არნემის "ვიტესის" 18 წლის ქართველმა მოსკოვის "სპარტაკი", "ვილიარეალი", "სევილია" და "ვალენსია" არ ისურვა
გიორგი ჭანტურიას ჰოლანდიის ერედივიზიონში ჩინებული დებიუტი ჰქონდა, 22 ტურიდან 18 ითამაშა, 3 გოლი გაიტანა და "ტრანსფერმარკტმა" 18 წლის ქართველის ტრანსფერის ფასი 600 ათასი ევროდან 2,5 მილიონ ევრომდე გაზარდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდი ბოლო ტურში 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა: გაციებულიც იყო და მცირე ტრავმაც აწუხებდა. თუმცა, საშიში არაფერია, არნემის "ვიტესის" ხელმძღვანელობა და მწვრთნელი სამომავლოდ მასზე დიდ იმედებს ამყარებენ.

- სეზონი კარგად დაიწყე, მაგრამ მერე ჰოლანდიურ მედიაში მწვრთნელმა, ჯონ ვან დერ ბრომმა თქვა, ზედმეტად ეგოისტურად თამაშობსო.

- მაშინ პატარა გაუგებრობა მოხდა და მეც ვიცი, რომ ინდივიდუალიზმით ვერთობი, მაგრამ, დროსთან ერთად, მეტს ვსწვალობ და გუნდისა და მწვრთნელის მოთხოვნებსაც ვეჩვევი.

ის დრო აღარ არის, როდესაც ერთი კაცი იგებდა. 21-ე საუკუნის ფეხბურთში ძალიან მნიშვნელოვანია გუნდური მოქმედებები, გუნდი იგებს და აგებს და არა რომელიღაც ინდივიდი. ეს კარგად მესმის და ყოველთვის იმას ვცდილობ, რომ გუნდისთვის სასარგებლო ვიყო, რაც შეიძლება მეტი მოვიგოთ და მეტს მივაღწიოთ.

მწვრთნელი კი კარგად არის განწყობილი და ყველაფერი მოგვარდა. თუმცა, ჩემი თავით კმაყოფილი არ ვარ, სამზე მეტი გოლის გატანა შემეძლო.

- გამიგია, რომ საკუთარი თავით კმაყოფილი არასოდეს ხარ.

- კი, ჯერ 18 წლის ვარ და ჰოლანდიის ჩემპიონატში 3 გოლი ცუდი შედეგი არ უნდა იყოს. მაგრამ, არა იმაზე ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ასაკის მოთამაშისთვის დამაკმაყოფილებელია, არამედ იმაზე, რომ მეტიც შემეძლო.

ან როგორ ვიქნები კმაყოფილი, ჯერ ჩემს კარიერაში არცერთი ტიტული მომიგია. ჩემი უპირველესი მიზანიც ეს არის, უახლოეს პერიოდში რაიმე მნიშვნელოვანი ტიტული მოვიპოვო. ფეხბურთს ამისთვის თამაშობენ.

- რა არის მაქსიმუმი, რაზეც ოცნებობ?

- კარგად ვიცი, რაც მინდა და რაზეც ვოცნებობ. ახლა ძალიან კარგ კლუბში ვარ, მაგრამ უპირველესად, რომელიმე გრანდში მოხვედრა და კარგი ფეხბურთის თამაში მინდა.

- თითქოს შარშან "ჩელსისთან" წინასწარი კონტრაქტიც გააფორმე. რეალურად რა მოხდა?

- ეს იყო წინასწარი შეთანხმება, თუ "ვიტესში" კარგად ვითამაშებდი, ლონდონელები გადამიყვანდნენ. ახლა ყველაფერი ჩემზე არის დამოკიდებული. ანუ ინგლისელებთან ამ საკითხზე მართლაც ვილაპარაკე და ინტერესიც ჰქონდათ.

- მართალია, თითქოს დეკემბერში საკმაოდ სერიოზულ კლუბში გადასვლას გთავაზობდნენ?

- მართალია, მოლაპარაკებები იყო.

- თუ საიდუმლო არ არის, რომელი კლუბი გიწვევდა?

- კლუბი კი არა კლუბები - მოსკოვის "სპარტაკი", "ვილიარეალი", "სევილია" და "ვალენსია", მაგრამ...

- მერე?! კლუბმა არ გაგიშვა?

- არა, თავად ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე ჩემთვის "ვიტესში" დარჩენა აჯობებდა. ახალგაზრდა ფეხბურთელის გასაზრდელად ჰოლანდია და არნემის კლუბი ზედგამოჭრილია.

- გრანდში მოხვედრა მინდაო. მეტი რაღა გრანდი გინდოდა, "ბარსელონაში" იყავი. წამოსვლაზე გული არ გწყდება?

- ნამდვილად არ მწყდება, მიმაჩნია, რომ ეს ჩემი კარიერისთვის სწორი გადაწყვეტილება მივიღე. 18 წლის ქართველი ბიჭი ჰოლანდიის ჩემპიონატში ვთამაშობ და სანანებელი რა უნდა მქონდეს? ეს ჩემთვის ძალიანაც მისაღებია.

- ვაკო ყაზაიშვილი ბავშვობიდან შენი თანაგუნდელი და მეგობარია, მოედანზე ერთმანეთს უსიტყვოდ უგებთ. თუმცა "ვიტესში" და ახალგაზრდულ ნაკრებში ერთად თითქმის არ გითამაშიათ - შენ თუ ხარ ძირითადში, ის გცვლის, ან პირიქით. არადა, დევდარიანის გუნდში თქვენი წყვილი კარგადაა შეწყობილი.

- ვაკოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, უნიჭიერესი ბიჭია და მიმაჩნია, რომ დიდ ფეხბურთს ითამაშებს. მისნაირი პასი და აზრიანი თამაში ბევრს არ ეხერხება, ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებთ და დაძახებაც არ უნდა, ისე გრძნობს, სად გავიხსნები და ბურთი სად უნდა მომაწოდოს.

იმედია, შემდეგი სეზონიდან ყველაფერი დალაგდება, ორივეს მეტი სათამაშო დრო გვექნება და გუნდშიც და ნაკრებშიც ერთად მეტს ვითამაშებთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო