რუსეთის თავისუფალთა ნაკრების თავკაცის ჯამბულათ თედეევის გადადგომის შემდეგ მისი ადგილი მაგომედ ჰუსეინოვმა დაიკავა
რუსეთის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის ჯამბულათ თედეევის გადადგომის შემდეგ მისი ადგილი ვაკანტურად დიდხანს არ დარჩენილა.

შემცვლელის მოსაძებნად არც ფედერაცია წასულა შორს - კანდიდატურა ისევ სამწვრთნელო შტაბიდან შეარჩია და გუნდი 59 წლის ცნობილ დაღესტნელ მწვრთნელ მაგომედ ჰუსეინოვს ჩააბარა.

ოღონდ ჯერ მხოლოდ ევროპის ჩემპიონატამდე, შემდგომ პერიოდზე და კონკრეტულად ოლიმპიადისთვის მზადებაზე კი იქაური ფედერაცია არაფერს ამბობს. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობა 6-11 მარტს ბელგრადში გაიმართება.

ჰუსეინოვს ნაკრების მესაჭეობა ოფიციალურად დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე გადააბარეს, როცა 15 თებერვალს გუნდი ოლიმპიადისთვის მოსამზადებელ პირველ შეკრებაზე გაატანეს ადლერში.

წლების განმავლობაში ის დაღესტანის "თავისუფალთა" ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო, ბოლო წლებში კი ავტონომიის სახელმწიფო მწვრთნელის სტატუსი ჰქონდა, თან პარალელურად ნაკრებშიც მუშაობდა.

მისი ყველაზე ცნობილი შეგირდები მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ბილიალ მახოვი და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მავლეტ ბატიროვი არიან, თუმცა ბოლო წლებში ბატიროვი მასთან აღარ ვარჯიშობს. ამდენად, სანაკრებო ატმოსფერო ჰუსეინოვისთვის უცხო არაა და კარგად იცნობს თითეული წევრის პლიუს-მინუსებს. მას ახასიათებენ როგორც ავტორიტეტულ, მომთხოვნ მწვრთნელს, რომლის დანიშვნასაც სპორტსმენები სრული გაგებით შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ თედეევმა გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა, მაგრამ სინამდვილეში, პოლიტიკურ დინებებს რომ შეეწირა, ამას რუსული პრესის ისეთი სოლიდური წარმომადგენელიც კი პირდაპირ წერს, როგორიც "მოსკოვსკიე ნოვოსტია". არც კულუარებში ეეჭვება ვინმეს, რომ თედეევი რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული, მაგრამ კრემლისთვის მიუღებელი ალა ჯიოევას მხარდაჭერას გადააყოლეს.

თავის დროზე გერმანიაში "სამკურნალოდ წასვლაც" შირმა იყო ქვეყნიდან მის გასაყვანად და იმ პოლიტიკური პროცესებისგან გასარიდებლად, ახლახან კი თედეევმა თავისით სცადა რუსეთის დატოვება - მოსკოვიდან კიევში მიფრინავდა, მაგრამ თვითმფრინავი უკან დააბრუნეს, თვითონ კი მყისვე დააპატიმრეს, მაგრამ პოლიციიდან მალევე გაუშვეს.

თავისუფლებას იოლად, უბრალო დაკითხვით რომ ვერ მოიპოვებდა, დიდი გამოცნობა არც ამას უნდა, ოღონდ ამჯერად რა პირობა ჩამოართვეს, მაქსიმალურად გასაიდუმლოებულია. თედეევისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ექს-პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის დაპირისპირება საყოველთაოდაა ცნობილი, როგორც ის, კოკოითს რომ ზურგს სპეცსამსახურები უმაგრებდნენ.

ამას წინათ თედეევის გაშვებაში დაღესტნელთა შესაძლო წვლილზეც გამოვთქვით ვარაუდი. ეტყობა, არც ვცდებოდით - ერთ-ერთ საჭიდაო ფორუმზე ასეთ ფრაზას წავაწყდით, დაღესტნელები ამ დღეს 11 წელიწადი ველოდითო. სწორედ ამდენ ხანს წვრთნიდა თედეევი რუსებს.

რუსები საევროპო შემადგენლობას, ტრადიციულად, ჩემპიონატამდე ერთი კვირით ადრე დაასახელებენ, აზერბაიჯანელებმა კი ასევე ტრადიციულად ადრევე გამოამზეურეს. ოლიმპიადისთვის სამზადისმა მათ გუნდებს დიდი დაღი დაასვა - ლიდერებს ასვენებენ ან სალიცენზიო ტურნირებისთვის ინახავენ.

იქაური ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ნამიკ ალიევმა პირდაპირ განაცხადა, რომ ოლიმპიადის ფაქტორიდან გამომდინარე, ევროპის პირველობაზე სამივე ნაკრები ექსპერიმენტული შემადგენლობით გამოვაო. "თავისუფალთა" მთავარმა მწვრთნელმა საიპულა აბსაიდოვმა დაასვენა როგორც ულიცენზიო წონების ლიდერები, ევროპის ჩემპიონები - მაჰმუდ მაგომედოვი (55) და ზელიმხან ჰუსეინოვი (60), ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი ხეტაგ გოზიუმოვი (96), ასევე ლიცენზირებულები, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი შარიფ შარიფოვი (84) და მესამე პრიზიორი აშრაფ ალიევი (74).

ცხადია, მწვრთნელი ულიცენზიო წონების ლიდერებს სალიცენზიო შეჯიბრებებისთვის ინახავს, შარიფოვმა კი თურქეთში 96-ში იჭიდავა და გოზიუმოვის დასვენების შემთხვევაში მოსალოდნელი იყო, ევროპაზეც წაეყვანა, მაგრამ ასე არ მოიქცა. ძალიანაც კარგი - მათი არყოფნით გიორგი გოგშელიძეს წარმატების შანსი ეზრდება, რადგან 84-დან ამონაცვლებული ნატურალიზებული ყარაჩაელი ნოვრუზ ტემრეზოვი მისი ღირსეული მეტოქე არ გვგონია. აბსაიდოვის რჩეულთა შორის გალიბ ალიევი (55), ტოგრულ ასკეროვი (60), ჯაბრაილ ჰასანოვი (66), ალექსანდრ გოსტიევი (74), ილია ხამიკოევი (84), ნოვრუზ ტემრეზოვი (96) და ჯამალედინ მაგომედოვი (120).

მთავარი ლიდერი არც აზერბაიჯანელ ბერძენ-რომაელებს ეყოლებათ - თურქი მწვრთნელი სალიხ ბორა მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ როვშან ბაირამოვს (55) ასვენებს, სხვები კი იჭიდავებენ: ელჩინ ალიევი (55), კამრან მაგომედოვი (60), ვიტალი რაჰიმოვი (66), ელვინ მურსალიევი (74), სამან ტახმასიბი (84), შალვა გადაბაძე (96), მასუდ ჰაშიმზადე (120). 55-ის გარდა, ამ ნაკრებს კიდევ ერთი ლიცენზია აქვს - 84-ში მსოფლიოს ირანელმა პრიზიორმა ტახმასიბიმ მოიპოვა. გადახალისების მიუხედავად, ორივე ნაკრები მაინც საკმაოდ ძლიერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?