საქართველოს ჩემპიონატმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის ბევრი ახალი სახე წარმოაჩინა
სპორტკომპლექს "არენაში" 24 თებერვალს დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალი სტილით მოჭიდავე ახალგაზრდებს შორის, რომელმაც ბევრი ახალი სახე წარმოაჩინა.

გარკვეულწილად ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ლიდერების უფროსებში გადასვლის გამო შარშანდელი ნაკრები ლამის სრულად შეიცვალა. ახლანდელ მედალოსნებში ისეთებიც არიან, რომლებიც შარშან მეორე-მესამე ნომრებად გვევლინებოდნენ, ბევრი ჭაბუკთა ნაკრებიდანაც გვახსოვს, თუმცა რამდენიმეს აქამდე საკუთარი დარბაზის გარეთ არავინ იცნობდა.

ყველაზე მეტად ეს 74-ში გამარჯვებულ გორელ ჯუმბერ ყველაშვილზე ითქმის, თუმცა არც 96-ში გაჩემპიონებული გიორგი მეშვილდიშვილია ასაკობრივ ნაკრებებში გამობრძმედილი. პრიზიორებშიც არიან მოულოდნელი სახეები და ნებისმიერი ტურნირის დანიშნულებაც ესაა - ახალი კადრების წარმოჩენა. თუმცა მხოლოდ გამოჩენაც რა ბედენაა, თუ ხარისხიც არაა დამაკმაყოფილებელი, მაგრამ ამჯერად ამ თვალსაზრისითაც დამაიმედებელი სურათია - უფროსთა კვალად, ჭიდაობა ახალგაზრდებშიც საკმაოდაა გაუმჯობესებული.

ლიდერთა წასვლით ნაკრებში მოხვედრის შანსი სხვებსაც გაეზარდათ და ვაკანსიების შევსების მსურველიც ბევრი გამოჩნდა. 24 თებერვალს 50, 60, 74 და 96-ის ფალავნები ჭიდაობდნენ, მონაწილეთა საერთო რაოდენობამ კი მხოლოდ ამ ოთხ წონაში 115-ს მიაღწია. წონების მიხედვით ლიდერი 74 გამოდგა, სადაც 53 მონაწილე გამოდიოდა, თუმცა 60-შიც ბლომად მოგროვდნენ - 36 კაცი.

დღის უდაო გმირი მეშვილდიშვილი გახდა, იმდენად ლამაზი ფანდით დაასრულა ტურნირი. არადა, მეტოქეც სერიოზული ჰყავდა - ომარ გუსოშვილი, რომელიც აქამდე ჭაბუკთა ნაკრებში იყო, თუმცა ახალგაზრდულის თავკაცი ნუგზარ სხირელიც ხშირად ენდობოდა. წყვილში ფავორიტიც ის იყო, მაგრამ მხოლოდ მეორე პერიოდი მოიგო (პირველში მეშვილდიშვილმა წილისყრით იმარჯვა), ყველაფერი კი დამატებითში გადაწყდა. სწორედ იქ იხილა მაყურებელმა გდება, რომელიც დიდხანს არ დაავიწყდება და რომლითაც ონელმა ფალავანმა (თუმცა თბილისში ვარჯიშობს) ქართულ ჭიდაობას მოუხადა ხარკი - ჯერ ჯვარზე შეეკრა კარგად, მერე გარედან ფეხიც ჩინებულად ჩაუხვია და მოწყვეტით გადააგდო სამქულიანზე.

ეს ქართული ჭიდაობის ნამდვილი ზეიმი და თან კარგი პასუხი იყო ეროვნული საუნჯის არდამფასებელი სკეპტიკოსებისთვის, რომლებიც ძიუდოს გარდა ჭიდაობის სხვა სახეობებშიც მოიძებნებიან. ასეთი გდება გუსოშვილს რომ გაეკეთებინა, იმდენად არ გაგვიკვირდებოდა, რადგან გორში ქართულ ჭიდაობას დღემდე დიდ პატივს სცემენ, მეშვილდიშვილისგან კი ორმაგად გვესიამოვნა.

დარჩენილი ფინალებიდან დაძაბული ბრძოლა 60-სა და 74-ში ვიხილეთ, 50-ში კი გორელმა ბექა ბუჯიაშვილმა ძირითად დროში იოლად დაამარცხა აჭარელი რამაზ დარჩიძე. 60-ის ფინალში ბოლო წლებში სხვადასხვა წონებში ჭაბუკთა ნაკრების ორი ლიდერი შეხვდა ერთმანეთს - ლაშა ბიტარაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია, ლევან ქელეხსაშვილი - ევროპის ორგზის მესამე პრიზიორი, ოღონდ ორივეჯერ განსხვავებულ კატეგორიებში.

ეს შეხვედრა უხვქულიანობით გამოირჩა და ქელეხსაშვილის უპირატესობით დაიწყო - 1 ქულა იოლად აუღო ფეხში შესვლით, თუმცა ბიტარაშვილმა მალევე გადაიყვანა ჩოქბჯენში და კარგადაც დაატრიალა. პერიოდიც 4:1 მოიგო. მეორე პერიოდში ქელეხსაშვილმა იაქტიურა, რომელსაც ეფექტური მანევრებით არ გამოუჩენია თავი, მაგრამ ტაქტიკურად სწორად გამართული ჭიდაობით მეტოქე 4-ჯერ ჩაიყვანა დაბლა და 4:0 იმარჯვა. დამატებით დრო დაძაბული და უაღრესად საინტერესო გამოდგა. ის ბიტარაშვილის ლამაზი გდებით დაიწყო, რომელიც იოლად შევიდა ფეხში და მოწინააღმდეგე 3-ქულიანზე გადააგდო.

ქელეხსაშვილმა, რომელსაც შედარებით იოლად გადაჰყავდა მეტოქე ჩოქბჯენში, ამ გზით ერთი ქულა კი გაქვითა, მაგრამ ვერაფრით დაატრიალა. საერთოდ, ამ კომპონენტში მთელი შეხვედრა მოიკოჭლებდა, თუმცა ბოლოს სწორედ ამან მოუტანა გამარჯვება. ოღონდ მანამდე ჯერ კიდევ ერთი ქულა მიითვალა, რასაც მეტოქემაც ასევე უპასუხა - 4:2. ამასობაში დროც იწურებოდა და თითქოს ეს ანგარიში არ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ქელეხსაშვილმა ბოლომდე მედგრად იბრძოლა, ჯერ ორჯერ დაიმსახურა თითო ქულა, ბოლოს კი ჩოქბჯენიდან დატრიალების მორიგი მცდელობა, როგორც იქნა, წარმატებით დაასრულა - 6:4 მის სასარგებლოდ.

74-ის ფინალიც არანაკლებ დაძაბული გამოდგა გორელ ყველაშვილსა და სამტრედიელ კახა თავაძეს შორის. თავაძე შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორია და სპეციალისტები აქამდეც კარგად იცნობდნენ, ყველაშვილი კი სრულიად ახალი სახეა.

თავაძემ თავისი შანსი პირველი პერიოდის დასაწყისშივე დაკარგა, როცა შესვლა ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ კონცენტრაცია გაუჭირდა და ინიციატივა მთლიანად მეტოქეს გადაულოცა, რაც გორელმა მშვენივრად გამოიყენა - ქულებით სუფთა მოგება მიითვალა, 6:0. მეორე პერიოდში თავაძე მობილიზებული დაუბრუნდა ლეიბს, უფრო მწვავედაც უტევდა და ფიზიკურადაც უკეთ გამოიყურებოდა, თუმცა ფარ-ხმალი არც ყველაშვილს დაუყრია, შედეგად კი ბევრი ილეთი ვიხილეთ. თავაძემ ეს პერიოდი 6:4 მოიგო, თუმცა დამატებითში დასაწყისშივე მეტოქე იოლად შეუშვა ფეხში.

საერთოდ, ყველაშვილი მსგავს შანსს ყოველთვის კარგად იყენებდა - ეტყობა, რომ კარგად გრძნობს ილეთს. მან სამი ქულა მიითვალა - ორჯერ დაბლა ჩაყვანით, ერთხელ - წრიდან გაყვანით, თავად კი არაფერი დაუთმია, ისე გაიმარჯვა.

25 თებერვალს "არენაში" დარჩენილი წონების - 55, 66, 84 და 120-ის ფალავნები იჭიდავებენ. ამ დღესვე იასპარეზებს შარშანდელი შემადგენლობიდან შემორჩენილი ერთადერთი ლიდერი - მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილი, რომელიც შარშან ჭაბუკებში მსოფლიოს ვიცე და ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ახალგაზრდებში ევროპაზე მესამე იყო. იმედია, ამჯერადაც ისეთივე ხარისხიან ჭიდაობას და დაძაბულ შეხვედრებს ვიხილავთ.

კვარცხლბეკი

50 კგ. 1. ბექა ბუჯიაშვილი (გორი), 2. რამაზ დარჩიძე, 3. რამაზ ზოიძე (ორივე - აჭარა), არჩილ ბეუქლიშვილი (ყვარელი).

60 კგ. 1. ლევან ქელეხსაშვილი (ხაშური), 2. ლაშა ბიტარაშვილი, 3. გიორგი რევაზიშვილი (ორივე - თბილისი), აკაკი მოწონელიძე (ხაშური).

74 კგ. 1. ჯუმბერ ყველაშვილი (გორი), 2. კახა თავაძე (სამტრედია), 3. ალექსანდრე ჯაჭვაძე (გარდაბანი), ზვიად მეკეიძე (აჭარა).

96 კგ. 1. გიორგი მეშვილდიშვილი (ონი), 2. ომარ გუსოშვილი (გორი), 3. ზურაბ ახობაძე (სამტრედია), გიორგი კაკაურიძე (ხონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
[VIDEO] მაჭარაშვილი და დინგაშვილი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
თავისუფალი ჭიდაობა. მაჭარაშვილი და დანგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე რვა მედალი მოიპოვა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
ბენზემამ გამორიცხა - კარიმი ფეხბურთელის რანგში მშობლიურ გუნდში არ დაბრუნდება
"მილანი" ძლიერდება - "როსონერი" ორი ტრანსფერის განხორციელებასთან ძალიან ახლოსაა
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა