ინდიან უელსის მასტერსზე არც ამჯერად დაირღვა ბოლო წლების ტრადიცია და ნახევარფინალში ტოპ-ოთხეულის ყველა წევრმა ვერ გააღწია
ინდიან უელსის მასტერსზე არც ამჯერად დაირღვა ბოლო წლების ტრადიცია და ნახევარფინალში ტოპ-ოთხეულის ყველა წევრმა ვერ გააღწია - ისევე, როგორც შარშან, ამჯერადაც ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა ბრძოლას ბრიტანელი ენდი მიურეი.

მისი "კუთვნილი" ადგილი ნახევარფინალში ამერიკელმა ჯონ ისნერმა დაიკავა, რომელიც სულაც არ არის შემთხვევითი ადამიანი ამ სტადიაზე. ამერიკელი უკვე დიდი ხანია რეიტინგის ტოპ-ათეულს მიუახლოვდა, წელს დევისის თასზე როჯერ ფედერერის დამარცხებაც მოახერხა, მაგრამ ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის აქამდე არასოდეს მოეგო.

სწორედ ნოვაკთან მოუწია მას ნახევარფინალში თამაში. ამერიკელმა მატჩი არც ისე დამაჯერებლად დაიწყო - როგორც ჩანს, საკუთარი პუბლიკის წინაშე თამაში მასზე გარკვეულ ზეწოლას ახდენდა.

პირველ გეიმში მან სამი ეისით დაიძვრინა თავი, ხოლო, როცა ნოვაკმა ამერიკელის მოწოდებების აღება დაიწყო, ჯონმა უკანა ხაზზე შეცდომებს უმატა და მალე მეტოქეს ბრეიკი აჩუქა. გაჩნდა იმის შეგრძნება, რომ მატჩი უბრძოლველად დასრულდებოდა, მაგრამ ამერიკელმა იპოვნა თავისი თამაში და საბოლოოდ, დაიბრუნა დაკარგული ბრეიკი. თანაც მან მეტოქის მოწოდება მაშინ აიღო, როცა ჯოკოვიჩი სეტზე აწვდიდა.

საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა. რაც ყველაზე უცნაურია, ეს იყო ტურნირზე ისნერისთვის პირველი ტაი-ბრეიკი. არადა, ჩვეულებრივ, ის მამაკაცთა ტურში ყველაზე ხშირად თამაშობს მე-13 გეიმს. ტაი-ბრეიკზე ნოვაკი მუდმივად მდევრის როლში იყო, სამი სეტბოლი მოიგერია, მაგრამ მეოთხე ჯერზე ისნერმა კარგად ჩააწოდა.

მეორე სეტში ნოვაკმა თითქმის შეწყვიტა შეცდომების დაშვება. პირველ რიგში, სერბი იდეალურად მოქმედებდა საკუთარ მოწოდებაზე. მთელი

პარტიის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი ქულა დაუთმო მიღებაზე ისნერს, თავად კი ბრეიკი გააკეთა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.

გადამწყვეტ პარტიაში თამაში თითქმის თანაბარი იყო. ისნერს რთულ მომენტებში მოწოდება შველოდა, ჯოკოვიჩს - მეტოქის არასტაბილურობა.

უნდა აღინიშნოს, ამერიკელი კარგად იყო მზად ფიზიკურად და სამი საათი გაძლო კორტზე. მატჩის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. შეიძლება ითქვას, ჯონი უფრო თამამად თამაშობდა, რისკზე მიდიოდა და ამან მას სამი მატჩბოლი მოუტანა. აქედან ორი ამერიკელმა მიღებაზე დათმო, მაგრამ მესამე ცდაზე ბრწყინვალე მოწოდება შეასრულა - 7:6(7), 3:6, 7:6(5). სერბი ზედიზედ მეორე ტურნირის ფინალში ვერ გავიდა. შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ დუბაიში ის ენდი მიურეიმ შეაჩერა.

ისნერი პირველად გავიდა მასტერსის ფინალში, პირველად დაამარცხა მსოფლიოს პირველი ჩოგანი და მომავალი კვირიდან პირველად შევა რეიტინგის ტოპ-ათეულში.

პირველი ნახევარფინალის შემდეგ გაწვიმდა და ამან სამი საათით გადადო მეორე მატჩი - კლასიკური დაპირისპირება როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს შორის. მათი ურთიერთშეხვედრათა ანგარიში - 18:9 იყო ნადალის სასარგებლოდ. წელს მათ ერთხელ უკვე მოასწრეს თამაში - ავსტრალიის ღია პირველობაზე უკეთესად ესპანელი ჩოგბურთელი გამოიყურებოდა.

ამინდმა სერიოზული გავლენა იქონია მატჩზე. წვიმით გამოწვეული პაუზის გარდა, მოთამაშეებს ძლიერ ქართან შეგუებაც მოუწიათ. თანაბარი დასაწყისის შემდეგ ფედერერმა შეძლო ზედიზედ სამი გეიმის აღება. მიუხედავად ამისა, ნადალმა მოახერხა საკუთარი თამაშის გააქტიურება და ანგარიშის გათანაბრება. ორივე ჩოგბურთელს ჰქონდა თამაშის თავის სასარგებლოდ განვითარების შანსი. საბოლოოდ, როჯერს აქტიურობამ წარმატება მოუტანა - 6:3.

ფედერერმა ინერციით უკეთ დაიწყო მომდევნო სეტი და მალე მოიპოვა ბრეიკი. სეტის შუაში ქარის გამო თამაში თითქმის შეუძლებელი გახდა, რამაც ძალიან დააზარალა მატჩის სანახაობრივი მხარე. თითქოს შვეიცარიელს ყოველგვარი გართულების გარეშე უნდა დაესრულებინა მატჩი თავის სასარგებლოდ, მაგრამ ნადალმა ოდნავ გაახანგრძლივა შეხვედრა. მან აქტიურობას უმატა - ჯერ ერთი, მატჩზე მოწოდება მოიგერია, შემდეგ მეორეზე იბრძოლა.

ესპანელს ესმოდა, რომ ნებისმიერ მომენტში წვიმის განახლება იყო შესაძლებელი და იძულებული პაუზა მას დიდ სამსახურს გაუწევდა. მსუბუქი წვიმა მართლაც წამოვიდა იმ მომენტში, როცა ფედერერმა მატჩბოლი მიიღო, მაგრამ მატჩი იქვე განახლდა და კორტზე დაბრუნებულმა შვეიცარიელმა ეისით დაუსვა წერტილი შეხვედრას - 6:3, 6:4.

ფინალის მოგების შემთხვევაში როჯერ ფედერერი მასტერსის სერიის ტურნირებზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით გაუთანაბრდება რაფაელ ნადალსა და ლეგენდარულ ამერიკელს ჯონ მაკინროის.

შეგახსენებთ, რომ ფედერერმა, რომელმაც გასული წლის ბოლოს პარიზის მასტერსზე გაიმარჯვა, ამ კატეგორიაში მე-18 ტიტული დაისაკუთრა, რითაც კიდევ ერთი ამერიკელი ლეგენდის - ჯიმი კონორსის შედეგი გაიმეორა.

დღეისთვის რაფაელ ნადალი და ჯონ მაკინროი მეორე ადგილს იყოფენ მასტერსის სერიის ისტორიაში - ორივეს 19-19 გამარჯვება აქვს. ლიდერი კი ჩეხი ივან ლენდლია, რომელმაც 22 ტურნირი მოიგო.

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

კაცები. 1/2 ფინალი

ჯონ ისნერი (აშშ, 11)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) 7:6(7), 3:6, 7:6(5); როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2) 6:3, 6:4.

ქალები. 1/2 ფინალი

ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 18) 6:4, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ანა ივანოვიჩი (სერ, 15) 6:4, 0:1 უარი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"