"ზესტაფონის" ლიდერობა კი აბსოლუტურად კანონზომიერია

ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ ეროვნული ჩემპიონატის ტური სრულად ჩატარდა, რაც მძიმე ზამთრის შემდეგ უდავოდ ხაზგასასმელი ფაქტია. პლეი ოფშიც და პლეი აუტშიც საკმაოდ საინტერესო შეხვედრები გაიმართა და სატურნირო ცხრილშიც ისეთი მდგომარეობაა, კიდევ უფრო დაძაბული მატჩების მოლოდინს რომ აჩენს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ პირველად მეორე ეტაპის განმავლობაში, "ლელოს" ტურის სიმბოლური ნაკრების შედგენის საშუალება მიეცა, სადაც არ გაგიკვირდებათ, თუ ნახავთ, რომ "დინამო"-"ზესტაფონის" მონაწილენი უმრავლესობაში არიან.

მოკლედ, ჩემპიონატმა დიდთოვლობით გამოწვეული დიდი დისკომფორტი უკან მოიტოვა და აწი ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ბუნებამ კიდევ შეძლოს უმაღლესი ლიგის კალენდარზე გავლენის მოხდენა.

ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ვისიამოვნოთ ხშირი ფეხბურთით და იმედი დავიტოვოთ, რომ ნაღდ ბრძოლას უფრო ხშირად ვნახავთ, ვიდრე ბინძურ გარიგებებსა თუ უნიჭოდ დადგმულ სპექტაკლებს.

პლეი ოფი : ზესტაფონი ახლოს არავის იკარებს

"დინამო"-"ზესტაფონზე" ახალი რა უნდა ვთქვათ - ბოლო წლებში ამ ორი კლუბის დაპირისპირება საქართველოს ჩემპიონატის ნამდვილ მშვენებად იქცა და მოლოდინი არც 21 მარტს გამართულმა მატჩმა გაგვიცრუა.

იდეალურად არც მასპინძლებს უთამაშიათ და არც სტუმრებს, თუმცა ვნახეთ მთავარი - უდიდესი შემართება და ბრძოლა გამარჯვებისთვის.

"დინამოსთვის" სამი ქულის გარდა, სხვა ნებისმიერი შედეგი მიუღებელი იქნებოდა; "ზესტაფონის" სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ მის სამწვრთნელო შტაბსა და ფეხბურთელებს ფრეზე თამაში ფიქრადაც არ გაუვლიათ და მეტოქეს შეტევაში არ ჩამორჩნენ.

სწორად აღნიშნეს ორივე გუნდის მწვრთნელებმა, რომ გამარჯვება "დინამოსაც" შეეძლო და "ზესტაფონსაც"; საბოლოო ჯამში კი, ალბათ, ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა, რამაც ფეროელებს საქართველოს ჩემპიონობის შენარჩუნებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა, "დინამოს" საჩემპიონო შანსები კი კიდევ უფრო გააფერმკრთალა.

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ "დინამო" ჯერ არ არის საჩემპიონო გუნდი, "ზესტაფონის" ლიდერობა კი აბსოლუტურად კანონზომიერია.

ამ მატჩის კიდევ ერთი ინტრიგა ის იყო, როგორ წარმოაჩენდნენ თავს ის ფეხბურთელები, რომლებსაც ეროვნულ ნაკრებში მოხვედრისა თუ დაბრუნების პრეტენზია აქვთ. გვარების დაუსახელებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მათმა ნაწილმა მეტ-ნაკლებად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ამასთან, ისიც დავინახეთ, რომ ნაწილის სანაკრებო ამბიცია არცთუ საფუძვლიანია.

კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს იმას, რომ ამ შეხვედრის შედეგმა ჩემპიონობის ბედზე, შესაძლოა, გადამწყვეტი გავლენაც კი იქონიოს. ახლა კი სხვა მატჩებზეც.

ჩემპიონატის უცნაური სისტემის წყალობით, "მეტალურგი", რომელსაც ქულათა ტრადიციული დარიცხვის შემთხვევაში ოქროს მედლების მოპოვების პერსპექტივა დიდი ხნის დაკარგული ექნებოდა, დღეს კვლავაც ინარჩუნებს ჩემპიონობის შანსს. ისე ხდება, რომ რუსთაველები ქულებს უმეტესად "საჭირო" მატჩებში აგროვებენ და რაკი მეორე ეტაპიც შედეგიანად დაიწყეს, ზესტაფონელთა რეალურ კონკურენტებად რჩებიან.

თუკი წინა ტურში "მერანმა" "დინამოს" დიდი წინააღმდეგობა გაუწია და შთამბეჭდავი თამაშით ქულაც ალალად დაიმსახურა, ამჯერად არცთუ მაღალ დონეზე ითამაშა და ლოგიკურად დამარცხდა.

შემდეგი ტური კი, რომელიც 25 მარტს გაიმართება, ძალიან ბევრს გადაწყვეტს - ორი წყვილი მოწინავე ოთხეულით იქნება დაკომპლექტებული! ორივე ცენტრალურ მატჩს იმერეთი უმასპინძლებს. ქუთაისში "ტორპედო" და "დინამო" "ქართულ კლასიკოში" ითამაშებენ, "ზესტაფონი" კი "მეტალურგს" უმასპინძლებს და თუ ეს საკვანძო შეხვედრაც მოიგო, მისი დამწევი, ალბათ, აღარავინ დარჩება.

ოქროს მედლების თეორიულ შანსს კი ინარჩუნებს, მაგრამ "ტორპედო" ოდნავადაც არ ჰგავს საჩემპიონო გუნდს. დაგვეთანხმებით, "კოლხეთის" მიერ ქუთაისელთა ძლევა არცთუ დიდი სენსაციაა. "ტორპედოს" მიზანი გასაგებია - ქუთაისში მომავლის გუნდზე მუშაობენ, მაგრამ არც ისეა საქმე, რომ შედეგი ამ სეზონში მეორეხარისხოვანი იყოს - ევროპის ლიგის მიღმა დარჩენა კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის გეგმებში არ უნდა შედიოდეს. ასე რომ, მომდევნო შეხვედრებში "ტორპედოს" უფრო ხარისხიანი ფეხბურთის ჩვენება მართებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სამეულში შესვლა ძალიან გაუჭირდება.

"ბაიას" ფინანსური პრობლემები თავს არ ანებებს და სწორედ ამის გამო "დილასთან" მიღწეული ფრე ორმაგად ხაზგასასმელია. ბოლო ორმა ტურმა დაგვარწმუნა, რომ გორელებს საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლის შანსი არ აქვთ და მთელ ძალისხმევას თასის გათამაშებისკენ მიმართავენ.

პლეი აუტში ყველაფერი გასარკვევია

ტურის ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ბოლნისში გაიმართა, სადაც მაყურებელს მოსაწყენად ნამდვილად არ ეცალა - ორივე გუნდის შესრულებით აზრიანი ფეხბურთიც ნახა, ლამაზი გოლებიც და ემოციური დასასრულიც. "გურიამ" პლეი აუტის სასტარტო ტურებში ნათამაშებ ორ ფრეს მნიშვნელოვანი გამარჯვება მიაყოლა და ყველას თვალნათლივ დაანახა, რომ მისი საუმაღლესლიგო ამბიციები სავსებით საფუძვლიანია.

სამაგიეროდ, ჯერჯერობით ვერაფრით გვაოცებს მეორე გურული კლუბი. პირველადი შთაბეჭდილებით, "მერცხალი" პლეი აუტში არაკონკურენტუნარიანია, თუმცა შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება მაინც არ უნდა ვიჩქაროთ. მდგომარეობის გამოსასწორებლად დრო და შანსი ოზურგეთელებსაც აქვთ.

უმაღლესლიგური და პირველლიგური წყვილების დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ბუნებრივია, "გაგრას", "ვიტ ჯორჯიას", "ჩიხურასა" და ბათუმის "დინამოს" გამარჯვება უნდოდათ, მაგრამ შესაძლოა, სამომავლოდ ეს თითო ქულაც წაადგეთ.

ზოგადად, პლეი აუტში მოთამაშე უმაღლესლიგელები ურიგოდ არ გამოიყურებიან. წარმატების შანსი პირველლიგელებსაც აქვთ და წესით, ქვედა რვა გუნდისგან შემდგარმა გათამაშებამ მუხტი ბოლო ტურამდე უნდა შეინარჩუნოს - ცხადია, იმ შემთხვევაში, გაუთავებელი და ყოვლად გაუმართლებელი ექსპერიმენტები თუ არ გაგრძელდა და უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა კიდევ ერთხელ თუ არ შეცვალეს.

საქართველოს ჩემპიონატი. II ეტაპი. III ტური.

პლეი ოფი (1-8 ადგილები)

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 16 10 4 2 29-13 34

2.მეტალურგი 17 10 2 5 25-19 32

3.დინამო 16 7 4 5 30-23 25

4.ტორპედო 15 7 3 5 17-13 24

5.ბაია 16 4 5 7 12-20 17

6.დილა 16 4 4 8 17-19 16

7.კოლხეთი 16 3 6 7 9-20 15

8.მერანი 16 4 2 10 14-26 14

ბომბარდირები

დვალი (ზესტაფონი) 13

ჩისკო (დინამო) 12

ტატანაშვილი (მეტალურგი) 10

IV ტური, 25 მარტი. კვირა

კოლხეთი-დილა

მერანი-ბაია

ზესტაფონი-მეტალურგი

ტორპედო-დინამო

პლეი აუტი

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ვიტ ჯორჯია 3 2 1 0 3-0 7

2.გაგრა 3 1 2 0 4-2 5

3.გურია 3 1 2 0 7-6 5

4.სპარტაკი 3 1 1 1 3-3 4

5.სიონი 2 1 0 1 5-4 3

6.ჩიხურა 2 0 1 1 1-3 1

7.დინამო (ბთ) 2 0 1 1 0-2 1

8.მერცხალი 2 0 0 2 0-3 0

IV ტური, 24 მარტი. შაბათი

გურია-ჩიხურა

25 მარტი. კვირა

მერცხალი-დინამო (ბთ)

ვიტ ჯორჯია-სიონი

სპარტაკი-გაგრა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია