გამოცემა "ატლანტა კონსტიტუშენმა" ქართველ ცენტრზე საინტერესო სტატია გამოაქვეყნა
28 წლის ქართველი ცენტრის ზაზა ფაჩულიასადმი ამერიკელი ჟურნალისტების ინტერესი მისი სათამაშო დროის შესაბამისად გაიზარდა. ქალაქ ატლანტის ყველაზე პოპულარულმა გამოცემა "ატლანტა კონსტიტუშენმა" ზაზას შესახებ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელსაც ასე ჰქვია: "ფაჩულია ცენტრის პოზიციაზე თავს მშვენივრად გრძნობს."

სიტყვას გადავცემთ სტატიის ავტორ მაიკლ კანინგემს: "სასტარტო ცენტრის ელ ჰორფორდის დაშავება "ატლანტა ჰოქსს" არ ეტყობა, გუნდი კვლავაც იგებს. ამის მიზეზი ჯოშ სმიტისა და ჯო ჯონსონის შედეგიანი თამაშია. მათზე არანაკლები ღირებულებისაა გუნდში ზაზა ფაჩულია.

- იგი ფენომენალურია, - ამბობს "ჰოქსის" მთავარი მწვრთნელი ლარი დრიუ.

გუნდის თავკაცის ასეთი შეფასება, შესაძლოა ზოგისთვის გასაკვირი იყოს, რადგან გასული სამი სეზონის განმავლობაში ქართველ მეფარეს არც სათამაშო დრო ჰქონდა საკმარისი და არც სტატისტიკა - მრავალფეროვანი. იგი მიმდინარე სეზონის დასაწყისშიც სათადარიგო ცენტრი იყო, მაგრამ ელ ჰორფორდის ტრავმამ ზაზა ძირითადი შემადგენლობის კალათბურთელად აქცია და გაცილებით უკეთესად ირჯება ვიდრე სათადარიგოდ.

- მიყვარს გამოწვევები. პროფესიულ სპორტში გადასვლის პირველივე დღიდან ვცდილობ საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცებას, ზოგჯერ კარგად გამოდის, ზოგჯერ - ვერა. გამოწვევა ამ სეზონშიც მივიღე, გამიჩნდა შანსი სასტარტო ხუთეულში საკმარისი დროით მეთამაშა. ვცდილობ ეს მაქსიმალურად გამოვიყენო. შანსი ელ ჰორფორდის ტრავმის შემდეგ გამიჩნდა, დასანანია, ასეთი კალათბურთელის გამოკლება, ელი ხომ ჩემი უახლოესი მეგობარია, მაგრამ ვერაფერს შეცვლი. ტრავმა სპორტსმენის კარიერის შემადგენელი ნაწილია, - ამბობს ფაჩულია.

იგი დღეს ბევრს მუშაობს და ამტკიცებს რომ სოლიდური ცენტრია. ორი წლის წინათ ქართველი მეფარის სათამაშო დრო საგრძნობლად შემცირდა მწვრთნელის, მაიკ ვუდსონის ხელში. იგივე მეორდებოდა შარშანდელ სეზონში, ლარი დრიუს მწვრთნელობისას. ეს სპეციალისტი ფაჩულიაზე წინ აყენებდა ჯოშ პაუელს, რომელიც სადღეისოდ NBA-ში აღარაა.

სწორედ მაშინ "ჰოქსის" ხელმძღვანელები ბრედ მილერის სანაცვლოდ "ჰიუსტონში" ზაზას გაშვებას აპირებდნენ. თუმცა გაცვლა ბოლო მომენტში ჩაიშალა. ცნობისთვის, მილერი დღეს "მინესოტა ტიმბერვულვზის" სათადარიგოა და სკამიდან იშვიათად დგება, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 თამაში აქვს ჩატარებული.

საინტერესოა, რომ ჰორფორდის დაშავების შემდეგ სასტარტო ხუთეულში სამი მატჩი ითამაშა ჯეისონ კოლინზმა, რომელიც ეფექტურია საკუთარ ფარქვეშ დაცვისას, მაშინ როცა ფაჩულია გამოირჩევა სროლის სიზუსტით, მოხსნებით, პასებითა და კარგი დამცველია მეტოქის "პიკ-ენდ-როლისას".

ლარი დრიუმ ცენტრის პოზიციაზე ივან ჯონსონიც მოსინჯა, მაგრამ დღეს "ჰოქსის" სასტარტო ცენტრი მაინც ფაჩულიაა. იგი "ატლანტაში" თავს კარგად გრძნობს.

- იმ კალათბურთელთა კატეგორიას არ განვეკუთვნები, რომლებიც საკუთარი ინტერესების გამო გუნდს პრობლემებს უქმნიან. ჩემთვის მთავარი მოგებაა. თუმცა გაცილებით სასიამოვნოა, როცა გუნდი წარმატებას მაშინ აღწევს, როცა მოედანზე ვარ, - ამბობს ფაჩულია.

ქართველი კალათბურთელი ამ სეზონში სათამაშო დროის უკმარისობას ვეღარ დაიჩივლებს. ყოველთვის რთულია დროის ზრდასთან ერთად ნაყოფიერების კოეფიციენტის შესაბამისად მატება, თუმცა ფაჩულიას ეს გამოუვიდა. იგი შედეგიანია როგორც მეტოქისაზე, ასევე საკუთარ ფარზე მოხსნებში, კარიერაში ყველაზე მაღალი პროცენტული სიზუსტით სწორედ წლეულს სტყორცნის, სასარგებლოა უმაღლესი დონის ცენტრების მეურვეობისას.

გავიხსენოთ ორლანდოში "მეჯიქთან" გამართული შეხვედრა, რომელშიც ზაზა დუაით ჰოვარდს მეურვეობდა. მატჩი "ატლანტას" გამარჯვებით დასრულდა. ჯორჯიელებმა ასევე მოიგეს "ინდიანასა" და "მილუოკისთან", რომლებსაც ექსტრა-კლასის მეფარეები ჰყავთ, როი ჰიბერტი და ენდრიუ ბოგუტი.

საინტერესოა, რომ ზემოთჩამოთვლილი სამი ცენტრის შედეგიანობა სეზონის ნორმასთან შედარებით ქვემოთ დაეშვა, როცა მათ ფაჩულია მეურვეობდა.

ჯორჯიელი მეფარე ათლეტურობის, ენერგიულობისა და პოზიციის სწორად შერჩევის ხარჯზე აღწევს მიზანს. ასევე დადებით მომენტად უნდა მივიჩნიოთ, რომ ასეთი ძალისმიერი სტილის კალათბურთელი იმდენ ჯარიმას არ იღებს, რომ თამაშის ნაადრევად დატოვებამ მოუწიოს. არადა გასულ სეზონში სათამაშო დროსთან შეფარდებით ფოლების რაოდენობა მაღალი ჰქონდა.

- ასეთია ჩემი სტილი. აგრესიის გარეშე ვერ ვთამაშობ, - ესეც ფაჩულიას ნათქვამია.

ვახსენეთ ბოგუტი, ჰოვარდი, ჰიბერტი. მათ გვერდით ორ კალათბურთელს დავასახელებთ: ლეიკერსელ ენდრიუ ბინუმსა და მემფისელ მარკ გასოლს. მათ წინააღმდეგ ფაჩულიას ნამდვილად გაუჭირდა. თუმცა როცა საქმე გვაქვს სპორტთან, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველას აქვს კარგი და ცუდი თამაში, ხოლო ერთი სტილისა და ერთი დონის ორი კალათბურთელი არ არსებობს.

პუბლიკაცია ზაზა ფაჩულიას სიტყვებით დავასრულოთ:

- დიდებული შეგრძნებაა, როცა შეგიძლია გუნდს რაღაც შემატო, განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა გამარჯვებაში შეგაქვს გარკვეული წვლილი."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა