ინდიან უელსის მასტერსის წინ
ინდიან უელსის ტურნირი, რომელსაც თავიდან American Airlines Tennis Games ერქვა, პირველად 1974 წელს ჩატარდა. მისი პირველი ჩემპიონი გახდა ლეგენდარული ავსტრალიელი ჯონ ნიუკომბი, რომელმაც ფინალში სახელოვანი ამერიკელი არტურ ეში დაამარცხა. თუმცა იმ სეზონში ტურნირს პროფესიული სტატუსი არ ჰქონია.

მას შემდეგ შეჯიბრმა რამდენჯერმე შეიცვალა ადგილმდებარეობა. 70-იანი წლების ბოლოს კი ტურნირის ფლორიდაში გადატანას აპირებდნენ, მაგრამ გადასვლა არ შედგა ლეგენდარული ამერიკელი ჩოგბურთელისა და ფუნქციონერის ჩარლი პასარელას წყალობით, რომელმაც ქალაქ ლა კვინტაში ტურნირს მუდმივი "სახლი" უპოვა, 1981 წლიდან დღემდე კი ტურნირის დირექტორი გახლავთ.

1986 წელს ტურნირი მეზობელ ინდიან უელსში გადავიდა, თუმცა ეს დაგეგმილი ნაბიჯი იყო. იმ დროისთვის კალიფორნიის პატარა ქალაქში საჩოგბურთო სპორტკომპლექსი ნამდვილი სასწაული იყო, თუმცა 2000 წელს პასარელმა მთელ საჩოგბურთო სამყაროს წარუდგინა ახალი კომპლექსი - Indian Wells Tennis Garden. სხვათა შორის, ამ კომპლექსის ცენტრალური კორტი მეორეა ტევადობით მსოფლიოში. მის ტრიბუნებზე 16 ათასი მაყურებელი ეტევა.

ინდიან უელსის მასტერსი ერთ-ერთი უმსხვილესი ტურნირია. აქ უამრავი ლეგენდარული მატჩი ჩატარებულა დიადი ჩოგბურთელების მონაწილეობით, თუმცა კურიოზებიც მრავლად ყოფილა. მაგალითად, 1980 წელს ტიტული არ გათამაშდა. მას შემდეგ, რაც დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი, კალიფორნიაში გაწვიმდა. უამინდობა იმდენი ხანი გაგრძელდა, რომ ტურნირის ხელმძღვანელობამ ხელი ჩაიქნია

და შეჯიბრის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

1981 წელს ლეგენდარულმა ჯიმი კონორსმა მესამედ მოიგო ინდიან უელსი და ამ მაჩვენებლით რეკორდსმენი გახდა, მაგრამ შემდეგ მას გაუთანაბრდნენ მაიკლ ჩანგი და როჯერ ფედერერი. ასე რომ, წელს შვეიცარიელს მორიგი შანსი აქვს გაუსწროს კონორსსა და ჩანგს. ასევე მესამე ტიტულის მოგების შესაძლებლობა გააჩნიათ რაფაელ ნადალსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს.

მსოფლიოს პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი სამართლიანად უდგას სათავეში სატურნირო ბადეს. უკვე მესამე წრეში მას უხერხული მეტოქე ელის - ცოტა ხნის წინ დელრეი ბიჩის ტრიუმფატორი, სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი, რომლისთვისაც ფავორიტების დამარცხება უცხო არ არის.

აქვეა ენდი როდიკი, რომელსაც ინდიან უელსში არასოდეს გაუმარჯვია. ყველაზე ახლოს ტიტულთან ამერიკელი ორი წლის წინ იყო, როცა ფინალში სენსაციურად წააგო ივან ლუბიჩიჩთან. ამჯერად, როდიკის პირველი მეტოქე შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ხორვატი - ივო კარლოვიჩი.

ისევე, როგორც ავსტრალიის ღია პირველობაზე, აქაც ბადის პირველ ნახევარში ჯოკოვიჩის მხარეს მოხვდა ენდი მიურეი. ბრიტანელს პირველი სერიოზული მეტოქე მეოთხედფინალში ეყოლება, რადგან მანამდე ვერც ვიქტორ ტროიცკი, ვერც სტანისლას ვავრინკა და ვერც ჟილ სიმონი პრობლემას ვერ შეუქმნიან.

ლოგიკის მიხედვით, აქ მიურეისთან მეოთხედფინალში შესახვედრად ორი ამერიკელი - ჯონ ისნერი და მერდი ფიში უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მერდი ბოლო დროს არ ბრწყინავს, მაგრამ ინდიან უელსში ყოველთვის გამოსდის თამაში, რაზეც შარშანდელი ნახევარფინალი მეტყველებს.

ბადის მესამე მეოთხედში აშკარა ფავორიტია როჯერ ფედერერი. თუ ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა, მესამე წრეში გაიმართება საინტერესო შეხვედრა ფედერერსა და მილოშ რაონიჩს შორის.

ამ მეოთხედში როჯერის მთავარი კონკურენტები - ხუან მარტინ დელ პოტრო და დავიდ ფერერი მეოთხე წრეში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ფერერი ამჟამად მეხუთე ადგილზეა კლასიფიკაციაში და სავარაუდოდ, ამ პოზიციისთვის მალე გამოთქვამს პრეტენზიას დელ პოტრო. ასე რომ, ამ ჭრილში მათი მატჩი ძალიან საინტერესო იქნება.

ბადის ბოლო მეოთხედში საინტერესოა სერიოზული ტრავმების შემდეგ დიდ ტურნირებზე მარინ ჩილიჩის დაბრუნება. დელრეი ბიჩში ხორვატმა სტარტზე წააგო იარკო ნიემინენთან, თუმცა ცუდი თამაში არ უჩვენებია. ამჯერად ის მეორე წრეში დავიდ ნალბანდიანს უნდა შეხვდეს.

ავსტრალიელი ვუნდერკინდი ბერნარდ ტომიჩი ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს შეხვდება. ამ მატჩის გამარჯვებულს კი სერბი იანკო ტიპსარევიჩი ელოდება. ამ მეოთხედშია მარკოს ბაღდატისი. ერთი კვირის წინ, დუბაიში, სანამ პირველ წრეში ჟო-ვილფრიდ ცონგასთან წააგებდა, კვიპროსელმა განაცხადა, რომ როცა ის სატურნირო ბადეშია, ჯოკოვიჩს გამარჯვების არანაირი შანსი არ გააჩნია. სხვათა შორის სერბმა ის ტურნირი ვერ მოიგო. საინტერესოა, რაფაელ ნადალს როგორ ჰყავს დაცდილი ბაღდატისი? კვიპროსელი სწორედ ესპანელის მეოთხედში მოხვდა.

ინდიან უელსის მასტერსს ერთი ტენდენცია ახასიათებს. მას შემდეგ, რაც რეიტინგში "დიდი ოთხეული" (ჯოკოვიჩი, ნადალი, ფედერერი, მიურეი) ჩამოყალიბდა, მისი წევრები სრული შემადგენლობით ნახევარფინალში არასოდეს გასულან. სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე ხშირად ამ ეტაპამდე მიურეი ვერ გადიოდა. საინტერესოა, რა მოხდება ამჯერად?

სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
ნაკაშიმაც დამარცხებულია - ბასილაშვილი რომის მასტერსის მერვედფინალში რუბლევს დაუპირისპირდება
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
რას გადაწყვეტს ანჩელოტი - ნეიმარი მუნდიალზე მაინც წავა?
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "ასტონ ვილასთან" მატჩში?
[VIDEO] ასეთი დაცვით მამარდაშვილი ვერაფერს გახდებოდა - "ლივერპული" სტუმრად "ასტონ ვილასთან" დამარცხდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "როდეზს" მოუგო და ლიგა 1-სკენ ნაბიჯი გადადგა
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა