"კანტუს" ქართველმა მოთამაშემ თასის გათამაშებასა და ნაკრების შესახებ ისაუბრა
19 თებერვალს მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის თასის მოგების შანსი ხელიდან გაუშვა. ფინალურ მატჩში მისი "კანტუ" "სიენასთან" 71:88 დამარცხდა.

კანტუელებმა ფინალში რომ ითამაშეს, უპირველესად ქართველი კალათბურთელების დამსახურებაა. მარკოიშვილი და გიორგი შერმადინი პლეი ოფის მატჩებში საუკეთესოები იყვნენ - მეოთხედფინალის საუკეთესო მოთამაშე მარკოიშვილი გახდა, ხოლო ნახევარფინალში გუნდს გიორგი შერმადინმა ულიდერა.

მარკოიშვილმა ამ ორ საპლეიოფო შეხვედრაში ჯამში 37 ქულა მოაგროვა, თუმცა ფინალში სხვა თანაგუნდელების დარად ხელი მოეცარა.

- ბრწყინვალედ ჩატარებული პლეი ოფის მატჩების შემდეგ ფინალში ხელი რატომ მოგეცარათ?

- ეს ჩვენი მეტოქის კარგი თამაშის გამო მოხდა. საერთოდ, ყველამ აღიარა, რომ "სიენამ" ბოლო დროის საუკეთესო მატჩი სწორედ ამ ფინალურ შეხვედრაში ითამაშა.

სტატისტიკაც ამას მოწმობს: ორქულიანების 68, ხოლო სამიანების - 47 პროცენტი ჩააგდეს. რა თქმა უნდა, ჩნდება ბუნებრივი კითხვა: ჩვენი დაცვის ბრალი იყო, რომ მეტოქეს ასეთი შედეგიანი თამაშის საშუალება მივეცით. ეს გარკვეულწილად ესეცაა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სიენელებმა ბევრი ისეთი ბურთი ჩაგვიგდეს, რომელთა წინააღმდეგაც ნებისმიერი დაცვა უძლური იქნებოდა.

- მატჩის დაწყებამდე თუ იფიქრებდით, რომ ასე დამარცხდებოდით?

- ასეთი რამ არ გვიფიქრია. პირიქით, "სიენასთან" ფინალების თამაშის საკმაო გამოცდილება გვქონდა და მოსაგებად ვიყავით შემართულნი, მაგრამ... ისე კი, ფინალში რომ გავედით, არაერთი სპეციალისტის აზრი გავაქარწყლეთ. იტალიის ჩემპიონატის ბოლო მატჩებში რამდენჯერმე წავიფორხილეთ, რის გამოც ცხრილში მეორედან მე-7 ადგილამდე დავეშვით. ამის გამო მიიჩნევდნენ, რომ ფინალშიც კი ვერ გავიდოდით.

- რას იტყვი ფინალამდე გამართულ პლეი ოფის მატჩებზე?

- "აველინისთან" პრობლემა არ შეგვქმნია. რაც "კანტუში" ვარ, ამ გუნდს სულ ვუგებთ და ეხლაც შანსი არ დავუტოვეთ. თანაც, მათ ძირითადი ხუთეულის ერთი მოთამაშე აკლდათ, რომელიც ამპლუით მსროლელია და ეს უპირატესობა ბოლომდე გამოვიყენეთ.

- სწორედ "აველინისთან" ჩაატარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა...

- ისე გამოვიდა, რომ ჩემთვის ყველაფერი კარგად წარიმართა. მიზანშიც ვესროდი და ბურთის გათამაშებაც გამომდიოდა. კარგად ვითამაშე ნახევარფინალშიც, "სკავოლინის" წინააღმდეგ. ამ გუნდს იტალიის ჩემპიონატში ახლახანს შევხვდით და მეტოქის თამაშის მანერა კარგად გვქონდა შესწავლილი, რაც გამოვიყენეთ კიდეც. კარგი იქნებოდა, პლეი ოფში კარგი თამაში თასის მოგებით დაგვეგვირგვინებინა, მაგრამ ასე არ გამოვიდა და ამიტომ მთლიანობაში კმაყოფილი არ დავრჩენილვარ.

- როგორ შეაფასებ საკუთარ თამაშს მიმდინარე სეზონში?

- არასტაბილურად ვთამაშობ. ხან მაღალი დონის თამაშებს ვატარებ, ხანაც იმედგაცრუებული ვრჩები.

- ამის მიზეზი ტრავმა ხომ არაა?

- სერიოზული ტრავმა არ მაწუხებს, ასე რომ, არასტაბილურობა უფრო ჩემი ბრალია. სეზონის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დროა, წინ უმნიშვნელოვანესი მატჩებია და ვეცდები, სტაბილურობა აღვიდგინო.

- გიორგი შერმადინის შესახებ რა აზრის არიან "კანტუს" ხელმძღვანელები?

- რამდენადაც ვიცი, შერმადინს ემადლიერებიან. გიორგი საკმაოდ კარგად თამაშობს, დიდ კალათბურთელად იგი სწორედ "კანტუში" ყალიბდება და ეს კლუბის ხელმძღვანელობას ძალიან სიამოვნებს. შერმადინი ახალგაზრაა და ჯერაც პროგრესირებს.

- თუკი ასეა, რატომ არ ათამაშებენ შერმადინს საკმარისი დროით?

- გიორგის პრობლემა პერსონალურებია. მას ხშირად ჯარიმები უგროვდება და მწვრთნელი იძულებული ხდება, მოედნიდან გაიყვანოს. როცა ზომიერად ღებულობს ჯარიმებს, შერმადინი მოედანზეა.

- "კანტუს" მიზნებზე რას იტყვი?

- ჩვენი გუნდის მთავარი ორიენტირი იტალიის ჩემპიონატია. მიუხედავად იმისა, რომ ევროლიგის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ვართ, ამ ტურნირში წინაც რომ ვეღარ წავიდეთ, არავინ დაგვადანაშაულებს. ეს იმიტომ, რომ ევროლიგაში პროგრამა მინიმუმია, თუ მაქსიმუმი, შევასრულეთ. საუკეთესო 16 გუნდში მოვხვდით და ეხლა მეოთხედფინალში გასვლაც რეალურია. მომავალ ხუთშაბათს "ბარსელონას" ვმასპინძლობთ და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი გვეძლევა.

- გასულ სეზონში იტალიის ჩემპიონატის ფინალში ითამაშეთ. ეხლა რას უმიზნებთ?

- მთავარი მიზანი სამეულში მოხვედრაა, რაც მომავალ სეზონში ევროლიგაში თამაშის გარანტიას იძლევა.

- შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეებსა და შანსებზე რას იტყვი?

- შანსი, რა თქმა უნდა, გვაქვს, თუმცა წინასწარ რამის გადაჭრით თქმა ძნელია. ბოსნია, ჰოლანდია, ლატვია - ეს გუნდები ხელწამოსაკრავები არ არიან. ჯერ არაფერია ცნობილი, რა როგორ იქნება, როგორ მოსამზადებელ პერიოდს გავივლით და ასე შემდეგ. მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საგზური მოვიპოვოთ.

- შენი კონტრაქტის საქმე როგორ არის?

- შარშან "კანტუსთან" 1+1 წლიანი კონტრაქტი გავაფორმე. ანუ ამ სეზონის დასრულების შემდეგ კონტრაქტის გახანგრძლივებაა შესაძლებელი, ოღონდ ეს კლუბის სურვილზეა დამოკიდებული. ჯერ გუნდის ხელმძღვანელობას არაფერი უთქვამს. იმედი მაქვს, კონტრაქტს გამიხანგრძლივებენ და ზაფხულში ეროვნული ნაკრების განკარგულებაში ვიქნები. სანამ შემეძლება, საქართველოს ნაკრებშს ჩემს გამოცდილებას მოვახმარ.

gbf.ge

ამას ვინ წარმოიდგენდა - შენგელია "ბარსელონასგან" კონტრაქტს 900 ათასად გამოისყიდის
თორნიკე შენგელიასთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა - "ბარსელონა" ქართველის შენარჩუნების იმედს არ კარგავს
თორნიკე შენგელიას დამატებით ევროლიგის ჩემპიონი ინტერესდება
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
18-წლამდელთა ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა
"ვილიარეალმა" "ლაიფციგისგან" მეკარე შეიძინა
როდრი "რეალში"? პერესმა ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო