"ვეტერინართა" გუნდის ყოფილ ძირითად მეკარეს უფრო მაღალ დონეზე თამაშის პრეტენზია აქვს
საფეხბურთო კლუბი "ვიტ ჯორჯია" მეკარე გიორგი ძაძამიასთან თანამშრომლობას წყვეტს. როგორც "ლელოსთვისაა" ცნობილი, მეკარეს ოჯახური მდგომარეობის გამო კლუბის დატოვება დიდი ხანია სურს, კლუბი კი თანახმაა მისი სურვილი დააკმაყოფილოს.

"ლელო" "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტს გურამ რუხაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ლაპარაკი იყო, თუმცა დოკუმენტურად ჯერ ურთიერთობა გაწყვეტილი არაა.

ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრის ბოლო მატჩში, სადაც "ვეტერინარები" საკუთარ "მცხეთა პარკზე" ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "ზესტაფონს" ხვდებოდნენ, 33-ე წუთზე უხეში თამაშის გამო ძაძამია მოედნიდან გააძევეს. ის პრინციპული შეხვედრა თბილისელებმა მინიმალური სხვაობით წააგეს და გუნდის მიზანიც უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნება იქნება.

ისე, არ არის გამორიცხული, რომ ძაძამიას გუნდიდან გაშვების არაოფიციალური მიზეზი, შესაძლოა მეკარის ხასიათიც ყოფილიყო.

23 წლის მეკარე "ვიტ ჯორჯიაში " 2010 წლის ივნისში გამოჩნდა და იმის მერე, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ.

ძაძამიამ გუნდის დატოვების შესახებ ცნობა დაადასტურა და კომენტარიც გააკეთა.

- თანამშრომლობის შეწყვეტა ვისი ინიციატივა იყო?

- წასვლაზე მეც ვფიქრობდი, მაგრამ მოვლენები კლუბის პოზიციამ დააჩქარა.

- ანუ გითხრეს, რომ "ვიტ ჯორჯია" უნდა დაგეტოვებინა?

- ასე პირდაპირ არ მითხრეს, მაგრამ რომ გეტყვიან, ბავშვები უნდა გავზარდოთო, იმას ნიშნავს, რომ გუნდში შენი ადგილი აღარ არის. არადა, ჯერ 23 წლის ვარ.

როგორც ჩანს, ასე სურდა კლუბს და რადგან ასეა, ჩემთვისაც ასე სჯობდა, "ვიტ ჯორჯიადან" უნდა წამოვსულიყავი და წამოვედი კიდეც.

- გათავისუფლების ფურცელი უკვე მიიღე?

- ჯერ არა, მაგრამ სულ მალე მივიღებ. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიკეტა და სეზონის ბოლომდე ვერსად გადავალ.

- ასეთ პირობებში შეძლებ ფორმის შენარჩუნებას?

- ინდივიდუალურად ვივარჯიშებ და ვფიქრობ, უგუნდობით ძალიან არ დავზარალდები. მომზადებაში "ვიტ ჯორჯიას" მეკარეების მწვრთნელი ლევან აბაშიძეც დამეხმარება.

- როგორც ჩანს, მომხდარი გულთან დიდად არ მიგიტანია.

- ამით ცხოვრება არ მთავრდება, ახალგაზრდა, ამბიციური კაცი ვარ, ოჯახი მყავს და უფრო მაღალ დონეზე თამაშის პრეტენზიაც მაქვს. ასე რომ, ყველაფერი რიგზეა და საკუთარ თავზე მუშაობას ძველებურად განვაგრძობ.

შეიძლება, ჩემს ადგილზე სხვა ფეხბურთელისთვის ეს დიდი დარტყმა ყოფილიყო, მაგრამ ჩემთვის სტიმულია.

დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონს ძლიერ კლუბში დავიწყებ.

- ამ ამბავზე გავლენა "ზესტაფონთან" მატჩში შენმა გაძევებამ ხომ არ იქონია?

- არ ვიცი. იმ ეპიზოდში სხვა გამოსავალი არ მქონდა, მოწინააღმდეგე უნდა შემეჩერებინა, ჩემს კარში გოლს ვერ გავატანინებდი.

- "ვიტ ჯორჯიასთან" რაიმე სახის ფინანსური დავა ხომ არ გექნება?

- არა, ყველაფერზე შევთანხმდით. ამ თვის ხელფასს ავიღებ და კლუბთან სხვა პრეტენზია არ მექნება.

- მთლიანობაში, "ვიტ ჯორჯიადან" დადებითი ემოციები უფრო მიგყვება თუ უარყოფითი?

- ძირითადად დადებითი. "ვიტ ჯორჯიასი" მადლობელი ვარ, რადგან ფეხბურთელად აქ ჩამოვყალიბდი და სანაკრებო შეკრებაზეც აქედან გამომიძახეს. ძალიან მეგობრული გუნდია და იქ თავს შესანიშნავად ვგრძნობდი.

მადლობის მეტი არაფერი მეთქმის გურამ რუხაძისა და იმ მწვრთნელების მიმართ, რომლებთან ერთადაც "ვიტ ჯორჯიაში" მიმუშავია. განსაკუთრებით მადლიერი კი ზურაბ ბერიძის მიმართ ვარ განწყობილი. ისიც მეკარე იყო და ჩემი ყველაზე კარგად ესმოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ