"ვარსკვლავური უქმეების" მეორე დღეს ოთხი ტრადიციული კონკურსი გაიმართა
"ვარსკვლავური უქმეები", ტრადიციულად, დებიუტანტებისა და "მეორეწლიანების" მატჩით გაიხსნა. თუმცა ამჯერად მისი ფორმატი განსხვავებული იყო - ამ გუნდების გენერალურ მენეჯერებად შაკილ ო'ნილი და ჩარლზ ბარკლი მოგვევლინნენ და მათ დრაფტის მეშვეობით ერთმანეთში გაინაწილეს კალათბურთელები.

უნდა ითქვას, რომ შაკმა ახალ ამპლუაში აშკარად ჩააგდო დებიუტი: ჯერ ერთი, მან თავის გუნდში ხუთი გამთამაშებელი აიყვანა.

გარდა ამისა, პირველ ნომრად აირჩია გრიფინი, რომელსაც "ოლს სტარის" მთავარ მატჩშიც უწევდა თამაში, ამიტომაც ბევრი სათამაშო დროს ვერ მიიღებდა.

უფრო ეფექტური აღმოჩნდა ბარკლის პირველი არჩევანი: კაირი ირვინგმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ დაიწყო შაკის გუნდის დაბომბვა და შემდეგ ის ვეღარავინ შეაჩერა. საბოლოოდ, "კლივლენდის" მცველმა რვიდან რვა სამქულიანი ჩააგდო და მატჩის MVP-ის ტიტული მოიპოვა.

მატჩის წინ საინტერესო იყო, როგორ განლაგდებოდნენ შაკის გუნდის გამთამაშებლები მოედანზე. სასტარტოში ერთბაშად სამი პოინტ-გარდი აღმოჩნდა. პირველ ნომრად რუბიო დადგა, ნაითი და ლინი კი მეორე და მესამე ნომრის პოზიციებზე თამაშობდნენ. წინ მონრო და გრიფინი განლაგდნენ. უფრო დაბალანსებული იყო ჩარლზ ბარკლის ხუთეული: ირვინგი, ტერნერი, ჯორჯი, უილიამსი და კაზინსი.

ამდენი გამთამაშებლის მიუხედავად, შაკის გუნდმა ბურთზე კონტროლი ვერ დააწესა. ამან მეტოქეს თავიდანვე გაქცევის საშუალება მისცა.

ბარკლის გუნდმა სწორი ტაქტიკა აირჩია და სამწამიანში კაზინსი დატვირთა, რომელმაც პრაქტიკულად ყველა ბურთი მოათავსა კალათში.

თავის მხრივ, "შაკებს" სროლა არ წაუვიდათ, განსაკუთრებით სამქულიანები - 41 ცდიდან მხოლოდ 12 იყო ზუსტი. ჩააგდო თამაში ნიუიორკელმა სენსაციამ, ლინმა - უბურთოდ დარჩენილი ამერიკელ-ჩინელი თავის თავს ვერ სთავაზობდა პარტნიორებს და მთელი თამაშის განმავლობაში

მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო. სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა არ დაეტანჯა მცველი და მას მხოლოდ ცხრა წუთი სათამაშო დრო მისცა.

მხოლოდ 10 წუთი ითამაშა გრიფინმა, რომელმაც მოასწრო პუბლიკის გახარება ეფექტური ჩატენვებით.

ჩაკი-შაკი 146:133

ჩ: ირვინგი (34+9 პასი), ჯორჯი (23), კაზინსი (18+11 მოხსნა), უოლი (17+8 პასი+6 მოხსნა), ტერნერი (16+11 მოხსნა+7 პასი), ჰეივორდი (14), ფეივორსი (14+3 ჩაჭრა), ბრუქსი (8).

შ: ტომპსონი (20), მონრო (19+10 მოხსნა+5 ჩაჭრა), კოული (18+6 პასი+4 ჩაჭრა), ფილდზი (16), ნაითი (14+7 პასი), რუბიო (12+7 პასი), მორისი (12), გრიფინი (10), უოკერი (10+10 პასი+5 მოხსნა).

მეორე დღეს ოთხი ტრადიციული კონკურსი გაიმართა. წელს, გულშემატკივრებმა პირველად აირჩიეს ჩატენვების კონკურსის მონაწილეები და მათ აშკარად ვერ შეაფასეს "იუტას" ფორვარდის ჯერემი ევანსის შესაძლებლობები. ფანების გადაწყვეტილებით, ის კონკურსის მიღმა დარჩა და ორლანდოში მისი გამოსვლა მხოლოდ იმის წყალობით გახდა შესაძლებელი, რომ ტრავმა მიიღო "ნიუ იორკის" მცველმა აიმან შუმპერტმა. და ევანსმა სრულად გამოიყენა ბოძებული შანსი.

იმ საღამოს ყველაზე ლამაზი დანკი სწორედ მას გამოუვიდა - ის სკამზე მჯდომ ასისტენტს გადააფრინდა, რომელმაც ბურთები აუგდო ევანსს და მან ორივე კალათში მოათავსა.

საერთო ჯამში კი მაყურებელი ბოლომდე კმაყოფილი ვერ დარჩებოდა, რადგან მონაწილეები არაორიგინალურები იყვნენ.

მაგალითად, ვერავინ გააკვირვა "მინესოტას" ფორვარდმა დერიკ უილიამსმა, რომელიც მოტოციკლს გადაახტა, არადა, შარშან ბლეიკ გრიფინი მსუბუქ ავტომობილს გადააფრინდა.

"ინდიანას" წევრმა პოლ ჯორჯმა წინ ორი თანაგუნდელი დაიყენა და მათ გადაახტა თავზე. მაგრამ აქაც არაფერი ყოფილა ახალი, რადგან ორი წლის 175 სანტიმეტრი სიმაღლის ნეიტ რობინსონმა 211 სანტიმეტრის დუაიტ ჰოვარდი არ შეიმჩნია და ისე ჩატენა ბურთი.

დიდად ვერ მოხიბლა "ინდიანას" ფორვარდმა მაყურებელი მეორე ცდისას - სიბნელეში განათებულმა ჯორჯმა აჩვენა პუბლიკას როგორ კარგად ფლობს "წისქვილს". ჰიუსტონელი ჩეიზ ბადინგერის "ბრმა" ჩატენვა ორგინალურად კი გამოიყურებოდა, მაგრამ არც ის წასულა ამ მხრივ შორს.

როგორც ჩანს, NBA-ის "დანკერებს" შორის შემოქმედებითი კრიზისია.

დანარჩენი კონკურსები სიზუსტეზე იყო.

სამქულიანები ყველაზე კარგად "მინესოტას" ფორვარდმა კევინ ლავმა შეასრულა, რომელმაც ფინალში ოკლაჰომელ სეხნიას დურანტს აჯობა.

ლავი საკმაოდ რთული გზით მივიდა ამ ტრიუმფამდე. პირველი რაუნდის შედეგების მიხედვით მას დამატებითი შეჯიბრის ჩატარება მოუწია მარიო ჩელმერსთან (მათ 18-18 ქულა დააგროვეს). ფინალში უპრობლემოდ გადავიდნენ კევინ დურანტი და ჯეიმს ჯონსი, რომლებმაც 20 და 22 ქულა დააგროვეს.

ლავმა "ოკლაჰომას" ლიდერთან ერთად ისევ თანაბარი ქულები დააგროვა. ისევ დამატებითი რაუნდი დაინიშნა, რომელშიც უფრო ზუსტი ლავი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამქულიანების კონკურსის მონაწილეებს შორის რეგულარულ ჩემპიონატში შორეული ტყორცნების რეალიზაციის ყველაზე დაბალი პროცენტი (38.4) სწორედ მინესოტელს ჰქონდა.

საინტერესოა, რომ კევინი ძალიან მონდომებით ემზადებოდა ამ კონკურისისთვის - დამატებითი ვარჯიშები ჩაატარა "მინესოტას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის ტერი პორტერის ხელმძღვანელობით, რომელიც, თავის დროზე, შორეული ტყორცნების კონკურსის ორგზის ფინალისტი იყო.

ოსტატობის კონკურსი (Taco Bell Skills Challenge) ტონი პარკერმა ("სან ანტონიო") მოიგო, რომელმაც ფინალში რაჟონ რონდო ("ბოსტონი") და დერონ უილიამსი ("ნიუ ჯერსი") დაამარცხა.

პირველ რაუნდში კაირი ირვინგმა უზუსტო საშუალო ტყორცნის გამო დაბალი დრო აჩვენა, რასელ უესტბრუკი კი იატაკიდან პასმა დააღალატა - ამის გამო მან ბევრი დრო დაკარგა. ჯონ უოლმა და რაჟონ რონდომ პირველ ტურში ერთნაირი დრო აჩვენეს და განმეორებით რაუნდში უფრო სწრაფი "ბოსტონის" მცველი იყო. აღსანიშნავია, რომ დერონ უილიამსმა ამ კონკურსის პირველი რაუნდების რეკორდი დაამყარა, მაგრამ ფინალში საშუალო ტყორცნა ვერ ჩააგდო პირველი ცდიდად. ტონი პარკერმა ორივე ტური თანაბრად გაიარა, დრო და დრო სისწრაფეში აგებდა, მაგრამ ამოცანების შესრულებაში არ ჰქონია წუნი.

სნაიპერების კონკურსში (Haier Shooting Stars) გაიმარჯვა ნიუ იორკის გუნდმა (ლენდრი ფილდსი, კეპი პონდექსტერი, ალან ჰიუსტონი), რომელმაც ფინალში ტექსასის გუნდი დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვების ტყორცნა "ნიქსის" ყოფილმა ვარსკვლავმა ჰიუსტონმა შეასრულა.

სნაიპერების კონკურსი (Haier Shooting Stars)

მონაწილეები: "ატლანტა" (ჯერი სტეკჰაუსი, ლინდსი ჰარდინგი, სტივ სმიტი), "ორლანდო" (ჯამირ ნელსონი, მარი ფერდინანდ-ჰარისი, დენის სკოტი), "ნიუ იორკი" (ლენდრი ფილდსი, კეპი პონდექსტერი, ალან ჰიუსტონი), "ტექსასი" (ჩენდლერ პარსონსი, სოფია იანგი, კენი სმიტი).

გამარჯვებული: "ნიუ იორკი".

ოსტატობის კონკურსი (Taco Bell Skills Challenge)

მონაწილეები: კაირი ირვინგი ("კლივლენდი"), ტონი პარკერი ("სან ანტონიო"), ჯონ უოლი ("ვაშინგტონი"), რასელ უესტბრუკი ("ოკლაჰომა"), დერონ უილიამსი ("ნიუ ჯერსი"), რადონ რონდო ("ბოსტონი").

გამარჯვებული: ტონი პარკერი.

სამქულიანების კონკურსი (Foot Locker Three-Point Challenge)

მონაწილეები: ჯეიმს ჯონსი ("მაიამი"), კევინ ლავი ("მინესოტა"), მარიო ჩელმერსი ("მაიამი"), რაიან ანდერსონი ("ორლანდო"), ენტონი მოროუ ("ნიუ ჯერსი"), კევინ დურანტი ("ოკლაჰომა").

გამარჯვებული: კევინ ლავი.

ჩატენვების კონკურსი (Sprite Slam Dunk Contest)

მონაწილეები: ჯერემი ევანსი ("იუტა"), პოლ ჯორჯი ("ინდიანა"), ჩეიზ ბადინგერი ("ჰიუსტონი"), დერიკ უილიამსი ("მინესოტა").

გამარჯვებული: ჯერემი ევანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გარიგება შედგა - იანის ანტეტოკუნმპო "მაიამი ჰიტში" ითამაშებს
ამერიკული შეფასება: "სწორედ ამიტომ გაიზარდა მამუკელაშვილის ფასი. ალბათ "ტორონტოდან" უფრო ძლიერ გუნდში წავა"
[VIDEO] ბრანსონის სასწაული! 53 წლის შემდეგ პირველად - "ნიუ იორკ ნიქსი" NBA-ის ჩემპიონია
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
მანჩინი გამოირიცხა - იტალიას დიდი ალბათობით, კონტე ჩაიბარებს
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება