ლისაბონის "სპორტინგი" ბათუმში აკადემიას აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით დააფუძნებს

ბათუმის "დინამო" საქართველოს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სოლიდური კლუბი იყო; ეროვნულ, ახალგაზრდულ და ასაკობრივ ნაკრებებსაც მუდმივად ამარაგებდა საკმაოდ ნიჭიერი მოთამაშეებით.

მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო 2008 წელს გუნდი პირველ ლიგაში გავარდა და მხოლოდ ახლა გაუჩნდა დაბრუნების შანსი. ბათუმელები პლეი აუტში მოხვდნენ და ოთხ საუკეთესოში დამკვიდრების იმედი აქვთ.

"დინამოს" დირექტორი, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სულხან გოგიბერიძე გუნდის სამომავლო გეგმებზე, ბათუმში სტადიონის მშენებლობასა და "სპორტინგთან" თანამშრომლობაზე გველაპარაკება.

- პირველი შეხვედრა "გაგრასთან" წააგეთ და საქმე ცოტა გაგირთულდათ...

- ჩვენი მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნებაა და მგონი, მიზანს მაინც მივაღწევთ. საამისოდ ჩვენც ყველაფერს ვაკეთებთ და აჭარის ხელისუფლებაც მაქსიმალურად გვეხმარება. ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ გუნდს გამოყოფილი აქვს 700 ათასი ლარი, რაც პირველი ლიგის გუნდისთვის პატარა ამბავი არ არის.

- 700 ათასი ლარი ორი წლის წინათ უმაღლესი ლიგის გუნდისთვისაც არ იქნებოდა ურიგო ბიუჯეტი, მაგრამ ახლა უმაღლესში საკმარისი აღარ იქნება...

- თუ მიზანს ვერ მივაღწიეთ, შესაძლოა, არსებული თანხა განახევრდეს კიდეც. ჩვენ საბიუჯეტო დოტაციაზე მყოფი გუნდი ვართ, პირველ ლიგაში კი ზედიზედ ორჯერ 700 ათას ლარს არავინ დახარჯავს.

აჭარაში მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება და თითოეულ თეთრს ვუფრთხილდებით. უმაღლესში დაბრუნების შემთხვევაში კი ბიუჯეტი კიდევ გაიზრდება და გუნდს უფრო მეტ ყურადღებასაც მიაქცევენ, ქართული ფეხბურთის ლიდერებში ადგილი რომ დავიბრუნოთ.

ერთი სიტყვით, დაფინანსება ჩვენი შედეგის ადეკვატური იქნება.

- ფლეი აუტის დაწყებამდე განსაკუთრებულად არც გაძლიერებულხართ და წარმატების რა შანსები გაქვთ?

- ჩვენ მხოლოდ მიხეილ ალავიძე დავიმატეთ, რომელიც გამოცდილი მეკარეა და დარწმუნებული ვარ, დიდ დახმარებას გაგვიწევს. მას გარდა, გამოცდილი ამირან მუჯირი გვეხმარება; დავიბრუნეთ ვაჟა ქორიძე, რომელსაც უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება გააჩნია.

საერთოდ კი, საკუთარი რესურსებით ვცდილობთ წარმატების მიღწევას. აჭარაში საკმაოდ ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან და მათ გასაქანი სჭირდებოდათ.

- მაგრამ ბოლო წლებში აჭარაში ოთხი სტადიონი დაანგრიეს, თქვენ კი "ადელზე" თამაშობთ. ბათუმში სტადიონის აშენება როდის გვეღირსება?

- ჯერ მშენებლობა არ დაწყებულა, მაგრამ თანამედროვე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რომ იგეგმება, ამაში შეგიძლიათ მერწმუნოთ. საქართველო-აზერბაიჯანში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ჩატარების შესახებ სერიოზული ინიციატივაა და, დარწმუნებული ვარ, ბათუმში თანამედროვე სტადიონი მალე აშენდება.

ეს დროის ამბავია, თორემ ჩვენი ქალაქი სტადიონის გარეშე წარმოუდგენელია და დარწმუნებულიც ვარ, ეს საკითხი ევროპის ჩემპიონატის ჩატარება-არჩატარებაზეც არ იქნება დამოკიდებული. ეგაა, გულშემატკივრებს ეჩქარებათ და მათი კარგად მესმის.

- მანამდე ისევ "ადელზე" ითამაშებთ?

- დროებით მეტოქეებს "ადელზე" ვუმასპინძლებთ, შემდეგ კი ქობულეთში, სადაც სტადიონის განახლება აგვისტოში უნდა დამთავრდეს. საამისოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარია გამოყოფილი, ფეხბურთის ფედერაცია კი მოედნის საფარის შეცვლაში გვეხმარება.

ახლა ქობულეთის სტადიონი 4 ათას გულშემატკივარს იტევს, განახლების შემდეგ კი ტრიბუნები გაიზრდება და 5 ან 7 ათას მაყურებელს დაიტევს. ეს იქნება პატარა, მაგრამ ძალიან კოხტა საფეხბურთო სტადიონი.

- იყო ინფორმაცია, რომ ლისაბონის "სპორტინგი" ბათუმში აკადემიას გახსნის. მოლაპარაკება რა სტადიაშია?

- მოლაპარაკების ორი ეტაპი გავიარეთ. პირველი ეტაპი გაცნობითი ხასიათის იყო და პორტუგალიაში ჩავედით, მერე კი "სპორტინგის" აკადემიის დირექტორი ბათუმში გვესტუმრა. პორტუგალიელები საფეხბურთო სკოლას აჭარის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით დააფუძნებენ.

- გადასაწყვეტი და შესათანხმებელი რა საკითხებია?

- ყველაფერი ქართულ მხარეზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ კი გვეჩქარება, მაგრამ ევროპელები ყველა საკითხს დეტალურად განიხილავენ და სიჩქარეს ერიდებიან. მაგრამ ვიმეორებ, პორტუგალიელები თანამშრომლობით დაინტერესდნენ.

- პორტუგალიელები ბრაზილიისა და აფრიკის ბაზრებზე არიან გასულები და საქართველოში რა ინტერესი აქვთ?

- ისინი არ იცნობენ აღმოსავლეთ ევროპას, სადაც საკმაოდ ბევრი ტალანტი იზრდება და დამკვიდრებისა და ტალანტების აღმოჩენის სურვილი აქვთ. ეს ჩვეულებრივი ამბავია. როდესაც ბრაზილიასა და აფრიკაში აკადემიებს ხსნიან, იგივე საქართველოში რატომ არ შეიძლება? თანაც, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა საშუალებას, რომ ჩვენს სკოლას ავტომატურად მიებას თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თუნდაც, უკრაინა.

- ანუ ეს საერთაშორისო აკადემია იქნება?

- დიახ, პორტუგალიელებს სწორედ ასეთი გეგმა აქვთ. სკაუტები და სელექციონერები ნიჭიერ ბავშვებს სხვა ქვეყნებიდანაც მიიწვევენ. აკადემიაში ყველა მსურველი ვერ მოხვდება, მხოლოდ საუკეთესოებს შევარჩევთ. ეს აპრობირებული მეთოდია. მოვიწვევთ 12 წლის და შემდეგი ასაკის ბავშვებს და დიდი ალბათობაა, ამ სისტემაში გაზრდილთა უმრავლესობამ დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა