენალთან" ისევ ის ზლატანი იყოს, რომელიც "მილანის" ფანებს (და არა მარტო მათ) ძალიან მოსწონთ.

ასეთ ზლატანს ბევრი გოლი გააქვს ხოლმე, რომელთაგან საკმაოდ დიდი ნაწილი ორიგინალურადაა შესრულებული.

ამ სეზონში იბრაჰიმოვიჩს 26 ოფიციალურ მატჩში 21 გოლი აქვს გატანილი. აქედან, ჩემპიონთა ლიგაში ოთხ მატჩში ოთხი შეაგდო.

მართალია, ალესანდრო ნესტამ სრული დატვირტვით ვარჯიში განაახლა, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მასიმილიანო ალეგრიმ ძირითად შემადგენლობაში გაამწესოს. იგივე ეხება ალეშანდრე პატოსაც.

"როსონერის" წინა ხაზზე მეორე ტაიმში მოსალოდნელია სტეფან ელ შაარავისა და მაქსი ლოპესის გამოჩენაც, ნახევარდაცვაში კი, ალეგრის კლარენს ზეედორფისა და ურბი ემანუელსონის სახით ასევე კარგი ალტერნატივები აქვს. ნაღდად ვერ ითამაშებს ალბერტო აკვილანი, რომელიც ტრავმირებულია. იბრაჰიმოვიჩთან ერთად, სერია A-სთვის მარკ ვან ბომელიც დისკვალიფიცირებულია, თუმცა შვედის მსგავსად, "მილანთან" ჰოლანდიელი საყრდენიც სასტარტოში იქნება.

ლონდონელები მილანში გერმანელი მცველის, პერ მერტეზაკერის გარეშე ჩავიდნენ - ამ უკანასკნელმა ტრავმა გასულ უქმეებზე, "სანდერლენდთან" მატჩში მიიღო. შესაბამისად, ლოგიკურად, ვენგერმა დაცვის ცენტრში კოშელნის ვერმაელენი უნდა შეუწყვილოს, დაცვის მარცხენა ფლანგისთვის კი გიბსი გამოუჯანმრთელდა.

ლონდონელებს აბუ დიაბი, კარლ ჯენკინსონი და ჯეკ უილშირი ჰყავთ ლაზარეთში.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-3-1-2): აბიატი - აბატე, მექსე, ტიაგო სილვა, ძამბროტა - ამბროზინი, ვან ბომელი, ნოჩერინო - კ. პ. ბოატენგი - იბრაჰიმოვიჩი, რობინიო.

არსენალი (4-3-3): სჩესნი - სანია, ვერმაელენი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, სონგი, რამსი - ჩემბერლეინი, ვან პერსი, უოლკოტი.

არბიტრი: ვიკტორ კაშაი (უნგრეთი)

ზენიტი-ბენფიკა 21:00

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კვალობაზე, სანკტ პეტერბურგის "ზენიტისთვის" ლისაბონის "ბენფიკა" მისაღებზე მისაღები მეტოქეა. მართალია, "ზენიტი" ევროტურნირებზე "ბენფიკას" არასდროს შეხვედრია, სამაგიეროდ, პეტერბურგელებს პორტუგალიურ კლუბებთან დადებითი ბალანსი აქვთ. რაღა შორს წავიდეთ, "ზენიტმა" შემოდგომაზე, ჯგუფში "პორტუ" შინ 3:1 დაამარცხა.

"ზენიტის" თავკაც ლუჩანო სპალეტის სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. იტალიელი სპეციალისტი უმთავრეს ფეხბურთელს, გამთამაშებელ დანის ვერ გამოიყენებს, რომელიც თანამემამულეების წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი ძალა იქნებოდა. დანის ტრავმა იმდენად სერიოზულია, რომ სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

მის გარდა, "ზენიტის" შემადგენლობაში დღეს ვერც ძირითად მეკარე ვიაჩესლავ მალაფეევს ვიხილავთ და ვერც მარცხენა მცველ დომენიკო კრიშიტოს. ანიუკოვს, ლაზოვიჩს, შიროკოვსა და ბუხაროვს მცირე ტრავმები აწუხებთ, თუმცა განაცხადში იქნებიან. სამაგიეროდ, "ზენიტის" მთავარი დამრტყმელი ძალა, კერჟაკოვი სრულ მზადყოფნაშია.

"ბენფიკას" ემერსონი გამოუჯანმრთელდა - მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ვერ ითამაშებს ხავი გარსია, რომელსაც სავარაუდოდ ნემანია მატიჩი შეცვლის.

სავარაუდო შემადგენლობები

ზენიტი (4-3-3): ჟევნოვი - ანიუკოვი, ალვეში, ჰუბოკანი, ლომბერტსი - ზირიანოვი, დენისოვი, შიროკოვი - ფაიზულინი, კერჟაკოვი, ლაზოვიჩი.

ბენფიკა (): არტური - პერეირა, ლუიზაო, გარაი, ემერსონი - მატიჩი, ვიტსელი - გაიტანი, აიმარი, ნოლიტო - კარდოსო.

არბიტრი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა