მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს ცსკა-სთან მატჩის წინ მოსკოვური ყინვა არ აშინებს
საღამოს 9 საათზე მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მოსკოვისკენ იქნება მიმართული, სადაც მადრიდის "რეალი" ცსკა-ს დაუპირისპირდება.

23 საათსა და 45 წუთზე კი ნეაპოლში გაცილებით დამაინტრიგებელი მატჩი აიღებს სტარტს: "ნაპოლი"-"ჩელსი".

ცსკა-რეალი 21:00

მოსკოვის ცსკა მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ - უადგილოა იმაზე საუბარი, ვინ ფავორიტია და ვინ აუტსაიდერი. ფაქტია, რომ ცსკა იბრძოლებს, როგორც შეუძლია და ცხადია ისიც, რომ დღეს, მოსკოვში, "ლუჟნიკებზე" დიდი მატჩია, რადგან რუსეთის დედაქალაქს თვით მადრიდის "რეალი" სტუმრობს.

ცსკა დასვენებულია - მოსკოველებს ოფიციალური მატჩი 7 დეკემბრის შემდეგ აღარ ჩაუტარებიათ და შეგახსენებთ, რომ მაშინ მილანის "ინტერი" "სან სიროზე" 2:1 დაამარცხეს. თუ მოხდა სასწაული და ცსკა-მ "რეალს" მოუგო, ეს ამ გუნდისთვის ევროთასებზე რიგით 50-ე გამარჯვება იქნება, მაგრამ როგორ გინდა, დაამარცხო ევროპის სუპერგრანდი, რომელსაც ბოლო 30 ოფიციალური თამაშიდან 27 მოგებული აქვს?

თანაც, მოსკოველებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. ტრავმირებულია ძირითადი მეკარე იგორ აკინფეევი. 21 თებერვალს მოედანზე ვერც მარკ გონსალესსა და გამთამაშებელ კეისუკე ჰონდას ვიხილავთ. ლაზარეთშია ლატვიელი ნახევარმცველი ალეკსანდარს ცაუნიაც, ხოლო პაველ მამაევი და კირილ ნაბაბკინი კი დისკვალიფიცირებულები არიან. ასე რომ, მოსკოველთა მთავარ მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის რაღაცების მოფიქრება მოუწევს. სამაგიეროდ, სრულ მზადყოფნაში არიან იანვრის ახალწვეულები ვერნბლუმი და მუსა.

მადრიდელებს შაბათს, სანტანდერის "რასინგთან" მატჩში, რომელიც "რეალმა" 4:0 მოიგო, ანხელ დი მარია დაუშავდათ და ეს უკანასკნელი თანაგუნდელებს მოსკოვში ვეღარ გაჰყვა. ჟოზე მოურინიომ რუსეთში ვერც ლასანა დიარა და ჰამით ალთინთოფი წაიყვანა, თუმცა ამ მოთამაშეების არყოფნა "სამეფო გუნდისთვის" სერიოზული პრობლემა ნაღდად არ არის. დი მარია ყველა ლოგიკის მიხედვით კაკამ უნდა შეცვალოს, ხოლო ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე კი, ჩვენი ესპანელი კოლეგების ცნობით, მოურინიო ქარიმ ბენზემას გაამწესებს.

20 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟოსეს განსაკუთრებული არაფერი უთქვამს და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ "რეალის" კონცენტრაცია ახლა მთლიანად ცსკა-სთან თამაშისკენაა მიმართული.

"რასინგთან" 4:0 ძალიან სასიამოვნო იყო და ბიჭები კარგ ხასიათზე არიან. მოსკოვში გასამართი შეხვედრის წინ არც მოტივაცია გვაკლია და უაღრესად მონდომებულებიც ვართ. თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ასეთ დროს მოსკოვში თამაში ძალიან ძნელია. თუმცა იმედი მაქვს, რომ იქაური ყინვა ხელს ვერ შეგვიშლის და "ლუჟნიკებზე" ჩვენთვის კომფორტულ შედეგს დავაფიქსირებთ", - განაცხადა მადრიდელთა პორტუგალიელმა დამრიგებელმა.

"ჩვენი მიზანი ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგიდან ჯერ "რეალი" გავაგდოთ, მერე კი "ბარსელონასაც" მოვუგოთ... მესმის, რომ ცსკა-ს გამარჯვება საფეხბურთო სამყაროსთვის უდიდესი სიურპრიზი იქნებოდა, მაგრამ წაგებას მიზნად ვერ დავისახავ, - ეს კი სლუცკის სიტყვებია, რაც მან ესპანურ გაზეთ AS-ს უთხრა და იქვე დასძინა, - ჩემთვის მისაღები იქნება ნებისმიერი შედეგი, რომელიც მეოთხედფინალში გასვლის პრაქტიკულ შანსს დაგვიტოვებს.

"რეალი" ბოლო დროს შესანიშნავად თამაშობს და იმედი მაქვს, რომ მადრიდელები ჩვენთან ასეთ ფეხბურთს ვერ ითამაშებენ".

სავარაუდო შემადგენლობები

ცსკა (4-2-3-1): ჩეპჩუგოვი - ა. ბერეზუცკი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შჩენნიკოვი - ვერნბლუმი, ალდონინი - ოლისე, ძაგოევი, მუსა - დუმბია.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, ჩაბი ალონსო - იოზილი, კაკა, კ. რონალდო - ბენზემა.

არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

ნაპოლი-ჩელსი 23:45

გაცილებით გრანდიოზული საფეხბურთო ატმოსფერო იქნება "სან პაოლოზე", სადაც 23:45-ზე "ნაპოლისა" და "ჩელსის" დაპირისპირება დაიწყება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს მთელი სამხრეთი იტალია ამ მატჩით ცხოვრობს.

ნეაპოლელებს ინგლისელებთან ბოლო საშინაო დაპირისპირებებიდან კარგი მოგონებები აქვთ: გასულ სეზონში, ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე "ლივერპულთან" 0:0 ითამაშეს, ამ სეზონში კი, უკვე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "მანჩესტერ სიტი" 2:1 დაამარცხეს.

საერთოდ, მას მერე, რაც "ნაპოლი" 13-წლიანი პაუზის შემდეგ ევროტურნირებს დაუბრუნდა (ეს 2008 წელს მოხდა), საკუთარ მოედანზე არ დამარცხებულა. ევროტურნირების ეგიდით გამართულ მატჩებში, "სან პაოლოზე" "ნაპოლის" უკანასკნელი მარცხი 1994 წლის დეკემბრით თარიღდება - მაშინ ნეაპოლში მოგება ფრანკფურტის "აინტრახტმა" მოახერხა.

"ჩელსი" ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ზედიზედ მეცხრედ თამაშობს, იტალიაში გამარჯვება კი ლონდონურ კლუბს ყოველთვის უჭირდა. შვიდი ვიზიტიდან, "ჩელსიმ" მხოლოდ ერთხელ შეძლო იტალიური კლუბის მისსავე მოედანზე დამარცხება. სამაგიეროდ, იტალიელებთან პლეი ოფის ორმატჩიან დუელში ლონდონელები უკეთ გამოიყურებიან ხოლმე: 2008/09 წლების სეზონში "იუვენტუსი" გააგდეს, 1997/98 წლების სეზონში კი, თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში "ვიჩენცა" დაიფრინეს.

ნეაპოლელები დღევანდელ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში ხდვებიან: რაც მთავარია, მარეკ ჰამშიკი, ეზეკილ ლავეცი და ედინსონი კავანი ჯანმრთელად არიან და დღეს "ჩელსის" შეუტევენ. ლონდონელებს დაცვის ცენტრში აქვთ პრობლემა, რადგან ჯონ ტერის ტრავმა აწუხებს, თუმცა ბოლო ინფორმაციით, "ჩელსის" ტკივილგამაყუჩებლებით ითამაშებს. თუ ტერიმ მაინც ვერ ითამაშა, მას გარი კეჰილი შეცვლის.

დაშავებულები არიან ფრენკ ლემპარდი და ეშლი კოულიც. ცნობილია, რომ ანდრე ვილაშ ბოაში ძირითად შემადგენლობაში ფერნანდო ტორესს ათამაშებს, რომელსაც სტარიჯი და მატა მიეხმარებიან.

მოკლედ, "ჩელსის" პრობლემები არ აკლია, "ნაპოლის" ერთადერთი პრობლემა კი მწვრთნელის დისკვალიფიკაციაა: უეფამ იტალიელების პროტესტი არ დააკმაყოფილა და ვალტერ მაძარი თავის შეგირდებს სათადარიგოთა სკამიდან ვერ დამოძღვრავს. შეგახსენებთ, რომ "ნაპოლის" თავკაცს დისკვალიფიკაცია "ვილიარეალთან" ნამეტანი ემოციურობის გამო მისცეს. მეტიც, პროტესტის შემდეგ მაძარის დისკვალიფიკაცია სამ მატჩამდე გაუზარდეს.

"დიდი მატჩი გველის, - განუცხადა ნეაპოლელთა სლოვაკმა შემტევმა ჰამშიკმა "კორიერე დელო სპორტს", - მეტიც, ეს ჩვენთვის სეზონის უმნიშვნელოვანესი მატჩია. ეს შეხვედრა ჩვენი ფანტასტიკური გულშემატკივრებისთვის ნამდვილი ზეიმია! "ჩელსი" კრიზისშია, მაგრამ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან ვეთამაშებით დიდ გუნდს, რომელსაც ბრწყინვალე შემსრულებლები ჰყავს."

სავარაუდო შემადგენლობები

ნაპოლი (3-4-2-1): დე სანკტისი - აროინკა, კამპანიარო, კანავარო - მაჯო, ინლერი, გარგანო, დოსენა - ჰამშიკი, ლავეცი - კავანი.

ჩელსი (4-3-3): ჩეხი - ივანოვიჩი, ლუისი, ტერი (ან კეჰილი), ბოსინგვა - ესიენი, მეირელეში, რამირესი - მატა, ტორესი, სტარიჯი.

არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
"ბარსელონაში" ტრანსფერი დაუბლოკეს - ალვარესს პრემიერ ლიგაში დაბრუნების ვარიანტი შერჩა
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პირველად 2022 წლის შემდეგ - FIFA-მ რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე დაუშვა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს