ცხინვალელთა მთავარი მწვრთნელი გუნდის დაკომპლექტებით კმაყოფილია
ზამთრის მოსამზადებელი პაუზისას სატრანსფერი ბაზარზე ცხინვალის "სპარტაკმაც" საკმაოდ იაქტიურა - რვა ახალი ფეხბურთელი მიიწვია, ორ მოთამაშესთან კი კლუბმა კონტრაქტი გაახანგრძლივა.

ამდენი ახალწვეული იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ცხინვალელები, ფაქტობრივად, ახალ გუნდს აშენებენ. ამ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე "სპარტაკის" მთავარ მწვრთნელ ვლადიმერ ხაჩიძეს ვესაუბრეთ.

- საუბარი მოსამზადებელი შეკრების შეჯამებით დავიწყოთ.

- სამწუხაროდ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ზამთრის შეკრება, ფაქტობრივად, ჩაგვივარდა. დიდთოვლობის გამო სათანადოდ ვერ მოვემზადეთ. ურეკში ჩავედით და იქ დიდი თოვლი მოვიდა, ზღვრისპირეთში შეკრება შევწყვიტეთ, თბილისში დავბრუნდით და აქაც იგივე სურათი დაგვხვდა. საერთო ჯამში, ცუდმა კლიმატურმა პირობებმა გუნდს დაღი დაასვა. კონდიციების აკრეფა უშუალოდ ჩემპიონატის მსვლელობისას მოგვიწევს.

- ზამთრის სატრანსფერო პერიოდისას "სპარტაკმა" არაერთ ფეხბურთელთან გააფორმა კონტრაქტი. ახალწვეულებს როგორ დაახასიათებთ?

- მოვიწვიეთ როგორც გამოცდილი, ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები. გამოცდილთაგან ყველასთან მიმუშავია და ვიცი, რომ მათ თავისი პოტენციალი ჯერ არ ამოუწურავთ. ახალგაზრდებიც კარგი გვყავს, ჩვენი მიზანია, ახალბედებისა და გამოცდილი ფეხბურთელების შერწყმით ახალი, ძლიერი გუნდი ჩამოვაყალიბოთ.

- ანუ ახალგაზრდული ჟინი, პლუს კლასი და გამოცდილება - ასეთია განახლებული "სპარტაკის" ფორმულა?

- დიახ, ასეა... ეს ფორმულა არაერთ გუნდშია აპრობირებული და იმედი მაქვს, ჩვენთანაც გაამართლებს. ახალ გუნდს ვაშენებთ და მუშაობის პროცესში ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ამ ახალგაზრდებმა საკუთარი ძალების ირწმუნონ, გამოცდილმა ფეხბურთელებმა კი კონდიციები აღიდგინონ და სათანადოდ ითამაშონ. რაც მთავარია, მოედანზე სათამაშო დისციპლინა აუცილებლად უნდა იყოს. მუშაობის პროცესში ვართ და ტაქტიკურ სქემებსა და სტრატეგიას კიდევ უფრო მეტად დავხვეწთ.

- რამდენად შეძელით გუნდის თქვენი გემოვნებით დაკომპლექტება?

- ვფიქრობ, რომ ეს მოვახერხე, თუმცა სასურველი შედეგის მისაღწევად გარკვეული დრო დაგვჭირდება. მიმდინარე სეზონს ახალი გუნდის ჩამოყალიბებას დავუთმობთ და პარალელურად პროგრამა-მინიმუმი უნდა განვახორციელოთ, უმაღლეს ლიგაში უნდა დავრჩეთ.

- სეზონის პირველი ნახევრის შესახებ რა დასკვნის გაკეთება შეგიძლიათ?

- უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა "სპარტაკის" მოწინავე რვა გუნდში მოხვედრა. სეზონი გრძელდება, მეორე წრის დასრულებამდე კიდევ ოთხი ტურია დარჩენილი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ დარჩენილ მატჩებში მაქსიმალურად მოვაგროვოთ ქულები.

- "სპარტაკი" ამ სეზონში საკმაოდ არასტაბილურად ასპარეზობს.

- სამწუხაროდ, ასე იყო. გარკვეულ მიზეზთა გამო დაუგეგმავი ქულები დავკარგეთ, თორემ ახლა ცხრილში გაცილებით უკეთეს პოზიციაზე ვიქნებოდით და უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე აღარ დაგვემუქრებოდა.

- საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრის შანსს როგორ შეაფასებდით?

- შანსი არის და არცთუ ცუდი. ახლა მთავარია, ეს შანსი სათანადოდ გამოვიყენოთ.

- საამისოდ, დარჩენილი ოთხი ტურის კალენდარი რამდენად ხელსაყრელია "სპარტაკისთვის"?

- კალენდარი რთულია, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვივარგოთ. უკან დასახევი გზა არ გვაქვს და ყველა მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით.

- თითქმის ხუთი თვეა, რაც "სპარტაკში" მუშობთ. რამდენად კმაყოფილი ხართ ამ პერიოდით?

- კმაყოფილი ვარ იმ მხრივ, რომ გუნდის დაკომპლექტებას და ყველა მსგავს საკითხს მე ვწყვეტ.

- უმაღლესი ლიგაში მიმდინარე სეზონი ახალი სისტემით ტარდება. ჩემპიონატის რეგლამენტზე რა აზრის ხართ?

- ამაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ითქვა პლუსებზეც და მინუსებზეც, აღარ განვმეორდები და მხოლოდ ერთს აღვნიშნავ - როგორც ამბობენ, მჯობნის მჯობნი არ დაილევა და უკეთესი სისტემაც მოიძებნება.

- რომელ სტადიონზე გამართავს ცხინვალის "სპარტაკი" საშინაო მატჩებს?

- სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადება იანვარში "საბურთალოს" ახალ სტადიონზე, "ბენდელაზე" დავიწყეთ და გვინდა, ოფიციალური საშინაო შეხვედრები იქ ჩავატაროთ. იმედი მაქვს, ასეც იქნება. საფეხბურთო სკოლა "საბურთალოს" ხელმძღვანელობა ყველანაირად მხარში გვიდგას, რისთვისაც მათი მადლიერები ვართ.

- ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაშს ზოგი გუნდი ერიდება.

- ბუნებრივ მოედანზე თამაში კარგია, მაგრამ "ბენდელას" სტადიონის საფარი ერთ-ერთი საუკეთესოა და მასზე არჩევანი ამიტომ შევაჩერეთ.

- ახალი ფეხბურთელების დამატებით, რომელი სათამაშო რგოლი უფრო გაძლიერდა და ვის მიიჩნევთ გუნდის ლიდერად?

- ჯერ შეთამაშების პროცესში ვართ და ვინმეს გამოყოფას მოვერიდები. ყველა რგოლი შესათამაშებელია. ჩვენ მომავალზე ვფიქრობთ და ვმუშაობთ და ყველას კარგად მოეხსენება, რომ სელექცია ერთ თვეში არ ტარდება.

- მაინც როგორია თქვენი და "სპარტაკის" პროგრამა?

- ჩვენი კლუბის პროგრამა 3-წლიანია და ახლა მისი პირველი წელიწადი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანა უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა, მომდევნო სეზონში მოწინავე 5-6 გუნდს შორის უნდა დავიმკვიდროთ ადგილი, ამის შემდეგ კი ევროპის ლიგის საგზურისთვის ვიბრძოლოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა