ლონდონელები "მილანთან" თამაშის წინ ოცნებობენ: სწრაფი გოლი, ცოტაოდენი იღბალი და მერე ვნახოთ!
6 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი საპასუხო მატჩებია: "არსენალი" "მილანთან" შეუძლებლის შესაძლებლად გადაქცევას შეეცდება, სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" კი ლისაბონში უმძიმესი 90 წუთი ელის.

არსენალი-მილანი 23:45

პირველი მატჩი: 0:4

მთელი საფეხბურთო ევროპა თანხმდება იმაზე, რომ "მილანი" "არსენალისთვის" "შეუსრულებელი მისიაა". "სან სიროზე" განცდილი კრახის (0:4) შემდეგ, წარმოუდგენელია, რომ ლონდონელებმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხონ.

გასაკვირი არც ისაა, რომ ინგლისელები დღევანდელი მატჩის წინ ბევრს არ საუბრობენ. იტალიელები კი აცხადებენ, რომ წინ 90 წუთია. "არსენალი" ისეთი გუნდია, რომელსაც პატივი უნდა სცე და რომ თუ საფრთხე არსებობს, ის მხოლოდ იმაშია, რომ მილანელებმა ნაადრევად არ მიიჩნიონ ეს დუელი მოგებულად.

არსენ ვენგერის გუნდი ბოლო დროს აშკარად პროგრესის გზაზეა, რაც, პირველ რიგში, "მეთოფეების" ჰოლანდიელი ლიდერის, რობინ ვან პერსის დამსახურებაა - ეს უკანასკნელი შესანიშნავად ათამაშდა. "მილანს" კი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჰყავს იდეალურ ფორმაში.

ლონდონელებს არ აქვთ სასწაულის მოხდენის იმედი, მაგრამ არც ნებდებიან. "სან სიროზე" განადგურების შემდეგ ვენგერის გუნდმა პრემიერლიგაში ორი უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო: "ტოტენჰემთან" 5:2 და "ლივერპულთან" 2:1, რითაც "მეთოფეები" სასურველ მესამე ადგილს "სათოფეზე" მიუახლოვდნენ. ამ ორივე წარმატების უმთავრესი შემოქმედი ვან პერსი გახლდათ, რომლის გარეშე "არსენალს" დღეს მართლა არაფერი გამოსდის. "ენფილდზე" ორივე გოლი მან გაიტანა და პრემიერლიგის 27 ტურის შემდეგ მის აქტივში 25 გოლია.

"რობინ ვან პერსი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. როცა ბურთს მიიღებს, დარწმუნებული ვარ ხოლმე, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდება," - აცხადებს ვენგერი და ამით იმის თქმა უნდა, რომ თუკი "მილანთან" საპასუხო შეხვედრაში ვინმეს იმედი აქვს, პირველ რიგში ჰოლანდიელის. თუმცა ცენტრფორვარდი "მილანსაც" იდეალურ ფორმაში ჰყავს - ამ უქმეებზე შვედს 14 წუთიც ეყო იმისათვის, რომ "პალერმოსთან" (4:0) ჰეთ-თრიკი შეესრულებინა.

პირველ მატჩში "არსენალი" სწორედ იბრამ შეარცხვინა - კევინ-პრინს ბოატენგთან ერთად. ზლატანმა ლონდონური კლუბის მცველები სკოლის მოსწავლეებს დაამსგავსა, "მეთოფეებს" მათ ევრო-ისტორიაში უდიდესი მარცხი აგემა, ვან პერსი კი ჩრდილში მოაქცია. მაგრამ ვენგერი არ ნებდება და ამბობს, ჩვენ უნდა შევძლოთ და შეუძლებელი შესაძლებლად ვაქციოთო.

"მართალია, მეოთხედფინალში გასვლა უკვე უტოპიურად ჟღერს, მაგრამ საკმარისია, სწრაფი გოლი გავიტანოთ და ცოტა გაგვიმართლოს, რომ 0:4-ის შემოტრიალება გაცილებით რეალურად მოგვეჩვენება, მერე კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს," - განაცხადა ვენგერმა 5 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

იბრაჰიმოვიჩს კი ლონდონელთა თუნდაც მოკრძალებული მუქარა სასაცილოდ არ ჰყოფნის.

"ვიცი, რომ ინგლისელები არასდროს ნებდებიან და ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან. ისიც ვიცი, რომ რამდენიმე წლის წინ "მილანმა" "დეპორტივოს" შინ 4:1 მოუგო, მერე კი ლა კორუნიაში 0:4 დამარცხდა, მაგრამ მე გეუბნებით: ასეთი რამ არ განმეორდება!" - უთხრა ზლატანმა ინგლისურ ტაბლოიდ "სანს".

სტატისტიკაც "მილანის" სასარგებლოდ მეტყველებს. ევროტურნირების ისტორიას მხოლოდ სამი ისეთი შემთხვევა ახსოვს, როცა პლეი ოფში გუნდმა ოთხბურთიანი ჩამორჩენა ამოქაჩა და მომდევნო ეტაპზე მაინც გააღწია. ბოლოს ეს "რეალმა" შეძლო: 1985/86 წლების სეზონში მადრიდელები მიონხენგლადბახში 1:5 დამარცხდნენ, მერე კი "სანტიაგო ბერნაბეუზე" "ბორუსია" 4:0 დაამარცხეს.

"არსენალს" ევროტურნირებზე ჩატარებული ბოლო 19 საშინაო თამაშიდან მხოლოდ ექვსში აქვს მინიმუმ 4 გოლი გატანილი.

"სტატისტიკა ძალიან მიყვარს! მთავარი კი ის არის, რომ უკან დასახევი გზა მოჭრილი გვაქვს. მეტს ვეღარაფერს ვიტყვი, უბრალოდ, მოგვეცით ეს 90 წუთიც და ანალიზი მერე გავაკეთოთ," - ასე დაასრულა ვენგერმა პრესკონფერენცია.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, ვერმაელენი, კოშელნი, გიბსი - როსიცკი, სონგი - უოლკოტი, ჟერვინიო, ჩემბერლეინი - ვან პერსი.

მილანი (4-4-2): აბიატი - აბატე, მექსე, სილვა, ანტონინი - ნოჩერინო, ვან ბომელი, აკვილანი, ემანუელსონი - რობინიო, იბრაჰიმოვიჩი.

არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

ბენფიკა-ზენიტი 23:45

პირველი მატჩი: 2:3

სამაგიეროდ, "ბენფიკასა" და "ზენიტის" დუელში გადაწყვეტილი არაფერია. მეტიც: მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა პირველი თამაში მოიგეს (3:2), ვერ ვიტყვით, რომ მათ საპასუხო მატჩის წინ განსაკუთრებული უპირატესობა აქვთ.

სხვა საქმეა ის, რომ "ზენიტს" ოფიციალურ მატჩებში 18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ფაქტია, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდის დამარცხება იოლი არ არის, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ "და ლუჟზე" არაერთი გაცილებით ძნელად დასამარცხებელი გუნდიც დამარცხებულა.

ისე, მართალია, პირველი მატჩიდან გამომდინარე "ზენიტის" დაცვას ვერ შევაქებთ, მაგრამ ზოგადად სპალეტის გუნდს კარგი უკანა ხაზი ჰყავს, კარს კი სულაც რუსეთის ნომერ პირველი კიპერი, ვიაჩესლავ მალაფეევი იცავს. ეს მატჩი "ბენფიკასთვის" ჩემპიონთა ლიგაში 50-ე იქნება, "ზენიტისთვის" კი, უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში - მე-100.

"ბენფიკას" ესეკილ გარაი და პაბლო აიმარი არ ეყოლება. ორივე ტრავმირებულია, თუმცა აიმარს დისკვალიფიკაციაც აქვს და მას გამთამაშებლის პოზიციაზე როდრიგო შეცვლის. დაშავებული იყო ხავი გარსიაც, მაგრამ გამოჯანმრთელება მოასწრო. რუსები ანდრეი არშავინს ყველასათვის ცნობილი მიზეზის გამო ვერ გამოიყენებენ. სპალეტის გუნდში მთავარი სიახლე მალაფეევის კარში დაბრუნებაა.

სავარაუდო შემადგენლობები

ბენფიკა (4-2-3-1): არტური - ემერსონი, ლუიზაო, მიგელ ვიტორი, პერეირა - ხავი გარსია, ვიტსელი - გაიტანი, როდრიგო, ნოლიტო - კარდოსო.

ზენიტი (4-5-1): მალაფეევი - ანიუკოვი, ალვეში, ჰუბოკანი, კრიშიტო - ფაიზულინი, ზირიანოვი, დენისოვი, შიროკოვი, ლაზოვიჩი - კერჟაკოვი.

არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...