კაკა, მესუთ იოზილი და სამი ხედირა აპოელ-თან ძირითად შემადგენლობაში იქნებიან
ჩემპიონთა ლიგა დღეიდან გადამწყვეტ ფაზაში შედის და, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ამ ფაზის მონაწილე კვიპროსული კლუბიცაა, რომელიც მადრიდის "რეალს" მასპინძლობს.

აპოელ-რეალის ფონზე "ბენფიკასა" და "ჩელსის" დუელი გაცილებით ჩემპიონთალიგურია...

აპოელ-რეალი 22:45

იქ, სადაც ევროპის ტოპ-კლუბებს ვხედავთ ხოლმე, წელს ყველასათვის მოულოდნელად ნიქოზიის აპოელ-იც გამოჩნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სენსაცია თუნდაც მხოლოდ ის იყო, რომ ეს არ გახლდათ პირველი კვიპროსული კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა (გაიხსენეთ თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი").

შესაბამისად, უდიდესი სენსაცია იყო ის, რომ აპოელ-მა ჯგუფური ეტაპი გადალახა და გახდა პირველი კვიპროსული გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში იასპარეზა.

აი, აქ კი ვიჭედებით: აღარ ვიცით, რა ვუწოდოთ იმ ფაქტს, რომ აპოელ-მა მერვედფინალიდან ფრანგული გრანდი "ლიონი" დაიფრინა და მეოთხედფინალში ამოყო თავი - ამას უკვე სენსაციაც აღარ ეთქმის. ნიქოზიელები კი ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის არიან.

მოკლედ, აპოელ-მა სერბ მწვრთნელ ივან იოვანოვიჩთან ერთად ისტორია დაწერა და რაც ყველაზე საინტერესოა, კვიპროსელები წერას აგრძელებენ: დღეს ნიქოზიაში მადრიდის "რეალი" ითამაშებს. სტადიონ GSP -ზე სულ 22 859 მაყურებელი ეტევა და დღევანდელ მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი ზუსტად 20 წუთში გაიყიდა.

სპორტული თვალსაზრისით, კვიპროსული კლუბი გადაუჭრელი ამოცანის წინაშე დგას და ამ ამოცანას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ აპოელ-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელი მანდუკა (კვიპროსელებმა ჩემპიონთა ლიგაში შვიდი გოლი გაიტანეს და სამი მის ანგარიშზეა) დღეს დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს ("ლიონთან" საპასუხო მატჩის დამატებულ დროში გააძევეს).

ცხადია, "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოს იოვანოვიჩზე გაცილებით ნაკლებად აღელვებს თავისი საკადრო პრობლემა და კერძოდ ის, რომ მადრიდელებს დისკვალიფიკაციის გამო ჩაბი ალონსო დააკლდებათ და, სხვათა შორის, ტრავმის გამო ვერც დიარა ითამაშებს. შესაბამისად, ჩნდება კითხვა: ვინ უნდა იასპარეზოს საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე სამი ხედირას მხარდამხარ?

პირველი კანდიდატი გრანეროა, თუმცა გამორიცხული არც ისაა, რომ მოურინიომ ამ პოზიციაზე ფაბიო კოენტრაო ათამაშოს. ან იქნებ სულაც სასწაული მოხდეს და ჟოზე თურქ ნური შაჰინს ენდოს? ეს გამორიცხული ნამდვილად არ არის, რადგან "რეალ სოსიედადთან" 5:1-ზე მოგებულ მატჩში მოურინიომ შაჰინი მატჩის მიწურულს მოედანზე შეუშვა და ეს პირველი შემთხვევა იყო 2012 წელს, ნურიმ "რეალის" ფორმით რომ ითამაშა.

რაც მთავარია, სრულ მზადყოფნაში არიან მესუთ იოზილი და კრიშტიანო რონალდო. ამ უკანასკნელს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 6 გოლი აქვს გატანილი, პრიმერადივიზიონში კი ამ უქმეებზე ახალი რეკორდი დაამყარა: 92-ე შეხვედრაში პორტუგალიელმა მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა.

"რეალის" არცერთ სხვა ფეხბურთელს არ გადაულახავს 100-გოლიანი ბარიერი მასზე სწრაფად - რონალდომ ლეგენდარულ პერენც პუშკაშს აჯობა, რომელმაც "რეალის" ფორმით 100 გოლის გატანა 105 მატჩში მოახერხა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს "დავითისა და გოლიათის დუელია", მოურინიომ მეტოქის შესახებ მაინც სხვანაირად ილაპარაკა:

"ამ სტადიონზე თამაში ყველას უჭირს. იოლი გასეირნება ნამდვილად არ გველის, რთული მატჩი იქნება," - თქვა ჟოზემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე და ფაქტია, რომ ეს სიტყვები ჰაერზე არ წამოუსვრია, მას საკუთარი გამოცდილება ალაპარაკებდა.

2008/09 წლების სეზონში ჟოზეს "ინტერი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ამ სტადიონზე "ანორთოსის" წინააღმდეგ წარსდგა და მატჩი 3:3 დამთავრდა. რომ არა კრუსის გოლი, "ინტერი" ქეცბაიას გუნდთან სულაც დამარცხდებოდა...

სამაგიეროდ, თამამი განცხადება გააკეთა აპოელ-ის თავდამსხმელმა აილტონმა - შესაძლოა, ყველას ჰგონია, რომ "რეალთან" შანსი არ გვაქვს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობო.

ერთი სიტყვით, 27 მარტს კვიპროსში დიდი საფეხბურთო ზეიმია - გრანდიოზული მატჩი, რომელშიც აპოელ-ი წაგების შემთხვევაშიც მოგებული გამოვა.

"სამშაბათს კიდევ ერთ უდიდეს სიამოვნებას მივიღებთ," - ესეც აილტონის სიტყვებია.

სავარაუდო შემადგენლობები

აპოელი (4-2-3-1): ქიოტისი - პურსაიტიდისი, პაულო ჟორჟე, მარსელო ოლივეირა, ბოავენტურა - ნუნუ მორაიში, მარსინიო - ხარალამბიდისი, ტრიჩკოვსკი, სოლარი - აილტონი.

რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო - ხედირა, გრანერო - იოზილი, კაკა, კ. რონალდო - ბენზემა.

არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

ბენფიკა-ჩელსი 22:45

"ჩელსიმ" მერვედფინალში ინგლისური საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟი იხსნა, დრამატულ ორრაუნდიან დუელში იტალიური "ნაპოლი" დაამარცხა და ერთადერთი კლუბია პრემიერლიგიდან, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გააღწია.

ლონდონელებმა ეს დროებითი მწვრთნელის, რობერტო დი მატეოს ხელში მოახერხეს, მაგრამ ლონდონურ კლუბზე მაინც ვერ ვიტყვით, საქმეები კარგად მისდისო, რადგან უდიდესი კითხვის ნიშნის ქვეშაა, იასპარეზებენ თუ არა "არისტოკრატები" ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო სეზონშიც. პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში "ჩელსის" სასურველ მეოთხე ადგილამდე "ტოტენჰემთან" 0:0-ის შემდეგ ხუთი ქულა აშორებს.

შესაბამისად, დი მატეოს ყურადღებით ყოფნა მართებს, რადგან ახლა ძალები კარგად უნდა გადაანაწილოს - ხომ იცით, "ჩელსი" ასოციაციის თასის ფინალშიცაა გასული.

რობერტომ თქვა, "ბენფიკასთან" იმ ფეხბურთელებს ვათამაშებ, რომლებიც მოცემულ მომენტში ფიზიკურად ყველაზე კარგად იქნებიან მომზადებულებიო. ორი კანდიდატისთვის მომავალი თამაში ლისაბონში დაბრუნებას ნიშნავს: რამირესი "ჩელსიში" 2010 წლის აგვისტოში სწორედ "ბენფიკადან" გადავიდა, დავიდ ლუიზმა კი იგივე გზა ზუსტად ხუთი თვის შემდეგ გაიარა.

"ისინი "ბენფიკას" შიდა ატმოსფეროს კარგად იცნობენ და ძალიან საინტერესო ცნობები მომაწოდეს", - თქვა დი მატეომ მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

თამაში შეუძლია რაულ მეირელესსაც, რომელიც თავის დროზე "ბენფიკას" კონკურენტ "პორტუში" ასპარეზობდა.

ლისაბონელთა მთავარი იმედი დღეს თავდამსხმელი ოსკარ კარდოსოა. პარაგვაელი ევროტურნირებზე 50-ე მატჩს ჩაატარებს და ფაქტია, რომ ის "ბენფიკას" ყველაზე სახიფათო იარაღია: 28 წლის კარდოსოს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 4 გოლი აქვს გატანილი.

სავარაუდო შემადგენლობები

ბენფიკა (4-1-3-2): არტური - მაქსი პერეირა, ლუიზაო, ჟარდელი, ემერსონი - ხავი გარსია - გაიტანი, ვიტსელი, ბრუნო სესარი - კარდოსო, როდრიგო.

ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, დავიდ ლუიზი, ტერი, ე. კოული - ესიენი, ლემპარდი - სტარიჯი, მატა, რამირესი - დროგბა.

არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად