12 მაისს ბერლინში "დორტმუნდი"-"ბაიერნი"

ბევრი იბრძოლეს, თუ ცოტა, საბოლოოდ გერმანიის თასის მეორე ნახევარფინალური მატჩის ბედი ორმა ფეხბურთელმა გადაწყვიტა: "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა და "გლადბახის" მცველმა დანტემ.

ნოიერმა, რომელმაც ამ სეზონში "გლადბახთან" მატჩებში ორი უპატიებელი შეცდომა დაუშვა, გადამწყვეტი პენალტი მოიგერია; ხოლო დანტემ, რომელიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ მომავალ სეზონში "ბაიერნში" ითამაშებს, თერთმეტმეტრიანების სერიაში ბურთი მანუს კარს ააცილა. საბოლოოდ, მიუნხენელებმა პენალტებით 4:2 მოიგეს და ფინალში გავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 მაისს ბერლინში დორტმუნდის "ბორუსიას" დაუპირისპირდებიან.

საფეხბურთო ლატარია თავიდან ორივე გუნდმა უნაკლოდ დაიწყო: ალაბამ, დემსმა, რიბერიმ და ჰერმანმა თავიანთი პენალტები უპრობლემოდ გაიტანეს. ამის შემდეგ რეკორდმაისტერი კაპიტანმა ფილიპ ლამმა დააწინაურა, მერე კი ნიშნულთან დანტე მივიდა - მცველი, რომელსაც "ბაიერნში" ეპატიჟებიან - და ბურთი კარს ააცილა!

ამ ფაქტმა მთელ საფეხბურთო გერმანიას 1984 წელი გაახსენა, როცა მიონხენგლადბახელმა ლოთარ მათეუსმა 1984 წლის თასის ფინალში "ბაიერნთან" თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა და მომდევნო სეზონში სწორედ მიუნხენურ გრანდში ამოყო თავი. დანტეს აცილებულ პენალტს კროოსის წარმატებული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, მერე კი ნორდტვეიტს ნოიერმა აუღო და მეორე ფინალისტის ვინაობაც გაირკვა.

მანამდე იყო 120-წუთიანი დაუნდობელი ბრძოლა, ოღონდ - უგოლოდ. არადა, საგოლე მომენტები მრავლად შეიქმნა და თუ რომელიმე გუნდს უნდა გაეტანა, პირველ რიგში, ეს "ბაიერნზე" ითქმის.

მიუნხენელთაგან ყველაზე მეტად ტონი კროოსს არ გაუმართლა - მეექვსე წუთზე მისი დარტყმა მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარის ძელს მოხვდა, გომესს (მე-15 წუთზე) და ალაბას (41) კი ტერ შტეგენმა აუღო. გოლის გატანა რობენსაც შეეძლო, მაგრამ მე-40 წუთზე, რიბერის პასის შემდეგ, ბურთი კარს ცხრა მეტრიდან ააცილა.

ნოიერი ამჯერად უშეცდომო იყო

ბავარიული გრანდისთვის სასიამოვნო იყო ის, რომ ნოიერს "გლადბახთან" მატჩში ამჯერად შეცდომა აღარ დაუშვია. პირიქით, მან როისისა (21-ე წუთზე) და დემსის (34) ძალიან სახიფათო დარტყმებიც გააუვნებელყო.

მიუხედავად ამისა, ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა მათიას ზამერმა, რომელიც იმ საღამოს ტელეკომპანია "სქაის" ექსპერტი გახლდათ, ისე კი, გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორია, ნოიერი მაინც გააკრიტიკა: "მანუს ეტყობა, რომ თავდაჯერებული არ არის. ამისათვის მას "ბაიერნთან" ერთად ტიტულების მოგება სჭირდება. თანაც, აშკარად ჩანს, რომ რეკორდმაისტერის ფანები ნოიერს ჯერ კიდევ არ აღიარებენ."

"ბაიერნს" შესვენების შემდეგაც უკეთესი მომენტები ჰქონდა. 49-ე წუთზე ბავარიელთა დაწინაურება რობენს შეეძლო, 84-ეზე კი გომესს. მიონხენგლადბახელთაგან კი საუკეთესო მომენტი როისმა გაანიავა: 84-ე კონტრშეტევაზე ხუან არანგოს მშვენიერი პასი ვერ გამოიყენა - კარიდან გამოსულმა ნოიერმა აჯობა...

ლუსიენ ფავრი ("გლადბახის" მწვრთნელი): "რთული მატჩი გამოდგა და საგოლე მომენტები ორივე კართან შეიქმნა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "ბაიერნის" დღეს უფრო ძლიერია, ვიდრე იანვარში ან აგვისტოში იყო. ამჯერად მიუნხენელებმა ჩვენზე უკეთ ითამაშეს, მაგრამ პენალტების სერიაში წაგება ძალიან საწყენია. მაგრამ ჩვენ წინ უნდა გავიხედოთ: შაბათს უფრო მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩემპიონთა ლიგის საგზურთან ძალიან ახლოს ვართ და ახლა სასოწარკვეთა დაუშვებელია."

იუპ ჰაინკესი ("ბაიერნის" მწვრთნელი): "ორივე გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა, მაგრამ ჩვენ უკეთესი მომენტები გვქონდა. პენალტების სერია ყოველთვის ლატარიაა და მიხარია, რომ ჩვენ უფრო გაგვიმართლა."

ბორუსია (მ)-ბაიერნი 0:0 (2:4 პ.ს.)

ბორუსია /მ/ (4-2-2-2): ტერ შტეგენი - იანტშკე, შტრანცლი (62. ბრუვერსი), დანტე, დემსი - ნორდტვეიტი, ნოიშტედტერი - ვენდტი (62. ჰერმანი), არანგო - როისი, ჰანკე (75. დე კამარგო).

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, ბადშტუბერი, ალაბა - ლუის გუსტავო, კროოსი - რობენი, თ. მიულერი (106. პეტერსენი), რიბერი - გომესი (100. ოლიჩი).

პენალტების სერია: 0:1 ალაბა, 1:1 დემსი, 1:2 რიბერი, 2:2 ჰერმანი, 2:3 ლამი, 2:3 დანტე (ააცილა), 2:4 კროოსი, 2:4 ნორდტვეიტი (მეკარე)

გაფრთხილება: იანტშკე - რობენი, კროოსი

მაყურებელი: 54 049

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში